ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2011


მარტივით მინდა ავცელქდე

მინდოდა გული მქონოდა,
არა პოეტის - საბრალო,
მინდა დღეს ჩემი ლექსები
გაზაფხულს გადავაბრალო.
მარტის ქარივით ავცელქდე,
კოცნით ვატკინო ტუჩები
აპრილის ატმის ყვავილებს,
ავაწიოკო ქუჩები,
სისხლი ვადინო ყაყაჩოს,
ბაგე ბროწეულს გავუხსნა,
ეს უცნაური გულისთქმა
გაზაფხულს ასე ავუხსნა...
მაისის ვარდში გავწითლდე,
დამცხეს-ღილკილო შევიხსნა,
თუ სახეს სიცხე მოედო
წყაროს ცრემლები შევისხა.
ალიონს ცვარად ვდიოდე,
ბალახს- მოთიბვის სურვილად,
მზეს ოფლი გამოუვიდეს
წყაროდ ვუნდოდე, წყურვილად...
წყლის პირს დუელში გიწვევდე,
ქარი ვიყო თუ აშარი,
ხმლის წვერს გულამდე ჩაგწვდიდეს
ვენეციელი ვაჭარი.
ზეცას სარტყელად გავესკვნა,
დავუწნა სველი დალალი,
დილით გულწასულ მთვარესთან
მივიდე ,როგორც წამალი.
მარტივით მინდა ავცელქდე,
ზეცას ვადინო ცრემლები,
ბავშვივით ხან გავაღიმო,
ხან ავაფეთქო ტყემლები,
აცრა ავუღო ბროწეულს-
იმისი სისხლი დავლიო,
გაზაფხულობის იმედით
დღენი მარტივით გავლიო.
ტყეში გავვარდე ფირალად,
შენი ვიყო თუ სხვიასი,
ბუჩქქვეშ მიმალულ ენძელებს
გავადენინო გნიასი...
ატამს მოვპარო საყურე,
ჭადარს სამოსი წავართვა,
დედოფლად ასე ავეწყო
ჯვარი ვიწერო წარმართთან...
იმავ დღეს მას გავეყარო,-
სიგარად ვიქცე საფერფლის
და მუდამ გვერდით ვიწვენდე
კოცნის სურვილად დაფერფლილს...

ჩემთვის პოეტის გულობა
ბედის სიბრიყვეს ვაბრალე,
შუა ზამთრის გაზაფხულობა
ვერავის გადავაბრალე...
:)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები