ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2011


აქეთ და იქეთ

სოხუმი. დაბა აჩადარა. მდინარე გუმისთა.
უჰ...
სულ ერთი ამოსუნთქვაა ზღვარს იქეთ – სიცოცხლიდან სიკვდილამდე.
ომის დროს სულ ახლოსაა  ადამიანი  ამ ზღვართან. ერთი ამოსუნთქვა და ტყვია ჩაგიკრავს გულში,  ან  ისე ახლოს ჩაგივლის, ჯერ გათბობს, მერე გაცივებს...
იქეთაც საქართველოა და აქეთაც, იქეთაც აფხაზეთია და აქეთაც. შუაში კი მდინარეა პატარა და ხიდი, პატარა და თან რა დიდი. ხითხითებს ეშმაკი, უხარია...
დრო და დრო მიიძინებს ეშმაკიც და ომის ღმერთიც... მაშინ ზღვის ხმაც ისმის, ჩიტებიც ჭიკჭიკს დაიწყებენ, თითქოს და ეს ყველაფერი კიც იყო და არც...
მაშინ ერთმანეთის საუბარიც ესმით.
სანგრებში არიან: აქეთ და იქეთ, იქეთ და აქეთ... 
-    ქართველებო, თუ ვინმე ვაჟკაცი ხართ, გადმოდით ჩვენთან, ღვინო დალიეთო... – უცებ ხმა გაისმა...
-    ფანდია, ალბათ მოენე უნდათო, - მეთაურმა...
-    მე გადავალო, ერთმა - კახელმა. გაგიჟდიო, - დაუშალეს ბიჭებმა.  ღვინოს გინდა სიცოცხლე ანაცვალო, ღვინოს მეტს რას ჩამოგიტანს მამაშენი, ერთ მიწერე სადაც ხარ და თავზე დაგადგებაო ღვინის ცისტერნითო...
ღვინისთვინ არ მივდივარ, ჯო,  - კახურად მოუქცია იმან, ავტომატი დადო  და სანგრიდან ამოძვრა და ხიდისკენ წავიდა. ეს ისე სწრაფად მოხდა, ვერც შეაჩერა ვინმემ...
ეჰ, კაცი დავკარგეთო მეთაურმა და უცებ ფიქრმა გაუევლა, ხო არ ვესროლო, იქნებ და წამებას ავაცილოო – ვერ გაბედა...
არადა თუ ესროდნენ, ვერც გაარკვევდი – შორიდან მაინც,  ზურგში ესროლეს თუ გულში.
ეძინა ეშმაკს, ან არ ეცალა. 
მიდიოდა და ყველაფერი გაჩუმდა თითქოს... ადამიანიც, ზღვაც, ჩიტებიც, ტყვიაც... 
ხიდიც დაიწყო, პატარაც და დიდიც.
ხიდის მეორე მხარეს უავტომატო აფხაზი ამოვიდა სანგრიდან - სახემღიმარი...
ხიდზე შეეგება, ხელი ჩამოართვა და მხარზე ხელგადახვეულებმა გააგრძელეს გზა იქითა მხარეს...
ერთი მხარე და მაინც იქითა და აქეთა მხარე. 
მერე სანგარში ჩაიმალნენ ორივენი...
თავ-ბედს იწყევლიდა მეთაური, რად არ დავუშალეო წასვლა.
მზერას ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს აქეთ დარჩენილები...
ხან რა უსაშველოდ გაიწელება დრო...
და ბოლოს ყველაფერი მთავრდება მაინც – მოლოდინიც...
ისევ ის აფხაზი გამოჩნდა ჯერ, ბოცით ხელში, მერე კახელი.
ხიდისკენ წამოვიდნენ ორივენი... 
ზუსტად იქ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, სადაც შეხვდნენ და წამოვიდა...
მთლად სწორი ნაბიჯებით ვერ მოდიოდა უკვე, ღვინით სავსე ბოცა მოჰქონდა ნასვამს, - `ხმალო ხევსურეთს ნაჭედოო~ - მოღიღინებდა და მოდიოდა...
ერთი იქეთ მიდიოდა, მეორე აქეთ.  იქითა მხარეს მზე ჩადიოდა და ჩამავალი მზის სხივები შარავანდად ადგა ორთავეს – იქით წასულსაც და აქეთ წამოსულსაც... 


                  05.11.2011 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები