ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2011


გასაუბრება ვაჟა-ფშაველასთან

დაგვიანებული, 
მაგრამ  დროული  გასაუბრება  ვაჟასთან


პირველი  თავები  პოემიდან


დღემდის  ვერ  გითხარ  ლექსადა,
გულს  თქმა  რისიც  რო  ეწადა...
ანთუ  იმასა  ვცდილობდი, 
რომ  სიბერემდის  მეცადა...

ჩემ  იყავ,  ჩემში  ცოცხლობდი
რაც  თავი  მახსოვს  კაცადა,
ამადაც  არცრას  ვჩქარობდი, 
სიჩქარე  არც  მაქვს  წესადა,
ჯერ  ჩემ  თავს  ღირსად  არ  ვთვლიდი,
შენთან  უბნობა  მეცადა.
მაგრამ  უტია  ცხოვრემამ
ისე,  გულ  ამომეწვა  და,
ვეღარ  ვუმზირე  ამდენი
ჩვენთ  ყანათ  ავად  მლეწავთა...
გულს  ეზედმეტა  ვარამი,
მეც  მიმომკეცა  ლერწმადა,
თავი  რო  ვაჟკაც  მეგონა,
ძაბუნად  დავრჩი,  შემცბრადა...
იმის  ნაძველად  დამაგდო, 
რაც  სიამაყით  მცეცხლავდა,
წამგვარა,  რაც  რამ  მებადა
და  მიჩნდა  ოქრო-ვერცხლადა
და  სიჩაუქით  გულსავსეს
სალმობად  გამომეცხადა...
აწუკვე  ვინ  ვარ,  რა  ვარ  და
რის  ძალი  შემწევს  მაშვრალსა
თავად  არ  ვუწყი,  სხვას  ვკითხო,
გზას  დამაყენებს  რა  მშრალსა...

გული  დამღლია,  ვაჟაო,
სულს  მოსჭარბვიან  ცოდვანი...
ორგულნი  მომრავლებულან,
კეთილნ  დამრჩალან  ცოტანი,
ყორანნი  მოგვძალებიან
დაჭრილ  არწივის  მკორტნავნი...
მაცხოვრის  თითის  მკვნეტავნი,
ღვთის  სახლის  კედელთ  მკოდავნი...
მიკვირს  კიდეც  რომ  ძალ  შემრჩა,
როცა  მკვდარს  ვგავარ  მოკვდავი..

მამულს  გავხედავ  ბინდიდან, 
თვალებზე  რომ  მომრევია...
რასაც  შენ  როდის  ნატრობდი,
კვლავ  სანატრელად  გვქცევია...
ატროვებულნან  ჭილყვავნი, 
ჩვენს  მამულს  მკლად  დარევიან, 
რაც  ნაჭერ  დაგვრჩა  მამულის,
თავისად  მიუჩნევიათ...
ზოგ  სყიდვით,  ზოგიც  ჩუქებით  , 
კიდევაც  გადუქცევიათ, 
უცხონი  შემოთესლილან,
ჩვენები  გაუქცევიათ...
აქ  მიატოვეს  სახლკარი,
სხვათ  მონად  გადუქცევიათ..

მომრავლებულან  მუმლივით
თესლნი  უცხოთა,  ცხრაფერნი...
ნახეს  რა  მისუსტებული
ქვეყანა,  სულის  მღაფველი, 
ყველას  გახსნიათ  მგლის  მადა, 
მუქთ  ლუკმის  გადამყლაპველი...
მოძოვეს  ჩვენი  მინდორი, 
გაკაფეს  გასაკაფველი...
არც  ტყეს  ინდობენ  არც  ყანას, 
არც  ვენახის  სწამთ  სახელი...
გულ  გაგისკდების,  მგოსანო, 
რო  გახდე  ამის  მნახველი...

მიწაც  ქცეულა  სისხლისფრად,
როგორც  რო  მწიფე ძახველი...
გახარებული  ხორხოცობს
ჩვენი  სიავის  მძრახველი...
ბილწად  უბნობენ  თავხედნი,
ათას  სიბრიყვის  მჩმახველნი, 
ირყვნება  ჩვენი  ბალღობა,
მომავალს  გვიწვრთნის  სხვა  ხელი...
გვიბითურებენ  ქართულსა
ეს  ქრისტეს  კვართის  დამხევნი...
ვხედავ,  ძალაზე  მოდიან,
არ  ჩანან  უკან  დამხევნი...
სხვიის  ენას  ძალით  გვტენიან,
არ  გინდა  -  მზად  აქვთ  სახრენი...
ჩამოამსევეს  რამდენი
მეჯღანე,  პარიკმახერი, 
სხვადასხვა  ფერი  დიაცნი,
თვის  სახლში  არცრის  მსაქმელი,
სასწავლად  უცხო  ენისა
ესა  ყოფილა  საშველი...

მარტო  ეს  იყოს  რა  გვიჭირს,
სხვა  რამეცა  გვაქვს  სამხელი...
რაღაცას  ისეთს  შვრებიან 
ეს  მოწოდებით  გამრყვნელნი,
ბალღებს  სიბილწეს  აჩვევენ,
მრცხვენია  ამის  გამხელის, 
მაგრამ  რომ  არ  ვთქვა
ვით  ვმალო,
ეს  სააუგო  სათქმელი...

რაღაც  ხელნაკეთ  ფალოსებს
თვით  მიჩვეულნი  იმთავით,
ჩვენს  ქალვაჟემსაც  აჩვევენ,
არცვინ  ჩანს  თან  განმკითხავი...
ახლა  შენც  ხვდები,  მგოსანო,
ჩვენში  სიბილწე  ვით  ჰყვავის..

საითკენ  მიჰყავთ  ქვეყანა
შინამავნეთა  მძლავრობას,
აქიდანაც  ჩანს  თვალნათლივ,
არ  უნდა  დიდბრძენმთავრობა.
არ  სხვა  რამ  ჭირი  გვაკლია,
გვიყელა  ჭირთამრავლობამ,
გაჭირდა  თავაწეულად 
ამ  წუთისოფლი  მგზავრობა....

მომრავლდნენ  მომსვლელ-წამსვლელნი
ვითომდაც  ქვეყნის  მმართავნი, 
კოჭზევ  რომ  ვატყობ,  რომ  ჩანან
სიკეთის  არდამმართავნი...
ათასი  ჯურის,  ცხრაუცხო,
უცხო  რამ  ნასკვთა  მკვალთავნი...
გადაგვარებას  ქვეყნისას
ერთად  თათბირობს  ცხრა  თავი,
ზნე  და  ტვინ  გამრუდებული,
გონებაგაურანდავი...

ზნეჩვეულებებს  გვიბილწვენ
უცხოს  გვახვევენ  სირეგვნეს,
ისიც  არ  მოსდით  ჭკვაშია,
საყდარნი  ზართ  რომ  გვირეკვენ...
არ  უდგას  ჩვენს  ჯიშრჯულობას
კარგი  დღე  მათგან,  ვინც  გვექმნენ
ამ  ქვეყნის  საჭეთმპყრობლებად,
რაც  გვაქვს,  იმასაც  გვილეკენ...

მოვლა-განვრცობის  სანაცვლოდ,
სყიდვას  უხშირეს  მიწათა...
გლეხს  ვერ  მოუხნავს  სახნავი,
სოფელს  სვე  გაუპირძაღლდა...
ფასი  დაკარგა  შრომამა
ქართველი  რითაც  ლხინს  ძრავდა,
ხეს  ვერ  მოუსხამს  ნაყოფი,
ვაზი  არ  ფასობს  ქინძადა,
მის  მოვლას  გადაყოლილი
მეზვრე  კი  გვყავის  ფხიზლადა,
მაგრამ  არაფერ  გამოსდის
საქმე  აქ  გასახიზნადა  -
ვერ  გაუყიდავ  ყურძენი
ქარვისა  მჯობი  -  წიპწადა.

უსაქმურობამ  დაღალა
ვაჟკაცნი,  შრომის  მსურველნი,
გარჯაში  დაუღალავნი,
ჭირ-ლხინში  დაუურველნი.
ურგებად  შერჩათ  მხარმკლავი,
დღეღამ  ჯალაბზე  მზრუნველი...
ჟამი  მობრუნდა  შიმშილის,
სულის  და  გულის  მჭმუნველი...
გარყვნის,  დამცრობის,  დასმენის,
და  ჩაგვრის  კაცთდამთრგუნველის..
ჯერ  სული  გვიდგას  წვალებით,
ხვალზეგ  უარესს  მუნ  ველი...

2...


ოციწლისწინა  ძმათაკვლამ
ამ  დროს  დაუდო  სათავე...
ცით  ღმერთი  გაწყრა,
ძირს  ბედი,
უღვთობამ  იგდო  სადავე...
მამა,  ძე  და  სულიწმიდა
ერთად  განგვიდგა  სამთავე...
ღვთისნიერთ  ჭიტლაყ  ამაჰკრეს,
ერს  უღმერთონი  მართავენ...
სყიდიან  არგასასყიდველს,
თან  ტაშფანდურებს  მართავენ...
ბრიყვულად  ხარჯვენ  ხალხის  ფულს,
გლახაკთ  ხელს  არ  უმართავენ...
გარბიან  ერისშვილები,
საშველად  სხვებს  მიმართავენ...
გაგვინახევრდა,  ისედაც
მცირე  ჯილაგი,  საკვდავებს...
მტერს  მიაშავეს  მამულის
გული  და  წყალთშესართავი...
ბევრს  კიდევ  შემოგჩივლებდი,
განა  ნებას  არ  დამრთავენ,
მაგრამ  გულ  რად  გაგიხეთქო,
რადა  ვქნა  საქმე  მათთავე...
რაც  რო  დაგვმართეს,  ხვალზეით,
ვგრძნობ,  მეტსაც  რომ  დაგვმართავენ...
ხალხს  ხელფეხი  აქვს  შეკრული,
პირს  -  ამობმული  სადავე...
მომრავლდდნენ  მომსმენ-დამსმენნი,
ამ  საქმით  ხელს  იმართავენ...
რაც  ჟამთასვლაში  ვინახეთ,
მუქთად  ატანენ  ჟამთავე...
წინ  არ  ჩანს  სხივის  ჭიატი,
თვალნი  ხსნას  ვერსად  ლანდავენ...
მიდიმოვდივართ  გონბრმანი,
ვერ  ვხვდებით,  რომ  ვართ  მანდავე...
ჩვენი  ვერ  გაგვირკვევია,
სხვას  წამოვუწყებთ  რა  დავებს...
ლაყბობენ  მაძღრიშვილები,
პოლიტიკობენ,  გვნათლავენ...
მაინც  რამდენი  გვყოლია
ორპირი,  დიდმოღადავე...
გარეთ  მტერს  თვალს  უბრმავებენ,
შინ  ჩხირზე  ქსელებს  ართავენ...
ემრავლათ  მილიონები,
მიწყივ  წელგაუმართავებს. 
ისწავლეს  უცხოთ  კურსებზე
ეშმას  ხერხები  სამთავე,
ხვეჭის,  გლეჯის  და  შეწერვის
გარშემო  ხაფანგთ  ხლართავენ...
ბევრი  დატოვეს  ქვამშრალზე,
ბევრნი  თვით  ექცნენ  ყმადავე...
ვინც  სამართალი  ითხოვა,
თავ-საღი  გაუქვათავეს...
ურჩთ  მიუჩინეს  დილეგნი,
ბევრს  იქაც  გვემენ,  ფატრავენ...
ბევრათასეულ  მომჩივანთ
წყლით,  შხამით,  ტყვიით  ფანტავენ...
დაძაბუნებულ  მწირმაშვრალთ
დარჩათ,  გადავლონ  ცხრამთავე,
აქ  ხსნას  რომ  ვერსით  ეწივნენ,
იქნებ  იქ  არგონ  რამ  თავებს...
მეც  ბევრსა  ვფიქრობ,  პაპაო,
მეც  ჩემი  დამემართავე,
მაგრამ  ვერაფერს  გამოვრჩი, 
მგზავრი  ვარ  იმავ  გზათავე...
რაც  ყანა  ვთესე  ოცნების, 
ერთიც  ვერ  დავათავთავე...

3.

მიმოასხვისეს  ტყეები,
საზვრეც,  საბაღეც,  საყანეც...
საძოვარ-სათიბ-სავალიც
ფეშქეშო  -  მიუთაყვანეს,
თქვენ  ოღონდ  ფული  დაყაჭეთ,
მამულს  იძენთო  საყვარელს...
ყურს  ნუ  უგდებთო  წამითაც
ერის  და  ბერის  ყაყანებს...
ასე  გაწირეს  მამული,
არც  შეცბნენ,  არც  დაახანეს,
კვლავ  ასე  ვაჭარ-ჩარჩობენ,
გაუტკბათ  ერთხელ  რახან  ეს...

კაცი  არ  დარჩა,  ვაჟაო,
რომ  ერქვას  კაცი  კაცადი,
გემო  დღეს  როა,  ამ  ყოფის
არ  ჰქონდეს  გამონაცადი...
ბევრმა  გაუძლო,  ბევრმა  ვერ,
გათავდა  გამოქანცვამდის,
ზოგან  ძლივს  ბჟუტავს  კერია,
ბევრგან  ქოხს  ბოლი  არც  ადის...
ერიც  ვერშევკრბით  ერადა,
დავთითოვდით  და  დავცალდით,
თორემ  ერთ  მუშტად  შეკრულნი,
აქამდე  მთაკლდეთ  დავძრავდით...
გზათა  შენების  ბუმი  გვაქვს,
არცერთ  არ  მიდის  ტაძრამდის...
ღმერთს  პატიებას  შესთხოვდი,
სანამდე  სიტყვას  დავძრავდი,
ჩვენივ  ბრალია  სუყველა,
თვალებზე  ცრემლი  რაც  დაგვდის...
თავშივე  ფიქრი  უნდოდა
ბოლოს  მიღწევას  საწადლის...
ჩვენ  ჩვენ-ჩვენს  ჭურში  ვიყუჩეთ,
მიტომაც  ერთად  გავწვალდით...
ასეც  დავრჩებით  ბეჩავნი
ჩვენს  ცოდვათაგან  დაცლამდი...
ვინც  ურდოთ  ვერკინებოდით,
ვინც  ქრისტეს  გამო  გავწამდით,
ურწმუნოებით  ნაბილწნი
შინგაზრდილ  მტერთან  დავწყნარდით...
ვერც  დავირჩინეთ  სახელი,
ვერც  სხვას  ვეწიეთ  რამ  წადილს,
ვერც  ჯავრ  ვიყარეთ,  ტიალი,
ჯავრს  ვხრავ  შავ  წლიდან  შავ  წლამდი...
დავჯერდი  ბეჩაობასა,
შავ  სიზმარცხადით  გავწამდი...
ისეთს  სახილვლებს  ვუყურებ, 
შენ  კვირვით  თვალთ  დაპრაწავდი,
მე,  მიჩვეული  უარესს,
თვალთ  ზედ  ვაშტერებ  დაწვამდი...
მე  ერთ  დროს  ლაღიც,  ამაყიც,
წელგამართულიც,  ნაწვართიც,
ლხინში  რო  ლხენა  ვიცოდი,
ჭირში  რო  მგელს  გავბაწრავდი...
ნადირს  რო  კლდეზე  ვასწრებდი, 
ხაჯალზე  რო  მის  მწვადს  ვწავდი,
დღეს  მნახო,  შაგებრალები
შიგ  მაგ  დიდ  გულის  კაწვრამდი...
ისე  ვარ,  თითქოს  ქოხმახი
თავზე  დავიწვი  ნაცრამდი...
ან  -  მთაზე  მდგარი  ლუხუმი
ჭაობში  ჩამოვბანცალდი...
მთაქედს  გავხედავ,  შევჩივი  -
მთებო,  თქვენ  რად  ვერ  ამწვანდით?!.
ტყენო,  თქვენ  რაღა  მოგსვლიათ, 
რა  ცულით  გკაფეს,  რა  წალდით?!.
სულ  მეწყრად  რად  მოშვავდება, 
ამართულ  იყო  რაც  ცამდი?!.

4...

ღმერთო,  ცოდვილთაც  მოგვხედე,
ამგვარად  ვგვძარცვონ  სადამდის?!.
ჩვენსას  ასე  რად  დახარბდნენ,
ჩვენ  სხვისას  სად  რას  დავხარბდით?!.
დღემდე  რით  ვერ  მოვიხადეთ
სიკვდილის  დარი  სახადი?!.
ვერც  დავიცავით  მამული,
დედის  ხატად  რომ  ვსახავდით?!.
ვის  თავი  კიტრად  მოგვქონდა,
ბედოვლათებად  დავხვავდით...
გვაჯობა  ეშმაურთ  ხროვამ,
ჩვენ  ხახამშრალნი  დავხანდით...
ვისაც  გვეგონა,  ქვეყნისთვის
ხოდაბუნთ  ფრჩხილით  დავხნავდით...
წელებზე  ფეხს  დავიდგამდით,
თუ  მას  ბეჩავად  ვნახავდით...
რამდენჯერ  მტერს  ვუხანძრივართ,
იმდენჯერ  ახლად  ავყვავდით,
დღეს  კი  ისე  ჩანს,  ამ  პარტახ
მამულს  -  მიტანილს  დახლამდის...
ღვთის  მეტი  თუ  ვინ  უშველის,
გულს  მივუწევდი  ლახვრამდი
ანდა  ჩემს  ღმერთად  ვიტყოდი,
არც  მექნებოდა  სხვა  ხატი...
მინდა  ვიყვირო  ხრინწამდე
გულიდან  ამონახადი:
-  ვინა  ხართ,  რა  რჯულისანი,
კრულ  ვერცხლს  რო  აგრე  დახამდით?!.
უფლის  მსჯავრს  სად  გაექცევით,
რო  მოგდევთ  მაგ  სრა  სახლამდი?!.
სულ  არმად  აგებულამდი,
მოოქრულ  რო  გაქვთ  თაღამდი...
მე კი,  მე  ღარიბ-ღატაკი,
გაუხარებლად  დავღამდი...
რაც  მე  ღამეებ  ვათიე
ქვეყნისთვის  აღმით  ჩაღმამდი...
თქვენ  საპარპაშოდ  შთენილა,
რაც  სისხლ  გვიღვრია  აქამდი...
ამაზე  ვტირი  გულმკვდარი,
მოკლდება  ჩემი  დაღმართი...
თქვენ  მადლით  ჩვენი  მდინარე
რამდენი  -  საზღვარს  გაღმა  დის...
მიტომ  არ  მიკვირს  რჯულძაღლნო,
ნაადრევად  რო  დავფხავდი...
არც  ისეთს  ვერას  გიშავებთ,
დავჩაჩანაკდი,  დავმცხრალდი...
არც  რო  მწარ-მლაშე  რად  არის,
პირზე  სისხლცრემლი  რაც  დამდის...

5...

სხვა  რაღა  გითხრა,  ღვთისსწორო, 
თუმც  ვერ  მღლის  შენთან  უბნობა.
იმასა  ვნატრობ,  დამკვიდრდეს
ქვეყნად  კვლა  უფლის  უფლობა,
ქარს  გაჰყვეს  მოუსავლეთში
ეს  შავ-ყომრალი  ღრუბლობა...
გვაცილოს  მალე  განგებამ
წუმპე-ჭაობში  სულ  ფლობა...
გვეღირსოს  ლხინი,  ნადიმი,
მამაპაპური  სუფრობა...

თუმც  ნატვრა  ნატვრად  დაგვრჩება,
ვიდრე  არსით  ჩანს  მაშველი,
ერი  ერთობით  ძლიერი,
ამათ  ავის  ქმნის  დამშლელი...
მზე  არ  ამოვა  ვიდრემდის
ბნელვერაგობის  მშაშვრელი...
ვიდრე  დიდგორს  არ  შედგება
დიდგორის  დროშის  გამშლელი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები