ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2011


ბედუინი (ნაწილი VII გველების ქორწილი)

                                                                   
                                                                                                          „ ჯიშით ჯერ დაუღლელ არაბულ ბედაურს
                                                                                                            წითელი ქარები გართხმიან ფეხებთან.“

                                                                                                                                                    თანანა ბოლქვაძე

          ჩამქრალი ცეცხლის  და აბოლებული კერიის სუნი მომწვდა თუ არა, მაშინვე თვალი გავახილე. ბედუინს ცეცხლი ჩაექრო და ზედ ქვიშას აყრიდა. ჩვეულებისამებრ მთელი თავი და სახე ქონდა შეხვეული. მხოლოდ თვალები უჩანდა.

        ქარი უბერავდა. უდაბნოს მოწითალო მტვერი ჰაერში ნატიფად ხატავდა ქარის სხეულს, რომელიც თმამოფრიალე, ცოცხალი ქალივით ცეკვავდა უდაბნოში. ათასგვარი მოძრაობით რკალავდა ქარი  მოქნილ სხეულს, ხან იდეალურ წრეებს, ხანაც ერთმანეთში გადაწნულ ელიფსებს ხაზავდა ქვიშაზე, ხან კლდის მწვერვალზე აიჭრებოდა, ერთს შეჰკივლებდა და უკან მოწყვეტით ეშვებოდა. ქარს,  სიცოცხლის გარდა, სხეული და ფერიც კი ქონდა,  წითელი ფერი.  მას უგრძესი წითელი თმა ქონდა და წითელ სხეულზე ულამაზესი სამოსი ეცვა, უთვალავფრად მოციალე, წვრილი და ციმციმა მძივებით აწყობილი უდაბნოს  ქვიშის გამჭირვალე კაბა... 
       
        ავდექი და ჩემს ახალ მეგზურს უჩუმრად მივესალმე. თმა და თავი ნიკაბით სწრაფად შევიხვიე და მხოლოდ თვალები დავუტოვე სამზეოს. ჩარდახი მოვშალე და საწოლი სწრაფად ავკეცე.  კაბა მოვსინჯე, ვამოწმებდი, თუ შევძლებდი ცხენზე ჯდომას ისე, რომ წვივები მზეს არ დაეწვა. ჩემი კაბა წელს ქვემოთ წრიულად ფართოვდებოდა, ძალიან მოხერხებული  იყო როგორც ფეხით სიარულისთვის, ისე ცხენზე საჯდომად. 

          ალ კაბირი მომიახლოვდა და რაღაც მომწვანო მომაწოდა. აბრეშუმის შარვალი იყო, რომელსაც არაბი ქალები კაბის ქვეშ იცვამენ. გარემო მოვათვალიერე რომ თვალს მოვფარებოდი, მაგრამ მანიშნა - „დრო არ არისო“ და ზურგით შებრუნდა.
            შარვალი ჩავიცვი. დაკეცილი ტყავები ჩარდახიანად მივაწოდე. მან სწრაფად შემოახვია მცირე თასმა და ჩემი „კარავი“ უნაგირზე დაკიდა. ჩემი ძველი სამოსი და ფეხსამელები მცირე აბგაში შეეკრა და ისიც უნაგირზე ეკიდა. ჯადარი მშვიდად იდგა და ლაგამს ღრღნიდა, არ სიამოვნებდა ლაგამ-უნაგირი, მაგრამ პატრონის ნებას მშვიდად ემორჩილებოდა. უნაგირი გრძელი იყო. ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა, მაგრამ მე იძულებული ვიქნებოდი ზურგზე მივხუტებოდი ბედუინს და წელზე ხელები შემომეხვია. თუ წინ მე დამსვამდა, მაშინ თითონ უნდა მომხუტებოდა მკერდით  ზურგზე.  ეს არ მესიამოვნა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. 

          ბედუინი ცხენის ფეხებთან დახრილიყო და ცხენს ფლოქვებიდან კოჭებამდე აქლემის ტყავის ამოსაცმელებს უმაგრებდა. ესე იგი უხმაუროდ უნდა გავცლოდით აქაურობას.  ამან  დამაფრთხო და შემაშინა. 
            სულ რაღაც ხუთიოდე წუთში ჩვენი ნაბანაკარის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა იქაურობას.

      თავდაღმართზე ფეხით დავეშვით. როგორც კი ჩამოვივაკეთ, ბედუინმა ცხენი წინა ფეხებზე წააჩოქა და უნაგირზე შეჯდომა მანიშნა, თავად უკან მომიჯდა და ხელით მიჩვენა, რომ ცხენის კისერს მივკრობოდი. აღვირი თავზე გადამატარა და მოიმარჯვა. მივხვდი, რომ მას, ცხენის სამართავად და გარემოს სამეთვალყურეოდ  სივრცე ჭირდებოდა. ღელავდა, მაგრამ მშვიდად მოძრაობდა.  წამში ორივენი ცხენზე ვიჯექით.
ჯადარი ჯერ ნაბიჯით დაიძრა და სიმძიმე მოსინჯა, შემდეგ აცეკვდა,  ბედუინის ნიშანზე კი ადგილიდან მოწყდა და დასავლეთისაკენ მიმინოს ჩრდილივით გაფრინდა. ცხენის კისერს მივეხუტე, გაშლილი ფაფარი მთლიანად მფარავდა. რომ არა ჩემი მწვანე კაბა, თვალი ვერც კი შენიშნავდა რომ ცხენზე ორი ადამიანი ვიჯექით.

          ქარი ონდავ ჩამოგვრჩა, მაგრამ თითქოს გაბრაზდაო, წივილით აგვეკიდა, მოგვწვდა და წითელ თმებში გაგვახვია. ბედუინმა ცხენს შეუძახა. თითქოს ესღა უნდოდაო, ჯადარი წითელ ქარზე - შავი ქარივით გაწვა და ქარზე სწრაფად გაფრინდა.    მზემ ამოსვლა დაიწყო. კლდეებს შორის სხივები აციალდნენ. მეჩვენებოდა, თითქოს  მზე, ცალკე  ცდილობდა სხივების ბადით  ჩვენს დაჭერას, ცალკე წითელთმიან ქარს სურდა თმებით ჩვენი შებოჭვა, მაგრამ ცხენი ორივეს უსხლტებოდა, არ ეპუებოდა, კლდის ნაპრალების  და ქვიშის ციალს ყურადღებასაც არ აქცევდა.  სულ ცოტა ხანში, წითელი თმები აიკრიფა, ქვიშის კაბა აიკეცა და  წივილით ჩაიკარგა უკან დარჩენილ ჰამადის კლდეებში.

        გაუგონარი სისწრაფით მიჰქროდნენ ჩემს გვერდით ჰამადის კლდეები, დიდი და მცირე ბორცვები, პატარა და დიდი მთები. მიწა უკან ისეთი  სისწრაფით გარბოდა,  თითქოს არაბული ბედაურის ფეხებქვეშ - უდაბნო უკან იხევდა და გზას მოწიწებით უთმობდა. ცხენის ფლოქვებით აყრილი მტვერი ქარს უერთდებოდა და სადღაც ჩვენს უკან იკარგებოდა. ფეხებშეხვეული ცხენი ისე ჩუმად მიქროდა, მეგონა მართლა მიფრინავდა, თანაბარი რიტმი არ ერღვეოდა, არც იღლებოდა, ოფლიც კი არ ეტყობოდა.

  -„ჰამსინ“? - შევეკითხე ბედუინს.
  - ლაა.- მიპასუხა ერთი სიტყვით.
      ეს იყო პირველი „არა“ - რომელიც მისგან გავიგონე. მისი პასუხი ნიშნავდა, რომ საჰარას ცნობილი ქვიშის ქარიშხლის „ჰამსინის“, ჟამი,  რომელიც ორმოცდაათი დღე გრძელდება და ჩრდილოეთში „სიროკო“ ერქვა, - ჯერ არ დამდგარიყო.  ეს მხოლოდ ქვიშიანი ქარი იყო. მაგრამ მისგან მოყრილი ქვიშის მტვერი ყველა პატარა ხვეულსა თუ ჭვრიმალში ძვრებოდა და მტვრით გვავსებდა.  უდაბნოს სიცხეში სხეულის შიშველ ნაწილზე ქარისაგან მოყრილი ცხელი ქვიშა და მტვერი, ბასრი დანასავით სერავდა სხეულს. დავაფასე არაბული სამოსი რომელიც ცხელი მოყრილი ქვიშისგან იდეალურად იცავდა სხეულს. ხოლო თავზე შემოხვეული იჰრამი - სახეს.

        ჩემს უკან მჯდომი ადამიანის არსებობას, მხოლოდ აღვირის მოძრაობით ვგრძნობდი. ბედუინი ცდილობდა არ შემხებოდა და ეს მშვენივრად გამოსდიოდა. გზა დასავლეთით გვედო. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი რატომ აირჩია დასავლეთის მიმართულება, იქნებ იმიტომ, - რატომაც მე...
        რაკი ცხენის ფეხის ხმა დახშული იყო, საუბარი შეგვეძლო, მაგრამ ბედუინი ხმას არ იღებდა, მე კი პირველს არ მინდოდა სიჩუმის დარღვევა. ალ კაბირი ჩქარობდა, უნდოდა მზის ამოსვლამდე დიდი მანძილის გავლა მოესწრო. ვიგრძენი რამოდენიმეჯერ როგორ შებრუნდა და ზურგსუკან გაიხედა. 

      „რატომ აინტერესებს რა ხდება უკან, ნუთუ ვინმე ან რამე მოგვდევს?“ - ვფიქრობდი, მაგრამ უკან მოხედვაზე არც მიფიქრია.  მეშინოდა მისი მწვანე თვალების, რომლებშიც დილიდან განსაკუთრებული სიმკაცრე ესხა, მეშინოდა იმისი, - თუ რას ამოწმებდა ჩვენს ნაკვალევზე ასე დაკვირვებით.  უფრო სწორად, მეშინოდა - რაიმე არ დამენახა ჩვენს ზურგს უკან. 
   
            მზეს გავხედე, დილის შვიდი საათი იქნებოდა. უკვე ორი საათი შეუსვენებელი ჭენებით მოვდიოდით. ბედუინმა მხარზე შეხებით მანიშნა, ვჩერდებითო. ცხენი შეანელა და გვერდით მდგარი კაცის ფორმის კლდისკენ გადაუხვია. თხუთმეტიოდე წუთი ვიარეთ ჭენებით და გავჩერდით. ბედუინი წრაფად ჩამოქვეითდა, თავი დახარა და  ცალ მუხლზე წაიჩოქა.  მის მოხრილ მუხლს კიბის საფეხურივით დავებჯინე და მიწას მივწვდი. მან იქვე მდგარი პატარა კლდის ძირისკენ წასვლა და დასვენება მანიშნა. თავად ცხენს  ფუთები ჩამოხსნა, კლდეს შემოუარა და თვალს მიეფარა.

        ცოტა ხანში გამოჩნდა. ვერ ვიცანი. სამოსი გამოეცვალა, ქვიშისფრად იყო ჩაცმული. თავზე იგივე ფერის იჰრამი ეხვია. პატარა ფუთა გახსნილად მომაწოდა და მანიშნა გამოიცვალეო. გავხსენი, შიგნით უდაბნოსფერი ქალის სამოსი იყო თავისი ჩადრით და ნიკაბით. ახლა მე მოვეფარე კლდეს, სწრაფად გამოვიცვალე და ძველი სამოსი ფუთაში შევახვიე. ბედუინი ცხენს აქეთ-იქით ასეირნებდა, ასვენებდა. მეც ჩამოვჯექი. ტყავის ჩანთა გავხსენი და ჩავიხედე. შიგნით მოხარშული და გამომშრალი ხორცი, პური, ყველი და  აქლემის ტყავში გახვეული ოთხი ბოთლი იდო. ორში წითელი კარკადეს ჩაი იყო, ხოლო დანარჩენში წყალი ესხა.  ჩვენ, სანოვაგის მორიგ სამალავთან ვიდექით. 

        ალ კაბირმა მანიშნა, რომ ხუთიოდე წუთში გზას უნდა დავდგომოდით და ცოტა უნდა მეჭამა. მხოლოდ პური და კარკადეს ჩაი ამოვიღე. უგემურად ვიღეჭებოდი. ცუდის მოლოდინი მქონდა, მაგრამ წითელმა ჩაიმ გუნებაზე მომიყვანა. სულ ცოტა, ერთი ყლუპი წყალიც დავაყოლე ჩემს საუზმეს და წამოვდექი.  ბედუინს ხელში აქლემის ტყავის უნაკერო გუდა ეჭირა და წყალს მოზომილად, ნაწილ-ნაწილ ასმევდა ცხენს. ჯადარი კმაყოფილად ფრუტუნებდა და პატრონის მოფერებას ცდილობდა.

      ალ კაბირმა სწრაფად აიღო ჩემი ძველი სამოსი და ისევ კლდეს მიეფარა. ცოტა ხანში დაბრუნდა, ხელში პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი და ვაზნები ეჭირა, თოფი ბუდიანად უნაგირს მარჯვენა მხრიდან მიაკიდა, პისტოლეტი მარჯვენა ფეხზე ფეხსაცმლის ყელში ჩაიდო და  გარედან თასმა შემოატარა. ვაზნებიანი ქამარი წელზე შემოირტყა. შეშინებული, გაფართოვებული თვალებით ვუცქერდი მის სწრაფ და ზუსტ მოძრაობას. საგზლიანი აბგა უნაგირზე  დაკიდა და მხოლოდ მერე შემომხედა.

      ჩემს შეშინებულ მზერაზე თვალები მოჭუტა, ჩადრი აიღო და თავზე ფრთხილად გადამაცვა.  ახლა მხოლოდ თვალები მიჩანდა.  თავი მოწონებით დაიქნია და თვალებით მკითხა:
    „- როგორ ხარ ?“
      უხმოდ დავუქნიე თავი. ახლა ძალაუნებურად ვიქცეოდი არაბი ქალივით, სანამ მამაკაცი რამეს ხმამაღლა არ კითხავს ან ეტყვის,  ჩუმი ნიავივით რომ დადის.  მან ჯადარი ჩუმად მოიხმო, ცხენი წამში ამოუდგა გვერდით. ბედუინმა ცხენისკენ მანიშნა, ისევ ცალ მუხლზე დაიჩოქა და თავი მკერდამდე დახარა.  მის მუხლს ფეხი ოდნავ შევახე და ცხენზე შევფრინდი. თითონაც წამში მომექცა ზურგს უკან. მაგრამ ცხენი ადგილზე იდგა, ბედუინი რაღაცას აყურადებდა. რამოდენიმე წუთს  გარინდულები ვიდექით. მე ჩამიჩუმიც არ მესმოდა. მაგრამ ის დაძაბული იყო, მთელი სხეული დაჭიმული ქონდა, ცხენის აღვირი მტკიცედ ეჭირა. მუშტი ისეთი ძალით ქონდა შეკრული ხელი გათეთრებოდა. ნერვიულობდა. ცოტა ხანს  სიჩუმეს უსმინა, მოვტრიალდი და სმენად ქცეულს თვალებში შევაცქერდი. წამის შემდეგ, მან თავი ოდნავ დაიქნია და ცხენი დაძრა. 
       
      ისევ გაფრინდნენ ჰამადის კლდეები უკან. დასვენებული ცხენი ლაღად მიქროდა, მისი სისწრაფის გამო კლდეები ერთ ფართო ზოლად იქცნენ, თითქოს ერთი დიდი, გაბმული კედლის გასწვრივ მივფრინავდით.  ცხენი ისე მოძრაობდა, მივხვდი, რომ ეს გზა  ბევრჯერ ქონდა გავლილი. გზამ, თუ მას საერთოდ გზა შეიძლებოდა რქმეოდა, ზიგზაგის ფორმა მიიღო, მაგრამ ჯადარს  სისწრაფე არ შეუნელებია. თვალები დავხუჭე და ცხენის კისერს ისევ მაგრად მივეხუტე. შევატყე რომ აღმართს შევუდექით.

        გზა,  ნელნელა ვიწროვდებოდა. მზის მიხედვით დილის ცხრა საათი უნდა ყოფილიყო.
მიხვეულ-მოხვეული უსასრულოდ გაგრძელდა. გულზიდება დამეწყო, თავს ძლივს ვიკავებდი და ცალი ხელი პირზე მივიჭირე. მხარზე შეხებამ მიმაბრუნა, ტყავში გახვეული თავმოხსნილ ბოთლს უხმოდ მაწვდიდა ბედუინი. კარკადეს ცივი ნაყენი იყო. მომჟავო გემომ გულზიდება სწრაფად დასწია უკან.

      ნახევარი საათის შემდეგ გზა ისე დავიწროვდა, რომ  ალ კაბირი ცხენიდან ჩამოხტა.
ორ კლდეს შორის ჩაჭედილ ვიწრო და ციცაბო ბილიკზე ცხენი ფრთხილად მიდიოდა. წინ პატრონი მიუძღოდა. ზიგზაგმა ლამის ცის კარიბჭესთან აგვიყვანა. თავბრუ მესხმოდა, უნაგირზე ინსტიქტითღა ვიკავებდი თავს, ცხენის ღონიერ კისერს ვეკვროდი. ისევ შავ-ლეგა ბურუსი მიახლოვდებოდა, ყურებმა გუგუნი დამიწყო.  ჯადარს ფეხი კლდეზე უსხლტებოდა, მაგრამ ჩვეულ გარემოში მყოფი, მაინც მშვიდად და სწრაფად მიიწევდა წინ და მაღლა. 

      უსასრულო ზიგზაგი არა და არ თავდებოდა.  უღელტეხილზე ავდიოდით, გზას ვიმოკლებდით. თვალი რომ გავახილე, ცალ მხარეს - კლდე აღარ იყო, მხოლოდ უსასრულო სივრცე და სადღაც შორს ამოწვერილი კლდეთა მწვერვალები  დავინახე, რომლებიც მზის ნათებას შვიდივე ფერში ირეკლავდნენ და თვალისმომჭრელად ციალებდნენ.

      ჩვენ, მზეზე მაღლა ვიყავით, ცაზე ავასწარით მზეს. 
ზუსტად ცისკიდურზე მიაბიჯებდა ცხენი.
მიწა ისე შორეული და მიწვდომელი მეჩვენა, რომ შემეშინდა საერთოდ არ დამეკარგა და დაბლა გადავიხედე. თვალუწვდენელი უფსკრულიდან ამოჭრილმა მზის ანარეკლმა თვალი ამიჭრელა და  ცხენის კისერი მკლავებიდან გამექცა... მიწა თავბრუდამხვევად სწრაფად დაიძრა ჩემსკენ, ცხენის ჭიხვინი ვერცხლის ზანზალაკივით ახმიანდა და ჩემსკენ გამოქცეული მიწა მოულოდნელად შეჩერდა... ბედუინის ხელი მაჯაზე მარწუხივით ჩამეჭიდა. უკან მოვიხედე. ალ კაბირი ერთი ხელით ცხენის აღვირზე ეკიდა, მეორე ხელით  ჩემი მაჯა ეკავა. ორივე ერთად ხრამზე ვიყავით გადაკიდებული. ალ კაბირი ცხენს რაღაცას ეუბნებოდა. ცხენი ჭიხვინებიდა და თითო ნაბიჯით ნელა იწევდა უკან...
        „დედა!“ - ამომცდა და საიდანაღაც მოსული შავ-ლეგა ბურუსი მთლიანად გადამეფარა... 

        ... თვალი რომ გავახილე მზე ზენიტში იდგა. უდაბნოში სიცხე ზიმზიმებდა, მესმოდა სიცხის ხმაური. უცნაური ხმა იყო, ხმადაბლა გუგუნებდა და უჩვეულოდ ახმიანებდა უდაბურ სიჩუმეს. კლდის წვერზე, ძალიან პატარა ქვიშიან ტაფობზე, სახელდახელოდ მოწყობილი პატარა ჩარდახის ქვეშ ვიწექი. საჩრდილობელის მაგივრობას ჩემი ჩადრი სწევდა, შუბლზე სველი ტილო მეფინა. თავთან წყლიანი ბოთლი მედო. ჩემს გვერდით ბედუინი დაჩოქილიყო. მისი მკლავიდან გამოჟონილ სისხლს სამოსის  სახელო გაეჟღინთა. 

        - დაღამებამდე უნდა  ჩავივაკოთ, მთვარის ამოსვლისას მომდევნო სამალავთან გავჩერდებით. - თქვა ბედუინმა და შუბლიდან სველი ტილო მომაშორა. მის ხმაში ნერვიული ხრინწი უკვე დაუფარავად იგრძნობოდა.  ფეხზე ადგადა კლდის ნაპირთან მივიდა. იდგა როგორც ქანდაკება, უძრავი,  დიდებული, მშვიდი, მკაცრი...  და თავის სამფლობელოს ისე გასცქეროდა, როგორც მისი ნამდვილი მეფე. 

          -რა მოხდა. სისხლი ? - ვთქვი ჩუმად.
          -უფსკრულმა თვალი აგიჭრელა, ცხენიდან გადმოცურდი. კინაღამ ორივე გადავიჩეხეთ, ცხენს დავეკიდე. ჯადარმა გადაგვარჩინა. ხელს მჭიდროდ შევიხვევ, ნადირმა თუ იყნოსა სისხლის სუნი, - აგვეკიდება. საშიში არაფერია, მაგრამ სროლა მომიწევს და ხმას ექო შორს წაიღებს, არც მკვდარი ნადირის დატოვება ივარგებს ჩვენს კვალზე. ჩვენ უკვალოდ უნდა ვიაროთ. 

          - ამიტომ აცვია ცხენს ფეხებზე აქლემის ტყავი ? ვინმე მოგვდევს ? - ვიკითხე,
          - დღისით,  ქვიშა და ქვა ძალიან ცხელდება, ღამე ცივდება, აქლემის ტყავი კარგად იცავს ცხენის ფეხებს. -  უპასუხოდ დატოვა მთვარი კითხვა ბედუინმა. მას პასუხის გაცემა არ უნდოდა.
             
          დღის ოთხი საათი იქნებოდა, როცა ოდნავ დასვენებულები და მსუბუქად წახემსებულები თავდაღმართს შევუდექით. ბილიკი, აღმართის ბილიკზე ფართო იყო. ცხენი ფრთხილად  მოძრაობდა. ასეთ ციცაბო თავქვეზე,  წონის ცხენზე სწორად განაწილება სიცოცხლის ტოლფასი იყო. მის კისერზე სიმძიმის გადატანა სიკვდილს უდრიდა. ამიტომაც აღმოვჩნდი ახლა, ბედუინის ზურგსუკან, მის  წელზე შემოხვეული ხელებით. 
           
          ასე ახლოს, მასთან პირველად ვიყავი. უცნაური სურნელი მოსწვდა ჩემს ყნოსვას. ჟასმინის, ჟენშენის, გვირილის და იასამნის არომატები თითქოს ერთმანეთში იყო  არეული და, სრულიად განსხვავებული სიმსუბუქით ისუნთქებოდა. საიმედოობის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა დამეუფლა. უხსოვარი დროიდან  ცნობილ,  ეგვიპტურ სურნელოვან ზეთებსა და არომატებში კარგად ვერკვეოდი, მაგრამ ეს სურნელი, სრულიად განსხვავებული და, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ძალაუნებურად მთელი ფილტვებით ღრმად შევისუნთქე და საამო თავბრუ ვიგრძენი. არა ეს არ იყო სურნელოვანი ზეთების არომატი, ეს ბედუინის სხეულის სუნი იყო.  უდაბნოს სიცხეში, ამდენი ჭენების და უღელტეხილზე ლამის ფეხით ასვლის შემდეგ, მაინც ასეთი საოცარი არომატით იყო გაჟღენთილი.

        „ასეთი სურნელი ალბათ მხოლოდ ანგელოზებს თუ ასდით“ - ვიფიქრე ჩემთვის და ვხვდებოდი, რომ სიამოვნებით ვისუნთქებდი ამ არომატით მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე.
     
        თავქვე უფრო სწრაფად მოვდიოდით, კლდეებს შორის ჩამავალი ბილიკი, ადგილ-ადგილ ზიგზაგით ჭრელდებოდა, მაგრამ თავდაღმართი უფრო გასაძლები მეჩვენა თუ, ახალი არომატის აღმოჩენამ იმოქმედა, - ახლა აღარც უფსკრული მიჭრელებდა თვალს და აღარც კლდეების წვეტიანი თავები მეჩვენებოდა საშიშად.

      სიცხე მხურვალებდა. ჯერ არ აპირებდა უკან დახევას. ვცდილობდი ნაკლებად მივკროდი ამ სიცხეში ბედუინის სხეულს, მაგრამ მაინც გაფაციცებული ვიყავი, რომ ოდნავი საფრთხის შემჩნევისას სწრაფად და მჭიდროდ მომეხვია მის  წელზე მკლავები.
    მიუხედავად სიცხისა, ჰამადის მოწითალო კლდეები რომელიც უფრო და უფრო უცნაურ ფორმას და ზომას იღებდნენ, მაინც მტაცებდნენ თვალს თავისი საარაკო სილამაზით და მიმზიდველობით. ზოგი კარიბჭეს გავდა, ზოგი დინოზავრს, ზოგი სპილოს, ზოგი კი მიწაზე გაწოლილი ადამიანის ვეებერთელა სხეულს.
   
      ცას ავხედე და უცბად მივხვდი, რაც მაკლდა ყველაზე მეტად უდაბნოში გატარებულ ამ დღეებში. ეს ღრუბელი იყო. უღრუბლო ცა, თითქოს არც კი იყო ჩემთვის ნამდვილი ცა. თუმცა მსმენოდა საჰარას მოულოდნელი თავსხმა წვიმების და ქვიშის ქარიშხლების შესახებ, მაგრამ ახლა, რატომღაც, - ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო ჩემგან. ღრუბლებით თამაში მომნატრებოდა, სამშობლოში ხშირად ვთამაშობდი ღრუბლებით. კავკასიონის ქედებიდან ქარავნებად მომავალი „ჩემი ფუმფულა“ ღრუბლები ჩემი წარსულის მოუცილებელ ნაწილად ქცეულიყო.

      დავფიქრდი, იმაზე, რა მოულოდნელობებს უმზადებს ადამიანებს ყოფა. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის ორიოდე კვირის წინ, რომ მე, საჰარაში დელტაპლანით ვიფრენდი,  ჩამოვვარდებოდი, ჯერ კიდევ ცოცხალი - საკუთარი სამარის გათხრაზე ვიფიქრებდი, დავიკარგებოდი და მსოფლიოში ყველაზე დიდ და უდაბურ უდაბნოში ფეხით ვიხეტიალებდი, ალბათ გულით გამეცინებოდა.  ყველაზე რომანტიულ ეპიზოდად არაბულ ბედაურთან და მის პატრონთან შეხვედრას მივიჩნევდი. მოვიხიბლებოდი ამ უცნაური კაცით. რომელიც სიტყვების და შეხების გარეშე, უხმოდ და ჩუმად ზრუნავდა ჩემზე მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მე, ამ უკიდეგანო უდაბნოში უპატრონოდ და უიმედოდ დარჩენილს, ჩემი უკანასკნელი ერთი ჭიქა წყალი მისთვის არ დამენანა. 

      ღრმად ამოვისუნთქე და რეალობას დავუბრუნდი.  ცხენს კარგად ჩამოევაკებინა, სულ რაღაც ნახევარ საათში ალბათ უკვე დაბლობზე ვიქნებოდით. კარგად შებინდდა.  სიმყუდროვე ჩამოწოლილიყო. წამით შიშმა უკან დაიხია და თავის ისე მშვიდად ვიგრძენი, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი და ყველაფერს სიზმარივით ვუყურებდი. 

        მაგრამ მოულოდნელად ცხენი მოწყვეტით გაჩერდა. ვიგრძენი რომ ბედუინიც არ ელოდა ასეთ მყისიერ გაჩერებას. ცხენს კისერზე მოეფერა და წინ წასვლა უბრძანა, მაგრამ ჯადარმა ნაბიჯიც არ მოიცვალა, იდგა და გაფართოებული ნესტოებით ღრმად ისუნთქვდა ჰაერს. ბედუინი წამში მიწაზე დაეშვა. მეც ჩამომსვა და კლდეს მიმაფარა. თითონ გადაჭრილი თოფი მოიმარჯვა და ვაზნები ჩაალაგა. 
        შიშმა, თვალებად და ქვად, - ერთდროულად მაქცია.

        „რამ გააჩერა ასე ცხენი, ნადირის სუნი იკრა, თუ ?“ - აღარც დამიმთავრებია ფიქრი ისე შევაცქერდი ბედუინს.  მაგრამ ის უკვე კატის ნაბიჯით, ფრთხილად მიიწევდა წინ. კლდის შვერილს მოეფარა თუ არა, საშინელი სევდა შემომაწვა. შევატყე რომ უკვე ძალიან, თითქმის ველურად და არაბუნებრივი შიშით მეშინოდა  მარტო დარჩენის.  საკუთარი სუნთქვაც კი არ მესმოდა. ცხენიც ქანდაკებასავით გაშეშებულიყო, კუნთიც კი არ უთრთოდა.  მეგონა რომ უსასრულოდ ბევრი დრო გავიდა. უცებ კივილი მომინდა, მინდოდა რაც შეიძლება ხმამაღლა დამეკივლა, რომ ეს საშინელი სიჩუმე, რომელიც უკიდეგანო სისქის უხილავი კედელივით მეკრა გარს - როგორმე გამერღვია და სამშვიდობოს გავსულიყავი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კივილი მიშველიდა.  ისე შემომაწვა ეს დაუძლეველი სურვილი, რომ ჰაერი შევისუნთქე და მოვემზადე კიდეც, მაგრამ ბედუინი გამოჩნდა, ხელით მანიშნა ფეხი არ მომეცვალა ადგილიდან და ჩემსკენ დააპირა წამოსვლა... მაგრამ მე, ადგილზე დარჩენის ნაცვლად, მისკენ სირბილით გავიქეცი. ბედუინს ბრაზისაგან თვალები ველურივით აუელვარდა და მივუახლოვდი თუ არა, ხელი უხეშად წამავლო, მოულოდნელად მკერდზე მაგრად მიმიკრა და პირზე მთელი ძალით დამაფარა ხელი... 

          მისი მოულოდნელი საქციელით შეშინებულს, ცოტა ხნის წინ მომზადებული კივილი მართლაც აღმომხდა, მაგრამ ჩემი ხმა მისი ხელისგულს არ გასცდენია. როგორც კი სული მოვითქვი, მან ხელი ფრთხილად მომაშორა სახიდან, ტუჩებზე თითი მიიდო და ხელი რაღაცისკენ გაიშვირა...
    „ ელ კუბრა ელ მისრია, კე ფირან !“ - ჩაილაპარაკა ჩუმად.

    დიდ ტაფობზე ვიდექით, რომლის იქეთაც გაშლილი ქვიშიანი ვაკე იწყებოდა. მისი ხელის გასწვრივ, რაღაც შავს და უცნაურს ვხედავდი... ეს არ იყო ნადირი, არც ადამიანს გავდა. ეს შავი და დიდი ბურთი იყო, რომელიც ოცდაათიოდე მეტრის დაშორებიდან, ჩვენსკენ ნელ-ნელა და ავად მოგორავდა. აქა-იქა, უცნაურად იბურცებოდა და ბოროტად შიშინებდა....  ვერაფრით მივხვდი რა უნდა ყოფილიყო...
 
        მაგრამ, თითქოს ხელახლა გავიგონეო, - უცებ  აღვიქვი სიტყვები, „ელ კუბრა ელ მისრია...კე ფირან!“
     
        „ეგვიპტური კობრა, ბევრი, უამრავი კობრა!“  - როგორც იქნა გაიაზრა  ჩემმა გონებამ. 
     
        თავზარდაცემული და გაქვავებული შევაცქერდი ჩვენსკენ მგორავ შავად მოზიმზიმე ბურთს,  დიდ გორგლად შეკრულ სფეროს... შავი გველების რეზინასავით მოქნილი  სხეულები, ერთმანეთში ისე  მჭიდროდ გადაწნულიყო, როგორც თხილის წნელები კალათის კედლებში... აქა -იქა, გველების მოქნილი სხეულები იბურცებოდნენ, უამრავი ვიწრო თავი სიმეტრიულად ამოშვერილიყო ამ ბურთიდან და ორკაპ ენებს ასავსავებდნენ.

        - „ლეტა ტაჰარაკი.“ -ჩამესმა ყურში, და წამსვე, ძლიერი მკლავი მარწუხივით შემომერტყა სხეულზე და მიწას ამაცილა და მკერდზე მაგრად ამიხუტა,  ხოლო მეორე ხელი ისევ პირზე დამაფარა.  შეუგნებლად გავიბრძოლე, მაგრამ ისე ვიყავი შეკრული, რომ მხოლოდ ჩუმი კვნესაღა ამომცდა. 
      - "ლეტა ტაჰარაკი ნილლნა, ჩშშშშშ“ - დაჩურჩულა ბედუინმა. 
„არ გაინძრეო“, მითხრა, განძრევა კი არა შერხევაც არ შემეძლო. შიშმა და თავზარმა მუხლი მომკვეთა, ახლა მხოლოდ ბედუინის მკლავიღა მიჭერდა. უამრავი შავი ეგვიპტური კობრა, ერთად,  ერთ ვეებერთელა ბურთად ...
     
      ვინ არ იცოდა, რომ ულამაზესმა კლეოპატრამ, სწორედ შავი  ეგვიპტური კობრა აირჩია მეგზურად - დიდი ანუბისისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ახლა, ეს ჯალათები, რომლებმაც კლეოპატრას და ეგვიპტეს თავისავით შავი ფერის ისტორიული წერტილი დაუსვეს, საშიში კბილებით და უძლიერესი შხამით  შეიარაღებულნი, ერთ ვეებერთელა ბურთად შეკრულნი, მშვიდად და შიშინ-შიშინით ჩემსკენ მრისხანე უბედურებად მოგორავდნენ.
     
      ბედუინს ავხედე. მისი მწვანე თვალები ზურმუხტებად ქცეულიყვნენ. ის გაყინული მზერით მისჩერებოდა კობრების მოძრაობას, ამ მოულოდნელად თავსდამტყდარი უბედურებისგან თავის დაღწევაზე ფიქრობდა. გველების მოძრაობის მიმართულების გამოცნობას ცდილობდა.

        ჩემი მზერა, ერთადერთ მუდარას გამოხატავდა, მაგრამ:
      - „ლაა“. - ჩაიჩურჩულა ალ კაბირმა და თავისი დაკვირვება გააგრძელა.
იმისმა წარმოდგენამ, რომ აქ, ღმერთმა იცის რამდენ ხანს, გაუნძრევლად უნდა ვმდგარიყავი და, შავი კობრების მოსისინე და მოძრავი ვეებერთელა ბურთისთვის მეცქირა, - კინაღამ ჭკუიდან შემშალა. ჰოი როგორ ვნანობდი, რომ არ დავუჯერე და არ დავრჩი ჩემს ადგილას. ახლა ცხენთან და მასთან ერთად მოშორებით მაინც ვიდგებოდი. ახლა კი, გვიანი იყო და ყოველ წამს შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით შავი კობრების მორევის შუაგულში. 
         
        ვეება შავი გორგალი ჩვენგან უკვე ათიოდე მეტრის მანძილზე ფუთფუთებდა. 
ეს გველების ქორწილი იყო, მათი „საქორწინო გორგალი". ასეთ გორგალს  მამრი კობრები კრავდნენ მდედრის გარშემო.
სადღაც ამ შავი სფეროს  შუაგულში ახლა ერთი, ან არაერთი მდედრი ყავდათ მამრებს მოქცეული და გარს შემხვეოდნენ  იმ იმედით, რომ ყოველი მათგანი, - სხვას დაასწრებდა მდედრთან შეწყვილებას და, ერთადერთი გამარჯვებული გახდებოდა... მაგრამ ბუნების ერთ-ერთი საოცრება, "გველების ქორწილი" - ჩვენთვის ნამდვილი მახე იყო...

      თუ ასე ბურთად შეკრული ჩაგვივლიდნენ და გაგვშორდებოდნენ, უკეთესი გამოსავალი მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ მამრებისთვის მიმზიდველი სუნი, რომელსაც მდედრი გამოყოფდა, შეწყვილებისთანვე შეწყდებოდა და ვეებერთელა შავი სფერო მყისიერად გაიშლებოდა.
      უამრავი ეგვიპტური შავი კობრა, ასპიტის ერთ-ერთი საშიში სახეობა, შავი ხალიჩასავით მოეფინებოდა იქაურობას. შავი კობრა ღამეულ ცხოვრებას კი ეწეოდა, მაგრამ ქორწინების სურვილით და მდედრის სუნით თავბრუდახვეული გველები ჩვენს სუნს ჯერ ვერ გრძნობდნენ.
    ღმერთს მადლი შევწირე იმისთვის, რომ ეს არსება ყრუდ გააჩინა ამ ქვეყნად, მაგრამ სამაგიეროდ, ვიბრაციის შეგრძნების უტყუარი უნარით და ყნოსვის უბადლო ნიჭით დააჯილდოვა.  მე როგორმე შიში უნდა დამეოკებინა რომ ადრენალინს არ გავემჟღავნებინე. ამაში ბედუინი მეხმარებოდა, მას ძლიერი მკლავით მკერდზე ვყავდი ახუტებული. 
 
      „ღმერთო, ნუთუ ამ უდაბნოში ტყვიას და წყურვილით სიკვდილს იმიტომ გადავურჩი, რომ კობრების მსხვერპლი გავხდე?! ამარიდე ეს „შავი“  განსაცდელი უფალო!“ - უმწეოდ გამიელვა გონებაში. უცბად მივხვდი რომ ბედუინიც ჩუმად ლოცულობდა. მან უკეთ იცოდა რა საფრთხეც გველოდა, უამრავი გველის ნაკბენით და მომკვდინებელი შხამით გაჟღენთილი, მტანჯველი სიკვდილის სახით. 
      „საქორწინო გორგალი“ მოგვიახლოვდა. ახლა უკვე ორი მეტრის მანძილიდან შევცქეროდი ამ უჩვეულო ფორმით  მოსულ ახალ უბედურებას. 
     
    „არ გაინძრე ნილნა, არ შეხედო...“ - ყურში ჩამჩურჩულა ბედუინმა. 
იასამნის, ჟასმინის, გვირილის და ჟენშენის არომატი - უცნაურმა სუნმა გადაფარა. ადრე  არ ვიცოდი, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს გველების სუნი იყო. თვალები მორჩილად დავხუჭე და იმედს მივენდე. ახლა იმედი გამხდარიყო მთავარი.

        მოახლოვებულმა შიშინ-სისინმა მიმახვედრა რომ გორგალმა ძალიან ახლოს ჩამიარა. თვალი გავახილე, ვეებერთელა ბურთი თავდაღმართზე ნელა მიგორავდა და გვშორდებოდა, მაგრამ თავდაღმართი ბექობით თავდებოდა. ცოტაც და კობრების „საქორწინო გორგალი“  ბექობის კარგად მაღალი ნაპირიდან დაბლა გადავარდებოდა და მიწას დაენარცხებოდა.  წარმოვიდგინე როგორ გაიშლებოდა ჩვენს ერთადერთ გასასვლელზე უამრავი შავი კობრა, გველების გადაულახავი ზღვა, რომელსაც ჩვენი სახით, გამზადებული საკბილო ელოდა. 

        როგორც კი გორგალი ოდნავ დაგვშორდა, ბედუინმა სწრაფად ამიტაცა ხელში და კატის ნაბიჯით ცხენისკენ დაიძრა.  მის ზურგსუკან დავინახე, რამოდენიმე კობრამ როგორ იბურნა ჩვენსკენ მოსისინე თავი და ავად აიზნიქა მათი შავად მოლაპლაპე კისრები, მაგრამ  საქორწინო "ხლართებისგან" თავის დაღწევა  არც ისე ადვილი აღმოჩნდა... 
       
        ბედუინმა უხმოდ შემსვა ცხენზე, უნაგირიდან აქლემის დახვეული ტყავი ჩამოხსნა, ცხენს მუცელზე ამოაკრა, კისერზე და ძუის თასმაზე დაამაგრა  და წამში ამხედრდა.
          „მაგრად მომეჭიდე ნილნა“ - გავიგონე ჩურჩული.
მე მთელი ძალით მოვეხვიე წელზე,  ზურგზე მივეკარი და თვალები დავხუჭე. 
       
        ბედუინის ნიშანზე ცხენმა რამოდენიმე მეტრით უკან გაიმანძილა და ადგილიდან მოწყდა... ვიგრძენი როგორ აიწია მიწიდან და ჰაერში გაფრინდა.
        წამები თუ  წუთები გაიყინა.
        გველების სისინმა ლამის დამაყრუა... სუნმა გონება მთლად დამიბნელა. ჩვენ - მათ თავზე მივფრინავდით...
       
ცხენის ჭიხვინმა და ძლიერმა რყევამ მანიშნა რომ მიწას დავუბრუნდით, მაგრამ ჯადარი შეუჩერებლად და თავდაუზოგავად მიფრინავდა წინ.
          უკან მოვიხედე...
        დავინახე როგორ დაენარცხა მიწას ვეებერთელა შავი სფერო, ბურთივით ისევ ზემოთ აიჭრა და ჰაერში გაიშალა. თითქოს შავმა მზემ შავი სხივები გაჰყარაო, გველები ყველა მიმართულებით ერთბაშად გაფრინდნენ  და შავი ჭირივით მოედვნენ  იქაურობას...  მიწაზე მათი დაცემის ყრუ ბაგაბუგმა და გაბრაზებული სისინმა  - ჯოჯოხეთის შემზარავი ხმაურით აავსო არე-მარე და დაუსრულებელ ექოდ გაიჭედა ჰაერში... 
        ცივი ჟრუანტელი, ზიზღი, შიში და გულზიდება ერთად შემომაწვა... ვერ ვიჯერებდი რომ ამას, არამც თუ ვხედავდი, არამედ ეს ყველაფერი ჩემს თავსაც კი ხდებოდა.   

      ჯოჯოხეთის კარიბჭედ ქცეული, გველებით გადაშავებული ჰამადის კლდეები  დამაყურებელი სისინით, შავად ფუთფუთებდნენ.
    ცხენი ელვასავით მიქროდა და სულ უფრო და უფრო გვაშორდებდა ამ ავბედით ადგილს.
    გველების სუნი  მტოვებდა.
    სამაგიეროდ ნელა მიბრუნდებოდა  ჟასმინის, გვირილის, იასამნის და ჟენშენის ნაცნობი სურნელი.
    ახლა უკვე დანდობილად მივეხუტე ბედუინის ზურგს.
ჯერ კიდევ თვალწინ მედგა ჰაერში მფრინავი უამრავი შავი გველი და განცდილი ზაფრაც გამჯდარი მქონდა, მაგრამ მაინც ოდნავი შვებით ამოვისუნთქე.

        საჰარაში  მთვარის ამოსვლის ჟამი დგებოდა. 

        მორიგ სამალავამდე სულ ერთი საათის გზაღა გვრჩებოდა.... 
         
                                                                        ( იხილე როგორ გაგრძელდა) 
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები