ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2012


ჩემი ,,ნათლობა,,

(ციკლიდან: მოგონებათა ნამცვრევი)


    საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია, მე - იმის გაწვრთნილი კატა.
    (არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე, ჩვენს შემთხვევაში, მართლა,  პირიქით იყო).
    კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა, ლექციებზე ვკაფიობდით. მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
    პირველი შეგონება, რაც ჩემი დედამთილისგან - ,,ნინო დედასგან"  მივიღე, ასეთი იყო: ,,საცა შეხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო".
    ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები:  ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს , ,,შენა !"  უნდა დაუძახოს, მამამთილს არ დაელაპარაკოს, იმის სკამზე არამც და არამც, არ დაჯდეს, ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,  ,,სირცხვილ ას!’’...მოკლედ, მთელი ძველი კოდექსი, რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.
    აუღებელი სუფრა გვედგა. ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით, ლელა თათარაიძის გარმონით...
    ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია, სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო,  ,,ნიადე" , მთელ ქვეყანას გააძღობ...
    დიასახლისი, ჰა-და ჰა, როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი, მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან. სუფრაზე დაჯდომა ხო - ,, წეს არ ასა" , სირცხვილია!
    ჰოდა, ვხინკლაობთ და მე, როგორც ახალი პატარძალი, ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს, რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო  ჩუმად  ,,საქუჩებელს"  გადავკრავთ. (ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები).
    ,,ამაჰყრიან"  თუ არა  ხინკლებს, დიდი, ქაფქაფა  ,, ბლუდით’’ მივარბენინებ  ჯერ თამადისკენ...
    - ო-პა-პა-პა , რა ხინკალია, წიქავ, რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.
    პაპა ლექსო ღიმილით, ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს, ჩემკენ ანიშნებს:
    - ეე-ჰ, რაღა ხინკალი, შიგ ყველა ხელს ურევს!
    - რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!
      ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.
    - მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!
    (ხევსურები ყველა არახევსურს  ,,კახს"  ეძახიან).
      მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ნათლობა კი მივიღე, მაგრამ თბილისის  ,,ხრუშოვკაში"  დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე, საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი, ლექსობაც გავუბედე!
    სადაც მიველ, იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე, მაგრამ ეტყობა, ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.

      პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
    თავიდან ძიას ვეძახდი, მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა , უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად, საქმე მაშინ გამიჭირდა.,,ბატონო ვახუშტის"  ვერ დავუძახებდი, არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება, ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
  მერე თანდათან მივეჩვიე. ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო, რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
,,ხვატიტ, ბოგა რაძიაო!"


ვაჰ,დრონი,დრონი... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები