ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2011


მი...მი..მიაუუუ...

        საცხოვრებლად მთაწმინდაზე რომ გადავედით, ხუთი წლის ვიყავი. ერთ საღამოს დედამ ხელი ჩაგვკიდა და მე და ჩემი ძმები სასეირნოდ გაგვიყვანა.
__მე რ..რაინდი ვარ, თქვენი მსხ..მხსნელი! გააღეთ კა..კარი!__ გაიძახდა ზეწარშემოსხმული სანდრიკა და პარლამენტის კანცელარიის წინ იატაკის ჯოხს „დააჭენებდა.“
დაცვის ბიჭები სიცილით იხოცებოდნენ და ცდილობდნენ „მხედარი“ შენობაში არ შეჭრილიყო. მე გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და სულაც არ მეცინებოდა.
__ დე, რაინდი რა არის?__ ავხედე დედას.
__ ვაჟკაცს ნიშნავს, გოგო, ეგ!__ შემომიბღვირა თედომ.
__ გმირსაც ნიშნავს!__  დაამატა თოკომ.
__ დე, მამა რაინდი იყო?
__ ჰო, ოყო, დე...__ გამიღიმა დედამ.
__ მერე პატარა რაინდებიც არსებობენ, დე?__ სანდრიკას გავხედე მე.
__ გოგო, პატარა რაინდი ვის გაუგონია?! რაინდები კაცები არიან და აფხაზეთში ომობენ!__ ისევ ჩაერია თედო.
__დე, აბა ეს რატო იძახის რაინდი ვარო?
__ გიჟია!__ მიპასუხა თოკომ.
__ დე, ხო არაა გიჟი?__ მე უკვე მიყვარდა მამაჩემივით რაინდი სანდრიკა.
__ არა,დე, არა...
      სანდრო ჩვენ მეზობლად, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. უნიჭიერესი ბავშვია, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო, ამბობდნენ უფროსები. მე კარგად არ მესმოდა, რას ნიშავდა ეს. ასე იყო,თუ ისე, სანდროსთან თამაში არასდროს მბეზრდებოდა...
 
*    *    *
    ხმელ აივანზე ვისხედით და ფეხებს აქეთ–იქით ვაქანავებდით. სანდრიკა ხელში „რუბიკის კუბიკს“ ატრიალებდა და ცდილობდა ფერები დაელაგებინა.
__ მათხოვე რა...
__ მა..მკოცნინე და გ..გგათხოვებ!
__ ოოო...
__ ო და ხბო!
__ .  .  .
__ ერთი მაკოცნინე და გ..გაჩუქებ...
__ არა!
__ არა და ი..ი..იყავი ეგრე!
__ კარგი, აჰა...__ მე სუნთქვა შევიკარი და მაგრადთვალებდახუჭულმა  გაბუშტული ლოყა ოდნავ უპროპორციო სახესთან მივუტანე.
ახლა უკვე მე ვათამაშებდი ხელში ჩემს  „მონაპოვარს“ ერთობ კმაყოფილი.
__ თამთ, რე..რე..რეინკარნაციის გჯერა?
__ რისი?
__რ..რეინკარნაციის... აი, რომ მოკვდები და ჩ..ჩიტად გადაიქცევი, ან ჭი..ჭი..ჭიაყელად, ან რამედ რა...
__ ფუუ...
__მე მჯერა! რ..როცა მოვკვდები, კატად გა...გადავიქცევი... ხომ გიყვარს კატები?
__ კი, ძალიან.
__ ჰოდა, მეც  გ..გ..გყვარები!
__ არა!__ თავისი სათამაშო ხელებში მივაჩეჩე და სახლში გავიქეცი.
          საღამოს ჩემს ძმებს უცემიათ, რას ქვია ჩვენი და გიყვარსო... მაშინ პირველად ვიამაყე, რომ უფროსი ძმები მყავდა!
          გავიბუტეთ... თერთმეტი წელი მხოლოდ უხერხული ღიმილი დაგვთამაშებდა სახეზე ყოველი შემთხვევითი შეხვედრისას...
          ერთ დღეს მეზობელი ნელი ბებო შემოვარდა ტირილით, სანდრო  აღარ არისო...
სუდარაგადაფარებული იწვა სასახლეში... ლუდა დეიდა უკვე ვეღარ ტიროდა... არასდროს მიგრძვნია სიკვდილის სუნი ასე მძაფრად, ასე ახლოს... ყელში ბურთგაჩრილი დროდადრო ვუყურებდი ჭაღს და ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ სანდროსთან ერთად ჩემმა ბავშვობამ ჩამოიხრჩო თავი...
მეზობელი ბორია მიმოდიოდა აქეთ–იქით,__
__ ლუდაჩკა, ისე რა უნდა ეკეთებინა ამ საწყალს, ესე რო არ ექნა, ჰა? მამენტ სწორადაც მაიქცა რაა... მარა შენ რა უნდა ქნა ეხლა, ცოდო ხარ...
ლუდა დეიდას ხმა არ გაუცია,თვალი გაშტერებოდა.
ისე შემძულდა იმ წუთას ბორია, რომ მისი სანდროს ადგილზე წარმოდგენა სიამოვნებად ჩამეღვარა სხეულში...
        ზოგიერთები ამბობდნენ, რუსის ქალს გადაეკიდა და ამ ზომამდე მივიდაო... სხვები ამტკიცებდნენ, უცნაური ბიჭი იყო, სატანისტურ სექტებთან ქონდა კავშირი და იმათ გადარიესო... მერე როგორც ხდება ხოლმე, ეს ორი მოსაზრება ერთურთს შეუთავსეს და თურმე, რუს სატანისტ ქალს გადაუყვანია ჭკუიდან სანდრიკა... ჩემი მეგობარი სანდრიკა...
        ამ დილით უნივერსიტეტში მიმავალს, ჟღალმა კატამ გადამირბინა ცხვირწინ.
__სანდრიკ!__ ჩამეღიმილა ჩემთვის.
__ მი..მი..მიაუუუ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები