ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2012


გზა შენს ქალაქამდე


შენს ქალაქში ქუჩებია ფესვების მსგავსი
არასწორად ოცნებობენ, იკლაკნებიან
და როდესაც გულზე ტერფებს ჩამოვაწყობ
მიწისაკენ, სიღრმისაკენ უჭირავთ თვალი.

შენს ქალაქში გახუნებულ კედლებზე წერენ
რომ თვალის ჩინი დიდი ხნის წინ აჩუქეს ქუჩას,
რომელიც ცდილობს წვიმის სუნი გადაირჩინოს
და ბრიალებს ძველ ქუჩებში თვალი-ფარანი.

შენს ქალაქში სიყვარულით ავადდებიან,
თავს აძალებენ, რომ გაუძლონ,
რომ ავად ყოფნა, სიყვარულით ავად ყოფნა
გადარჩენაა.
კედლებზე წერენ,
მშვენიერი  მეზობლის ბაღში
როგორ დამარხეს გულის დიდი, ცხელი ნაწილი,
რომ ოქტომბერში ხის ნაყოფად ჩამოეკრიბათ.

წერდნენ, და ეს გზა, წარსულიდან შენს დილამდე
მოკლდებოდა, ჭრელდებოდა,
შემოდგომის ყვითელ ფერებს ივლებდა თავზე
რომ მე სევდის  ცისარტყელად მომჩვენებოდა
და ცისარტყელას გავყოლოდი ხელის ცეცებით
შენი ქუჩის და სიყვარულის დასაწყისამდე.

და აი, ახლა, შენთან ახლოს,
შენს დროში და შენს სამყაროში
დავეხეტები შინაური მგზავრივით და
ვამბობ რომ ქალაქს მოსიარულე ჭადარივით ამოვეზარდე.
ხან გიფარავ, ხან მოვდივარ, რომ შემიფარო
შენს ჩრდილში ანდა შენს ბრიალა მდუმარებაში
რომ გადავრჩე და ცისარტყელას ფერებივით
გამჭვირვალე სიტყვა მკერდზე ჩამოვიკიდო
ყელსაბამივით-
საშობაოდ რომ მისახსოვრე.

დეკემბერი, 2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები