ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2011


ნაპირალი

კიდევ ცოტაც და:
- გკოცნი,
მიყვარხარ!
აბა, კარგად!

მაშინ  ისეთი თამამები  როდი  ვიყავით,
რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის  ხმამაღლა გვეთქვა,
მაგრამ დიდების  მიბაძვით როცა
ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს",
როცა ერთმანეთს ვერგებოდით,
მაინც,  რა იყო  ის უცნაური გა-აღ-ტაცება  -
- აი, ქარი  რომ ყვავილს მოწყვეტს
და    მინდვრიდან  შორს გააქროლებს...
არა!
შენივე ბატიფეხურის გამგებს  რომ ეძებ, 
იქნებ სიტყვა გამოგივიდა,
მაგრამ ქარი რომ  გამოგტაცებს  ფურცელს ხელიდან,
წაიღებს მაღლა,
მაღლა-მაღლა,
ტრიალ-ტრიალით,
მერე  ჩიტად  გადააქცევს,
შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში, 
სადაც სახლები  ბატიბუტის ცაში კიდია   
და ყირამალა ჩამოზრდილ  ხეებს
კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები
შიგ  ფანჯრებში  შემოუყვიათ
და  უცებ  დასცხებს ლიმონათის კოკისპირული,
იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან  ქაფი
მარდად რაფაზე  უნდა  აძვრე,
თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და  ყლაპო.

იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია
და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება,
რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები,
მაგრამ ჩიტები ქვავდებიან,
სეტყვად ცვივიან.

სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები.
ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან.
მეც,  დრო ვიხელთე,
როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს, 
გადმოგიჯექი
და  უჭმელობით  სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე
და თავჩაღუნულს მიხტოდა გული,
მეწოდა ყურის ბიბილოები.
რაღას იზამდნენ,
დავიმკვიდრე ჩემი  ადგილი.
პურის ყუები შენ გიყვარდა,
დესერტი - არა.

- ეს უკვე ჩემი ნაპირალია,
მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! –
- მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე.
დავლიე,
დავდგი,
შენც დალიე.
ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო,
ჩვენი ეს იყო:
იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით.
სხვა დროს  რატომღაც  გერიდებოდი.
მერე,
(არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?)
ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა
და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე,
მერე - არ ვიცი,
მერე  აცივდა,
მერე ბაღში აღარ მოსულხარ,
მერე გავიგე,
რომ სხვა ბაღში  გადაგიყვანეს.
მერე ზაფხული,
სკოლა,
ახალი სიყვარული,
ახლის ახალი.

იქიდან დამყვა,
ცხადშიც, სიზმარშიც
ადამიანებს და ყველაფერს,
გაღმა-გამოღმა სამყაროებს
მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით)
ვგრძნობდე,
მესმოდეს,
მიყვარდეს,
მძულდეს
გოგოს  და ბიჭის,
ქალის და კაცის გულისყურით,
ანუ  ბოლომდე  ვერ გავიგო,
სად დავრჩე ანდა სად წავიდე,
როგორ წავიდე
და როგორც თითი,
მოსრიალე  ცარიელი  ბოკალის პირზე,
გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და 
პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს,
უსასრულო წრეს ვუბრუნდები.
პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.

შენ?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები