ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
26 სექტემბერი, 2011


- ტაპის ცინანო -

        ყველგან იგვიანებდა. კვების დრო, რომ მოვიდოდა დედასთან მიირბენდა, მაგრამ
  და-ძმებს რძე სულ გამოეწრუპათ!   
  -რა გჭირს, ტაპი, ყოველთვის როგორ უნდა იგვიანებდე? ისედაც ყველაზე პატარა ხარ!
  შემოდგომა მიიწურა და შენი გასუქება არ იქნა! სად არ გეძებე, რამდენი გეძახე, არსად ჩანდი, რა აღარ ვიფიქრე! ასე შეიძლება?  -  უსაყვედურა.   
  -გავსუქდები,დე!  - მიუგო ტაპიმ.   
  - კარგი რა, ტაპი,! რითი უნდა გასუქდე, რითი? ხვალიდან ჩემს სიახლოვეს იყავი.
    ზამთარი კარს მოგვადგა, აქედან უნდა წავიდეთ, გზა გრძელია, ძალა უნდა მოიკრიბო.
  - კარგი, დე.                                                   
  - მოდი, მოდი, იქნებ და რაიმე დაგიტოვეს.               
  თორმეტივე ძუძუში სულ თორმეტიოდე წვეთიღა დარჩენილიყო.   
  - რა გიყო, ტაპი, ვერაფრით ვერ ვიცილებ შენს და-ძმებს...ამაღამაც მშიერი უნდა  დაიძინო... რა გიყო, რა?...                   
  - არაუშავს, მე ცოტა მყოფნის, დე - დაამშვიდა დედა ტაპიმ.   
  - არა, არა! ზოგჯერ ჩვენი ჯიშის არ მგონიხარ! ასეთი უმადო?           
  - როგორ არა, დე, მეც ტახი ვარ!  -  მიუგო.   
  - ტახი! ჰმ! შეხედე შენს და-ძმებს, აი, ტახები და უკვე ნეზვებიც! ტანადები, მსუქნები! 
    ეშვებიც კი ამოსდით! შენ კი ჯერ სარძევე კბილები არ მოგიცვლია. რა გიყო არ ვიცი, 
    ჩემი საფიქრალი ხარ, ტაპი...მოდი, მოდი ჩაგეხუტო                   
  - ეგ ძალიან მიყვარს, დე!   
  - მეც, მეც, ჩემო დარდო...   
    ისე ეხუტებოდნენ ერთმანეეთს! შორი-ახლო მოთამაშე გოჭებმა ეს რომ დაინახეს, 
    თავი მიანებეს გართობას და დედისკენ გაქანდნენ. ყველას სურდა დედის ალერსი! 
    ჰო, და მოხდა ის რაც ყოველთვის ხდებოდა - თორმეტივე დედას მიკრობოდა ყველა
    მხრიდან, ტაპისთვის კი ადგილი არ აღმოჩნდა!     
  - ხვალაც ჩავეხუტები, ესენი რომ გაიფანტებიან მაშინ - და იქვე ხის ძირში მოკალათდა.
    დედამ  მზერა გააყოლა, უნდოდა გოჭებისთვის ეთქვა - ნაბოლარაა, ცოდოა,   
    მოუშვითო  - მაგრამ მერამდენედ? არაფერი მათ არ ესმოდათ! განსაკუთრებით მაშინ, 
    როცა საქმე საკვების მიღებას და დედის ალერსს ეხებოდა. ღამდებოდა. გოჭებს 
    ჩაეძინათ. ტაპი წამოდგა. დედას დინგზე დინგი მიადო, ესეც ძლივს მოახერხა. ცოტაც
    და, ყველას ეძინა... დილით ჭყიპინით გაიღვიძეს. დიდი არეულობა შეიქმნა საკვების
    მიღების დროს! ვინ ვის ასწრებდა! მხოლოდ ტაპი არ მონაწილეობდა ამ პროცესში. 
    რა აზრი ჰქონდა?... მერე ისევ მხოლოდ თორმეტი წვეთი და - სულ ეს იყო.     
    - ეშვები მაინც ამოსვლოდა, რკოს შეჭამდა, ასე აღარ ვიდარდებდი...რა უყო, რა?...   
      ფიქრობდა დედა...     
    - დე, წავალ, გავისეირნებ  - სთხოვა ტაპიმ.   
    - წადი, წადი, ოღონდ შორს არა, ტაპი, გთხოვ       
    - კარგი, დე - კი შეპირდა, მაგრამ ისე გაერთო, უკან დაბრუნება რომ გადაწყვიტა   
      და მიიხე-მოიხედა, გარშემო ვერაფერი ვეღარ იცნო! შეშინდა. იძახდა, ჭყიპინებდა, 
      მაგრამ ამაოდ - არც მისი ესმოდათ და არც ტაპის  ესმოდა რაიმე მანუგეშებელი ხმა! 
    - დავიკარგე! ახლა რა უნდა ვქნა? საით წავიდე?     
      სმენად იქცა, იქნებ ყური მოვკრა ნაცნობ ხმებსო. იქ ხომ ახლოს მდინარე იყო...სადაც
      არ უნდა წასულიყო მდინარის ხმაური სულ ესმოდა...ახლა, კი...   
    - შორს ვარ!  დედააა!... -  რამდენჯერ!...     
      ნისლი ჩამოწვა.საქმე კიდევ უფრო გართულდა. ისეთი ნისლი იყო, დინგის წინაც   
      კი, ვერაფერს  ხედავდა! ძალიან შეეშინდა. ვერაფერს ფიქრობდა. არ იცოდა როგორ 
      მოქცეულიყო...     
      ტაპის დედა კი ღონემიხდილი იწვა ხის ძირში...დიდხანს ეძება ტაპი... ნისლი იქაც
      ჩამოწვა...მიხვდა-ვერაფერს გახდებოდა...გული სტკიოდა...და კიდევ რაღაც შიგნით
      ... ნისლი ხომ ზამთრის მოახლოვების პირველი ნიშანი იყო... ამ დროს ტახები   
      ადგილს იცვლიან. სხვა გზა არ იყო, ამ თორმეტი გოჭის გადასარჩენათ, აქედან 
      უნდა წასულიყვნენ. აქ რომ მათთვის ზამთარს  მოესწრო, ან შიმშილით
      დაიხოცებოდნენ ან გაიყინებოდნენ. გოჭები გააფრთხილა, რომ კარგად გამოეძინათ.
      ხვალ შორ გზას უნდა დასდგომოდნენ.       
    - დე, ტაპი?! - ერთხმად ჰკითხეს   
      ცოტა ხანს პასუხი ვერ გასცა. აფორიაქდა, ხან იქით მიაბრუნებდა დინგს, ხან აქეთ.
      ჰაერს ყნოსავდა...ჰაერს, რომელსაც იმედის სუნი არ ჰქონდა!           
    - დეე! ტაპი?!  - ისევ ჰკითხეს.           
    - რა შემჭამეთ?!  - დაიყვირა დედამ.   
      შეეშინდათ გოჭებს, რადგან დედამ პირველად დაუყვირა, ერთმანეთს აეტუზნენ.   
    - მე, რა?! არ მახსოვს ტაპი?!... ტაპი... ტაპი... ჩემი ტაპი... ოჰ, მაპატიეთ, მოდით, 
      მოდით ჩემთან... ოჰჰჰ...     
      ახლა ისე ეხუტებოდა  დედა, რომ გაუკვირდათ კიდევაც. მერე ერთხმად ანუგეშეს: 
    - დე, ტაპი მოვა!     
    დედამ შვილებს გახედა. თორმეტივეს  თვალები ნამიანი ჰქონდა...ერთ დიდ გუნდად  შეიკრნენ... მხოლოდ დედას არ ეძინა.   
            ამ ადგილიდან  კარგად  მოშორებით კი,  ახლად ჩაძინებულს  დაუძახეს:   
    - ეი, ტაპი!... ტაპიიი!   
    - ვინ ხარ? - იკითხა. 
    - მე ცინანო ვარ!   
    - ვიინ?     
    - ცი-ნა-ნოო!     
    - სად ხარ? დამენახე!   
    - აქ ვარ, ნისლში, აბა, კარგად დამაკვირდი!   
      ტაპიმ იქით, ნისლში,მართლაც შეამჩნია მოღიმარი ცინანო.           
    - ტაპი, ვიცი რაც შეგემთხვა, მაგიტომაც მოვედი. დილით ადრე ადექი, გრძელი 
      გზა გაქვს. ტყეა, მრავალი ხიფათია მოსალოდნელი. გზად არასასურველი ნადირი 
      შემოგხვდება   
    - მგელიც?!  - გააწყვეტინა შეშინებულმა ტაპიმ   
    - მგელიც, დათვიც, ტურებიც, კი, ტაპი. მაგრამ არ შეგეშინდეს. უვნებელს მიგიყვან
      დედასთან და და-ძმებთან!   
    - როგორ? - ვერ იჯერებდა ტაპი.   
    - ჩვეულებრივად, არაფრის შეგეშინდეს. ვინც შეგხვდება ყველას უთხარი  -  მე 
      ცინანო მომყვება თქო!  -  ეს არის და ეს. 
    - მეტი არაფერი?  - ჰკითხა გაოცებულმა. 
    - არა, არაფერი 
    - სულ არაფერი? - ვერ იჯერბდა ტაპი.   
    - ეგ სავსებით საკმარისია, ტაპი, მე შენთან ვარ! აი, ახლა მოვალ და შენთან ერთად 
        დავიძინებ. 
          ისე მშვიდათ ეძინა, რომ დილით თითონაც გაუკვირდა - შიშსაც, წუხილსაც და   
        დარდსაც მიეტოვებინა ტაპი! თვალი მოავლო იქაურობას. ერთი მიმართულება
        არჩია. დარწმუნებული იყო, რომ სწორად მიდიოდა.   
                - ეი, მგლებო!  - გასძახა ერთმა სხვებს  - გემრიელი საკვები მოდის!   
        გაეხარდათ მგლებს. ტაპი ღიღინით მიდიოდა. უცებ წინ მგელი გადმოუხტა. 
        ტაპის არც კი შეშინებია:   
      - მგელო, გამატარე! ვერაფერს დამაკლებ, ვერც შენ და ვერც სხვა ვინმე!     
      - ვითომ, რატომ? - ძალიან გაუკვირდა მგელს. 
      - რატომ და მე ცინანო მომყვება და ის მიცავს! - თამამი იყო ტაპი. 
      - რას ამბობ,მართლა?  - დაიბნა მგელი. 
      - მართლა, მართლა! აბა, გამატარე!   
      - მიბრძანდი, ბატონო -  გაიწია მგელი,  ტაპიმ კი გზა განაგრძო. 
      - ხომ ვერ მეტყვით ცინანო ვინ არის? - ჰკითხა მგელმა სხვა მგლებს.   
      - არ ვიცით, მაგრამ ძლიერი ვინმე კი უნდა იყოს! - უპასუხეს. 
      - ჰო, მეც მასე მგონია - და სხვა მხარეს გაძუნძულდნენ.   
  ტაპი არხეინად განაგრძობდა გზას. თავის თავს ვერ სცნობდა. რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ გაეგო რა.  აი დათვიც გამოჩნდა! ოდნავადაც არ შეშინებია. შორიდან გასძახა:     
      - დათვო, არ გამეკარო! მე ცინანო მომყვება და ის მიცავს! ვერაფერს დამაკლებ!   
  - ცინანო? - გაოცდა დათვი 
  - დიახ, ცინანო! ასე რომ, არც კი იფიქრო! გასაგებია?!  - უნდა შეგეხედათ
    როგორი თამამი იყო ტაპი! ძალიან თამამი, თითქმის სასაცილო!   
    - კი... გასაგებია...მიბრძანდი...გზა მშვიდობისა - მიუგო დათვმა, რომელიც ვერაფრით მიმხვდარიყო ვინ იყო ცინანო. - ალბათ ძლიერი ვინმეა! აბა ასეთი თამამი გოჭი?!- გაიფიქრა დათვმა.  ტაპის ტურების ხროვაც შემოხვდა გზად, მაგრამ ცინანოს შიშით ტურებმაც ვერაფერი გაუბედეს. მიდიოდა და მიღიღინებდა. ნახევარი დღე მაინც გავიდა... და უცებ...ეს რა ხმა არის?... კი! მდინარის! როგორ გაიქცაა?!!! ლამის ხეებს ეჯახებოდა,  ჭყიპინებდა უზომო სიხარულისაგან! დედამ ყურები ცქვიტა, სმენად იქცა, გოჭებმა სადილს თავი ანებეს. ტაპი გამოჩნდა! როგორი შეხვედრა ჰქონდაათ! მართლაც სასიამივნო სანახავი იყო!   
    - ტაპი, ჩემო ტაპი...ჩემო პტარავ - ეალერსებოდა დედა. 
      მერე ტაპის და-ძმები  განცალკევდა, რაღაც მოითათბირეს და ტაპის მიმართეს:   
    - ტაპი, მიდი! თორმეტივე შენია!   
    ტაპიმ ძუძუებს გახედა. ძალიან შიოდა, ფოქრობდა რომელთან მისულიყო.  ბოლოს 
    თორმეტივეს დაუარა... თითოსგან ისევ თითო წვეთი მიირთვა და დედას ისევ,
    ძველებურად, დინგზე დინგი მიადო.   
    - როგორ მოახერხე, ტაპი, როგორ? ამდენი ნადირია ტყეში?   
    - ჰო, შემომხვდნენ, დე 
    - ვიინ... შეგ...ხვდა.. ტააპპპი?  - აღელდა დედა 
    - მგელიც, დათვიც, ტურებიც   
    - მმეერეე? როოგოორ მოოახერრხეე - ძლივს წარმოთქვა
    - მე ცინანო მომყვებოდა და ის მიცავდა დე, 
    - ვიინ? 
    - ცინანო, დე 
    - ეგ ვინღაა, ტაპი?   
    - არ ვიცი, დე, არ მიკითხავს 
    - ახლა სად არის ცინანო, ტაპი?   
    - ახლა? - ეს კი გაიმეორა და მის წინ თეთრი, ნათელი, მოღიმარი ცინანო გაჩნდა! 
    - ახლა აქ არის, ჩემთან! 
    - სად? - დედამ  თვალი მოავლო იქაურობას - სად, ტაპი? რა გემართება? - უცნაურად
  უყურებდა დედა ტაპის. 
    - არაფერი არ მემართება, დე. 
    - ...ტაპი, ვინ არის ცინანო?  - ჰკითხა გაოცებულმა დედამ.   
    ტაპიმ პასუხი დაუგვიანა, რადგან ამ დროს ცინანოს უსმენდა, რომელიც თავის ვინაობას უმხელდა.   
    - ცინანო ,,ვინ,,  კი არა  ,,რა,,  არის, დე!   
    - ,,რაა?,, 
    - ჰო, დე, ცინანო რწმენის ყველაზე მცირე ნაწილია. ის ჩემი ცინანოა, დე! 
    დედამ, რომელსაც სახეზე სრული გაუგებრობა აღბეჭვდოდა, ტაპის გახედა. მერე გოჭებს მიუბრუნდა: 
      - მოემზადეთ! ჩვენი წასვლის დროა!   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები