ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2011


მხარქცეულისა

 

... სიზმარში  ვარ  თუ  ცხადში,  ვერ  ვარჩევ... 
სადღაც  ცხრაუცხო  მხარეში  ვზივარ...
ვერც  რამის  თხოვნას  ვუბედავ  გამჩენს,
თუმცაღა  მტკივა,  მშივა  და  მცივა...

და  გულზე  ვითბობ  ხელებს  ( მტკივანზე...)
მორიგეობით  ( ვაბოლებ  თანაც...).
ფილტვებგამჭვარტლულ  ფიქრებს  მივარწევ
და  ვგრძნობ,  ვიღაც  კვლავ  მჩხიბავს  თუ  მთვალავს...

სამარხვოს  მარტოდ  ვუზივარ  ტრაპეზს
( თუმც  პურის  ყუაც  სუფრაზე  არ  ჩანს  ...)
და  დროს,  მიწყივ  მქროლს  ტყვიის  უსწრაფეს,
აშკარად  ვამჩნევ  ზოზინით  გარჯას...

გადაწვერილი  მზე  ( ნაადრევად...)
არ  მეჩვენება  მაცნედ  კეთილის...
შავ  ღრუბელს  წელის  უჭირს  ათრევა,
ღრმა  ხევში  როა  გამოკეტილი...

და  გავცქერ  ხედებს  მწირსა  და  დუხჭირს
( ფერებმა  როგორ  დაკარგეს  პეწი!..)...
თვით  ბუნებასაც  ჩემებრ  რომ  უჭირს,
ვგრძნობ  და  უმწეოს  გულგვამი  მეწვის...

თავს  ისე  შორს  ვგრძნობ  ახლობელთაგან,
რომ  სიმარტოვეს  განვიცდი  მშაშრავს...
ხან  სუსხი  მზრავს  და  ხანაც  მზე  მთანგავს,
ხან  ქვაც  მეწევა  აღმართზე  მაშვრალს...

და  უბირივით  ვაცეცებ  თვალებს  -
არავინ,  გულთან  ახლოს  მომსვლელი...
და  მიაქვთ  მალვით  ბაცაცა  ქარებს 
ჩემი  სარჩოც  და  შესამოსელიც...

მე  კი,  თითქოს-და  ვინმეს  ან  რამეს
ვუცდიდე,  -  ვზივარ  ძელსკამზე  უბრად,
გვერდით  კი  უკვე  კარავს  შლის  ღამე
თან  ჩემს  ( უპუროს )  ნიშნს  უგებს  სუფრას...

კვლავ  უქმად  გავცქერ  გზას  გაუმჭვირვალს  -
არავინა  ჩანს,  გკითხოს  -  ვინა  ხარ... 
ბოლოსწინა  ღერს  ვაბოლებ  ,, პირველს “,
ბოლოს  -  იმ  ერთი  დღისთვის  ვინახავ...

31.  10.  2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები