ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2011


შემოდგომა, მესამე აქტი

სანამ მოგონებამ ჩვილი ბავშვივით არ გამომტირა,
უნდა დავანახო წარსულს გამართული ნაბიჯები!
სანამ გაზაფხული თავის სქოლიოში გამომტოვებს,
სანამდე სიბერე კართან ცერბერად არ დამიჯდება,
უნდა გადავასწრო დროს ამ ბეწვის ხიდზე, ფარღალალა,
"თვალიც დაგთხარეო!"- ხუთკუნჭულასავით მივაძახო.
სულ არ შევიმჩნიო, ცხოვრებამ სად, როგორ გადამღალა,
თავს ზევით გადმოვდგე, თითქოსდა ციხეზე  -”მოდი, ნახე!”
გადის ”შემოდგომა”, მესამე აქტში სრულ ქარწაღებით
თითქოს იმუქრება, ჟამთასვლა - სეზონის რეჟისორი.
ჩემს მიზანსცენაში  წლების შემოკვეცილ ნაწნავებს კი,
გულგრილი სიბერე ხელის ერთი მოსმით შემისწორებს...
დროს ვინ გაქცევია, ხელიდან რატომღაც რომ დავუსხლტე,
არ მსურს მარტოობა ვითვალო ფიქრების მეტრონომით ...
გვიან შემოდგომის ქარი მივიწყებულ რეტროს უსტვენს,
ბარათს მწერს სიბერე, - შენ გიცდი, ოღონდაც მარტო მოდი!..

                    12.12.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები