ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


ზღურბლთან...

საკვირაო წირვები...
პოკერ კლუბები... კაზინოს სახლები...
წითელ ფარდებაბრიალებული
ბორდელები... ბორდელები... ბორდელები...
ღმერთთან, ღმერთის გარეთ
თუ ეშმაკთან.
ყველა კარი ღიაა და ყველა კარი დახშული.
ყველგან საშვია საჭირო _
წმინდანობის ან ურწმუნოების,
ან ბოლომდე დაცემის.
... დედა აღმართს რომ აუყვებოდა, შორიდან,
ლანდი იყო თუ ადამიანის სილუეტი,
ვერ არჩევდი.
სოფლის ეკლესიამდე დაკიდულ ბილიკზე
შენც ბევრჯერ აგივლია.
ღმერთთან მიდიოდი, რიტუალთან,
თუ შენს დაკარგულ უხილავ "მესთან"...
ჰო, დამავიწყდა, სანამ
ტაძრის გალავნამდე ააღწევდი,
გზად ბოზ ნანუკიას
სახლთან უნდა გაგევლო.
შეგეძლო ჯერ ევას _
ცოდვის ნაყოფს _ "ზიარებოდი"
და მერე უფლისას.
რამდენჯერ, მისი კარის ზღურბლთან მდგარს,
ქვემოთ _ ნანუკიას მოშილიფებული მკერდის
ძუძუსთავები გეძახდა,
ზემოთ _ შენი სოფლის ეკლესიის ზარების რეკვა.
სულერთი იყო,
მეზობლის მწიფე გულაბს მოიპარავდი, თუ
ნანუკიას სავსე თეძოებს...
იქ, ზემოთ, უფლის სახლი და თან სოფლის სასაფლაო, _
იქ არ იბადებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ
ყველანი იქ სახლდებოდნენ. 
ზემოთ _ მარადიული სოფელი,
ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები,
შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით
ყოველ შაბათ-კვირას
და სადღესასწაულო დღეებში
ძინ-ძინ-ძინ _ როგორ წკრიალებდა
სოფლის ვეებერთელა ზარი
და ზღურბლთან არ გვაყენებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები