ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2011


ადრიანა და სიყვარულის უნივერსალური ფორმულა


        ჩემი ოთხი წლის შვილიშვილი ადრიანა ამას წინათ დანაღვლიანებული დაბრუნდა სკოლიდან და დედ-მამას უთხრა:
      - ჩემს კლასში ერთი ბიჭი შემიყვარდა, სახელად კევინი, მას კი არ ვუყვარვარ. დღეს გაკვეთილზე ჩემგან სკამი გასწია. სოფისაც უყვარს, მაგრამ იმას უფრო კარგად ექცევა.
      ასეთ შემთხვევებში ჩემი სიძე შესაშურ პედაგოგიურობას იჩენს:
      - ადრიანა, შენ თვითონ როგორ ექცევი კევინს?
      - მეც ასევე, ხანდახან ვითომ ვერც ვამჩნევ.
      - მე ხომ გასწავლე მაგიური წესი: ,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცეს იგი''. მოდი, იცი, რა ვცადოთ? ხვალ შენ კევინს კარგად მოექეცი და ვნახოთ, შეიცვლის თუ არა დამოკიდებულებას.

      მეორე დღეს ადრიანა გახარებული მოდის სკოლიდან:
      - იცით, როცა არავინ გვისმენდა, კევინს შევეკითხე, ,,საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?'', კიო და მეც ვუთხარი, რომ ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან მომწონს და მგონი მიყვარს კიდეც და მიპასუხა, მეცო. მერე გაკვეთილებზე სულ ერთად ვიჯექით, სოფი კი სადღაც, შორ ფანჯარასთან იყო.

      ყველაზე საინტერესო რამ ერთი კვირის შემდეგ მოხდა.
    მშობლებმა შენიშნეს, რომ ადრიანას, რაღაც, მეტისმეტად გამოუსწორდა განწყობა,  პრანჭვას უმატა, მაგრამ კევინს აღარ ახსენებს. ამიტომ მოიკითხეს იგი.
    - აა, კევინი? კარგად არის, მაგრამ მე ნაკლებად მაინტერესებს. - უპასუხა მან.
    - ხომ არ გაწყენინა? აღარ უყვარხარ?
      - კევინს კი არა,  კლასში უკვე ყველა ბიჭს მე ვუყვარვარ. კევინის მერე ყველას სათითაოდ ჩუმად ვუთხარი, რომ საიდუმლო უნდა მეთქვა, რომ მომწონდა და მიყვარდა და ყველამ მიპასუხა, მეც მიყვარხარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები