ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2011


სურვილი

მიყვარს, როცა ადამიანი იმაზე უკეთესი ჩანს, ვიდრე არის. ასეთია ბუნების კანონი – უკეთესობისკენ ისწრაფეთო. აბა, ბედნიერებაც არ იქნებოდა ბედნიერება, იმაზე მეტი რომ არ გვეგონოს, ვიდრე არის. ჩვენი თავიც კარგი უნდა გვეგონოს და მისგან კარგი არაფერი გვიკვირდეს, სწორედ მაშინ ვიქნებით სხვებისთვის მისაბაძნი. მე მიყვარს ადამიანები არა ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან, არამედ ისეთები, როგორებსაც მე აღვიქვამ. სუბიექტური ხედვა ყველაზე ნამდვილია, ასე ხედავ და მორჩა. ძალიან ლამაზია ყველაფერი, რატომ სხვანაირად? ასე, ჯობს, უფრო ლამაზია სამყარო და მორჩა იმიტომ, რომ მე ასე მინდა.  ვარდისფერი სათვალეა ეს? შეიძლება, მაგრამ სათვალე არა, ხელოვნურია. ხედვაა ლამაზი, ვარდისფერი, სიზმარისეული. გაუმარჯოს ამ სიზმარს, იმპრესიონისტულს, ათასფერს. ვინც მას ვერ ხედავს, ღმერთო, მასაც დაანახე. ეს საოცრებაა, მართლაც იმპრესიონიზმია ცხოვრება ჩემი. მხატრის ფუნჯსა და პოეტის კალამს თუ შეუძლია მისი გადმოცემა, თუმცა პლასტიკაშიც ვაქსოვ ხოლმე და ამ ბოლოს, ნოტებშიც. არ, მეგონა, მაგრამ შევძელი. თურმე სურვილი უზენაესია ამქვეყნად და შესაძლებელია, კლასიკაც კი დაწერო, როცა ნოტები არ გახსოვს. ჰო, ნამდვილად, სურვილია უმთავრესი. ის რომ არა, არ იქნებოდა ჟინი, აღტკინება, მისწრაფება, არაფერს ექნებოდა ხალისი და გემო, ყველაფერი მექანიკურ მანქანას დაემსგავსებოდა. რომ არა სურვილი, მხოლოდ საცოდავი მოვალეობა შერჩებოდა კაცობრიობას და ისიც ისე ათამაშებდა მას, როგორც დაგიბარებია  – თავის ნებაზე. როცა სურვილი გამოძრავებს, მაშინ ისაა ერთადერთი, რასაც ემორჩილები და ამქვეყნად ვერაფერი გაგაჩერებს, ვერაფერია შენი მომრევი და წამაქცევარი. სურვილია სიყვარულიც სიცოცხლისა და მოყვარისა. ამიტომაც, ნურასოდეს შეგრცხვებათ თქვენი სურვილების, მათი უგულვებელყოფაა სირცხვილი მხოლოდ, რადგან მაშინ საკუთარ თავს ეუბნებით უარს და თავს ითრგუნავთ, დეპრესიაში იგდებთ. სურვილი ჯანსაღია და ბუნებრივი, როგორც ხის ნაყოფი, რომელიც მწიფეა და თქვენგან მხოლოდ მოკრეფას და მირთმევას ელის.  და სიყვარულამდეც არაფერი გვაშორებს, როცა სურვილს მივყვებით, რადგან თავისთავად სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, გიყვარდეს და უყვარდე. ამიტომ, თუ სურვილის გემოს გაიგებთ, თქვენ მაშინ თავად სიცოცხლის ხილი გიგემიათ, მისი გემო გაგიგიათ და უარს ვეღარასოდეს იტყვით მასზე, რადგან სურვილია სამყაროს მამოძრავებელი ძალა, მისი მთავარი მოტორი, რომელიც არასოდეს ძველდება, არასოდეს, სანამ არსებობს სურვილი თუნდაც სუნთქვის, და თუ არ არსებობს, უსურვილობა დეპრესიაა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.იცხოვრეთ სურვილებით და თუკი ოდესმე თქვენი მოტორი გადაიწვება, გაიხსენეთ, როგორ გინდოდათ, როგორ გიხაროდათ ცხოვრება და აუცილებლად მოგინდებათ მისი დაბრუნება თქვენში.     
              უმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები