ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2011


გლობუსი

სფეროსებური, ცისფერი  ლამპის
დაბალი შუქი,
ოთახში - წყვილი სავარძელი
და მაგიდაზე -
მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო,
მისატანებლად -
- ვერცხლის ლამბაქით -
- ცოტა ყველი.

თითო გვეყოფა,
სისხლსაც უხდება,
არც დაგვამძიმებს ტანინიანი.
ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და
ვმასლაათობთ მთელი საათი:

შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ.
მე: -  ამ ორს შუა  მუდამ არის თეთრი საზღვარი.

შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია.
მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა,
რადგან განგება - ფრენბურთელია,
ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.

შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა.
ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით.
მე: - გაგვიმარჯოს!
შენ: - სლონჩე ვა!

ყლუპ!
და ორივე  თითქმის ერთად:
- ძილი ნებისა!

თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ,
შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.

ამ სიჩუმეში რაღაც  შორი
ზუზუნებს,
წუის,
ბრუნავს გლობუსი,
ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი,
და  სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.


-----
სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები