ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: თარგმანი
24 ოქტომბერი, 2011


„მიდრეკილება სიღრმისკენ“ - პ. ზიუსკინდი

ერთმა ახალგაზრდა, შტუტგარდელმა ქალმა, რომელიც კარგად ხატავდა, თავის პირველ გამოფენაზე კრიტიკოსისგან, რომელსაც ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებდა, ასეთი შეფასება მოისმინა:“დასაფასებელი  და მშვენიერია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ სიღრმე გჭირდებათ“. ახალგაზრდა ქალმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა კრიტიკოსი და მისი შენიშვნაც მალევე დაივიწყა, მაგრამ რამდენიმე დღეში გაზეთში სტატია დაიბეჭდა სწორედ იმ კრიტიკოსის, სადაც წერდა :“ ახალგაზრდა შემოქმედი ნიჭიერია და მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით მოწონებას იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნამუშევრებს სიღრმე აკლია“. ახალგაზრდა ქალი დაფიქრდა, ის უყურებდა თავის ნახატებს და საქაღალდეებში იქექებოდა, ყველა თავის ნახატს აკვირდებოდა, ახლებსაც,-რომელზეც ჯერ კიდევ მუშაობდა. შემდეგ მოხუფა ყველა ტუშის ქილა, გაწმინდა სახატავი კალმები და სასეირნოდ წავიდა.

იმავე საღამოს სტუმრად იყო დაპატიჟებული, როგორც გაირკვა ეს სტატია ყველამ ზეპირად იცოდა და გამუდმებით მის ნიჭზე საუბრობდნენ, მოწონებაზე,-რომელსაც მისი ნახატები პირველი შეხედვისთანავე იმსახურებდა, მაგრამ მოშორებით, ისინიც, ვინც მის ზურგს უკან იდგნენ, რაღაცას ჩურჩულებდნენ და როცა ახალგაზრდა ქალმა ყური დაუგდო, გარკვევით გაიგონა : „ ცუდი არაა, მაგრამ სიღრმე არ გააჩნია“.

მთელი შემდეგი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდა ქალს არაფერი არ დაუხატავს, დამუნჯებული იჯდა თავის ბინაში, ფიქრობდა და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში, აზრი, რომელიც სხვა დანარჩენ ფიქრებს რვაფეხასავით თავის მარწუხებში აქცევდა-„რატომ არ გამაჩნია სიღრმე?“

შემდეგ კვირაში ქალი შეეცადა დაეხატა, მაგრამ საშინლად არ უმართლებდა, ხანდახან ხაზსაც ვერ ავლებდა. ბოლოს ისე აუკანკალდა ხელი, რომ ტუშის ქილაშიც ვერ ჩააწო კალამი. ტირილი მოერია და წამოიყვირა:
-დიახ, სწორია,სიღრმე არ გამაჩნია!

მესამე კვირას  დაიწყო ხელოვნების წიგნების თვალიერება,სხვა მხატვრების ნამუშევრების შესწავლა, კითხულობდა წიგნებს ხელოვნების თეორიაზე და საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებს სტუმრობდა. წავიდა წიგნის მაღაზიაში და გამყიდველს ყველაზე ღრმა წიგნი მოსთხოვა, რომელიც კი მოიძებნებოდა მის მაღაზიაში.გამყიდველმა ვინმე ვიტმენშტინის წიგნი ურჩია, რომელსაც ვერაფერი გაუგო.

ქალაქის მუზეუმში “ ევროპული ნახატების 500 წელი“ გამოფენაზე, მოსწავლეთა ერთ- ერთ ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე უძღვებოდა. მოულოდნელად,  ახალგაზრდა ქალი ლეონარდო და ვინჩის  ერთ-ერთი ნახატის წინ დადგა და  იკითხა:
-მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყვით, ამ ნამუშევარს სიღრმე გააჩნია?
ხელოვნებათმცოდნემ ირონიულად გაუღიმა და მიუგო :
- თუ ჩემი გაბაიბურება გსურთ, უფრო ადრე უნდა ადგეთ მოწყალეო ქალბატონო!
მთელმა კლასმა გულიანად გადაიხარხარა. ახალგაზრდა ქალი კი სახლში წავიდა და მწარედ ატირდა.

ის სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა.თავის სამუშაო ოთახიდან აღარ გამოდიოდა, თუმცა ვერ მუშაობდა. აბებს იღებდა რომ ეფხიზლა და არც კი იცოდა რატომ  უნდა ეფხიზლა, და თუკი იძინებდა, სავარძელში იძინებდა რადგან ლოგინში ჩაწოლის ეშინოდა, ღრმა ძილში რომ არ ჩავარდნილიყო. სმა დაიწყო და მთელი ღამე ტოვებდა ანთებულ შუქს. აღარ ხატავდა. როდესაც ერთმა ხელოვნებათმცოდნემ დაურეკა ბერლინიდან, ტელეფონში უყვირა:
-თავი დამანებეთ, სიღრმე არ გამაჩნია!

ხანდახან პლასტელინს ზელდა, ისე უბრალოდ, თითებს ჩააყოლებდა ან პატარა გუნდებს აკეთებდა. გარეგნობას და ტანსაცმელსაც აღარ აქცევდა ყურადღებას, არც ბინას ალაგებდა...

მისი მეგობრები წუხდნენ:“მისახედია, ღრმა კრიზისშია, აქ ან რაღაც პირადი მიზეზია, ან ხელოვნების ბრალია, ანდაც ფინანსური. პირველ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით, მეორე შემთხვევაში თავად უნდა გერკვეს, მესამე შემთხვევაში შეიძლება რამე შეგვეგროვებინა, მაგრამ არ ესიამოვნება“.

იმით შემოიფარგლნენ, რომ სადილზე თუ წვეულებაზე პატიჟებდნენ. ახალგაზრდა ქალი ყოველთვის უარზე იყო და საქმეს იმიზეზებდა, მაგრამ რათქმაუნდა არ მუშაობდა, იჯდა თავის ოთახში გამოკეტილი და პლასტელინს ზელდა.

ერთხელაც, ისე მოეძალა იმედგაცრუება, დათანხმდა მეგობრებს მიპატიჟებაზე. ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მოეწონა ეს ქალი, წვეულების დამთავრების შემდეგ, სახლში მიცილება შესთავაზა და მასთან დარჩენაც გარკვეული მიზნით, ქალი არ იყო წინააღმდეგი მასთან დაწოლაზე, უთხრა კიდეც, თუმცა გააფრთხილა სიღრმე არ გამაჩნიაო, ამის გაგონებაზე კაცი მაშინვე გაეცალა.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ერთ დროს ლამაზად ხატავდა,თავის თავში ჩაიკეტა, სახლიდან აღარ გადიოდა, უმოძრაობისგან, ალკოჰოლისგან და აბებისგან გასუქდა და საოცრად ჩამობერდა. ბინაც თანდათან გაპარტახდა, თვითონ კი მჟავე სუნი ასდიოდა.

მემკვიდრეობით 30000 მარკა ერგო, ამ ფულით სამი წელი იცხოვრა და ნეაპოლშიც გაემგზავრა. არავინ იცოდა რანაირად და რა მიზნით, ვინც კი გამოელაპარაკა, პასუხად რაღაც გაურკვეველიი აბდა-უბდა მიიღო.

როდესაც ეს ფული გამოელია, დაანაკუწა თავისი ყველა ნახატი, ტელევიზიის ანძაზე ავიდა და 139 მეტრიდან სიღრმეში ჩაეშვა. რადგან იმ დღეს ძლიერი ქარი ქროდა, ქალი პირდაპირ ანძის ძირში, ასფალტს არ დაენარცხა. ჭვავის ყანებს გადაუფრინა.  ტყის პირას, ნაძვებში ჩაიჩეხა და მაშინვე მოკვდა.

ეს შემთხვევა ბულვარულმა პრესამ წამსვე აიტაცა, ჯერერთი თვითმკვლელობა თავისთავად  საინტერესო ფაქტი იყო, ამას ფრენაც დაემატა და ისიც, რომ როგორც ხელოვანს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თან მიმზიდველი ქალიც იყო და ამას რათქმაუნდა დიდი ინფორმაციული ღირებულება ქონდა.

მისი ბინა ისეთ საშინელ დღეში იყო, რომ მხატვრულ ფოტოებს გადაიღებდა კაცი. ათასობით ცარიელი ბოთლი, განადგურების კვალი ყველგან, დაგლეჯილი ნახატები. კედელზე პლასტელინის გუნდები, ხოლო ოთახის კუთხეებში განავალი!
გაზეთმა გადაწყვიტა ამ ამბის კვანძის გახსნა და გაზეთის მესამე გვერდზე, სტატია გამოაქვეყნა.

კულტურის განყოფილებაში, სწორედ ის კრიტიკოსი თავის შეშფოთებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდა ქალმა, ასეთი საზარელი სიკვდილით დაასრულა თავის სიცოცხლე და მოღვაწეობა. იგი წერდა:“ ჩვენთვის, ვინც მას იცნობდა, შემზარავი აღსაქმელია, როცა ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს, ასპარეზზე თვითდამკვიდრების ძალა არ ყოფნის. სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობა და კერძო ინიციატივა, მარტო აქ ვერაფერს გახდება, სადაც უპირატესობა ადამიანურ თანადგომასა და ხელოვნების სექტორში გონივრულ მხარდაჭერას ენიჭება. როგორც ჩანს, მის ინდივიდუალობაში თავიდანვე იყო ის ჩანასახი, რომელმაც ეს ტრაგიკული დასასრული განაპირობა. განა მის პირველივე, ერთი შეხედვით გულუბრყვილო ნამუშევრებში არ გაოცებთ შემაშინებელი შინაგანი გახლეჩილობა, რომელიც უკვე მის თავისებულ მეტყველ შერჩეულ ტექნიკაში მოჩანს? ამ ჩახვეულ, სპირალისებულ ფორმებში აშკარად ჩანს ემოციურად უაღრეასდ დამუხტული, აშკარა უიმედო დაპირისპირება საკუთარ თავთან. ეს საბედისწერო, დიახ, უშეღავათო მიდრეკილებაა სიღრმისკენ.“



http://lib.ru/ZUSKIND/glubina.txt

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები