ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


ვისუსებით...

დადგა ზამთარი. დადგა, როგორც ჯიუტი ბავშვი,
სიცივეც უკვე ხერხემალში მიიზლაზნება,
ნათმენი თოვლიც ზეცას წასკდა და ნელა ბარდნის,
ჰო, მალე ჩვენი არსებობა მიიმალება

შიშისგან ყველა კედლის უკან და ყველა ჩიხში,
სადაც კი ნახავს მშრალ, უსისხლო  მიწას, ნიადაგს,
თავს ვერ დავაღწევთ საფლავებს და ვიცინებთ სიმწრით
ჩვენ ცოტახნით და ვისუსებით... როგორ მიაკვდა

შარშანდელ ზამთარს მეგობარი ვიგონებთ რადგან
ისევ ისე თოვს როგორც მაშინ, როგორც იმ ღამეს ,
როცა ჩვენ ყველას ჩაგვისახლდა ფილტვებში მახრა.
ვიცით, სულ მალე შემოაფლეთს ქარი იალქნებს

ჩვენს მშვიდ ცხოვრებას, გამრავლდება სისხლჩაქცევები
ჩვენს სხეულებზე სულით ახლა ტკივილის გორა
დაგვაქვს (რას ვიზამთ) ვიცით, ღმერთო , სწორად ვიქცევით
როცა არ ვუშვერთ ერთხელ გამრტყმელს მეორე ლოყას

როცა გვჯეროდა შენი მაშინ სამჯერ და ათჯერ, ასჯერ
გაგვარტყეს, დაგვაჩოქეს , მოგვკვეთეს ფრთები.
ღიად დარჩენის ჭრილობებში გვადნება თოვლი, ასე
ვართ დიდხანს. ჩვენი ნებით, ჩვენითვე ვხტებით

ჩვენივე მრავალსართულიან არსებობიდან.

ისე თოვს ახლა, როგორც მაშინ, როგორც იმ ღამეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები