ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


არ და...

ის არეული გამოვიდა სადარბაზოდან.
მოჩქარეს ღია ფანჯრისკენ რჩებოდა თვალი
და უცებ
ეზოს გასასვლელში ბურთი დაუხვდა.

- არ და...! -  შეაშრა პირზე სიტყვა
მფარველ ანგელოზს,
ფრთის ძირში ელდამ გაუარა...

კაცი და ბურთი:
უეცარი დარტყმა!
დაცემა!

ვინ მოიგონა
გამსკდარი ბურთის ქვით ამოვსება.
ო, ეს ვერაგი ონავრობა,
გაუგონარი!

ფეხმოტეხილი წაიყვანეს.
მზე გადავიდა.

ჩრდილში, ძელსკამზე
ქალი თვლემდა ნაავადარი,
ლანდავდა წარსულს,
მაგრამ ცხადის ესმოდა ცოტა,
აღარ იცოდა,
რას რა ერქვა,
რა როგორ ეთქვა
და მდუმარებდა დღენიადაგ დაღონებლი.

და როს შემცივნულს
ძირს დავარდნილი მოასხეს შალი,
სული მოითქვა შინშესულმა,
დალია წყალი  და თქვა:

-უფალო!
სულ ერთი ფეხით
თავს რად უსწრებს ადამიანი?
ანგელოზები  -
-  სულ ერთი ფრთით გვიანდებიან.


2001

(კრებულიდან ,,დიოტიმა'', 2004)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები