ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2011


ბედუინი (ნაწილი VIII გაქცევა )

                                                                                                                  ისე სწრაფია და ისე ანჩხლი
                                                                                                                  ქარი - სამყაროს კიდემდე მივა...
                                                                                                                  უდაბნო, ზღვების მახინჯი ასლი
                                                                                                                  ათი აქლემის გაზომა მწკრივმა.
                                                                                                                     
                                                                                                                                ბექა ახალაია

    როგორც იქნა, ღამისპირზე სამალავს მივაღწიეთ. ქვიშის მომცრო ბორცვზე ისე გავწექი, რომ ჩადრიც არ მომიხდია.  დაქანცულობისაგან ისე მეძინებოდა, ოდნავი განძრევაც წარმოუდგენელი მეჩვენებოდა. ბედუინს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, მხოლოდ ტყავში გახვეული წყლიანი ბოთლი დამიდო თავთან და ჩუმად გამშორდა. 

სიზმარში ისე შევაბიჯე, თითქოს საკუთარი სახლის კარებში დანდობილად შევედი.
ჩემი სიზმარი თეთრი იყო. დამაშვიდებელი ნათებით იღვრებოდა უსასრულო სითეთრე.  ველი თეთრი იყო.  თეთრ ხეებს ისე უხდებოდათ თეთრი ფოთლები, თითქოს აყვავებული ნუშის ხეების ბაღნარში ვიდექი. თეთრ ყვავილებს, თეთრ ბალახს და თეთრ ქვებს, ნათებას მატებდა თეთრი კლდეები, თეთრი ცა და თეთრი მზე. ამ სითეთრეში, თეთრად მოსილი ადამიანები დადიოდნენ და გულღიად იღიმებოდნენ, ხელში ნიავით აფრიალებული თეთრი მანდილები ეჭირათ. უსამანო სითეთრე ქალწულებრივი სინაზით ავსებდა იქაურობას.  „ნეტავ მე რა ფერის ტანსაცმელი მაცვია?’’- დავიხედე სხეულზე. ისევ ქვიშისფერი სამოსი მეცვა, თავზეც ქვიშისფერი ნიკაბი მეხვია. ერთი პატარა თეთრი გოგონა მომიახლოვდა, ქვემოდან შემომხედა და თეთრი სამოსი გამომიწოდა. მადლობის ნიშნად გავუღიმე და სამოსი გულში ჩავიკარი. 

„ჯერ სტუმარი ხარ“ - მითხრა თეთრად მოელვარე კაცმა, - „ახლა  სიზმარში ხარ, მაგრამ კარგად დაიხსომე ეს სიზმარი, გაგიმეორდება. მობრძანდი, მოისვენე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ყველაფერი მალე გაქრება“. 
-„სად წავა ?“ -ვკითხე გულუბრყვილოდ. კაცმა გაიღიმა და არაფერი მიპასუხა. 

თეთრები გადავიცვი და  თეთრი ნაკადული რომ მოწანკარებდა, იმ ბილიკს  დავადექი. მწყუროდა. ნაკადულიდან პეშვით წყალი ამოვიღე და დავლიე. ერთმა ყლუპმა ისე დამარწყულა, - კარგა ხანს აღარ უნდა მომწყურებოდა. ხელპირი დავიბანე,  ხის თეთრ ფესვებში ჩავწექი  და ნაკადულს დავაცქერდი. ვისვენებდი ისე, როგორც არასდროს.  ცას გავხედე და  შავი წერტილი შევნიშნე.  სწრაფად იზრდებოდა. გარშემო მიმოვიხედე. ველი ფერს იცვლიდა. ხის ფესვები გაშავდნენ და ამოძრავდნენ,  ფეხებზე და ხელებზე შემომეჭდნენ და ერთიანად შემკრეს. ვეღარ ვინძრეოდი. ვყვიროდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. თეთრი ადამიანები ერთი-მეორის მიყოლებით ქრებოდნენ. ველიც გაქრა, მის მაგივრად ქვიშიანი უდაბნო გადაიჭიმა. თეთრი ნაკადული ქვიშაში ისე ჩაიკარგა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ქვიშა კი ისეთი მშრალი იყო, რომ მტვრად იშლებოდა, თითქოს წყალი არასოდეს ენახა.  ჩემს თავზე მდგომი ხე, ვეებერთელა შავ კობრად იქცა, საზარელი  შიშინი ამოუშვა,  შემომერკალა,  თვალი გამისწორა და ორკაპი ენა დაღებული ხახიდან ჩემსკენ ისროლა. მისი შხამიანი კბილი ჩემს სახეს გაუსწორდა. გველი მშვილდივით მოიდრიკა და კისერი უკან გაწია, ის იყო უნდა მძგერებოდა, რომ ხმა მომესმა,
    - „გაიღვიძე, დროა!“- ეს, ის თეთრი კაცი მეუბნებოდა ამ სიტყვებს. 

თვალი გავახილე. ქვიშის მტვრის და კიდევ რაღაცის სუნი მჭახედ მეცა. წამოჯდომა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. გვერდზე გადმობრუნებაში რაღაცამ  ხელი შემიშალა. ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო, ხელის მოშველიება ვცადე და უშედეგოდ. ფეხებს ვერც კი ვარხევდი. ძალა მოვიკრიბე დე ხელების გაშლა მოვინდომე მაგრამ ამაოდ, შეკრული მქონდა, ხელფეხგათოკილი  მიწაზე პირქვე ვიწექი. თმა რაღაც ზეთოვანით მქონდა გაზეპილი, სახეზეც რაღაც მსგავსი მეცხო და ისეთი ცუდი სუნით ყარდა, ვერ მივხვდი ასეთი საძაგელი სუნი რას უნდა ქონოდა.

    -„ნამდვილად სიზმარია.“ - დავირწმუნე თავი და განძრევა ვცადე. ისევ არაფერი გამომივიდა. 
  - „რა ხდება, რა მოხდა...“ - შიშმა ისე გამიარა ძარღვებში, რომ უკეთესი ბორკილი მართლაც წარმოუდგენელი იყო. დაყვირება მინდოდა, მაგრამ პირიც მაგრად მქონდა აკრული, ჩუმი და უძლური კვნესა ჩემს ტუჩებს არც კი გასცილებია. გაოგნებულმა თავი ისევ ქვიშაზე მივდე.

        ჩემს ყურს, შორეული ხმადაბალი საუბარი მოწვდა.  წმინდა არაბულ ენაზე, მაგრამ ჟარგონით ლაპარაკობდნენ, ორი? სამი? არა, ოთხი კაცი უნდა ყოფილიყო. მათ შორის ალ კაბირის ხმა ვიცანი. მის გარდა, კიდევ სამი კაცის ხმა ისმოდა.  ჩემს წინ კლდე იდგა,  მოპირდაპირე მხარეს მდგარ  კლდესთან  თაღოვან ხიდს ქმნიდა.  სწორედ იქიდან მოდიოდა ლაპარაკის ხმა.  მე მეორე მხარეს  ვიყავი და ლაპარაკი  ჩემამდე ცუდად აღწევდა.
    - „ვინ არიან, ამ შუა უდაბნოში როგორ გვიპოვეს, ან ის გველებიანი ადგილი როგორ გამოიარეს, იქნებ ანტილოპებზე მონადირენი არიან? ან ყაჩაღები,  ან იქნებ სულაც სხვა მხრიდან მოვიდნენ... კი მაგრამ მე რატომ ვარ გათოკილი?“

გაურკვევლობისაგან თავბრუ დამესხა. არაბული უკეთ მესმოდა - ვიდრე ვლაპარაკობდი  და მაინც,  გაბმული არაბულის აღქმა,  რომელიც სიმღერასავით უწყვეტად ისმოდა, გვარიანად გამიჭირდა, მაგრამ ნაცნობი სიტყვები სწრაფად დავიჭირე: 
„თელ ანთა როყიყ“, „საპფირ“„დ’ ებნატას საპფირ“ „იმრაა ჯამილა“ „კუდ ალია კუდ-უსიბა“ გავიგონე როგორ  შეუტრიალა კითხვა ალ კაბირმა - „საპფირ?“ პასუხიც გავიგონე „ანაჰ - ტხ ხრიბან მისლაჰ შაყიყ ალია საპფირ“.
      -და საჰხრე ელათაიან ჰადირათ, ვა’კენათ იმრა ტა-ჟე სუვალ ელ-ჰეისან, ალ კაბირ.  ტაიმა-ტეჟე დუჰაფ ჰილმარ აფ-ფის საჰრა?“
      -„ვა ლის ლუდ-დუ სივა რაყიყ ევაჰედეტე, ელედა კუმრა ხისო“ -  უპასუხა ბედუინმა.

      პასუხად  ხარხარი მოისმა. 
სანამ სიცილი გრძელდებოდა, გაგონილი გონებაში ქართულად გადავალაგე: 
„მონა ქალი,“ „ელჩი,“ „ელჩის დისშვილი,“ „ლამაზია,“ „შეიძლება დაჭრილია,“ „ის დასავითაა ელჩისათვის“,
„კლდეზე რომ ადიოდი ალ კაბირ შენს ცხენზე ქალი იჯდა, სად იპოვე უდაბნოში ქალი?“
„ახლა ხანს ვიყიდე მუნჯი მონა ქალი იაფად.“

    - ღმერთო, ესე იგი ჩემზე ლაპარაკობენ! მეძებენ, მაგრამ ვინ არიან?
საუბარი ისევ გაგრძელდა:
    - „მუნჯი მონა ქალი მისწრებაა, ყოჩაღ !“
მაგრამ ალ კაბირმა მშვიდად მიუგო:
    - მინდა მშობლებს დაეხმაროს, ისინი მოხუცდნენ, მე წელიწადში სულ ორჯერ ვბრუნდები შინ, ტიდიკელტიში. ჩემი დაც სადაცაა გათხოვდება.  მას მონასავით არავინ მოექცევა ჩემს სახლში. მუნჯია, სხვაგან  დაიჩაგრება, ჩემს მშობლებთან კი უსაფრთხოდ იქნება, თანაც იაფი ღირდა, ორასი  ამერიკული დოლარი.
 
    - რაღაცას მალავ ბედუინო, ქალი უნდა გვაჩვენო. - გაეპასუხა ერთი ჟღრიალა ხმა.
    - რატომაც არა,  ნახეთ, არა მგონია ის საცოდავი არსება უცხოელი ელჩის ლამაზი ნათესავი იყოს. მაგრამ რაკი ასე გსურთ მაგაზე უარს არ გეტყვით, ის ხომ მხოლოდ მონაა.

        გავიგონე როგორ წამოდგნენ ფეხზე კაცები. სახე ქვიშაში ჩავრგე და ისე მოვიწურე რომ მუშტისხელად ვიქეცი. ვიღაცის ფეხი  უხეშად შემეხო მხარზე და პირაღმა გადმომაბრუნა. პატარა ფარანი  ერთმა  ზედ ჩემს სახესთან მოიტანა, ალ კაბირმა ჩადრი მომხადა და წამომაჯინა. 

  -თუ მუნჯია პირი რატომ აქვს აკრული?
  - ძილში უშნოდ ღმუის, ორჯერ ცხენი დამიფრთხო, ერთხელ აფთარიც კი გაეპასუხა შორიდან, რაღაც ცუდ სიზმარს ნახულობს ალბათ და შეშინებული საზარელ ხმას გამოსცემს.
    - ხელფეხი რაღად შეგიკრავს ?  - იკითხა მეორემ,
    - გონი ყრუც უნდა იყოს, ვერაფერს ვაგებინებ და ორჯერ გამექცა.უდაბნოში მაგისი დევნის თავი სად მაქვს, ვერც მივატოვებ, ადამიანია, აფთარმა რად უნდა დაგლიჯოს.
    - რა ჭუჭყიანია ეს საცოდავი. - დამცინავად თქვა მესამემ.
    - მომინათე ერთი შევხედო - უთხრა პირველმა.

    სამივე კარგად დამაკვირდა... ნიკაბის ქვეშ მხოლოდ თვალები და ცხვირპირი მიჩანდა. 
 
    - ჰო - ჰო, რა ველური გამოხედვა აქვს, ხელი გამოიწიე არ გიკბინოს. -თქვა მეორემ.
    - თუ დაბან ალ კაბირ, შეიძლება ქალსაც დაემსგავოს ეს ჯოჯო... - ახარხარდა მესამე.
    - სადაა მაგისი წყალი ? - გაიცინა ბედუინმა. - წყალი ცხენისთვის მჭირდება.
    - სად იყიდე ბედუინო ეს მონა? - დაეჭვებით იკითხა პირველმა.
    - ლიბიის საზღვარზე, მონათა ბაზარში. ამბავი გავარდა ახალი  საქონელიაო, რამოდენიმე ქალი მოიყვანეს გასაყიდადო.  რაკი იქვე ვიყავი, მეც გასართობად გავიარე. მე არ ვერევი მონებით ვაჭრობის საქმეში.  ქალები გაყიდული დამხვდა.  ეს კი ლიბიიდან მოიყვანა იქაურმა მონებით მოვაჭრემ, მახინჯი და მუნჯი არავინ იყიდა და მოკვლას უპირებდა, „ უკან ვეღარ ვატარებ გზაში ბევრი წყალი დასჭირდებაო.“  შემეცოდა სულიერი, ორასი  ამერიკული დოლარი მივეცი იმ ლიბიელს და ასე გავხდი ამ „განძის“ პატრონი. ეტყობა ხშირად ცემდნენ და დაშინებულია, ველურივითაა, სულ გაქცევაზეა. - მშვიდად  თქვა  ბედუინმა. 

      პირველმა რაღაც ფურცელი ამოიღო ჯიბიდან და ზედ ფარანი  დაანათა.  დანარჩენებიც დააცქერდნენ. 
        -ეგ რაღაა ? - იკითხა ბედუინმა.
        -იმ დაკარგული ქალის სურათია.- უპასუხა პირველმა.

ბედუინი ახლოს მივიდა და ქაღალდს  უხერხულად შეეხო. ფურცელი  დასრიალდა და მის  ფეხებთან პირაღმა დავარდა. პირველი  სწრაფად დაიხარა სურათის ასაღებად, მაგრამ ქაღალდს,  ფარნის შუქი დაეცა და წამით შევასწარი თვალი ...
      - ჩემი ფოტო !  რუსთაველზე გადაღებული ჩემი ფოტო... ლადო ასათიანის ჭადართან რომ გადავიღე გვიან შემოდგომას. როგორი წარმოუდგენელი იყო ახლა ჩემთვის საქართველო, თბილისი, რუსთაველის გამზირი და ლადო ჭადარი. ფოტოგრაფიც კი გამახსენდა.  ჩემი წარსული ახლა ისე ახლოს იყო ჩემთან, ისე ახლოს...  კინაღამ ცრემლი დამსკდა.... ძლივს შევიკავე თავი და წამოსული ამოკივლება ისეთი ძალით ჩავიბრუნე უკან, რომ მართლა მუნჯივით დავიხროტინე.

პირველმა ფოტო ალ-კაბირს გაუწოდა...
    -ლამაზია, - თქვა ბედუინმა, - არ მიკვირს ასე რომ დაეძებთ...
    -მარტო ჩვენ როდი დავეძებთ, ცალკე სამძებრო პოლიცია ეძებს, ცალკე უშიშროების სამსახური, ცალკე ტურისტული პოლიცია, ცალკე საელჩო...  საუდის არაბეთის ელჩმაც კი იკითხა მისი ამბავი. თურქეთის ელჩიც დაინტერესებულია. სანამ ვერტმფრენებით აივსება აქაურობა,  მანამდე ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს ქალი.
  - კი მაგრამ როგორ მოხვდა აქ? - იკითხა ბედუინმა.
    -ტურისტულ ჯგუფს გამოყოლია  „საფარი-ტურზე“. დელტაპლანიანად ქარმა უდაბნოში გაიტაცა. მისი კვალი ჰამადში, აქედან ასე  ექვსი დღის სავალზე დავკარგეთ. შეიძლება აფთარმა დაგლიჯა. მაგრამ რაღაც ხომ უნდა გვეპოვნა, რაიმე ნაგლეჯი  ან სამოსის, ან რაიმე ნივთი მაინც. ის კი ისე უკვალოდ გაქრა, თითქოს ქვიშას შეერია. 
  -თუ იპოვეთ, კარგი გასამრჯელო გერგებათ. - თქვა ალ კაბირმა. 
  - წავიდეთ, მუსტაფა, ეგ ის ქალი არაა, ნახე როგორი გამხდარია და ველური, სად ეს და სად ის. - მიუთითა ფოტოზე  მეორემ.

მაგრამ მუსტაფა დუმდა, დაკვირვებით მაცქერდებოდა, ზურგიდან მომიარა, ჩაიჩოქა, ფარანი მომანათა და ხელებზე დამაცქერდა.  მერე ბედუინს ეჭვიანად შეხედა და უთხრა:
    -ამ ქალს ნაზი ხელები აქვს, ეს არაა მონის ხელები. 
    -მერე რა, რა  აუცილებელია?  იქნებ არ ამუშავებდნენ ? -გაიცინა ბედუინმა.
მეორე და მესამე ხარხარით აყვნენ....
    - ვაჰაჰაჰა, ის კაცი მაჩვენეთ, რომელიც მაგასთან იწვა... - ძლივს ითქვამდა სულს მეორე,
    - რა გასაჭირი ადგა ასეთი ნეტავ. -დაამატა  მესამემ.

მუსტაფა არ ცხრებოდა, სწრაფად წამავლო ხელი  და მხარზე აბრეშუმი ჩამომახია. 
    -ეს ქალი თეთრია ალ კაბირ და არც მონას ჰგავს. - გაისმა მჭახე შეძახილი. 
შიშველი მხრის დანახვაზე არაბები გაფაციცდნენ.

ალ კაბირი  არც კი შერხეულა, მაგრამ ხელთ უკვე მომარჯვებული პისტოლეტი ეჭირა. 
 
    -უკან დაიხიე მუსტაფა, ეგ ქალი ჩემი მონაა, ჩემი საკუთრება, ჩემი ნებართვის გარეშე ხელი როგორ ახლე!  სიკვდილმა გაგიღიმა?! 
    - ალ კაბირ, ცუდად მეთამაშები! ჯობია ამ ქალს  თავსაბურავი მოხადო, ცხენის ნეხვი სახიდან შენი ხელით მოაშორო და მისი პირისახე მაჩვენო! - გააფთრებული წამოიწია მუსტაფა. 
    - გაგიჟებულხარ მუსატაფა! ჩვენი ადათი დაგვიწყებია! პატივი გეცი  საერთოდ რომ გაჩვენე მონა. შენ მას ჩემი ნებართვის გარეშე შეეხე! სამოსი გაუხიე, მხარი გაუშიშვლე!  ახლა იმასაც მთხოვ, მისი სახე ჩემი ხელით გაჩვენო?! - ფოლადი ჩაისხა ხმაში ბედუინმა. თვალები ისე აუელვარდა, თითქოს სადაცაა ელვას უნდა გამოეტეხა. 
    არაბები სწრაფად ამოუდგნენ მუსტაფას გვერდზე და იარაღი მოიმარჯვეს.
მაგრამ ალ კაბირმა თვალები მოჭუტა, პისტოლეტი დაუშვა  და მშვიდად თქვა:

  - მე ამ ქალს ჩემი მშობლების ოჯახში ვეღარ მივიყვან. მას სხვა კაცი ჩემს თვალწინ შეეხო. მოდი მოვრიგდეთ მუსტაფა. მომეცი სამასი ამერიკული და წაიყვანე შენი ხელმონაკიდი ქალი.  ადათის დამრღვევი ხარ,  ამიტომ ფეშქაშად ვერ მოგცემ. 
  -  რა ადათი, რა ფული და რა ფეშქაში ? მე მხოლოდ მინდა რომ სახე მაჩვენოს, უნდა დავრწმუნდე რომ ის არაა და მერე გინდაც კლდიდან გადაგიგდია ეგ შენი ყრუ-მუნჯი მონა. 
  - თავად დაიბანოს პირი, მე ვერ შევეხები. - თქვა ბედუინმა და მეორე არაბს წყლიანი მათარისკენ ანიშნა, თითონ კი  ცხენს სტვენით მოუხმო. ჯადარი წამსვე პატრონის გვერდზე გაჩნდა. ალ კაბირმა უნაგირის ჩანთიდან დანა ამოიღო,  ჩემი თოკები გადაჭრა და წყლიანი მათარა წინ დამიდგა. ხელით მანიშნა პირი დამებანა. დანა ისევ ჩანთაში ჩააგდო და მუსტაფას გვერდში ამოუდგა.  მამაკაცები ჩემგან ზურგით შეტრიალდნენ და ლაპარაკი გააგრძელეს. მხოლოდ ბედუინი იდგა ჩუმად.
        ხელები და ფეხები თოკისაგან სწრაფად გავითავისუფლე, წყალი პეშვით ამოვიღე, ხმაურით დავლიე და ცხენზე შევფრინდი...
     
        ჯადარი ქარივით მოწყდა ადგილიდან, კაცებმა მოტრიალებაც კი ვერ მოასწრეს რომ კლდე უკვე უკან მქონდა მოტოვებული. უკან გააფთრებული შეძახილები დამედევნა:
    -  „შაითან იმრაა, შაითან!“ . -  გავიგონე ალ კაბირის გაბრაზებული ხმა.  -„ისევ გაიქცა ეს ალქაჯი, თქვენ შეაშინეთ!“

ხმებს ზედიზედ რამდენიმე გასროლა მოჰყვა...  ტყვიებმა მხართან გამიწივლეს... გადავრჩი, არცერთი არ მომხვედრია. ჯადარი ჩრდილივით უხმაუროდ  მიქროდა, ჩვეულად ფეხს ძლივს აკარებდა მიწას.
ზურგსუკან, კარგა ხანს მესმოდა უშვერი სიტყვების კორიანტელით აყივლებული ექო. 

დაზაფრულს და შეშინებულს  ყურადღება არც მიმიქცევია საით მიქროდა ცხენი. სროლის ხმა ნელნელა მიიკარგა, მაგრამ  ჯადარის ფლოქვების  ხმის გარდა სხვა ხმაც მესმოდა.  ვიღაც ცხენდაცხენ მომდევდა.
მთვარე ახალი ამოსული იყო. მიმართულებას ჯერ ვერ ვირჩევდი. ამიტომ სადავე ბოლომდე მივუშვი და მთლიანად ცხენს მივენდე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მდევარი ვერ დამეწეოდა, მთავარი იყო ტყვიის მისაწვდენზე არ მომეშვა.
უნაგირზე დაკიდულ ჩანთას დავხედე. შიგნით წყლით სავსე ორი ბოთლი და მცირე სანოვაგე იდო.
„მეყოფა“- გავიფიქრე და გვარანად შეციებული მივეხუტე ცხენის კისერს.
რამოდენიმეჯერ უკან მოვიხედე, მდევარი არ ჩანდა, მაგრამ ცხენის ფეხის ხმა გარკვევით მესმოდა. ჯადარს ქუსლებით ფერდებზე შევეხე. იუკადრისა, უკმაყოფილოდ ამოიფრთქვინა, მაგრამ დამემორჩილა და ისე სწრაფად გაფრინდა, რომ ყურები შხუილმა დამიხშო და მდევრის ფეხის ხმა დავკარგე. 

მთვარეს ვუცქერდი, ველოდებოდი როდის გაუსწორდებოდა სამხრეთს ღამის პირველ საათზე, რომ დასავლეთის გზას დავდგომოდი.  ფეხის ხმა არღარ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი, მდევარი დაუღალავად მომდევდა.  მთვარეს გავხედე, მორცხვი ქალივით ირიბად იცქირებოდა და ნისლი მანდილივით მოეფარებინა ლოყაზე.

სიცივე საოცრად გამჭოლი გახადა საიდანღაც მოულოდნელად მოვარდნილმა ქარმა.  ნისლმა იმძლავრა და სწრაფად მოედო ღამეულ ცას, რუხი ფერი მიიღო და ქვიშაზე ბოლივით გაწვა.  ერთში კი მშველოდა ბურუსი, მდევრისთვის მიზანში ჩემი ამოღება შეუძლებელი იყო.

საჰარაში ამინდი იცვლებოდა.

  - „ღმერთო, ოღონდ ახლა არა, ოღონდ ახლა მთვარე დამანახე რომ დასავლეთისკენ შევბრუნდე... და მერე თუ გინდა მოთოვოს“... - გავიფიქრე და ცხენზე გავსწორდი.
    მაგრამ ღმერთი ყოველთვის როდი გისმენს.

ისე ჩამობნელდა, რომ კუნაპეტი სიბნელე - სიბრმავეს დაემსგავსა.

ჯადარმა ქროლვას უკლო და მოულოდნელად მარჯვნივ ისე მკვეთრად მოუხვია, რომ კინაღამ უნაგირიდან გადმოვცურდი. შიშის ტალღა  ყელში ამომასკდა, ცხენს ისევ კისერზე მოვეხვიე და თავი ძლივს შევიმაგრე.  ჯადარი კი ვითომდაც აქ არაფერიო, ორ კლდეს შორის შავი ჩრდილივით შესრიალდა, მომცრო ბექობზე შეუჩერებლად აიჭრა და გამოქვაბულში შემაქანა.

ცხენმა ამინდის ცვლილება იგრძნო. აშკარა იყო რომ ადგილსაც კარგად იცნობდა. ჯადარმა გზა იცოდა.

ღუბლებით მოჭიქულ ცისკიდურზე  ელვა გაიგრაგნა და ისე მჭექარედ დაიგრგვინა, რომ თითქოს ჩემს ყურთან  გავარდა მეხი. ყურები  სრულად დამეხშო და რამდენიმე წუთით  სმენა საერთოდ დავკარგე. 

        საჰარას ცაზე ინდური ღმერთი - შივა აცეკვდა. მისი უამრავი გაკლაკნილი ელვა-მკლავები მთელ ცას მოედო. იქაურობა ისე გაჩირაღდნდა, რომ თითქოს ასი მზე ერთად ამოვიდა. მძლავრი ჭექა-ქუხილი ზედიზედ გამეორდა, ჰამადის კლდეებმა ექოს სული ჩაუდგეს და ათასჯერ უფრო გაძლიერებული გრგვინვა უდაბნოში გრიგალივით დატრიალდა. ვეღარ ვარჩევდი ცაში ქუხდა თუ მიწაზე. დარწმუნებული ვიყავი რომ ერთდროულად ათასი ომიც რომ დაწყებულიყო ასეთ მეხთატეხას ვერ გამოიწვევდა. ყურებზე ხელი მივიჭირე ხმაურისაგან როგორმე ცოტათი მაინც რომ დამეფარა. 
ჯადარმა რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია და გამოქვაბულის სიბნელეს შავი ფიქრივით შეერია. მის თბილ სხეულს მთელი ტანით მივეხუტე. სიცივისგან და შიშისგან გაუჩერებლად მაცახცახებდა. 

      ჭექა ქუხილი გაძლიერდა, ცამ განწირული ღმულით იხუვლა და ისეთი თქეში გადმოუშვა, თითქოს თავად ოკეანემ  იცვალა ადგილი, ცაზე აინაცვლა და ახლა ერთბაშად ფეხად ჩამოდიოდა მიწაზე.  უდაბნოში უამრავი წყალუხვი, სწრაფი და მღვრიე მდინარე  შხულით ერთად დაიძრა... ერთმანეთს უერთდებდნენ,  ეყოფოდნენ, ისევ უერთდებოდნენ... მდინარეები თავქვეს პოულობდნენ  გრიალით მიანგრევდნენ კლდეებს... საჰარაში ნამდვილი  წარღვნა დაიწყო. წყალი თავის გზაზე უამრავ ქვიშას და ქვას მიეზიდებოდა. მდინარეები ელვის სისწრაფით იკეთებდნენ ღრმა კალაპოტებს. ჩემთვის ხილული უდაბნოს  ნაწილი უზარმაზარმა ღვარცოფმა მოიცვა. კალაპოტები დიდი სისწრაფით იცვლიდნენ მოხაზულობას, მიმართულებას და სიღრმეს. ყველა და ყველაფერი, ერთმანეთში აზელილი, - თავქვე დაუნდობლად მიექანებოდა. 
    ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ცოცხლად გადარჩენა იმ ნაკადში მოხვედრილი სულიერისათვის.

„ჩემი, ჩემი ჭკვიანი მეგობარი“. - მოვეფერე ჯადარს, რომელიც აშკარა სიამაყით და კმაყოფილებით აფრუტუნდა. მან თავი მოატრიალა და ყელსა და მხარს შორის ფრთხილად ჩამიდო ლამაზი ცხვირპირი. ულამაზესი არსება, რომელმაც ვინ იცის, მერამდენედ გადამარჩინა სიკვდილს, ამ უბრალო მოძრაობით მაჩვენებდა რომ მე მას ვუყვარდი... 

წყლიანი ბოთლი გადმოვიღე, პეშვში წყალი ჩავიგუბე და პირველად ჯადარს მივაწოდე, ფრთხილად შესვა,  ხელები მთლიანად მომიმშრალა. უდაბნოში გაზრდილმა ცხენმა, კარგად იცოდა წყლის ფასი.

ჭექა ქუხილი არ ჩერდებოდა. ქვეყანა წყალს მიქონდა და ჩემთვის მხოლოდ ერთი ყლუპი წყალი გავიმეტე. ბოთლი ადგილზე დავაბრუნე. ცხენის ფაფარში თავი ჩავრგე და მდევარზე  ფიქრი დავიწყე.

    როცა გამოვიქეცი, სამივე არაბი იქ დარჩა. მათი ცხენები არ დამინახავს. ალბათ იმ მოპირდაპირე კლდის მეორე მხარეს უნდა მდგარიყვნენ. ბედუინს რაღაც დრო მაინც დასჭირდებოდა, რომ ცხენებამდე მიეღწია და გამომდევნებოდა. მდევარი კი ისე ჩქარა დამეწია,  თითქოს გზაზე იყო ჩასაფრებული და დანამდვილებით იცოდა, რომ იქ ვინმე გამოივლიდა. ის ან მარტო იყო, ან იმ არაბებთან ერთად, მაგრამ  მოშორებით იდგა და ვითარების შედეგს ელოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ამედევნებოდა.
არაბები, როცა ახლოდან მათვალიერებდნენ, მხოლოდ ფარნის და პატარა პისტოლეტების ამარა იყვნენ, დანებიც ექნებოდათ როგორც ჭეშმარიტ მუსლიმებს, მაგრამ სხვა არაფერი შემინიშნავს.
 
    აშკარა იყო სახელდახელოდ შექმნილი და არც თუ კარგად მომზადებული ჯგუფი მეძებდა.

    ნუთუ ამათ ელოდა ასე გაფაციცებით ალ კაბირი. გამახსენდა რომ ამ დღეების მანძილზე, არასოდეს დამინახავს,  როგორ ეძინა, ან საერთოდ თუ ეძინა. ეტყობა ბანაკს გარს უვლიდა და სიჩუმეს უსმენდა, ან კვალს ამოწმებდა ყოველ ალიონზე.
    ის ელოდა მდევარს, თან დარწმუნებულიც იყო რომ ეს მდევარი კეთილმოსურნე ნამდვილად არ იქნებოდა.  რატომ არაფერს მეუბნებოდა? იქნებ იმ ღამით, როცა საჰარში ჯადარი პირველად დავინახე, მან უკვე რაღაც იცოდა და ცხენი იმიტომ  გამოგზავნა რომ მუჰამადი გაეფრთხილებინა... მაგრამ მუჰამადზე რომ არაფერს ამბობდა?! საერთოდაც ერთი სიტყვით მეუბნებოდა სათქმელს. ან ხელით მანიშნებდა.  ვიცოდი რომ არაბი მამაკაცები ქალებთან მრავალსიტყვაობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მე ხომ არ ვიყავი არც არაბი და არც მუსლიმი.  რას მალავდა ასე გულდასმით ბედუინი?! იქნებ იცოდა რომ ელჩის ნათესავი ვიყავი  და მხოლოდ გამოსასყიდის გამო მივლიდა ასე? მაგრამ აქამდე ეს საიდან უნდა ცოდნოდა, ეს ხომ მოამადმაც არ იცოდა... თანაც კითხვა შეუტრიალა მუსტაფას "საპფირ?" არა მან აქამდე ჩემი ვინაობა არ იცოდა, თუ იცოდა???..
   
        უცებ წარმოვიდგინე ბიძაჩემის გააფთრებული სახე, ადგილს რომ ვერ პოულობდა საელჩოს ციცქნა ოთახებში და რომელიც ალბათ გაოგნებული იყო ჩემი გამოპარვით, ხოლო თავზარდაცემული - ჩემი დაკარგვით. წარმოვიდგინე როგორ ელაპარაკებოდა დედაჩემს და ეუბნებოდა რომ საჰარაში დავიკარგე. იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილად სიმართლეს ეტყოდა. თვალიწინ დამიდაგა მისი ახალგაზრდა რეფერენტი, ჩემთან შემეგობრებული ვახო,  ტელეფონზე რომ "ეკიდა", რაიმე კვალს მაინც რომ დასდგომოდა.  ამ ფიქრზე... წარმოვიდგინე რა ცეცხლი უვლიდათ გულში და ძარღვებში ჩემებს. გული მომეწეწკა...
     
        ისევ მდევარზე ფიქრს დავუბრუნდი. ერთად-ერთი, ვისთანაც ალ კაბირი ვახსენე,-  მილოში იყო. გამახსენდა როგორ არ ეამა მაშინ ბედუინის ხსენება. მილოში ძალიან მონდომებული იყო როგორმე მოვეკალი. ამას ერთადერთი ახსნა უნდა ქონოდა, მე - "რაღაც" არ უნდა მენახა, "რაღაცის" მოწმე არ უნდა გამხდარიყავი. ზედმეტი ბარგი ვიყავი. მაგრამ რაღა მაინცდამაინც მე ვიყავი „არამკითხე მოწმე“ ამ  ისტორიაში, ხომ იყვნენ იქ ჩინელი გოგონები, ან  და რაღა გოგონები, კაცებიც ხომ იყვნენ? რატომ მე... ისიც გამახსენდა რომ ვიღაცის ჩრდილი შევნიშნე გამთენიას დიუნას კალთაზე, რაღაც ნაკვალევის მსგავსი რომ დავანახე მილოშს. მან  ყურადღებაც არ მიაქცია და „საფარი-ტური“ გააჩაღა.  მე კი დელტაპლანზე დამკიდა. მას ჩემი მოკვლა ტყვიით რომ სდომოდა, მარტივად შეძლებდა ამას, მაგრამ  აშკარად უნდოდა რომ კისერი თვითონ მომეტეხა რომ მკვლელობის ეჭვი არ გაჩენილიყო. ესე იგი ჩემი დაკარგვა კი არა, ჩემი გვამი ჭირდებოდა. მე, ცოცხალი  ვუქმნიდი მას საფრთხეს.  ბაიკერების ტურისტულ ჯგუფში ჩემმა მოხვედრამ პრობლემა შეუქმნა. 

      „ლიბიის საზღვარი, მონათა ბაზარი“... -გამახსენდა ალ კაბირის სიტყვები. ესე იგი,  იმ ტურისტული ჯგუფის წევრები, ღონიერი, სპორტული აღნაგობის ბიჭები და გოგოები მონათა ბაზრისათვის იყვნენ განწირულები, ბიჭებს ლიბიაში ნავთობის საბადოებზე გაამწესებდნენ, გოგოებს - სამზარეულოში ან მრეცხავებად იმავე საბადოებზე,  ან კიდევ ღმერთმა იცის კიდევ რისთვის. ხოლო მე, უცხო ქვეყნის ელჩის ნათესავი, - რა თქმა უნდა ზედმეტი ბარგი ვიყავი მილოშისთვის, ესე იგი  სწორედ მე ვყავი  მისი პრობლემა, გამახსენდა ციდან დანახული არაბები სატვირთო მანქანებით რომ იცდიდნენ შორიახლო. წარმოვიდგინე როგორ ყრიდნენ იმ მანქანებში ადამიანებს და მოტოციკლებს,  უდაბნოში კვალიც რომ არ დარჩენილიყო...
      მონათვაჭრობას ლიბიის საზღვარზე დიდი ფული და სარგებელი მოქონდა. ჩანდა, მილოში მათ მონებით „ამარაგებდა“. არჩევდა ღონიერ და რისკის მოყვარულ  „ბაიკერებს,“ რომლებიც "უგზო - უკვლოდ იკარგებოდნენ“ საჰარაში.  ცხადია ეს ხშირად ვერ მოხდებოდა, დიდ-ხნიანი „შესვენებები“ დასჭირდებოდა ახალი ჯგუფის „დასაკარგად“. ხშირ „დაკარგვებს“ არც მფარველები მოუწონებდნენ და ტურსიტული პოლიცია ხომ დაუნდობელი იყო. 

მონებით ვაჭრობას სერიოზულად მფარველობდნენ ყველა ქვეყნის გავლენიანი არაბები. მაგრამ მილოში არც არაბი იყო, არც ეგვიპტელი და არც მუსლიმი. ის ერთი ჩვეულებრივი პოლონელი ექიმი იყო, რომელსაც ძალიან ადვილად მიწვდებოდა ბიძაჩემის მსახვრალი ხელი და  სულ მცირე ციხეში თუ არ გაამწესებდა,  ქვეყანას მაინც ხომ დაატოვებინებდა. ეს კი გახმაურდებოდა,  ხოლო გახმაურება იმას ნიშნავდა, რომ მილოში ვერასოდეს ვეღარსად დაიმალებოდა, მას თავად ბიზნესის მფარველები მოსპობდნენ. თავისი სიკვდილითაც რომ მომკვდარიყო, მის სიკვდილში დასარწმუნებლად ცხრაჯერ ამოთხრიდნენ მიწიდან. 

რაღაც განათდა ჩემს გონებაში. ესე იგი თუ კაიროში ჩემს გვამს ჩაიტანდნენ, დანარჩენები რომც „დაკარგულიყვნენ“, მონებით ვაჭრობის ამბავს აღარავინ ჩაეძიებოდა. თუ უგზოუკვლოდ გავქრებოდი  ან  თუ  ბაზარზე მეც მონად გამყიდდნენ, მაშინ ბიძაჩემი ქვეყანას შეძრავდა და ეს ამბავი მაინც ბომბივით გასკდებოდა. თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი, მაშინ ვინღა დამიშლიდა ყველაფერი არ მეთქვა საელჩოში. ელჩი ქვეყნის შინაურ საქმეებში ვერ ჩაერეოდა, მაგრამ ამბავი ხომ ეცოდინებოდა. ესე იგი ჩემი მონად გაყიდვაც სახიფათო იყო და ცოცხლად დატოვებაც. ამით მთელ „კარტელს“ საფრთხე ექმნებოდა.

ეგვიპტეში კორუფცია არნახულად ყვაოდა. მხოლოდ ტურისტული პოლიციის მოსყიდვა იყო შეუძლებელი, რადგან მთავარი შემოსავალი ტურიზმის მეშვეობით შესდიოდა ქვეყანას.

იყო კიდევ ერთი გზა,  ჩვეულებრივ „საფარი-ტურად“ დარჩენილიყო უდაბნოში გასეირნება და ხელიც არ ეხლოთ არავისთვის, მაგრამ რატომღაც ეს ამბავი მილოშს არ აწყობდა. იგი ვალდებულად თვლიდა თავს - გეგმა არ ჩაშლოდა. მას ან პირველი ან ერთად-ერთი შანსი ქონდა დიდი ფულის საშოვნელად ან ვიღაცის ეშინოდა, იმ ვიღაცის, რომელმაც ალბათ ბოლო შანსიღა დაუტოვა...

„ღმერთო, ნუთუ ასეთი ბრიყვი ვარ, ამას როგორ ვერ მივხვდი“.- გავბრაზდი ჩემს თავზე, მაგრამ გამახსენდა რომ აქამდე ან თავი არ მქონდა ფიქრის ან დრო. 

      „კარგი,“ - გავაგრძელე ფიქრი, “ -ეს თუ მართლა მონებით ვაჭრობას ეხება საქმე, ასე თუ ისე ნათელია ყველაფერი. იქნებ სხვა უარესიც იყო ჩაფიქრებული ? მაგალითად ჩვენზე, ცოცხალ ადამიანებზე  ნადირობის მოწყობა უდაბნოში ისე როგორც ლომებზე და ფეხვებზე ნადირობენ... ჰმ, მოაზროვნე "ნადირზე" ნადირობა, რომელიც თვითგადარჩენის ინსტიქტს - ინტელექტის ახალ  საფეხურზე აჰყავს, - უფრო აზარტულია.  დიდ ფული ღირდა ადამიანებზე ნადირობის მოწყობა. გამეგონა, რომ ასეთი ნადირობა ხშირად კვირეებიც კი გაგრძელებულა, სანამ უკანასკნელი "ნადირი" არ მოკვდებოდა. 

      სხვა "თამაშებზეც" გამეგონა. დახურულ სტადიონებზე ეტლებით ჯირითი,რომლებშიც ცხენების ნაცვლად შიშველ ქალებს აბამდნენ და სულის ამოსვლამდე აჭენებდნენ  მათრახის ცემით. დიდ თანხებზე იდებოდა სანაძლეოები.  ისიც გაგონილი მქონდა, რომ ასეთ თამაშებში გამარჯვებულ "ცხენებს", დიდ ფულს აძლევდნენ და უკან აბრუნებდნენ სამშობლოში საჭურისი „მსახურით“...  „გამარჯვებულიც“ -დუმდა, ამბის გახმაურებას კი არა, დაჩურჩულებასაც კი ვერ ბედავდნენ, საჭურისი მეთვალყურის შიშით.

      ღმერთმა იცის, რომელს აპირებდა მილოში, მაგრამ მე - ყველა ვითარებაში „არამკითხე მოამბე“ ვიყავი მისთვის. მან  დანამდვილებით იცოდა, რომ შემთხვევითი ტურისტი არ ვიყავი.  საიდან, - ამას უკვე მნიშვნელობა არ ქონდა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, ბუნებრივი სიკვდილით მკვდარი ჩემი სხეული, რომელსაც არც ნატყვიარი და არც რაიმე ძალადობის ნიშანი არ უნდა ქონოდა.

    „ალბათ მილოში მომდევს, ეტობა, მოშორებით იყო საფარში და ამედევნა, მე კი მხოლოდ დანა მაქვს.  წყალმა წაგიღოს მილოშ, შე სატანის მოციქულო!“ - ამომცდა ჩურჩულით და, თითქოს ზეცამ ისმინაო, უფრო მეტი წყალი ჩამოაქცია ციდან. 
   
      „ჰო, ალ კაბირი, ბედუინი... ნეტავ მას რა გეგმა აქვს, ასეთი ზრუნვა უცნაურია. ისეთი ადამიანები, როგორიც ალ კაბირია, სიცოცხლეს დიდად არ დაგიდევენ.  ამგვარ მამაკაცებს აქვთ რაღაც კონრეტული მიზანი და თუ ეს მიზანი მიუღწეველი ეჩვენებათ, მაშინ მათთვის სიცოცხლეს ფასი ეკარგება. მათ ცხოვრებაში ყველაფერი სხვა, ოჯახი, ცოლი, შვილები, სიყვარული, მხოლოდ ამ მიზნის დანამატია. რა უნდა უნდოდეს ? თუ ფული, - ესე იგი ვიღაც შეიხს უნდა მიმყიდოს, ან ბიძაჩემს  და არც თუ იაფად.  ვინ რა პასუხს მოკითხავს ბედუინს, ისინი ხომ არც ემორჩილებიან და არც ცნობენ რაიმე დაწერილ კანონს.  უდაბნოს კანონებით კი მათი ნაპოვნი, - ნივთია თუ ადამიანი,- მას ეკუთვნის და მორჩა. იქნებ სიყვარული?... ჰმ, რა სისულელეა,  ამის გარდა ყველაფერი შეიძლება იყოს... ყველაფერი. უფრო კი ფულის ინტერესი, ფულისთვის კი რას არ იზამენ ამ ქვეყანაში, სადაც ყველგან მხოლოდ ერთი მელოდია გესმის „უან დოლარ, უან დოლარ!!!“.

არა, მე მას არ ვენდობოდი. 
  .... მაგრამ მისი თვალები გამახსენდა, ისიც გამახსენდა როგორ მივლიდა წყურვილისაგან დაოსებულს და თავისი ხელით როგორ მაწვდიდა ლუკმას. როგორ მეუბნებოდა "ახლა მე ვარ შენი წყალი და იმედი"...
„უნდა მენდო, მენდობი?“ ...რაღაც წინააღმდეგობრივი გრძნობა მქონდა მის მიმართ, ხან ერთი ემოცია მძალავდა, ხან მეორე... მაგრამ ორი რამ უდავო ქონდა - უნაკლო გარეგნობა და გამბედაობა. 
      ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ან რა უნდა დამერქმია სახელად ამ ჩემი წინააღმდეგობრივი გრძნობებისათვის.

წვიმამ, თუ საერთოდ წვიმა ერქვა ამ წარღვნას, იკლო. სიცივის მიუხედავად გამოქვაბულის პირთან მივედი და ხელპირი და თმა დავიბანე, ნიკაბით შევიხვიე და გვარიანად გაყინული ისევ ცხენს მივეხუტე. 

      ჭექა-ქუხილი როგორ მოულოდნელადაც დაიწყო, ისევე მოულოდნელად შეწყდა. სამაგიეროდ ძლიერი და ცივი  ქარი ამოვარდა, ყველაფერი აგუგუნდა და აწივლდა.  ექომ ახლა ქარის გრიალი გაახმოვანა... აშკარა იყო, ქარის ჩადგომამდე აქედან ვერ გავიდოდი. წამში ყინულის ლოდად ვიქცეოდი. გრიგალი ისეთი სისწრაფით ქროდა, რომ მეგონა არასოდეს ჩადგებოდა სანამ სამყაროს კიდეს არ მიაღწევდა.

რაც წყალს დარჩა წარუხოცავი, ქარმა აიტაცა და წინ გაიგდო.  ვეებერთელა ლოდები გამაყრუებელი გრიალით ეხლებოდნენ ჰამადის კლდეებს და ნამსხვრევებად ისე იფანტებოდნენ, რომ დაბლა არც კი ცვიოდნენ. ყურთასმენა აღარ იყო ქარის ხმაურისაგან. გაყინული ხელ-ფეხით და სიცივისაგან აძაგძაგებულმა ჩემთვის ცნობილი ერთადერთი მოძრაობით ჯადარს ვანიშნე წინა ფეხებზე ჩაემუხლა. ცხენი მაშინვე დამემორჩილა. ახლა გავაზე ორივე ხელი დავაჭირე მთელი ძალით, მინდოდა დაწოლილიყო. მან ოდნავ ამოიფრუტუნა და მიწაზე მუცლით გაწვა. ცხენის მკერდს მთელი სხეულით მივეხუტე, კისერთან ჩავწექი და მისი ფაფარი მოკუნტულ სხეულზე გადავიფარე. არ შევცდი. ცხენის სითბო ძარღვებში ჩამეღვარა, მის გულისცემას თვალდახუჭული ვუსმენდი.
უნებურად საიდანღაც გონებაში ამომიტივტივდა...

"არაბული ცხენის გული ექვსს კილოს იწონის, ამ გულის ფეთქვას რა შეედრება"...

რას ვიფიქრებდი, ასე ცხადად მე თუ ამიხდებოდა ეს სიტყვები. მე, ვიღაც ქართველ გოგოს, აქ, საჰარას უდაბნოში, სადღაც, ჰამადის კლდეების რომელიღაც გამოქვაბულში, თავსხმა წვიმასა და გრიგალში, ბედის  ანაბარა და ცხენის ამარა დარჩენილს,  თავი მედებოდა  არაბული ბედაურის მკერდზე. მართალი ყოფილა არჩიბალდ მეკეში, არაფერი შეედრებოდა არაბული ბედაურის გულისფეთქვას... მამშვიდებდა ეს მძლავრი ხმაური. თითქოს გულიდან გამოსროლილი ცხელი სისხლი ჩემს სხეულში გადმოდიოდა და თბილად იღვრებოდა.

        ორი რამ მაშფოთებდა.
ერთი ის, რომ -  არ ვიცოდი რა მიმართულებით ვიარე, მაგრამ მამშვიდებდა ის, რომ ცხენმა გზა იცოდა. მეორე - უჩინარი მდევარი იყო. არ ვიცოდი აარიდა თუ არა ღვარცოფს თავი და სად იყო ახლა ჩასაფრებული.

      "ღმერთო, ხან ჩემი აწმყო მეჩვენება დაუჯერებლად,  ხან წარსული. სრულიად წარმოუდგენელია რაც მჭირს, სულ მგონია რომ ეს, რაღაც ხანგრძლივი სიზმარია, გამეღვიძება ჩემს სახლში და მძიმე მოსაგონრად დამრჩება. ჩემმა ფოტომ, ამ საღამოს რომ ვნახე სულ -მომშალა... ახლა ჩემი წარსული მეჩვენა ძალიან შორეულად. " -  აღარ შემეძლო ამ დაუსრულებელი გულისწუხილის ატანა და  ფიქრი შევწყვიტე. ცხენის გულისფეთქვამ ჰიპნოზივით იმოქმედა,ქარის გრიალიც  კი აღარ მაშინებდა  და ძილი მომერია.

      მეზმანა, რომ არაბული ბედაურის გული ცაზე სისხლისფერ მზედ ეკიდა და მისგან გამოსული წითელი ძარღვები უსასრულო სხივებად იფანტებოდნენ, დედამიწას ეფინებოდნენ და მაცოცხლებელი სითბოთი აღვივებდნენ.   

    მე ისევ მარტო ვიყავი მილიონობით კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ საჰარაში.
ისევ ერთი ბოთლი წყალი და ექვსი კილო გულის ხელა იმედი მქონდა... და კიდევ იყო რაღაც... რაც ძალიან მაკლდა...

ზურმუხტისფერი ოაზისივით მწვანე თვალები...

                                                                            ( იხილე როგორ გაგრძელდა)     
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
_______________________________________________________________________________________________________
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Lgo2Wc6Vj00#!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები