ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: თარგმანი
16 ნოემბერი, 2011


"ოთხშაბათის იები"-ა.მორუა

ო, ჟენი დარჩით !

  სადილის დროს ჟენი სორბიე ძალიან მომხიბვლელი იყო. მან სტუმრებისთვის სხვადასხვა ისტორიებისა და ანეგდოტების ულევი ნაკადი დაახვავა, რომლებსაც ყვებოდა ნამდვილი მსახიობის ოსტატობითა და მწერლის შთაგონებით. ლეონ ლორანის სტუმრებს, მოხიბლულებს, აღტაცებულებს და შეპყრობილებს,  ჟენისთან გატარებული დრო, ერთ ზღაპრულ გაელვებად ეჩვენათ.
 
- არა, უკვე თითქმის ოთხი საათია, დღეს ხომ ოთხშაბათია... ხომ იცით, ლეონ, ამ დღეს ყოველთვის მიმაქვს იები ჩემს მეგობართან...
- რა საწყენია! - თქვა ლეონმა თავისი შეუდარებელი ხმით, რომლითაც სახელი მოიხვეჭა სცენაზე,- თუმცა, თქვენი „ერთგულება“ ყველასათვის ცნობილია... მე თქვენ არ დაგაკავებთ.

ჟენიმ გადაკოცნა ქალბატონები, მამაკაცებმა პატივისცემით დაუკოცნეს ხელი და ის წავიდა.
როგორც კი კარები გაიხურა, სტუმრებმა დაიწყეს მისი აღტაცებით ქება.

- ის მართლაც საოცარია! რამდენი წლისაა ლეონ?
- დაახლოებით ოთხმოცის. როდესაც ბავშვობაში დედას დავყავდი კომედი ფრანსეზ დილის, კლასიკურ  სპექტაკლებზე, როგორც მახსოვს, ჟენი უკვე ბრწყინავდა სელიმენას როლში. არადა მეც ხომ აღარ ვარ ახალგაზრდა.
- ნიჭმა არ იცის სიბერე,- ამოიოხრა კლერ მენეტრიემ - და რა ისტორიაა იებზე?
- აქ მთელი რომანია... მან ერთხელ გამანდო ეს რომანი, მაგრამ არასდროს დაუწერია მის შესახებ...მე უბრალოდ ვერ ვრისკავ მის შემდეგ მთხრობელის როლში გამოსვლას. შედარება ჩემთვის ძალიან სახიფათო იქნება.
- დიახ, შედარება საერთოდ სახიფათოა, მაგრამ ჩვენ, თქვენთან სტუმრად ვართ და თქვენი მოვალეობაა გაგვართოთ. თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ ჟენი, თუკი მან დაგვტოვა.
- რა გაეწყობა! - მე ვეცდები მოგითხროთ ოთხშაბათის იების ისტორია, მხოლოდ ვშიშობ,  რომ ეს ისტორია, დღესდღეისობით არ მოგეჩვენოთ ზედმეტად სენტიმენტალურად.
- ნუ შიშობთ - თქვა ბერტრან შმიტმა - ახლანდელი დრო საჭიროებს სინაზეს და სიყვარულს. ცინიზმის მიღმა კი ყოველთვის სევდა და ნამდვილი გრძნობა იმალება.
-ასე ფიქრობთ?... რა გაეწყობა... თუ ასეა შევეცდები მოგიკლათ ეს წყურვილი... თქვენ ყველანი აქ მყოფნი, ძალიან ახალგაზრდები ხართ, იმისათვის, რომ გახსოვდეთ  რა მშვენიერი იყო ჟენი, თავისი წარმატებისა და დიდების  წლებში. ცეცხლისფერი თმა თავისუფლად ეცემოდა მის საოცარ მხრებზე, ეშმაკური თვალები, მჟღერი, მაღალი ხმა, რომელშიც უეცრად თავს იჩენდა გრძნობა და მღელვარება - ეს ყველაფერი კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის დახვეწილ და გამოკვეთილ სილამაზეს...
- თქვენ მჭერმეტყველი ბრძანდებით ლეონ!
- ვშიშობ ჩემი მჭერმეტყველება ცოტა ძველმოდურია, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ... ჟენიმ პირველი პრემიით დაამთავრა კონსერვატორია 1895 წელს  და დამთავრებისთანავე მიწვეულ იქნა კომედი ფრანცეზში. სამწუხაროდ, მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა ძნელია ახალბედასთვის ამ ცნობილი თეატრის დასში ყოფნა. ყოველ ამპლუაზე არსებობს მსახიობი, რომელსაც უკვე  მოხვეჭილი აქვს სახელი, ეჭვიანობს  და თავის როლს იცავს. ახალბედებიდან  ყველაზე მშვენიერიც კი, შეიძლება ათი წელი ელოდოს მომგებიან როლს მარივოს და მოლიერის პიესებში. მომხიბვლელი ჟენი წააწყდა ავტორიტეტულ  სცენის დედოფლებს. მის ადგილას მყოფი სხვა გოგონა, თავის ბედს შეეგუებოდა ან ერთი-ორი წლის წვალების შემდეგ გადავიდოდა მადლენის ბულვარის სხვა რომელიმე  თეატრში.
მაგრამ ჟენი ასეთი არ იყო. იგი ჩაება ბრძოლაში და გამოიყენა ყველა ხერხი, რასაც კი ფლობდა: მსახიობური ნიჭი და ბრწყინვალე განათლება, მთელი თავისი მომხიბვლელობა და მშვენიერი თმა. ძალიან მალე იგი გახდა თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. დირექტორს მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, დრამატურგები ერთმანეთს ასწრებდნენ ჟენისთვის პიესის დაწერას და შემდეგ იმის მტკიცებას, რომ მაყურებლამდე ჟენის გარდა, ვერავინ მიიტანდა ამ როლისს არსს. კრიტიკოსები დაუჯერებელი ერთფეროვნებით უმღეროდნენ მას დიფირამბებს. თვით მრისხანე სარსე, ისიც კი წერდა მასზე :

„მისი თავის თითოეულ შეტრიალებას, მისი ხმის ერთ ბგერას,  ნიანგიც კი შეუძლია მოხიბლოს“.

მამაჩემი, იმ წლებში იცნობდა ჟენის და ყვებოდა, რომ მას ვნებიანად უყვარდა თავისი ხელობა, ჭკვიანურად ბჭობდა მასზე და დაუღალავად პოულობდა ახალ, აღმაშფოთებელ მსახიობურ ხრიკებს. იმ დროს თეატრში გატაცებულნი იყვნენ რეალიზმით. თუ როლი მოითხოვდა ჟენისგან რომელიმე პიესაში შხამით სიკვდილს, იგი ყოველთვის სპექტაკლის წინ, მიდიოდა საავადმყოფოში, რათა ენახა იმათი ტანჯვა, ვინც საწამლავის ზემოქმედებისგან კვდებოდა. ადამიანური გრძნობების ბრძოლა მან თავის თავზე შეისწავლა. ხელოვნების სამსახურში მყოფი  არ ამჟღავნებდა სენსიტიურობის სრულ არქონას, რითაც განსხვავდებოდა ბალზაკი, რომელმაც აღწერა ერთ-ერთ თავის რომანში საყვარელი ქალისადმი საკუთარი ვნება და გრძნობები.
თქვენ რათქმაუნდა ხვდებით, რომ ოცდაორი წლის დამაბრმავებლად მშვენიერ გოგოს, რომელმაც ელვისებური სისწრაფით მოიპოვა აღიარება, უნდა ჰყოლოდა ბევრი თაყვანისმცემელი. თეატრის ახლობლები, დრამატურგები, ბანკირები - ყველა ცდილობდა მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. მან აირჩია ბანკირი - ანრი სტალი. არა იმიტომ, რომ ის მდიდარი იყო - ჟენი თავისიანებთან ერთად ცხოვრობდა და არაფერი არ აკლდა- არამედ იმიტომ, რომ ისიც მასავით მომხიბვლელი იყო და რაც მთავარია  ოფიციალურ ქორწინებას სთავაზობდა.

თქვენ ალბათ იცით, რომ ეს ქორწინება მაშინვე არ შედგა, სტალის დიდხანს არ აძლევდნენ თავისიანები თანხმობას. ანრიმ და ჟენიმ იქორწინეს მხოლოდ სამი წლის შემდეგ, მაგრამ მალევე დაშორდნენ, ჟენი თავისი დამოუკიდებელი ხასიათით  დანებდა ოჯახურ მონობას. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, ახლა კი დავუბრუნდეთ კომედი ფრანსეზს, ჩვენი ჟენის დებიუტს და იებს.

მსახიობების ფოიე, იმ საღამოს, როდესაც ჟენი კვლავ გამოჩნდა დიუმა-შვილის „ბაღდადის პრინცესაში“.
- ამ პიესას აქვს ბევრი ნაკლი. ჩემშიც კი - ადამიანში, რომელსაც მიდრეკილება აქვს აღფრთოვანდეს ისეთი, საფუძვლიანად გაკეთებული პიესებით, როგორიცაა „ქალის მეგობარი„ და „ფრანსიონი“- ღიმილს იწვევს დიუმას კაპრიზები „ბაღდადის პრინცესაში“. მაგრამ ვინც იხილა ჟენი მთავარ როლში, ყველა წერდა, რომ მან შეძლო შეექმნა დამაჯერებელი როლი, საკუთარი ხასიათით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მასთან ამ პერიოდზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჟენის თვითონაც სჯეროდა იმის, რასაც თამაშობდა.

„ახალგაზრდობის წლებში მე ვაზროვნებდი ზუსტად ისევე, როგორც დიუმა-უმცროსის რომელიმე გმირი, რა გასაოცარი იყო სინათლით გაფენილ სცენაზე იმის თამაში რაც ჩემში, ჩემი სულის სამალავებში მწიფდებოდა“- აღიარა ერთხელ ჟენიმ
.
დაამატეთ ისიც, რომ ეს როლი მას საშუალებას აძლევდა გამოეყენებინა ეფექტური ხრიკი: იგი იშლიდა თავის საოცარ თმებს, რომლებიც ეცემოდა მის მშვენიერ მხრებზე. ერთი სიტყვით, ჟენი უბადლო იყო. მაყურებლის  ოვაციების შემდეგ, ანტრქატის დროს, ის გამოვიდა მსახიობების ფოიეში. ყველა მაშინვე გარს შემოევლო. ჟენი დაეშვა დივანზე, ანრი სტალის გვერდით. ის მხიარულად საუბრობდა მასთან, ბედნიერი და ვნებით შეპყრობილი, რომელიც მას გამარჯვებამ მიანიჭა.
- აჰ, ჩემო კარგო ანრი !...აი ისევ ამოვტივტივდი წყლის ზედაპირზე! ისევ ვსუნთქავ სავსე მკერდით, თქვენ თვითონაც ნახეთ როგორ ვთამაშობდი სამი დღის წინ... მართლაც რომ არაფრად არ ვვარგოდი?!... ფუ! მეჩვენებოდა, რომ  ფსკერზე ვფორთხავდი. ვიგუდებოდი. და აი, როგორც იქნა დღევანდელი საღამო. ძლიერი ბიძგი - და მე ისევ ზედაპირზე ვარ! მისმინეთ ანრი, რა მოხდება რომ ჩამივარდეს ბოლო აქტი? რა მოხდება ბოლომდე მიცურვის ძალა რომ არ მეყოს?ო, ღმერთო ღმერთო!

შემოსულმა კაპელდინერმა ჟენის ყვავილები მიართვა.

- ვისგან არის? ა, სენ-ლუისგან... თქვენი მეტოქესგან ანრი... წაიღეთ ჩემს გასახდელში.
- და კიდევ წერილი მადმუაზელ - თქვა კაპელდინერმა.

წერილის გახსნის შემდეგ ჟენიმ ხმამაღლა გაიცინა:

- წერილი ლიცეისტისგან არის. იგი წერს, რომ მათ შექმნეს ლიცეუმში „ჟენის თაყვანისმცემლების კლუბი“.
- ახლახანს, მთელი ჟოკეი-კლუბი, თქვენი თაყვანისმცემლების კლუბად გარდაიქმნა.
- მე უფრო მაღელვებს ლიცეისტები. ამასთან ერთად ეს შეტყობინება სრულდება ლექსით. მომისმინეთ ჩემო  ძვირფასო...

მოკრძალებული სტროფები:

"მიყვარხართ მე თქვენ" -
არ გამასამართლოთ და არ უარმყოთ
და დირექტორთან - ნაზად გვედრებთ -
ნუ დაასმენთ საწყალ ავტორს.

(თარგმ.- ბ.ა)

- ხომ მშვენიერია?
- თქვენ მას უპასუხებთ?
- რათქმაუნდა არა. მსგავს წერილებს ყოველდღიურად ათეულობით ვიღებ, თუ ყველაზე პასუხის გაცემას დავიწყებ, დავიღუპები, მაგრამ წერილები მახარებს, ეს თექვსმეტი წლის თაყვანისმცემლები კიდევ დიდხანს იქნებიან ჩემი ერთგულები.
- რა იცით... ოცდაათი წლისები ისინი უკვე ნოტარიუსები იქნებიან.
-და რატომაც არ იქნებიან ნოტარიუსები ჩემი თაყვანისმცემლები?
- აი კიდევ ეს გადმოგცეს მადმუაზელ - თქვა ისევ შემოსულმა კაპელდინერმა- და მიაწოდა ჟენის იების თაიგული.
- ო, რა სასიამოვნოა, შეხედეთ ანრი! და წერილი არ არის?
- არა მადმუაზელ,- შვეიცარმა მითხრა, რომ იები მოიტანა პოლიტექნიკური სკოლის ერთმა სტუდენტმა.
- ძვირფასო - შეიცხადა ანრი სტალმა- ნება მიბოძეთ მოგილოცოთ! ნამდვილად არ არის ადვილი იმ „იქს-იგრეკების“ აღფრთოვანების მოპოვება.

ჟენიმ ღრმად ჩაისუნთქა იების სურნელი.

- რა მშვენიერი არომატია! ყურადღების მხოლოდ ასეთი  ნიშნებიღა მახარებს. ვერ ვიტან სოლიდურ, კმაყოფილ მაყურებელს, იმათ, რომლებიც  იმის სანახავად მოდიან, თუ როგორ მოვკვდები შუაღამეს, ისევე როგორც შუადღეს მიეჩქარებათ პალე-როიალში, რომ მოუსმინონ როგორ ისვრის ზარბაზანი.

- მაყურებელი სადისტია - უპასუხა ანრი სტალმა- ის ყოველთვის ასეთი იყო, გაიხსენეთ გლადიატორთა ბრძოლები... რა წარმატებით ისარგებლებდა მსახიობი, რომელიც ნემსების შეკვრის გადაყლაპვას გადაწყვეტდა. 
ჟენიმ გაიცინა:
- და რომელიმე მსახიობი თუ გადაწყვეტდა საკერავი მანქანის გადაყლაპვას მისი პოპულარულობა აპოგეას მიაღწევდა!
  „სცენაზე“ - გაისმა შეძახილი და ჟენი ადგა:
- რა გაეწყობა, შეხვედრამდე... გავეშურები ნემსების გადასაყლაპად.

აი ასე, ჟენის მონაყოლით დაიწყო ეს ისტორია.

შემდეგ ოთხშაბათს ბოლო ანტრაქტის დროს, მომღიმარე კაპელდინერმა ისევ მიართვა ჟენის იების თაიგული.
- ნუთუ! - შეიცხადა მან- ნუთუ ისევ ის სტუდენტი?
- დიახ მადმუაზელ.
- და როგორია  გარეგნობით?
- არ ვიცი მადმუაზელ, თუ გნებავთ შვეიცარს ვკითხავ.
- არა, არ ღირს, რა მნიშვნელობა აქვს...

შემდეგ ოთხშაბათს სპექტაკლი არ ჩატარებულა, მაგრამ როდესაც ხუთშაბათს ჟენი მივიდა რეპეტიციაზე, ოდნავ მიმჭკნარი თაიგული უკვე იდო მის საგრიმიოროში. სანამ თეატრს დატოვებდა ჟენიმ შეიხედა შვეიცარის პატარა საკუჭნაოში.
 
- მითხარით ბერნარ, იები ისევ იმ ახალგაზრდამ მოიტანა ?
- დიახ მადმუაზელ, უკვე მესამედ.
- და როგორია გარეგნობით ეს სტუდენტი?
- იგი დიდებული ბიჭია, ძალიან კარგი... თუმცა ოდნავზე მეტად გამხდარი, ჩავარდნილი ლოყებით და სევდიანი თვალებით, პატარა შავი ულვაშებით და ლორნეტით... ლორნეტი და ხმალი გვერდზე- ეს რათქმაუნდა ცოტა არ იყოს სასაცილოა... მართალია მადმუაზელ ყმაწვილი აშკარად სერიოზულად შეყვარებულია... ყოველთვის მაწვდის იებს სიტყვებით - „მადმუაზელ ჟენი სორბიესათვის“ - და წითლდება.
- რატომ მოდის ყოველთვის ოთხშაბათობით?
- თქვენ რა არ იცით მადმუაზელ, ოთხშაბათობით პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტებს არ აქვთ სწავლა, ამ დღეს ისინი ავსებენ მთელს პარტერს და ლოჟებს, ყველას მოჰყავს თან თავისი მეგობარი გოგონა. 
- და ჩემსასაც ჰყავს თავისი გოგონა?
- დიახ მადმუაზელ, მაგრამ ეს მისი დაა, საოცრად გვანან ერთმანეთს.
- საწყალი ბიჭი, გული რომ მქონდეს ბერნარ, მე გთხოვდით, რომ ერთხელ მაინც შემოგეშვათ კულისებში, რომ თვითონ გადმოეცა თავისი იები.
- არაფრით არ გირჩევთ ქალბატონო, სანამ ამ თეატრალურ თაყვანისმცემლებს ვერ ამჩნევენ  საშიშები არ არიან. ისინი  შორიდან ადიდებენ მსახიობებს, და ეს მათ სავსებით აკმაყოფილებთ. მაგრამ საკმარისია ოდნავ ახლოს მოუშვათ და მიაქციოთ ყურადღება, მაშინვე საშიშები და მოსაბეზრებლები ხდებიან. ნეკა თითს მიუშვერ, ისინი მტევანს მოგაჭამენ. მიუშვერ მაჯას-მთელ ხელს მოგაჭამენ. იცინეთ, იცინეთ, მაგრამ მე ხომ ვიცი როგორც ხდება ხოლმე. ოცი წელია ვმსახურობ ამ თეატრში! რამდენი შეყვარებული ქალბატონი მყავს ნანახი ამ ჩემს პატარა ოთახში(საკუჭნაოში) და გაგიჟებული ახალგაზრდა მამაკაცები...ხანშიშესულებიც... მე ყოველთვის ვიღებდი ყვავილებს და წერილებს, მაგრამ არასდროს არავის არ ვუშვებდი ზემოთ. რაც არ შეიძლება - ის არ შეიძლება!
- მართალი ბრძანდებით ბერნარ, რა გაეწყობა, ვიქნებით ცივები, წინდახედულები და სასტიკები!
- რა სისასტიკე მადმუაზელ, უბრალოდ საღი აზროვნება.

გავიდა კვირები.

ყოველ ოთხშაბათს,  ჟენი იღებდა ორი სუის ღირებულების იების თაიგულს. მთელს თეატრში გახდა  ეს ამბავი ცნობილი. ერთხელ ერთ-ერთმა მსახიობმა უთხრა ჟენის:
- ვნახე ის შენი სტუდენტი, ის ისეთი მიმზიდველია და ისეთი რომანტიკული გარეგნობა აქვს, პირდაპირ გაჩენილია იმისთვის, რომ ითამაშოს „შანდალში“ და „სიყვარულით არ ხუმრობენ“-ში.
- საიდან იცი რომ ის ჩემი სტუდენტი ბიჭი იყო?
- შემთხვევით შევიხედე შვეიცართან ზუსტად იმ წუთს, როდესაც მან მოიტანა ყვავილები და მოკრძალებულად ითხოვა-“გეთაყვა, გადაეცით მადმუაზელ ჟენი სორბიეს“...
ეს იყო გულის ამაჩუყებელი სურათი, აშკარაა რომ ყმაწვილი ჭკვიანია და არ სურდა რომ სასაცილოდ გამოჩენილიყო, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მღელვარების დაფარვა. წამით ვინანე კიდეც, რომ ჩემთვის არ მოქონდა იები, აი მე კი ნამდვილად გადავუხდიდი მადლობას და ვანუგეშებდი. შეამჩნიე რომ არაფერს არ ითხოვს და არც კი ცდილობს შენი ნახვის უფლების  მოპოვებას....მაგრამ შენს ადგილას რომ ვიყო...
- შენ მიიღებდი მას?
- რათქმაუნდა და დავუთმობდი რამდენიმე წუთს. ის ხომ უკვე დიდი ხანია აქ დადის. ამასთან ერთად არდადაგებიც მოდის. შენ წახვალ, ასე რომ არ უნდა გეშინოდეს, რომ ის დევნას დაგიწყებს.
- მართალი ხარ - თქვა ჟენიმ - ნამდვილი სიგიჟეა თაყვანისმცემლების უგულებელყოფა, როდესაც ისინი ახალგაზრდები არიან და უთვალავნი, და მერე უნდა სდიო ოცდაათი წლის შემდეგ როდესაც ისინი არც თუ ისე ბევრნი დარჩებიან და თანაც გამელოტდებიან....
იმ საღამოს თეატრიდან გამოსვლისას ჟენიმ უთხრა შვეიცარს :
- ბერნარ, ამ ოთხშაბათს, როდესაც სტუდენტი ისევ მოიტანს იებს, უთხარით რომ თავად მომართვას ისინი მესამე აქტის შემდეგ... მე ვთამაშობ „მიზანტროპში“. როლიდან გამომდინარე მე ვიცვლი მხოლოდ ერთხელ. ავალ გასახდელში და იქ მივიღებ მას. არა, უკეთესი იქნება დერეფანში დაველოდო, კიბესთან, ან იქნებ ფოიეში.
- კარგით. თქვენ არ გეშინიათ მადმუაზელ რომ...
- რისი უნდა მეშინოდეს? ათ დღეში გასტროლებზე წავალ, ეს ბიჭი კი მიჯაჭვულია თავის პოლიტექნიკურ სკოლაზე.
- კარგით ქალბატონო...მაგრამ მაინც, ჩემი აზრით...

შემდეგ ოთხშაბათს, ჟენი სელიმენას როლს ასრულებდა და განსაკუთრებულად ბრწყინვალედ, რადგან მთლიანად შეპყრობილი იყო მწველი სურვილით მოწონებოდა უცხო ყმაწვილს. როდესაც დადგა ანტრაქტის დრო, მან იგრძნო მწვავე ინტერესი, თითქმის შფოთვაც კი. ჟენი ფოიეში გავიდა და ელოდებოდა ახალგაზრდა ყმაწვილს. მის ირგვლივ დახეტიალობდნენ თეატრის მუდმივი სტუმრები, დირექტორი რაღაცაზე საუბრობდა ქალბატონ ბლანშ პიერსონთან, რომელიც იმ დროს  ჟენის მეტოქედ  ითვლებოდა. მაგრამ არსად არ ჩანდა შავი მუნდირი. მოუთმენლობამ შეიპყრო ჟენი და აღელვებული  წავიდა კაპელდინერის მოსაძებნად.
- არავის არ ვუკითხივარ?
- არა მადმუაზელ.
- დღეს ოთხშაბათია, ჩემი იები კი არსად არ არის. იქნებ ბერნარს დაავიწყდა გადმოეცა ისინი ჩემთვის.. ან რამე გაუგებრობა მოხდა...
- გაუგებრობა ქალბატონო? რა სახის გაუგებრობა? თუ გნებავთ წავალ შვეიცართან...
- დიახ გეთაყვა... თუმცა არა, არ ღირს. მე თვითონ გამოვკითხავ ბერნარს სახლში წასვლისას..
ჟენის საკუთარ თავზე გაეცინა:

“უცნაური არსებები ვართ - გაიფიქრა მან- ექვსი თვის განმავლობაში თითქმის არ ვიმჩნევდი ამ ყმაწვილის მოკრძალებულ ერთგულებას. და ახლა, უცებ, მხოლოდ იმიტომ რომ დამაკლდა ეს ყურადღების ნიშნები,  ვღელავ ისე, თითქოს საყვარელ მამაკაცს ველოდებოდე,.. „ახ, სელიმენა, რა მწარედ ინანებ ალცესტზე, როდესაც ის გაუსაძლისი მწუხარებით შეპყრობილი, მიგატოვებს".

სპექტაკლის შემდეგ ჟენიმ შვეიცართან შეიხედა 
-  ბერნარ, სადაა ჩემი თაყვანისმცემელი, ნუთუ თქვენ არ გამოუშვით ის ჩემთან?
- მადმუაზელ, თითქოს ჯინაზე დღეს ის არ მოსულა... პირველად ნახევარი წლის განმავლობაში არ გამოცხადდა თეატრში. მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მადმუაზელმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
- უცნაურია. იქნებ ვინმემ გააფრთხილა და მას შეეშინდა?
- არა მადმუაზელ, რას ამბობთ... ჩვენს გარდა ამის შესახებ არავინ არ იცოდა....
- თქვენ არავისთვის არ გითქვამთ?
- არა, მეც ვდუმდი... ცოლისთვისაც კი არაფერი მითქვამს...
- მაშინ რითი ახსნით ამ ყველაფერს? 
- ვერანაირად ვერ ავხსნი მადმუაზელ... იქნებ დამთხვევაა.. და იქნებ მობეზრდა ეს ყველაფერი... იქნებ ავად გახდა... ვნახოთ შემდეგ ოთხშაბათს რა იქნება... 

მაგრამ შემდეგ ოთხშაბათს ისევ არ იყო არც სტუდენტი და არც იები.
- რა მოვიმოქმედო ბერნარ? როგორ ფიქრობთ, იქნებ მისი მეგობრები დაგვეხმარონ ყმაწვილის ძებნაში? ან იქნებ პოლიტექნიკური სკოლის დირექტორს მივმართოთ?
- მაგრამ ამას როგორ მოვახერხებთ მადმუაზელ? ჩვენ ხომ მისი სახელიც კი არ ვიცით.
- ესეც მართალია ბერნარ. რა სამწუხაროა ეს ყველაფერი! არ მიმართლებს ბერნარ.
- კმარა მადმუაზელ. თქვენ ასე ბრწყინვალედ ჩაატარეთ ეს სეზონი. მალე გაემგზავრებით გასტროლებზე სადაც ახალი წარმატებები გელით... ნუთუ ცოდვა არ არის იმის თქმა რომ არ გიმართლებთ!
- თქვენ მართალი ხართ ბერნარ!- მე  უმადური არსება ვარ... მაგრამ რაღაც ძალიან შევეჩვიე ჩემს იებს.

მეორე დღეს ჟენიმ დატოვა პარიზი. ანრი სტალი თან ახლდა მას ამ მოგზაურობაში. რომელ სასტუმროშიც არ უნდა გაჩერებულიყო ჟენი, მისი ოთახი ყოველთვის იძირებოდა ვარდებში. პარიზში დაბრუნებულს აღარც ახსოვდა რომანტიკოსი სტუდენტი.

ერთი წლის შემდეგ, მან მიიღო წერილი ვინმე პოლკოვნიკ ჟენევრიესგან, რომელიც კერძო საქმეზე შეხვედრას სთხოვდა. წერილი ძალიან კორექტულად და დიდი მოწოწებით იყო დაწერილი, და არანაირი მიზეზი არ არსებობდა შეხვედრაზე უარის სათქმელად. ჟენიმ შესთავაზა პოლკოვნიკს, რომ ერთ-ერთ შაბათ საღამოს მოენახულებინა.

პოლკოვნიკი  ჟენევრიე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ტანისამოსში გამოწყობილი მოვიდა. ჟენი შეხვდა მას იმ მომხიბვლელი უშუალობით, რომლითაც დააჯილდოვა ბუნებამ და ასწავლა სცენამ. მაგრამ მის საქციელში მაინც იგრძნობოდა უთქმელი კითხვა: რა უნდა მისგან ამ უცხო მამაკაცს? ის მოთმინებით ელოდა განმარტებას..

- დიდ მადლობას გიხდით მადმუაზელ, რომ დათანხმდით ჩემს მიღებას. მე ვერ შევძელი ამეხსნა წერილში ჩემი ვიზიტის მიზეზი. და თუ მე უფლება მივეცი ჩემ თავს რომ მეთხოვა თქვენთვის შეხვედრა, დამიჯერეთ ამის მიზეზი არა მამაკაცური სითავხედე, არამედ მშობლის გრძნობები იყო. თქვენ ხედავთ, რომ მე შავებში ვარ გამოწყობილი. მე ვგლოვობ ჩემს შვილს, ლეიტენანტ ანდრე დე ჟენევრიეს, რომელიც მოკლული იქნა ორი თვის წინ მადაგასკარზე...
ჟენიმ უნებლიე მოძრაობა შეასრულა, თითქოს უნდოდა ეთქვა :- „მთელი გულით ვიზიარებ თქვენს მწუხარებასო, მაგრამ...“     
-ჩემთვის ცნობილია მადმუაზელ, რომ თქვენ არ იცნობდით ჩემს შვილს... მაგრამ  ის გიცნობდათ თქვენ და აღფრთოვანებული იყო თქვენით. წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ყველაფერი რასაც ახლა გეტყვით სრული სიმართლეა. მას უყვარდით და გაღმერთებდათ ყველაზე მეტად ამ მსოფლიოში.
- მემგონი ვხვდები პოლკოვნიკო. მან თვითონ გაგანდოთ ამის შესახებ? 
- მე? არა. მან თავის დას მოუყვა ყველაფერი, რომელიც მისი მესაიდუმლო იყო.

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როდესაც ის დასთან ერთად წავიდა „ სიყვარულის და შემთხვევის თამაშზე“. სახლში დაბრუნებული ბავშვები აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ თქვენზე : „რამდენი სისუფთავე და სიზუსტეა მის თამაშში, რამდენი ამაღელვებელი პოეზია!..“ ისინი კიდევ ბევრ რამეს ლაპარაკობდნენ თქვენზე და ეჭვი არ მეპარება რომ მათი ქება სამართლიანი იყო... და მაინც ვნებიანობა, დამახასიათებელი ახალგაზრდობისთვის, მისი მზად ყოფნა იდეალიზირებისთვის... ჩემი საწყალი ბიჭი მეოცნებე, რომანტიკოსი იყო...
- ღმერთო ჩემო - შეიცხადა ჟენიმ- ესე იგი ის იყო...
- დიახ, მადმუაზელ, ის პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტი, რომელსაც ყოველ ოთხშაბათს თქვენთვის იების თაიგული მოჰქონდა, ჩემი ბიჭი ანდრე იყო... ეს უკვე ჩემი გოგოსგან გავიგე. ვიმედოვნებ, რომ ამდაგვარი ბავშვური სიცელქე, გულუბრყვილო აღფრთოვანების ნიშანმა არ გაგაღიზიანათ... მას ხომ ასე ძლიერ უყვარდით თქვენ, ან იქნებ ის ხატება უყვარდა, რომელიც მისმა წარმოსახვამ შექმნა, რომელსაც გულით ატარებდა... მისი ოთახის კედლები მორთული იყო თქვენი პორტრეტებით...  რამდენი ძალისხმევა დასჭირდა მის დას, რომ რომელიმე თქვენი ფოტოგრაფისგან მოეპოვებინა რაიმე  თქვენი პორტრეტი! პოლიტექნიკურ სკოლაში დასცინოდნენ მის ვნებას. „მიწერე მას ყველაფერი“ - ეუბნებოდნენ ისინი.
- სამწუხაროა რომ მან ეს არ გააკეთა... 
- გააკეთა მადმუაზელ! მე მოგიტანეთ თქვენ წერილების მთელი შეკვრა, რომლებიც არ იქნა გაგზავნილი. ჩვენ ვიპოვეთ ისინი მისი სიკვდილის შემდეგ.

პოლკოვნიკმა ჯიბიდან ამოიღო პაკეტი და გადასცა ჟენის.
ერთხელ მან მაჩვენა მე ეს წერილები,- ხელნაწერი წვრილი, სწრაფი, ძნელად გასარკვევი.
მათემატიკოსის კალიგრაფია, სამაგიეროდ პოეტის სტილი.
- შეინახეთ ეს წერილები მადმუაზელ. ისინი თქვენ გეკუთვნით და მომიტევეთ ასეთი უცნაური ვიზიტი.
მე ჩავთვალე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა შვილის ხსოვნისთვის. ... თქვენს მიმართ მის გრძნობაში არ იყო არაფერი ქარაფშუტული და უპატივცემულო. იგი გთვლიდათ სილამაზის და სრულყოფილების განსახიერებად. გარწმუნებთ, ანდრე იმსახურებდა თავის დიდებულ სიყვარულს.
- მაგრამ რატომ არ ცდილობდა ჩემს ნახვას? რატომ არ ვეცადე მე თვითონ მასთან შეხვედრას... აჰ, როგორ მეზიზღება ჩემი თავი ამის გამო...
- ნუ ადანაშაულებთ თქვენ თავს ქალბატონო... თქვენ ხომ ვერ გეცოდინებოდათ... პოლიტექნიკური სკოლის დამთავრებისთანავე ანდრემ მოითხოვა რომ გაეგზავნათ იგი მადაგასკარზე... არ დაგიმალავთ ამ გადაწყვეტილების  მიზეზი თქვენ იყავით... დიახ, იგი ეუბნებოდა დას:

„ ამ ორიდან ერთ-ერთი განმკურნავს, ან გამიჯვნა და მოწყვეტა ამ უიმედო ვნებისაგან ან რაიმე გმირობის ჩადენა"
- და  ნუთუ მოკრძალებულობა, ერთგულება და კეთილშობილება არ არის ნებისმიერ გმირობაზე უკეთესი? - ამოიოხრა ჟენიმ.

როდესაც შეამჩნია, რომ პოლკოვნიკი წასასვლელად ემზადებოდა, იმპულსურად წაავლო ხელი.  - თითქოს არაფერი ცუდი არ ჩამიდენია - თქვა მან- და მაინც....  და მაინც ვფიქრობ რომ ვალში ვარ გარდაცვლილთან, რომელმაც ვერც მოასწრო ცხოვრებით დატკბობა.... მისმინეთ პოლკოვნიკო, მითხარით სად არის დაკრძალული თქვენი შვილი... გეფიცებით სანამ ცოცხალი ვარ ყოველ ოთხშაბათ დღეს მივუტან საფლავზე იების თაიგულს.


-აი რატომაც... - დაასრულა თავისი მონათხრობი ლეონ ლორანმა - აი რატომაც,  ჟენი, რომელსაც ბევრი თვლის სკეპტიკურ, ცივ, ცინკურ ქალად, უცვლელად ყოველ ოთხშაბათს ტოვებს მეგობრებს, სამსახურს და ზოგჯერ საყვარელ ადამიანსაც და მარტო მიდის მონპარნასის სასაფლაოზე, უცხო ლეიტენანტის საფლავზე...  და აი ახლა, თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ეს ისტორია ზედმეტად სენტიმენტალურია ახლანდელი დროსთვის.


სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც შემდეგ ბერტრან შმიტმა  დაარღვია სიტყვებით :
- ამ ქვეყნად ყოველთვის იარსებებს რომანტიკა, მათთვის, ვინც ამას იმსახურებს.



http://andremorua.beon.ru/19382-778-fialki-po-sredam.zhtml

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები