ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2012


"ხარება, ხარ-ხარებაო..." (თქმულება)

ქალმა საოჯახო საქმეები მოილია და გარეთ გამოვიდა. მთის ბილიკზე მიმავალ მეზობლებს შეავლო თვალი, ხარების დღესასწაულის აღსანიშნავად, უძველესი ტაძრისკენ რომ მიემართებოდნენ. თვითონ არასდროს ყოფილა იმ ტაძარში. თითქმის ორი ათეული წელია, ამ სოფლის რძალია. განა არ უნდოდა, მაგრამ, ვერ მოახერხა, მეზობლებთან ერთად, ერთხელ მაინც შედგომოდა გზაწვრილს...ზამთარში საშოვარზე წასული ქმრისა და უფროსი ვაჟების მოლოდინში იყო მუდამ ამ დროს. მზისგულზე პატარა სკამი დაიდგა, კალთაში ფერად-ფერადი ნართები ჩაიყარა, ოთხ ჩხირზე  ოსტატურად აასხა წინდის თვლები, მეხუთე ჩხირსაც მარჯვედ ატრიალებდა. დროდადრო მაინც გაექცეოდა მზერა შორეული მთის აფერადებული ბილიკისკენ...უცებ ჭიშკართან უცხო მგზავრი შენიშნა, გულმა რეჩხი უყო-ცუდის მაცნე ხომ არააო...
- ქალო, არ იცი, ხარება რომაა? რად არ უქმობო? -მკვახედ შემოსძახა უცნობმა.
ჩხირების ბზრიალი წამით შეაჩერა ქალმა -ხარება და ხარ-ხარება არ ვიცი მე, ჩემი ხარება ჩემი ქმარ-შვილის გახარებააო...
-ნუ ქსოვ, ხარებააო!-ხმა გაუმკაცრდა მგზავრს.
-ხარება, ხარ-ხარებაო, ჩემი ქმარ-შვილის გახარებაო...- თითქოს წაუმღერა ქალმა.
-უნდა იუქმო! ხარებაა!
_ხარება, ხარ-ხარებაო, ჩემი ქმარ-შვილის გახარებაო - ჯიუტად იმეორებდა ქალი და ქსოვას აგრძელებდა.
ჭიშკართან აღარავინ იდგა.
აპრილის მზიანი დღე მოულოდნელად აირია, შავი ღრუბლები შეჯარდნენ ცაზე, მაგრამ რაღაც უცნაურად- თითქოს მხოლოდ ამ სოფლის თავზე. ელვის ცეცხლოვანი გველები დაიკლაკნენ ღრუბლებში, ქალი წამოდგა, ძაფები აკრიფა ნაქსოვთან ერთად, სახლისკენ გადადგა ნაბიჯი და ცეცხლის ისარიც მაშინვე მასთან დაეშვა...
მთაზე სალოცავად წასულები საოცარ სანახაობას უყურებდნენ- კოკისპირულ წვიმაში ცეცხლის სვეტი გიზგიზებდა...
ამბობენ, ტბა გაჩნდაო იმ ადგილზე, სადაც ურჩი მქსოველი ცხოვრობდა. ტბის მღვრიე წყალი მხოლოდ ხარება დღეს იწმინდებაო და თუ ვინმე ნაძრახ ადგილზე მისვლას გაბედავს, ტბის ფსკერზე, ქვადქცეულ ქალსაც დაინახავს და მიღმიერი მელოდიაც შემოესმებაო - "ხარება, ხარ-ხარებაო..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები