ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2011


ბედუინი (ნაწილი VI წყალი და იმედი)

                                                                                            „მოისმის ფლოქვებქვეშ წლების თქარა-თქური,
                                                                                            იცავს მომავლისგან წარსულის სანახებს.
                                                                                            ჰყავს ერთგულ მეგობრად ცხენი დარახტული,
                                                                                            უცხოს არ ენდობა, არც სახეს ანახებს.
                                                                                            ბედს ბედი არა აქვს, თუა ბედუინის
                                                                                            უდაბნო ქვიშით წერს უმკაცრეს კანონებს.“

                                                                                                                                    თანანა ბოლქვაძე 

      უძლურების შეგრძნებამ ოდნავ მომაფხიზლა.
გონზე მოვდიოდი. პირი გამშრალი მქონდა, ტუჩები დახეთქილი და ერთმანეთზე მიკრული. გაფანტულად ვფიქრობდი. მოგონებებიდან რაღაც კადრები მოფრინავდნენ და ისევ უკან მიფრინავდნენ. თვალებმა თავისით ისწავლეს უკუხედვა... გონების ბნელ კუნჭულებში იჭვრიტებოდნენ, ხან რას ჩაავლებდნენ მზერას და ხან რას... რა არ  ამოათრიეს მივიწყებული წარსულიდან... გონების დაძაბვა არ შემეძლო და ამოტივტივებულ სახეებს ერთმანეთს ვერ ვუკავშირებდი.

      შევეცადე შევრხეულიყავი, მაგრამ ოფლით და მარილით გაჟღენთილი ჩემი ტანსაცმელი  გახევებულიყო. მოძრაობა ტკივილს მაყენებდა. ძლივს დავხარე თავი წინ. ნიკაპი მკერდზე მივიბჯინე და მუხლებზე მოხვეული ხელები ერთმანეთზე წვალებით გადავაჭდე. თავბრუ მესხმოდა. ხელები ყინულივით მქონდა. ფეხის თითებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. კუნთებს ჟამი-ჟამ კრუნჩხვა უვლიდა. გული სწრაფად მიცემდა, მაღალი სიცხე მქონდა. ადგომა ვცადე, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ გვერდზე გადავიხარე და მოკუნტული მივწექი ლოდის ძირში.

        სადღაც, მეხსიერების შორეულ კუნჭულში მაგონდებოდა რომ ცხენზე ვიჯექი, რომ ჩემს კალთაზე ზურმუხტისფერი თვალები ბრწყინავდნენ, რომ ვიღაცამ ხელი ჩამკიდა... მაგრამ, ეს სიზმარი იყო, ხილვა, ცხადი თუ მოლანდება, - ამის გარკვევის უნარი აღარ მქონდა. ვცდილობდი გონება მომეკრიბა და ერთი ლოცვა მაინც მეთქვა. არც ეს გამომდიოდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი. რაც შეიძლებოდა მოვიკუნტე და მუხლები შუბლთან მივიტანე.

          ვიგრძენი რომ მარტო ვიყავი, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა... მხოლოდ მთვარის სითეთრეს ვგრძნობდი დახუჭული ქუთუთოებით.  ტირილიც აღარ შემეძლო. ამომშრალი თვალებიდან ცრემლიც გამქრალიყო.   
          „ერთხელ კიდევ გამომახედებს სანამ... სანამ..“ - გამიარა ფიქრმა და შიშმა შემზარა.
ისეთი ძლიერი იყო ეს შიში, - რომ უეცრად თვალი გავახილე. ეს სიკვდილის შიში იყო. აი თურმე რა აიძულებს ადამიანებს სიცოცხლეს... - სიკვდილის შიში. აი თურმე რაზეა მიბმული ინსტიქტი - სიკვდილის შიშზე... 

        „სიკვდილში და მოუსვლელში წადი“ - გამახსენდა წყევლა. ერთმა ღმერთმა იცოდა ეს ლოცვა იყო - თუ წყევლა.
      „იქნებ მხოლოდ ჩვენ გვგონია რომ ეს წყევლაა.. ჰო, მართლა ეს რომ გამახსენდა,  ლოცვას რატომ ვერ ვიხსენებ?  ეს უფრო ახლოა ალბათ და იმიტომ...“ 

        საზარელმა შიშმა აღქმა დამიბრუნა. გამახსენდა როგორ მიმიყვანა ცხენმა დაჭრილ კაცთან, რომელსაც მთელი დარჩენილი წყალი დავალევინე, დაჭრილი მხარი შევუხვიე... მიმოვიხედე. თვალი მიჭრელდებოდა, მაგრამ ცხენი და კაცი ვერსად შევნიშნე. სისხლიანი სახვევის კვალიც კი არსად იყო, ჭრილობიდან ამოღებული ტყვიაც გამქრალიყო.  მომხდარის ნიშანწყალიც არსად ჩანდა.  კარგა ხანია თვალს აღარ ვუჯერებდი, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ ქვიშაზე ცხენის ნახევრად გამქრალი ნაკვალევი დავინახე, რომელსაც  უდაბნოს მშრალი ნიავი ნელ-ნელა შლიდა. 

        ასეთი უმადურების გააზრებამ მთლიანად მომშალა. ეს უფრო დიდი საშინელება იყო ჩემთვის - ვიდრე ყალბი რუკა, ის, რაღაც ორგანიზებული დანაშაულის სქემასთან მაინც იყო კავშირში, მაგრამ უდაბნოში  მხოლოდ ცხენის ამარა დარჩენილი  დაჭრილი კაცისგან, რომლისთვისაც  წყლის უკანასკნელი ყლუპი  დაუნანებლად გავიღე, ჩემი მიტოვება უდაბნოში -  სიბოროტედ მეჩვენა. 
     
        „ჰოი რა ადვილია სიბოროტის ჩადენა როცა არავინ გხედავს. რატომ მე არ მომდის აზრად სიბოროტის კეთება, ყველა რომ მეცოდება და გულგახსნილად ვეხმარები...  თან არც კი ვკითხულობ ღირსია თუ არა ასე უშურველად მირთმეული სიკეთის. რა კარგი იქნებოდა ცოტა ეგოისტი მაინც რომ ვიყო... თუმცა რაღა დროს? “ - დარდის და სასოწარკვეთის თავიც აღარ მქონდა...
 
      სულ უბრალო რამე მენატრებოდა, სულ უბრალო...  ერთი ყლუპი წყალი!
      იმედი - აღარც მახსოვდა.   

მთვარეს შევაცქერდი, ვხედავდი ნელნელა როგორ გაყვითლდა და როგორ იქცა მზედ. ჩემსკენ სხივები ჩამოაფრქვია და ნათელში გამახვია. კაშკაშა სინათლემ თვალები დამიბნელა. შიშმა და უძლურმა სხეულმა, ერთად მიმატოვეს,  დიდი, ნეტარი სიმშვიდე მოვიდა და სადღაც უსხეულოდ გავცურდი... 
 
            შუბლზე სიგრილე ვიგრძენი. არ მციოდა. აღარც მცხელოდა.
„ალბათ ის სამი დღე-ღამეა სამოთხე რომ უნდა ვნახო“- გამეფიქრა უნებურად... თვალის გახელა ვცადე. წამწამებს შორის დავლანდე - ვიღაც დამცქეროდა, მის ქათქათა თეთრ, გრძელ და თავისუფალ პერანგს ნიავი უვლიდა... ჩემი ხელი ხელში ეჭირა.
          „-ანგელოზი მატარებს ალბათ. თუ სამოთხეში ვარ, მაშინ ეს ანგელოზი უნდა იყოს“.
          - „დალიე, ოღონდ ცოტა“ - მომესმა უჩვევი სიტყვები. პირთან სისველე  ვიგრძენი. ანგელოზი წყალს მასმევდა რომელსაც მომჟავო გემო და უჩვეულოდ ხასხასა წითელი ფერი ქონდა. 
          „-რა არის ? როგორ გავს სისხლს...ოღონდ თხელია..“       
პირთან მოტანილი სითხე გადამცდა და წამომახველა, გრილმა წვეთებმა ნიკაპი და ყელი ჩაირბინეს და მკერდზე გაიკვალეს გზა.
          - „მშვიდად, მშვიდად“ - გავიგონე ისევ.
          „-ესე იგი სხეულიც მაქვს?“ -გავიფიქრე... რაღაც ხმებიც მომესმა. ფრუტუნი თუ ღრმა სუნთქვა. თვალი ოდნავ გავახილე.
            ორი ზურმუხტი სულ ახლოდან მიცქერდა, დაბურულ მწვანეში ნაპერწკლებმა გაიციალეს და ისე გაბრწყინდნენ, რომ თვალი მომჭრეს. თვალი მოვჭუტე და უცნაურად მოციმციმე სიმწვანეს შევაცქერდი.

          " -თვალებია, წყლიანი დიდი მწვანე თვალები. მაგრამ ანგელოზებს ხომ ცისფერი თვალები აქვთ?“- გამახსენდა ხატები.  უფრო დაკვირვებით დავაცქერდი ორ მოციალე ოაზისს,  ჩრდილისფერი წამწამებით შემოზღუდული, ნუშის ფორმის ნაპირებიდან გრილი ლივლივით რომ მიმზერდა.
        “-საცრემლეები აქვს თვალის უპეებში, ანგელოზებს არ აქვთ თვალებზე საცრემლეები, ხატებზე საცრემლეს გარეშე არიან დახატული. არ ჭირდებათ, ისინი ხომ არ ტირიან, სულ ბედნიერები არიან... ესე იგი, ეს ანგელოზი არაა. აბა ვინაა?“ - მოჭუტული მზერით დავაცქერდი თეთრ ლანდს, რომელიც  ორი მაცოცხლებელი დაბურული ზურმუხტოვანი ოაზისით მშვიდად მიღიმოდა. 
          - კარგად იქნები. - ისევ გავიგონე უჩვევი სიტყვები.
თბილმა, ხავერდივით რბილმა, დაბალმა ხმამ -  გულში შემოაღწია და  თავისი წილი ბინა დაიდო. 
 
        ჩემმა მცირე დაკვირვებამ დამღალა და თვალი დავხუჭე. დაჭრილ ფეხზე ძალიან ფაქიზად შემეხო მზურნველი თითები, მაგრამ ტკივილმა ისე მძლავრად დამიარა რომ უნებურად შევკივლე, ცივი ოფლი ისე ერთბაშად გადამევლო სხეულზე, თითქოს ცივ ტბაში შიშველი შევცურდი. შავ-ლეგა ბურუსი თვალებზე დამაწვა და მთლიანად დამფარა. 
     
          საამო შეგრძნებამ გამომაფხიზლა. სახეზე მოფერებით მეხებოდა უნაზესი აბრეშუმი. აბრეშუმები მეხებოდა სახეზე, ყელზე, მკლავებზე. ერთმა ჩემს მკერდზე გადაინაცვლა და ლეჩაქივით გადამეფარა. სიამეს და ნეტარებას ვგრძნოდი,  უსასრულოდ მსურდა მეგრძნო ეს ნატიფი სინაზე. ხელით მოვსინჯე აბრეშუმი.

          - ჯადარ, გამოდი, ის ავადაა.“ - მომესმა თბილი,  მაგრამ მკაცრი ხმა 
ამ სიტყვებზე აბრეშუმები ერთი-მეორის მიყოლებით ალაგდნენ ჯერ მკერდიდან, მერე ყელიდან,  ბოლოს სახიდან.
ხმამ გამომარკვია და თვალი გავახილე. თავს შავი არაბული ბედაური მედგა და ნელა მყნოსავდა. ჩემი აბრეშუმის ლეჩაქები თურმე მისი უნაზესი ფაფარი იყო. დაძახილზე ცხენი გასწორდა, რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ჩუმად ჩაიჭიხვნა. მის ხმაზე ვიღაც წამოდგა, სწრაფად მომიახლოვდა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და სახეზე დამაცქერდა.

          - ნილნა, როგორც იქნა დამიბრუნდი. მეხუთე დღეა ვცდილობ გამოგახედო, ლამის იმედი დავკარგე, მადლობელი ვარ ალაჰის  შენი სიცოცხლე რომ მაჩუქა“ - ამბობდა საოცრად თბილი ხმა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ეს ხმა ჩემი საკუთარი გულიდან მესმოდა. 
            - ალ კაბირი ვარ ნილნა, არ შეგეშინდეს. რამე თქვი, ერთი სიტყვა მაინც“ - აგრძელებდა ლაპარაკს ჩემი გულიდან ამოსული ხმა.
            - შენ მიმატოვე.- ვთქვი ჩურჩულით.
            - ცოტა ხნით, წყალი რომ მომეტანა.
            - წყალი?
            - მე მთელ უდაბნოში სამალავები მაქვს, სადაც წყალს, სანოვაგეს ვინახავ. საჰარა ჩემი სახლია, ჩემი სამშობლო.
            - მეძინება.-  დავიჩურჩულე.
            - დაიძინე ნილნა. მშვიდად იყავი. -  გავიგონე საპასუხო ჩურჩული.
     
ხელზე ნაცნობი შეხება ვიგრძენი. ბედუინმა ჩემი ხელი ისევ თავის ხელში მოიქცია და მაგრად ჩამკიდა. ახლა მე ჩამეხატა ტუჩის კუთხეში უღონო ღიმილი.
        რამდენ ხანს ვიყავი შავ-ლეგა ბურუსში არ ვიცი, მხოლოდ ხანდახან ოდნავ მაფხიზლებდა პირთან მოტანილი წყლის წვეთები, რომელსაც ხარბად ვისრუტავდი, მაგრამ მერე ისევ ბურუსში ვიძირებოდი..
...
          მზე ჩასვლას აპირებდა, როცა კარგად მოღონიერებულმა თვალი გავახილე და წამჯდომა ვცადე. ბედუინი არ ჩანდა, მაგრამ მახლობლად ცხენი გემრიელად ახრამუნებდა რაღაცას.  სხეული ისეთი მჩატე მქონდა რომ საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
„ნეტა რა დღეა და რა რიცხვი“ - შევეკითხე ჩემს თავს. მერე გამეცინა, მომეჩვენა რომ ჩემს მეტი არავინ ითვლიდა დროს. მიმოვიხედე ოდნავ მოშორებით ცეცხლი ენთო, ზედ ჩემი ჩაფხუტი ქვაბად იდგა და შიგნით რაღაც  დუღდა.
       
        ჩემი საწოლი შევათვალიერე.
აქლემის ტყავზე ვიწექი და თავზე პატარა ჩარდახი მადგა. თავქვეშ ცხენის უნაგირი მედო, ზედ აქლემის ტყავი იყო გადაფარებული.  ჩემი ძველი ტანსაცმელი გამქრალიყო. კოჭებამდე  აბრეშუმის კაბა მეცვა, ხოლო ფეხზე აქლემის ტყავის ამოწნული ფეხსაცმელები.  სირცხვილმა და უხერხულობამ ელდასავით დამიარა.  სახეზე ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი რომ ასე უდაბნოს მზესაც არ დავუწვივარ.  წარმოვიდგინე როგორ მიცვლიდა ტანსაცმელს ვიღაც უცნობი მამაკაცი, ისიც არაბი და მაჰმადიანი...აქამდე უცხოსთან სამოსის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ და ისე შემრცხვა, რომ სიმწრის ცრემლები  ნიკაპთან გამენასკვა.
ფეხს ჯანსაღი ფერი დაბრუნებოდა, ძარღვებზე ამოყოლილი სიწითლე გამქრალიყო, აღარ მტკიოდა და  ძალიან სუფთად მქონდა შეხვეული.
      -  როგორ შევხედო ახლა ამ კაცს. - გავიფიქრე გულმოსულად.
ცეცხლის მოპირდაპირე მხარეს მეორე პატარა ჩარდახი შევნიშნე. იქ ალბათ ბედუინი ათევდა ღამეს.

          ნაბიჯის ხმა ყურზე მომწვდა.
სასწრაფოდ მივწექი და თვალი ისევ დავხუჭე, სხვა გზა არ მქონდა, სირცხვილით თვალს მაინც ვერ გავუსწორებდი.  წამწამებიდან დავინახე როგორ ამოდიოდა ბორცვზე ძალიან მოქნილი და მარდი სხეული, რომელიც  იდეალურად ზუსტი, მოზომილი ნაბიჯით მოდიოდა. არცერთი მოუხეშავი ან უხერხული გადახრა არ  იყო მის გრაციოზულ და ღირსებით სავსე მოძრაობაში. თეთრები ეცვა, თავზე შავი უკალით დამაგრებული თეთრი ბურნუსიდან მხოლოდ თვალები უჩანდა.

        ბედუინი ჯერ ცეცხლთან მივიდა და ქვაბს დახედა, მერე ცხენთან მივიდა შუბლზე მოეფერა და თვალი სივრცეს გაუშტერა.
        კარგა ხანს იდგა ასე. ბოლოს მოტრიალდა და ჩემსკენ წამოვიდა. შუბლზე ხელი დამადო, მაჯა გამისინჯა და მხარზე ფრთხილად შემეხო.
        -  ნილნა, გაიღვიძე, დღეს რამე უნდა შეჭამო. 
თვალი ოდნავ გავახილე. ბედუინი მძიმე გამოხედვით მიმზერდა. აშკარად ნერვიულობდა.
        - ორ დღეში აქედან უნდა წავიდეთ, უნდა ჭამო, ძალა უნდა მოიკრიბო. შეგიძლია ადგე? შეეცადე ადგე. - ჩაილაპარაკა ჩუმად. 

თავი დავიქნიე.  მაგრამ  მხოლოდ წამოჯდომა შევძელი. მან ხის პატარა ნიჩბით  ქვაბიდან რაღაც ამოიღო და  ახლოს მომიჯდა. თვალებში აღარ მიმზერდა.  მისი ეთიკა კრძალავდა ქალისთვის თვალებში შეხედვას.  კაბა მოვისინჯე და შუბლი შევკარი. თვალებით გაიღიმა და მითხრა:
          - შენთვის არ შემიხედია, მხოლოდ ფეხის შეხვევის დროს დავხედე ჭრილობას, ძალიან ავად იყავი, ძალიან ავად. მარგრამ ახლა უნდა შეჭამო, აი ეს!

            საჭმელს დავხედე, რაღაც ფაფის მსგავსი იყო, პურის სუნი ქონდა.  პირთან მოტანილი საჭმელი  სულ ცოტა გავსინჯე. ხორბლის ფქვილის ფაფას გავდა. ყლაპვა მიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა  ნახევარ კოვზამდე შევჭამე. ისე დავიღალე, რომ მაშინვე მივწექი.

            - დაისვენე, ცოტა ხანში კიდევ გაჭმევ კუსკუსს. ჭამას უნდა მიეჩვიო, წყალიც მეტი უნდა დალიო. ცხენზე ჯდომა უნდა შეძლო, აქედან უნდა წავიდეთ. - მომესმა მზრუნველი ხმა.
            - რამდენი ხანია აქ ვარ ? - თითქოს ჟანგიანი ბოქლომმა გაიტკაცუნაო  ისე ამოვღერღე ორი სიტყვა.
ბედუინმა ექვსი თითი მიჩვენა და მზის ასვლა-ჩასვა ხელით მანიშნა.
            - სულ  რვა დღე, ალბათ მეძებენ.
            - ჰო, მაგრამ ვინ? - გამეპასუხა თბილი ხმა. 

ბედუინმა ცეცხლს შემოუარა, მოპირდაპირე მხარეს ჩარდახის ქვეშ წამოწვა და ცას შეაჩერდა. 
          მეც გავხედე ცას.  მართალაც არაფერი იყო ისეთი ლამაზი როგორც მზის ჩასვლა საჰარაში. წითელი მზე საკუთარ ფერს ადებდა გარემოს. ქვიშა ღია წითელს იღებდა, ხოლო კლდეები მუქ წითელს. ფერები ცაზე ირეკლებოდა  რამოდენიმე გარდამავალი ფერის წითელი ერთმანეთს ერწყმოდა და სივრცესავით იკავებდა სულს და გონებას. მზეს თვალი გავუშტერე.
მისი სიყვითლე-დაკარგული დისკო ჰიპნოზივით მოქმედებდა. თვალი დავხუჭე. მზე  ქუთუთოებზე შიგნიდან სითბოდ ამომეკრა და სხეულში ჩამეღვარა.

        მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა. პირველი რაც დავინახე წითელი სითხით სავსე ხის პატარა ჭიქა იყო,  უდაბნოს წითელი მზე თავად ჩაღვრილიყო ჭიქაში. ბედუინი ჩემს გვერდით იჯდა.
          - დალიე ნილნა. კარკადეს ჩაია. შემდეგ ისევ უნდა ჭამო.
 
მისი მწვანე თვალები  ნერვიულად ბრწყინავდნენ. მივხვდი, რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გავბედე. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს წითელი ჩაიც ბოლომდე დამელია და მოწოდებული ფაფაც ბოლომდე მეჭამა.
ჩაის სურნელოვანი არომატი დაკრავდა, მისი წითელი ფერი ფარვანასავით მიზიდავდა.  ოდნავ მომჟავო გემო ქონდა. ცხელი სითხე ძალიან მესიამოვნა. ჭიქის გამორთმევა მინდოდა, მაგრამ საკუთარ ძალებს ვერ ვენდე და ჩაი ბოლომდე მისი ხელიდან  დავლიე. სახეზე ფარული სიხარული შევატყე. ახლა ფაფიანი კოვზი მოიმარჯვა.

„ღმერთო, რომ იცოდეს როგორ მეჯავრება ყველა ჯიშის და სახის ფაფა“- გავიფიქრე, მაგრამ  მისი წყენინება ისეთ წარმოუდგენელ ბოროტებად მომეჩვენა, რომ მშიერის გამომეტყველება მივიღე და ის ერთი კოვზი ფაფაც ბოლომდე შევჭამე. თვალებში შევხედე. თვალი ამარიდა, მაგრამ მადლობის ნიშნად თავი დაიქნია. პატარა ხის ჭიქა ისევ გამომიწოდა.

      ჭიქაში წყალი იყო. წყლის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა. თვალები გამიფართოვდა ნელა, დიდი ნეტარებით დავლიე წყალი, რომელიც ბოლო რვა დღე ოცნების ერთადერთ საგნად მქცეოდა, მაცოცხლებელმა სითხემ ყელი გრილად ჩაიარა და სხეულში შიგნიდანაც გრილი ნაკვალევი დამიტოვა.  საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წყალზე ღირებული ამ ქვეყნად მართლაც არაფერი იყო. 

      - როგორ ხარ? - საკუთარი გულიდან ისევ მომესმა მისი ხმა.
კარგად ყოფნის ნიშნად თავი დავიქნიე. ბედუინმა პატივისცემის და მოკრძალების ნიშნად თავი დამიხარა, მარჯვენა ხელით თავის გულს, პირს და შუბლს შეეხო, ფეხზე წამოდგა, ცეცხლს შემოუარა, ჩემსკენ ზურგით ფეხმორთხმული დაჯდა და უდაბნოს დააცქერდა. 

        - დაიძინე და მშვიდად იყავი. - მომიალერსა დაბალმა და თბილმა ხმამ.
სასთუმალზე მივწექი. დაფიქრება მინდოდა. პრიველ რიგში მინდოდა მეფიქრა იმაზე, რატომ მესმოდა ამ კაცის ხმა ჩემი საკუთარი გულიდან, მერე - თუ რაზე ნერვიულობდა ასე, მაგრამ სისუსტემ მძლია, ფიქრი ამერია და ამჯერად უკვე მართლა ჯანსაღმა ძილმა ჩამითრია. 

            დილით გავიღვიძე თუ არა,  მაშინვე მეორე ჩარდახს გავხედე. არც ბედუინი ჩანდა და არც ცხენი. ნაცნობმა შიშმა გული შემიკუმშა. ისე სწრაფად წამოვჯექი რომ თავბრუ დამესხა. ჩემთან ახლოს თბილი წყლით სავსე ჩემი ჩაფხუტი  იდგა,  გვერდით ორად გაკეცილი თეთრი ტილო და სავარცხელი ედო.  მივხვდი რომ სხეული უნდა გამეწმინდა და გამემშრალებინა. ასეთმა ზრუნვამ გული ამიჩუყა.
     
          „-ამიტომაც მოეფარა თვალს“- ვიფიქრე.  კაბა გავიხადე და სხეულის გაწმენდა დავიწყე. ცოტა ხანში შვება ვიგრძენი. სასწრაფოდ გავიმშრალე და კაბა გადავიცვი. პირი დავიბანე, თმა დავივარცხნე, ის  იყო აბაზანას  მოვრჩი რომ ცხენის ხალისიანი ფრუტუნი გავიგონე.

        „-მოდის“ - ვიფიქრე და ვიგრძენი რომ გულისძვრა მჭირდა. რაღაც მემართებოდა, თითქოს კარგად ვიყავი, მაგრამ გული თავის ადგილას ვერაფრით დავაბრუნე. სახეზე ალმურმა ამკრა, შევეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

        ცოტა ხანში აღმართზე  ბედუინი გამოჩნდა, წინ თავად მოდიოდა, უკან ცხენი მოსდევდა. თვალს ვერ ვაცილებდი ავაზასავით მოქნილი სხეულის იდეალურ მოძრაობას. ისევ მთლიანად თეთრი ემოსა, მხოლოდ თვალები უჩანდა.  ჩემსკენ არც გამოუხედავს, თავის ჩარდახთან გაჩერდა, ცხენს ტყავის ჩანთიდან წყალი დაალევინა და რაღაც მისცა.
          ფეხზე ავდექი, და მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი.

      -ალ კაბირ, საბაჰ ელ ხეირ. - მივესალმე. 
მომეჩვენა, რომ ჩემმა სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა ბედუინზე, სწრაფად მობრუნდა და დამაცქერდა,  ქანდაკებასავით გაუნძრევლად იდგა. რამ იმოქმედა ასე, ვერაფრით მივხვდი. იმან რომ სახელით პირველად მივმართე  თუ  იმან,  რომ არაბი ქალის  რიდი და მოწიწება საერთოდ არ იყო ჩემს ტონში, ჩემმა ნორმალურმა ხმამ, რომელიც ნელ-ნელა მიბრუნდებოდა თუ იმან, რომ თვალებში  მოურიდებლად ვუცქერდი, რაც მისი ტრადიციით - ქალისაგან დაუშვებელი იყო...  თუ იმან, რომ ვიღაც გადამთიელს, - არაბი ქალის ულამაზესი მომწვანო ფერის აბრეშუმის სამოსი კი მეცვა, მაგრამ „ქართულად“ მიხდებოდა. 

          თვალებში ნაპრწკალმა გაუელვა. მაგრამ ისე ქონდა პირი შებურული, რომ მხოლოდ მისი მზერის წაკითხვა შევძელი, გაკვირვება, სიხარული და კიდევ „რაღაც სხვა“ შევნიშნე.  ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თვალები მოჭუტა, მისმა მზერამ გამომწვევი თუ გამომცდელი იერი მიიღო. მაგრამ წამში თვალი ამარიდა. თავი დახარა და სწრაფად, კატის მსუბუქი ნაბიჯით მომიახლოვდა. ჩემი სასთუმალიდან აბრეშუმის ნიკაბი აიღო და თმაზე  მზრუნველად მომაფარა.

            -„მეია, მეია“, ვხედავ უკეთ ხარ. რომელი ქვეყნიდან ხარ?  - მომეფერა თბილი ხმა.
            -„ანა მენ ჟეორჟია.“
            -უცნაური სახელია. - მიპასუხა დაფიქრებით.
ოდნავ შეწუხებულმა სწრაფად მოვიხვიე თავზე აბრეშუმი. თმის შეხვევა დამვიწყნოდა,  ამით შეურაცხოფას ვაყენებდი, ანუ პირდაპირ ვიწვევდი საალერსოდ. 
          - შენ შეუპოვარი ხარ ნილნა ! აქაურ ქალებს ასეთი თვისება ნაკლებად აქვთ. როცა წყლის ბოლო მარაგი მთლიანად ჩემთვის გაიმეტე,  საკუთარი ხელით მშვიდად დაიწერე შუბლზე  წამებით სიკვდილი.  აქ ხალხი ერთმანეთს ხოცავს ერთი ჭიქა წყლისთვის. სხვაგან  შეიძლება ბევრი  დღე გაძლოს ადამიანმა უწყლოდ,  მაგრამ  საჰარაში ეს შეუძლებელია.  დიდი სიმდიდრეც კი შემოუძლევიათ ჩემთვის ორიოდე ჭიქა  წყალის ფასად.  ან პირველად ხარ უდაბნოში და თუ ეს არ იცოდი - უკვე მიხვდებოდი, და  მაინც შენი  სიკეთე ისეთი დიდი,  ღრმა  და თან ჩვეულებრივია, რომ შენი ყველა სხვა ღირსება ან ნაკლი - ქვიშის უბრალო მარცვლია მასთან შედარებით. 
            - რატომ მიმატოვე უდაბნოშნი? 
            - შენ, შენი საკუთარი წყალი და იმედი მე მაჩუქე, თანაც ისე რაღაცნაირად, ისე უბრალოდ... შენ  უფრო მეტი ხარ, ვიდრე ადამიანი შეიძლება იყოს... ამიტომ შენთვის ახლა მე უნდა მომეტანა წყალიც და იმედიც. ახლა მე ვარ შენი წყალი და იმედი.

          - ჩემი წყალი და იმედი... - ჩავიჩურჩულე.
          - დღეს შენით უნდა ჭამო. - მკაცრად მომიჭრა ბედუინმა და ცეცხლზე სუფთა წყალი  ასადუღებლად შემოდგა.  მცირე საუზმე მოამზდა, ცეცხლთან  უსიტყვოდ მიმიპატიჟა.  წითელი ჩაიც მზად იყო.  ხელები მიცახცახებდა, სუსტად ვიყავი და პატარა ხის კოვზით საჭმელი ძალიან მოუხერხებლად მიმქონდა პირთან. მაგრამ ბედუინი აღარ მეხმარებოდა, თავის ფიქრებში ღრმად იყო წასული, ვეღარც მამჩნევდა. წითელი ჩაი დავლიე, მისი ცხელი სიწითლე - ძალას მაძლევდა,  თითქოს ახალ სისხლს მისხამდნენ სხეულში.

              ისე მოშუადღევდა რომ ჩემთვის ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს. გაბუტულებივით ვისხედით. დუმილი გამეფდა. ისეთი სიჩუმე იდგა, მცირედი ჩქამიც ისმოდა. საუბრის წამოწყებას ან რამეს კითხვას ვერ ვბედავდი. ბედუინი დაძაბულად ფიქრობდა. მისი მწვანე და სხივიანი თვალები მოჭუტული შესქეროდნენ დასავლეთის მხარეს. მივხვდი სავალ გზას ირჩევდა. წასვლა ეჩქარებოდა. ის მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული, რამდენად შევძლებდი ცხენზე ჯდომას, უდაბნოს სიცხის გაძლებას, ხანდახან უწყლობის გაძლებასაც. მივხვდი რომ მისთვის მე ახლა სერიოზული „თავის ტკივილი“ ვიყავი, ოღონდ არა მარტო იმიტომ, რომ გზისთვის უნდა გამეძლო, არამედ კიდევ იყო „რაღაც“ და ეს „რაღაც“ აუტანლად აწვალებდა. 
 
          უჩუმრად ავდექი და ჩემი ჩარდახისკენ წამოვედი. ჩემი მოძრაობა გაიგონა, მაგრამ არც კი შერხეულა.  მისი ნერვიულობა მეც გადმომედო, მაგრამ სასოწარკვეთას აღარ ვგრძნობდი.
          მივხვდი რომ მან ჩემზე სრული პასუხისმგებლობა იკისრა.
        „ახლა მე ვარ შენი წყალი და იმედი“ -ისევ და ისევ მესმოდა მისი ხმა. 
       
        მივწექი, თვალი მივხუჭე და შევეცადე დამეძინა, ძალები მჭირდებოდა, არ ვიცოდი საით, რომელ მხარეს უნდა გვევლო ან რამდენ ხანს. საერთოდ მომეცემოდა თუ არა ძილის საშუალება. ბედუინს შევხედე. სრულიად უცხოდ აღვიქვი, ვერ მივხვდი რატომ უნდა ვნდობოდი ამ უცხო ადამიანს, რატომ უნდა მევლო მის მიერ ამორჩეულ გზა-კვალზე. ღმერთმა იცის რა მელოდა მის ხელში. შიში შეუმჩნევლად წამომეპარა. შუბლი შემეკრა, უნდობლობამ ელვასავით დამიარა, წამოვჯექი სახეზე  ხელი მოვისვი, თითქოს ძილ-ბურანიდან გამოვერკვიე. საღი აზროვნება მიბრუნდებოდა. კიდევ დავაკვირდი ამ უცხო კაცს. მშვილდივით მოჭიმული იჯდა,  წვრილი წელი რკალივით მოხროდა, ერთი ხელი მოკეცილი ფეხის მუხლზე იდაყვით ედო, მეორე ხელი პირველზე მტევნით გადაეჭდო. სახე მთლიანად შებრული ქონდა, მხოლოდ მწვანე თვალები კიაფობდნენ თავზე შემოხვეული ბურნუსის სითეთრეში. 

გამახსენდა რომ მისი სახე აღარ დამინახავს, ეს დღეები სულ შებურული ქონდა.
       
          " -არ მენდობა, სახეს არ მიჩვენებს, არ უნდა მის სახეზე რამე წავიკითხო, ან სახე დავიხსომო“-გამკრა გულში. თითქოს ჩემს ფიქრს უპასუხაო, მისი ხმა მომესმა:

          - ნილნა, უნდა მენდო, ბრმად უნდა მენდო, სხვაგვარად არაფერი გამოვა, ჩვენ აქედან უნდა გავაღწიოთ, როგორმე ფარაფრას ოაზისამდე უნდა მივიდეთ. იქ უნდა მოვიფიქროთ როგორ დაბრუნდები შენს ქვეყანაში.  მშვიდად იყავი. მე არაფერს დაგიშავებ, აღარ დაგტოვებ მარტოს. შენი დანა თავქვეშ გიდევს, შენი სხვა  ნივთებიც იქვეა. უნდა დაიძინო, ძალები უნდა მოიკრიბო!  უნდა დამეხმარო! გზაში ცუდად არ უნდა გახდე. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ხვალ რიჟრაჟზე აქაურობა უნდა დავტოვოთ. გთხოვ ნილნა, გზაში ბევრი უცნაური გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. არ დაფრთხე, არ გაიქცე, თორემ შენს ძებნაში დროს დავკარგავ. ამის გამო შეიძლება ორივე დავიღუპოთ. უნდა მენდო. მენდობი?!  - ამ სიტყვებზე ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩაიმუხლა. 

        თავიდან ბურნუსი მოიხადა და  სახე გამოაჩინა.  ლამაზი სახე ქონდა, უფრო თეთრი იყო ვიდრე პირველად მეჩვენა, ხშირი და გრძლად გაწოლილი მუქი წარბები და დიდი მწვანე თვალები, თმაზე თეთრი ნასთი, ღაწვზე მცირე ხალი და ვიწრო ყბები ერთმანეთთან ეგზოტიკურ კონტრასტს ქმნიდნენ. პატარა პირი და თხელი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. ვიწრო ნიკაპზე ეროსის თითი აჩნდა. უცნაური გამომეტყველება ქონდა, ერთდროულად ალერსიანი, მკაცრი, ღირსეული, მშვიდიც და მშფოთვარეც. პირდაპირ თვალებში მიმზერდა, აღარც იმისი ერიდებოდა რომ თავზე  ნიკაბი არ მეხვია და გაშლილი თმა მხრებზე მეფინა. წამით თვალი ამარიდა, ისიც იმიტომ რომ ფეხზე ჩემი ჭრილობა შეემოწმებინა, თან დროს მაძლევდა პასუხისათვის. მოუთმენლობა ემჩნეოდა, ღელავდა.

          -მუჰამადი სად არის ?- ვიკითხე მოულოდნელად.
      ბედუინი შეკრთა, არ ელოდა ჩემგან ამ შეკითხვას. გაირინდა. ჩემს ფეხზე სახვევს დააცქერდა, მიხვდა რომ მის პასუხზე იყო დამოკიდებული ჩემი მთავარი პასუხი. შევატყე რაღაც იცოდა და  თქმა არ უნდოდა.
          - ახლა კარგად უნდა იყოს. -  მოკლედ მოჭრა და ფეხზე ადგა.
ცეცხლს შემოუარა, ჩემსკენ ზურგით გაჩერდა და  იქვე მდგარ კლდეს დააცქერდა. უკმაყოფილო იყო, დადებით პასუხს ელოდა.

        "რას ნიშნავს კარგად უნდა იყოს?! თუ მკვდარია, ახლა მისი სული ზეცაში იქნება და  კარგად იქნება რა თქმა უნდა.  თუ ცოცხალია, მაშინ  ცუდად ყოფილა და ახლა კარგადაა. როგორ უნდა გავიგო ეს სიტყვები? " - ვფიქრობდი და ბედუინს ვუცქერდი.

        აშკარა იყო - სხვას არაფერს მეტყოდა. შეკითხვაზე მიხვდა, რომ ჩემი მხრიდან ნდობას სუსტი საფუძველი ქონდა.
"თუ მიხვდა რომ არ ვენდობი, შეიძლება აქ დამტოვოს, ან ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს, თუმცა მაშინ რატომ გადამარჩენდა?  ცოცხალი ვჭირდები. მაგრამ რისთვის... რა მიზნები აქვს ამ მომთაბარე კაცს, რომელიც წყლის და იმედის ამარა ცხოვრობს ამ გამომშრალ უდაბნოში. თითქოს დიდად არც საშოვარი და შოვნა აინტერესებს, მაგრამ რაღაცით ხომ ცხოვრობს ? რითი ? რას საქმიანობს? - უცბად დამეხვია ფიქრები.

          ღრმად ამოვისუნთქე, რაღაც უნდა მომემოქმედებინა.  სხვაგან და სხვა ვითარებაში ასეთი კაცი ალბათ ოცნების საგნად ძალიან სწრაფად მექცეოდა, მაგრამ საჰარაში და იმ გარემოებაში სადაც მე მოვხვდი, მხოლოდ საფრთხე მელანდებოდა. ჩემს ალღოს ვუსმენდი. წმინდა ინსტიქტის დონეზე არ მინდოდა მეფიქრა. მერე ირონიამ გამკრა. ან სხვა რა გზა მქონდა რომ არ ვნდობოდი. მაგრამ მაინც არ მინდოდა ხმამაღლა მეთქვა რამე.

        მივხვდი, რომ მთავარი იყო მას დაეჯერებინა რომ ვენდობოდი, მე რას ვფიქრობდი სულაც არ იყო მთავარი. თავს ძალა დავატანე, ფეხზე ავდექი, ჩემი საწოლიდან მისი თავსაბურავი ავიღე, ცეცხლს შემოვუარე, მივუახლოვდი და მხარზე შევეხე.  ბედუინი მობრუნდა და დამაცქერდა. ბურნუსი და უკალი მოვმარჯვე და ფეხის წვერებზე ავიწიე, ძლივს  შევწვდი მის მშვენიერ თავს. ბურნუსს თავზე  რომ ვახვევდი,  ჩემი თავსახვევი მხრიდან ჩამომისრიალდა. მან ავაზას მოქნილი მოძრაობით უცბად დაიჭირა ნაზი აბრეშუმი და ჩემი თმისკენ წამოიღო, მე უკალით თავზე ვარგებდი ქათქათა ტილოს, ის კი  მწვანე აბრეშუმის ნიკაბს თმაზე არაბული წესით მიმაგრებდა. ვიგრძენი როგორ დამშვიდდა როცა ერთმანეთს თავსაბურავებით ვმოსავდით. ერთმანეთზე ჩუმად ვზრუნავდით, სიტყვების და შეხების გარეშე.
              მან ჩემი მოქმედება პასუხად მიიღო.

            - დაიძინე ნილნა, რიჟრაჟზე გაგაღვიძებ. - ხმადაბლა დაილაპარაკა ჩემმა გულმა.
            - შენ?
            - მე საქმე მაქვს, საგზალი უნდა მოვამზადო და ბარგი შევკრა. გაიღვიძებ თუ არა  გზას უნდა გავუდგეთ. - მან მარჯვენა ხელი მკერდზე, პირზე და შუბლთან მიიდო და თავი მოწიწებით დახარა. 
         
ჩემს ჩარდახს დავუბრუნდი. აქლემის ტყავზე მივწექი. ძილბურანში ვხედავდი როგორ კრავდა ბარგს. ცხენს კაზმავდა, ჩანთებს და აბგებს ამოწმებდა. მოცეკვავესავით მოძრაობდა, თითქოს ულამაზეს ცეკვას ასრულებდა ცეცხლის გარშემო ღამეულ საჰარაში ამ მიწა-წყლის  შუდარებელი შვილი.

        ცას შევხედე, მოჭედილი ვარსკვლავებიც დამუნჯებულები ადევნებდნენ თვალს ამ საოცარ სანახაობას.  მომეჩვენა რომ ერთი ვარსკვლავი ციდან მოწყდა და თეთრი ნათებით ჩამოსრიალდა, ჩემს მოპირდაპირედ - კლდის წვერს დაეცა, ორად გატყდა  და თეთრი ნაპერწკლების ციალით ერთი ნაწილი ბედუინის თავზე დაეშვა, ხოლო მეორე იქვე მდგარი შავი არაბული ბედაურის შუბლზე.
          -„ეს ნიშანია.  ენდე !“ -  შემესიტყვა გული  და  ძილმა უფრთოდ წამიყვანა ვარსკვლავებისკენ.

                                                                                ( იხილე როგორ გაგრძელდა)   
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს