ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


სითეთრე, ლურჯი ვეშაპი, სამოვარი...

ფანჯრების მიღმა სითეთრეა, მშვიდი საღამო.
ჭრელ მაკინტოშებს ელევიან სველი ქუჩები...
ფინჯანი ჩაით ცივ ოთახში შევიყუჟებით
და ორთქლი ასდის კოლჩუგინის თუჯის სამოვარს.

უხდება ქალაქს, რომ მოიხვევს ნისლის ცივ რიდეს
და რომ ბოლავენ აივნიდან - ამბუშურები...
ცა თითქოს ახლა  გარღვეული აბრეშუმია
ხელისგულზე კი ფთილა-ფთილა, ღრუბლებს გვიყრიდეს.

რა მარტივია ჩემთან ყოფნის შენი მოტივი -
ზამთრის სიცივე, მოდებული სხეულს ისლებად...
სანამ ქალაქი სარკმლის მიღმა ორთქლით იშლება
მოდი და მკერდზე, ბოლო სუნთქვად შემომიტოვე.

რომ აღებ სარკმელს და თვალების საქარე მინებს
თოვლი ეყრება, ფრიალებენ კრეტსაბმელები...
სანამ საბელით ეს სიცივეც დასაბმელია
სუნთქვით გამთბარი უძილობა დამალევინე.

ღამე. სიცივე. ბატის ფრთებად  ცა მოცელილი
და თრთვილით სავსე, ეგ ქუთუთოს თასიც დახრილი,
ქალაქს სითეთრე მოდებული - როგორც არხარი
ჩვენში სიჩუმე - მხართეძოზე  წამოწოლილი.
                                                                       
სანამ დღეები უძილობას შენზე  გეშავენ,
სანამ სჯული ვარ მე შენთვის და შენ კი ახუნდი
რა სიმშვიდეა...და თეთრ ქალაქს  როგორ უხდება
თვალების ზღვიდან ამომხტარი ლურჯი ვეშაპი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები