ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: თარგმანი
17 იანვარი, 2012


„ავსტრიული თავგადასავალი“ - ალბერტ. პ. გუტერსლო

ზაფხულის ერთ საღამოს, 1866 წელს, ანუ ომიანობის წლებში, მე და მამაჩემი, სახლის წინ, მერხზე ვისხედით, რომელიც სოფლის გადაღმა, ერთ პატარა მაღლობზე იდგა და კიდევ დგას, როგორც ამას ერთი ჩემი შორეული ნათესავი, ამჟამად იქ რომ სახლობს, ძველმოდურ, ყვავილებით მოჩუქურთმებულ ქაღალდზე დაწერილ წერილში გვარწმუნებს. ყოველ საღამოს, თუ დრო და ამინდი ხელს გვიწყობდა, საათობით ვიყურებოდით ხოლმე ერთსა და იმავე სიშორეში, რომელსაც ჩემთვის დაუვიწყარი თანმიმდევრობით ავსებდნენ; მშვიდი ბორცვები, ეკლესიის სამრეკლოები, ყანები და ტყის ზოლები, რომლებსაც შორეული მთების ზოლი საზღვრავდა.

უკვე ბნელდებოდა, როდესაც მამაჩემმა ჩიბუხის ტარი ხშირი და გაუვალ ერბსენვალდისკენ გაიშვირა, ცვეტლერის ქუჩას რომ მომდგარიყო. მონადირეებმა აქა-იქ რამდენიმე გასაძრომი და საცალფეხო ბილიკი იციან. ამ ხეთა ჯურღმულში, სადაც ხეები იზრდებიან და კვდებიან ისე, რომ ერთი ცულის ხმაც არ სმენიათ, ეს ბილიკები გარს უვლიან ჭაობიან ადგილებს. აქ, ხელშეუხებელი ბუნების დამპალი ტოტები და ფოთლები, მიღმურ შუქსა და საზარელ ბუყბუყში, საკუთარ თავს ნთქავენ.

ამ საღამოს, იმ მიმართულებით, საითაც მამაჩემის ჩიბუხის ტარი იყო გაშვერილი, გაუვალი ტყის პირას, ორი მხედარი დავინახე. „ ჯარისკაცები!“ დავიძახე, რადგან უკვე ცხრა წლის ვიყავი და ნიურნბერგის სურათებიანი წიგნიდან ვიცნობდი მათ. სწორედ ისინი იყვნენ - ყველაზე ძნელი გამოსაჭრელი. გრძელ ალმებიან შუბებს ატარებდნენ, ჩვენ ეკლესიის დროშის მსგავს წვეტიან მუზარადებს, რომლებსაც თითქმის ყოველთვის აფუჭებდა მაკრატელი.

„პრუსიელები არიან“, თქვა მამაჩემმა და წამოდგა დედაჩემის მოსაყვანად. ნახევარი გზა განვლო, შეჩერდა. „ნეტავ როგორ გამოაგნეს გზა ერბსენვალიდან?“. თქვა მამაჩემმა, თავი გააქნია ასეთ თავზეხელაღებულებზე და ენა გააწკლაპუნა, როგორც იცოდა ხოლმე, როდესაც რაიმე გაბედულასა და გაუგონარს მოისმენდა ხოლმე.

„მართლა, როგორ გამოაგნეს ერბსენვალიდან?“, ვთქვი მეც და ახლა იმათ თავზეხელაღებულობის გაგებას ვცდილობდი, ვინც ამ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი. „ნაღდად პრუსიელები არიან“, თქვა მამაჩემმა. ეს სხვანაირი ხალხი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ, გავიფიქრე მე და ახლა დაუფარავი აღტაცებით მივაშტერდი იმ მამაც კაცებს. ერთს რუკა ჰქონდა ცხენის კისერზე გადადებული, საიდანაც კითხულობდა. მეორე გაშლილი ხელით ლანდშაფტზე მიუთითებდა რუკაზე აღნიშნულ ადგილებს. მოულოდნელად დავინახე მისი ხელი, რომელიც მუქ ყავისფერ ხელთათმანში შეყენებულ დამბაჩას გავდა, ჩემსკენ მომართულიყო. მათ პირდაპირ ჩვენკენ გამოაჭენეს და ვიდრე გაქცევას მოვასწრებდი, თავს დაგვადგნენ.

ცხენები რომ შეაყენეს, რაც რამ რკინის ემოსათ, აჟღრიალდა, ტყავისა კი აჭრიალდა. მე ჯერ არასდროს მსმენია ასეთი საომარი ხმები. ამასგარდა, ახლოს, ცხენიანად, ისეთი მაღლები ჩანდნენ, თითქოს ორი საკურთხეველი გვერდიგვერდ დაუყენებიათო. „საღამო მშვიდობისა, კაცო“, მოგვესალმა ის, რუქა ისევ წინ გადაშლილი რომ ედო. „ ეს კარმიდამო თქვენია?“ „აქაური გლეხი ვარ“, თქვა მამაჩემმა და თავი დაუკრა. ის ყველას მიმართ თავზიანი იყო, დედა ამბობდა ზედმეტად თავაზიანიც კიაო.

„მაშინ, ალბათ, გვეტყვით, აქ ოდესმე დიდი ხე, ძალიან დიდი ხე თუ იდგა“? „ რა თქმა უნდა იდgა“, თქვა მამაჩემმა. მეც მაშინვე დაუზარებლად გავიქეცი და ახალმოჭრილ პრიალა კუნძზე შევხტი. „აი იქ, სადაც ახლა ჩემი ბიჭი დგას.“

„მაშ კარგი, მაშინ სწორად გზას ვადგავართ“, თქვა მეორემ. „ძალიან გაგვიკვირდებოდა, ჩვენს რუქაზე შეცდომა რომ ყოფილიყო.“

მამაჩემმა ყური მოიფხანა და მიუახლოვდა მხედრებს. „არ მინდა შეგაყოვნოთ ბატონებო, ომი წინ გიდევთ, მაგრამ თუ დრო გაქვთ, იქნებ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ: “ჩემი ხეც არის აღნიშნული?“

„დიახ“, მჭექარე, მხიარული ხმით წამოიძახა პირველმა. „მოდი ახლოს, გლეხო“, თქვა ჯარისკაცმა, აანთო კვარი და ძალიან ახლოს მიიტანა რუქასთან. „აი ეს პატარა კოლოფი თქვენი სახლია და იქვე გაწეწილ გირჩას რომ ჰგავს, თქვენი ხეა.“

„ დიდი ხანი არ უნდა იყოს, რაც ეს ხე აღარ დგას“, თქვა მეორემ. „ეს რუკები ერთი წლისაც არ არის“! გამოსცრა მკაცრად და ხმამაღლა, ძაღლის ყეფას ჰგავდა, რომელსაც ყელსაბამი მოსჭეროდა. „ არაფერია, ხე გახმა, მეხი ხომ არ დაეცა, ასეა? დასანანია!“ მამაჩემმა უპასუხა „ამ ზამთარს მოვჭერით“. პრუსიელმა დაამთავრა თუ არა, ცხენი ზემოთ გამოაჭენა. მე კუნძიდან უკან გადავხტი. წამში იქ გაჩნდნენ.

„შეხედე იოხემ“? წამოიძახა პირველმა, რომელიც გაფიცხებული ცხენის გაჩერებას ცდილობდა. „ ერთი მეტრი აქვს დიამეტრი იოხემ, გოლიათი ყოფილა, თაყვანისცემის ღირსი, ჭარმაგი, ასი წლისა’.

„უფრო ხნიერიც“- ამაყად თქვა მამაჩემმა.

„ადამიანო“, წამოიძახა პირველმა, თითქოს საყვირმა დაიქუხაო. „ეს რა აზრი მოგსვლიათ თავში, ხე მოჭერით! ცაცხვი იყო თუ მუხა?“, „ცაცხვი, ცაცხვი იყო“, დაიძახა მამაჩემმა. ამასობაში მამაჩემს ზურგსუკან ამოვეფარე. „ძალიან მკაცრი ზამთარი გვქონდა“, თქვა მამაჩემმა. ნამდვილად კარგი არ ვქენით, ცაცხვი რომ მოვჭერით, გავიფიქრე მე, ჩავაორთქლე და გაყინული ფეხები დავაბაკუნე, ჩვენი უსაქციელობა რომ როგორმე გაგვემართლებინა. „დიახ, დიახ მოხუცებულებიც კი ვერ იხსენებენ ასეთ მკაცრ ზამთარს“, მოიბოდიშა მამაჩემმა. მისი ზურგი უფრო და უფრო იღუნებოდა და თავშესაფარს მართმევდა. ჰოდა, მეც მომიწია მკაცრი პრუსიელებისთვის სახეში მეცქირა. მას ისეთი კეხიანი ცხვირი ჰქონდა, რომ როდესაც მთვარემ ერბსენვალდზე გამოანათა, ზედ ჩამოსრიალება და ამოსრიალებაც მოასწრო. ხოლო მისი თვალები ახლოდან ცისფრად რომ მეჩვენა, კაშკაშა გუგებით, ახლა, სიბნელეში, თეთრად ანათებდა.

„თქვენ უნდა იცოდეთ ბატონო ჯარისკაცო, რომ ჩვენ ღარიბები ვართ, ძალიან ღარიბები“, მომესმა მამის სიტყვები, და მეც მამის ყოველ სიტყვას ღონივრად ვუქნევდი თავს, რათა იმათ დაენახათ, რომ ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობდით. „გარედან კი ჰგავს გლეხის კარმიდამოს, შიგნით კი, ყოველ ოთახში, საქსოვი დაზგა დგას. არავის აქვს საკუთარი ხე, თემს არ აქვს, არც სოფლის თავს და არც მე. მე ქსოვა მაბარია. ჩვენ შეშას წვრილმანებით მოვაჭრეებისგან ვყიდულობთ, რომლებსაც შეშა შორიდან მოაქვთ, რადგან თავადი არ გვაჭრევინებს. საითაც კი არ გაიხედავ, ყველაფერი მისია“.

„ჰმ, მეურნეობა“, ჩაილაპარაკა პრუსიელმა. ვკანკალებდი, თითქოს მე ვყოფილიყავი თავადი, და თითქოს გაჭირვებული ცოდვის პერანგში ვიდექი არწივისახიან ღვთის ანგელოზის წინაშე.

„ მე სრულებითაც არ ვაპირებ თავადის გამართლებას“, გაბედა მამაჩემმა. „მე მხოლოდ ცაცხვის გამო ვლაპარაკობ, რომელიც ჩვენ მოვჭერით, როცა ზამთარი არა და არ თავდებოდა, და როცა იდელბერგსიდან და ფლათრინგიდან, დიდ თოვლიანობის გამო, ვერცერთმა ურემმა ვერ შემოაღწია“!

„კმარა გლეხო“, ჩაერია მეორე პრუსიელი რუქით ხელში და თავისი ცხენი ზედ მოგვაგდო. „მე თავადის ტყიდან შეშის მოპარვა, ანდა საწოლების დაწვა მერჩივნა, ისეთ ცაცხვს კი, როგორიც თქვენია, არავითარ შემთხვევაში არ მოვჭრიდი. შენც ხო ასე მოიქცეოდი იოხემ?“ ,“ ცხადია, ერიხ! ხე, რომელიც გენერალური შტაბის რუქაზეა აღნიშნული, რომლის ძირშიც მამა-პაპა მჯდარა! კარგი, ჩვენ აქაურები არ ვართ, მაგრამ თქვენ ხომ აქაურები ხართ, და ჩვენსკენ გამოიშვირა ის ხელი, რომელიც მუქყავისფერ ხელთათმანში შეყენებულ რევოლვერს ჰგავდა. ომს წააგებთ, რადგან არ გიყვართ თქვენი ქვეყანა. ანკი როგორ შეგიძლიათ ასეთი ხე თქვენი სულიდან ამოგლიჯოთ და ზედ ყავა მოხარშოთ? დალახვროს ეშმაკმა! წავიდეთ , იოხემ,“, „წავიდეთ ერიხ, კარგად იყავით!“ ერთხმად და ერთდროულად მოსწყდნენ ადგილს, გაქუსლეს და წავიდნენ. ერთხანს ყურებში მედგა რკინის ჟრიალი და ტყავის ჭრიალი.

მაგრამ იქ, სადაც ისინი იდგნენ - ორი მხედარი, მაღალი, დიდი, როგორც გვერდიგვერდ მდგომი ორი საკურთხეელი, ახლა მხოლოდ სიცარიელე სუფევდა. მიტოვებული ზეცა, სახლი, მამა, მერხი, შორი და მშვიდი ხედი, თვით შავი, ნამიანი, მოშრიალე ერბსენვალდი - ეს ყველაფერი ახლა ძალიან დაპატარავდა.

„ჩვენი ხე რუკაზე ჰქონიათ“, ჩაილაპარაკა მამაჩემმა, როცა ოთახში შევდიოდით.

„ერბსენვალდი გამოიარეს“, - ვთქვი მე.
„ისინი თავიანთ სიცოცხლეში არ მოჭრიდნენ ამ ცაცხვს“
„პრუსიელები არიან“, - დავიძახე მე ხმამაღლა, წკრიალა ხმით და შევეცადე ძაღლის ყეფისთვის მიმებაძა, რომელსაც ყელსაბამი ყელზე მოსჭეროდა.



http://www.xn--gterslo-n2a.de/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები