ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
5 ოქტომბერი, 2011


- ...უგულო ხარ შენ, მგელო! -

მძიმედ სუნთქავდა. შუბლზე კომბოსტოს ფოთოლი ედო. თვალები დაეუხუჭა. მესამე დღე იყო არაფერი ეჭამა.   
  მესამე დღე იყო თავზე ედგა ერთადერთი ნუგეში, მზრუნავი და საყვარელი ბაჭია. ბაჭია ჯერ პატარა იყო, მაგრამ ყველა
  საქმე კარგად გამოსდიოდა. სოროს დალაგება იყო, საკვების მოპოვება  თუ კარ-მიდამოს დასუფთავება, მშვენივრად ახერხებდა. ახლა მკურნალიც გახდა. კომბოსტოს ფოთოლი შუბლზე დედას მან დაადო. გვერდით ეჯდა და თვალს არ აშორებდა. როგორც კი სიცხიანი  ტუჩებს აამოძრავებდა წყალს მიაწვდიდა. ასეთი შვილი დედის იმედი და ნუგეში იქნებოდა აბა, რა?! ერთადერთი, რაც შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს - სულ ტიტინებდა. მართალია სისულელეს იშვიათად, მაგრამ ლაპარაკი კი უყვარდა! ფიქრიც და მსჯელობაც მოწონდა. სულ პაწაწინა იყო დედას რომ ჰკითხა: 
- დედიკო, ამდენ სტაფილოს რომ ვჭამთ, რატომ არ ვიზრდებით?       
  დედამ ვერაფერი უპასუხა, რადგან ამაზე არასოდეს უფიქრია.     
- მაინც რამოდენა გინდა რომ გაიზარდო? 
- დიდი! მგლებმა და მელიებმა რომ ვერაფერი დამაკლონ!   
- ეგ არასოდეს მოხდება, უმჯობესია კარგი სირბილი იცოდე და ყურადღებით იყო. 
- ჰო, ვიცი, დედიკო, მაგრამ მაინც მინდა რომ დიდი გავიზარდო. ისე მაგათ წინაამღდეგ სხვა ხერხიც არსებობს. 
- რა ხერხი, კაწო? - ასე ერქვა ბაჭიას. 
- საუბარი, დედიკო!  ხომ იცი როგორ მიყვარს?! - სიცილით მიუგო კაწომ. 
- მგელთან საუბრით ვერაფერს გახდები, კაწო, არც მოგისმენს! გინახავს მაგათი თვალები? 
- კი, მინახავს, ნამდვილი ცხოველია! კიდევ კარგი მგელი არ ვარ!         
- ჰო, ნამდვილი ცხოველია, ამიტომ ახლოს ნუ მოუშვებ, ეს კარგად დაიმახსოვრე! 
- არ მოუშვებ, დე...         
    სიცხიანმა დედამ ისევ აამოძრავა ტუჩები, კაწომ  ისევ  მიაწოდა წყალი, შუბლზე კომბოსტოს ფოთოლიც შეუცვალა. 
- უჰ, როგორ მეამა  -  ამ სამი დღის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა                    -  - შენ გაიხარე, ჩემო კაწო. რა მეშველებოდა  შენ რომ არა მყავდე არ ვიცი.       
- გშია, დე?   
- მშია, მაგრამ ახლა ჭამის  თავი არ მაქვს, ხვალ დილით იქნებ ცოტა სტაფილო მივირთვა, თუ კი გვაქვს... 
- კი, დე, გვაქვს!  - იცრუა კაწომ, თავისთვის კი გაიფიქრა: - დილით ადრე წავალ და მოვუტან!   
მთელი ღამე გაუთია. თვალს არ აშორებდა, კომბოსტოს ფოთოლი რამდენჯერმე შეუცვალა, წყალი შეასვა. 
- სითხე კარგია, დე, ბევრი უნდა მიიღო - ეუბნებოდა. 
- ეგ საიდან იცი, ჩემო საყვარელო, საიდან? - უკვირდა დედას. 
- არ ვიცი, დე, საიდან, მაგრამ ვხვდები - რადაგან მაღალი სიცხე გაქვს გაგრილება ხომ გჭირდება?   
  დედას მხოლოდ დილისკენ ჩაეძინა. კაწო ფეხაკრეფიდ გავიდა სოროდან და სწრაფად გასწია იქით, სადაც სტაფილო ეგულებოდა. მინდორი გადაირბინა, მეჩხერი ტყეც გაიარა, რუს გადაახტა და ღობეშიც შეძვრა... 
იმოდენა სტაფილო ამოიღო, ზურგზე ძლივს მოიგდო, კომბოსტოს ფოთლებიც მოაწყვიტა და შინისკენ წავიდა. 
სახლამდე თითქმის მისული იყო, როდესაც მგელი შენიშნა, რომელიც მისკენ მოემართებოდა.  კაწომ სტაფილო მიწაზე დადო და იქვე ჩამოჯდა. მგელმა ხახა დააღო და... უცებ დააცემინა. 
- იცოცხლე!  - უთხრა კაწომ. 
- ვაი?! მადლობ!  - გაუკვირდა მგელს. 
  იმავე წამს ბაჭიასაც დააცემინა. 
- შენც...იც...ოცხლე! 
- მადლობ   
- მდაა...ისე, მე რომ შენს შესასანსლად მოვედი?!  - უთხრა მგელმა. 
- ვიცი...   
- მერე?     
- მერე, სანამ შემსანსალავ, ერთი თხოვნა შემისრულე, გთხოვ. 
- ოჰ! ეგ რა პრობლემაა?! შეგისრულებ, აბა?! თქვი რა გინდა! 
- მგელო, დედა გყავს? 
- მყავს! 
- გიყვარს? 
- აბა?! ძალიან! 
- შენი დედა ავად გამხდარა? 
- კი, მაშინ პატარა ვიყავი და მახსოვს ვიტირე. სამი დღე იწვა  და ხმას ვერ იღებდა, არაფერი უჭამია. 
- მგელო, იცი? მე ჩემი დედიკოსთვის ყველაფერს გავაკეთებ! შენ? 
- მეც! აბა?! 
-მე ჩემი დედიკოს გულისთვის თავსაც გავწირავ! შენ? 
- ალბათ მეც... კი! მეც! 
- მგელო, ახლა ჩემი დედა ავად არის. მასაც სამი დღეა არაფერი უჭამია,  წევს სიცხიანი, ხმას ვერ იღებს, შუბლზე კომბოსტოს ფოთოლი ადევს და ახლა მისთვის სტაფილო მიმაქვს. 
- სტაფილოს ვხედავ... შუბლზე კომბოსტოს ფოთოლი რა საჭიროა?
- სიცხიანისთვის კარგია. 
- უი! მართლა? ჩემი უმცროსი ავად მყავს, ეს რა კარგი რამ მასწავლე! მეც მასე მოვიქცევი.   
- აჰა, მგელო, წაუღე ეს ფოთლები შენს უმცროსს. 
- ჰო, მადლობ...ახლა მთავარ საქმეს დავუბრუნდეთ! 
- დავუბრუნდეთ. ესე იგი, ჩემი უკანასკნელი თხოვნა ასეთია- მომეცი უფლება ავადმყოფ დედას სტაფილო მივუტანო, შუბლზე კომბოსტოს ფოთოლი შევუცვალო და წყალი შევასვა, ამის შემდეგ კი მე დავბრუნდები. 
- შენ, რა? მატყუებ? ჰაა?  - გაბრაზდა მგელი.
- ნუ ბრაზობ, არ გატყუებ, მე სიტყვას გაძლევ!   
- პირობასაც დებ?   
- ეგ ერთი  და იგივეა! 
- ჰოო? რომ გადაიფიქრო, მაშინ? 
- არ გადავიფიქრებ, ჩემს სიტყვას ფასი აქვს!   
- ჰა-ჰა-ჰა, მერე, რა?  თავს ხომ გადაირჩენ? სიტყვის ფასი რა არის, რო? რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას ასეთი? 
- ჩემთვის დიდი, მგელო! მეორედ რომ შეგხვდები, თვალი ხომ უნდა გაგისწორო?           
- უცნაური ხარ!  შენ, რა? არ იცი სად ცხოვრობ? რა სიტყვა, რი სიტყვა?! 
- ესე იგი, არ გამიშვებ ჩემს ავადმყოფ დედასთან? 
-აი, იცი რა? მინდა გაგიშვა და ამავე დროს არც მინდა! არ ვიცი როგორ მოვიქცე... 
- ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს...თუ გინდა ერთად წავიდეთ! სტაფილოს სოროში შევიტან და გამოვალ! მერე...იცი შენ...                                               
- ბაჭიავ, რაღაცნაირი ხარ, იცი? 
- როგორი? 
- თქვენთან, ბაჭიებთან, ამდენი არასოდეს მილაპარაკია, რაღაც გაქვს ისეთი...არ ვიცი რა ვუწოდო... ალბათ სიცხე...არა, არა... სი...სი...სითბო! ჰო! სითბო!... აი აქ... არა, აი აქ სხვაგვარად ძგერს... - მგელმა მკერდზე თათი მიიდო. 
- მანდ გულია     
- ოოოო, სწორედ გული მიძგერს სხვაგვარად!... ისა... მგონი სტაფილო მძიმე უნდა იყოს? 
- კი, საკმაოდ 
- ერთად ხომ არ მიგვეტანა?
- კარგი ხარ შენ, მგელო! 
- კარგი ვარ? 
- ჰო, კარგი ხარ! 
- შენ კი უცნაური!                   
    სოროსკენ გაემართნენ. მგელს სტაფილო მიჰქონდა, უკან კაწო მიჰყვებოდა. გადაიარეს მინდორი და სოროს მიადგნენ. 
- აჰა, შეიტანე...ბაჭიავ, მართლაც მძიმე ყოფილა! უჰ... - მგელმა თათი შუბლზე მოისვა.       
  კაწომ სტაფილო ჩამოართვა და მგელს თვალებში ჩახედა. დიდხანს უყურებდა. 
- ოჰ... ეგრე ნუ მიყურებ, გთხოვ  -  უთხრა მგელმა. 
  კაწო თვალს არ აშორებდა. იქ, შიგნით რაღაც სითბო შეამჩნია, ძალიან პაწაწუნა სითბო, რომელიც მგლის გულიდან მოდოიდა!       
- მაშ გამოვიდე? - ჰკითხა ბაჭიამ. 
-...კი...გამოდი... 
      კაწო სოროში შევიდა. დედას გაღვიძებოდა... ჩაეხუტა, მიეალერსა, თვალებზე ცრემლიც მოადგა. კომბოსტოს ფოთოლი შეუცვალა, წყალი შეასვა, სტაფილოც იქვე დაუდო, სოროს თვალი მოავლო... 
- დე, უკეთ ხარ? 
- კი, ჩემო იმედო, გაცილებით უკეთ ვარ   
- დედა, ძალიან მიყვარხარ.... - გულში ჩაეკრო. 
- კაწო, რატომ სტირი? - ჰკითხა დედამ     
- მე.. ყველაზე მეტად მიყვარხარ, დე...მაპატიე, გთხოვ... 
- რა უნდა გაპატიო? კაწო, რა გემართება? - ვერ გაეგო დედას. 
- არაფერი, არაფერი, დე...მე ახლა უნდა წავიდე,...არ ვიცი როდის დავბრუნდები   
- რას ამბობ, კაწო? სად უნდა წახვიდე? 
- არაფერი არ მკითხო, დე, გთხოვ!   
  დედისთვის აღარ შეუხედავს ისე გავიდა სოროდან.   
  მგელი თავჩაღუნული იდგა და ელოდებოდა. ყოველივე ესმოდა. კაწო მიუახლოვდა...ცახცახებდა, მაგრამ ცდილობდა მგელს არ შეემჩნია...მერე უთხრა: 
- ცოტა იქით გავიდეთ   
-...გავიდეთ 
  მინდორი გადაიარეს...
- აქ?  - ჰკითხა კაწომ 
- ჰო... აქ... 
- ...მე მზად ვარ...ოღონდ თვალებს დავხუჭავ...ჯერ არა, გთხოვ...რაღაც მახსენდება... ჰმ...ძნელი ყოფილა...მაგრამ ჩემს დედიკოს კიდევ ეყოლება შვილი...ნეტავი ჩემნაირი იქნება? ჰა? მგელო, როგორ ფიქრობ?...მგელო, გთხოვ, მიპასუხე - ევედრებოდა თვალდახუჭული კაწო. მგელი პასუხს აყოვნებდა...   
- მგელო, მიპასუხე, გთხოვ! ჩემნაირი შვილი ეყოლება?... მგელო, კი თქო მითხარი! გთხოვ!   
  მგელი სდუმდა...   
- როგორი უგულო ხარ შენ, მგელო! - ეს უთხრა და თვალები გაახილა...  არსად ჩანდა...მიიხედ-მოიხედა...შორს, იქით, ფერდობზე, თავდახრილი მგელი მიძუნძულებდა, რომელსაც კომბოსტოს სამი ფოთოლი მიჰქონდა. კაწო დიდხანს აცილებდა მზერით...თვალები ცრემლით აევსო. ეს უზომო ბედნიერების ცრემლები იყო, რომლითაც დედისკენ გაეშურა, მაგრამ გზაში დაუშრა!   
- კაწო, სად იყავი? რა გემართება? - ჰკითხა აღელვებულმა დედამ. 
- აქვე, ახლოს, დე       
- ამგვარი რამ აღარ მითხრა, გთხოვ, კაწო, ლამის გული გამიჩერდა! - ,, არ ვიცი როდის დავბრუნდებიო,,- ეს როგორ მითხარი?  ეს რა იყო? 
- მაპატიე, დე, გთხოვ, მაპატიე. მეც არ ვიცი ეს რა იყო... 
- უფ, შენ კი რა გითხარი!... აბა, ცოტა სტაფილო მომიტეხე....   
  არხეინად მიირთმევდნენ. დედას ძალიან გემრიელი ეჩვენა. კაწოს -  კიდევ უფრო მეტად!...   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები