ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2011


აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული

როგორ გაზრდილა !
ქალია უკვე.
ახლა ვინ იცის,
ბეწვის ხიდზე
როგორ გაივლის...

გუშინ არ იყო?
მამა-შვილი
ზამთრის საღამოს
მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს.
მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი
და თან  გათოშილ ხელის  მტევანს
მუჭში ვუთბობდი.

-  აქ ღმერთი ცხოვრობს? -
მკითხა  უეცრად,
სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ.
- აქ ღმერთი?!  არა!
- აბა, კაცები
რატომ დგანან 
თავაწეული
და  თან ისეთი თვალები აქვთ..
- მაინც როგორი?
-  რა ვიცი,
თითქოს  ლოცულობენ...

მამა და შვილი მუდამ ერთად
როგორ ივლიან.
თავაწეული ვდგავარ მარტო,
შუაღამეა.
სადღაც, ზემოთა სართულზეა
მისი პალატა.
აი, ფანჯრებიც,
(თუ გამოთვლამ არ მიღალატა).
რა კვნესა ისმის,
ხეა,  ქარით გადარწეული
თუ უჭირს შვილს  და
უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ?
(სანთებელათი
მოვუკიდე ბოლო სიგარეტს).
ვეძებ ფანჯრებში
ფერმკრთალ სახეს,
მაგრამ ფარდებიც ეფარება
დაორთქლილ მინებს.
გუბდება გული,
მერე მძიმედ ამოიგმინებს
და სიჩუმეა.

ნელა გადის დრო გულმოდგინე.

რა გითხრა,ღმერთო!
მე არ ვიცი, როგორ ვილოცო.
ღმერთო, მამაო,
გთხოვ,
მშვიდობით  მოალოგინე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები