ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2012


ჰეროსტრატე

1.
ძუკნა ხარ-მეთქი, არტემიდა,
გესმის?  - ძუკნა ხარ!
აი, ეს თეთრი ტაძარია შენი სხეული,
ჭაობში დგახარ  და
,,ბრეკე-კე-კე კუაქს, კუაქს!“ –
- დღითა და ღამით 
გომბეშოები არიან შენი ქურუმები
და ეს ძუ კატა,
გაზაფხულობით
ყოველ  ნაბიჯზე რომ ეგლისება ქალაქის ხვადებს,
დაბრუნებული
მარმარილოს ცივ იატაკზე
კნუტებით სავსე მუცელს ძლივს რომ მიეზიდება,
შენზე ათასჯერ მართალი და ზნეკეთილია.
ყველა ტაძარში ეგულება საკბილო კატას.
ალბათ თაგვების  სუნი იკრა, 
მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა,
აუსხლტა თათი და კრეტსაბმელში გაიხლართა…
კრეტსაბმელმა კი აიტაცა ჩირაღდნის ალი,
ავარდა ცეცხლი და უცხო  ქსოვილს,
ჰაეროვანს
ვნებით აუყვა,
უწია კედლებს,
აიხვია ბოლქვებში ჭერი.

შეხედე, კატას, არტემიდა, შეხედე კატას! –
როგორ აწყდება საგნებს და  კედლებს, 
გზას ვეღარ იგნებს მოქნილ კუდზე ალმოდებული,
სასოწარკვეთით  ენაცვლება კნავილს ჩხავილი. 

და ჰა,  ხანძარი!
მობურბურე  ლოკავს კედლებს და
ლოკავს სვეტებს და 
ლოკავს იატაკს.
მწყურვალეს როგორ უგუგუნებს
ეს დაკლაკნილი,
მშრალი ენებით სავსე ხახა.
ეცემა თაღი!

იცოდეს ცეცხლმა თავისი საქმე!
არავის ვუხმობ ამ შუაღამით,
არც გავიქცევი,
ვიდგები დოინჯშემოყრილი,
გაქვავებული.
თვალდახუჭულმა ვიცი შენი ყველა კუნჭული,
მაგრამ  დაგმანულ კარს ოდნავაც არ შევეხები.

ღმერთების ხელში  გაციებული,
გაქვავებული  ცეცხლია ოქრო.
გახურდეს,
დადნეს,
დადუღდეს მთელი საგანძური
და კარქვეშიდან იწანწკარონ
მდნარი ოქროს  ნაკადულებმა,
იდინონ უხვმა  წყაროებმა,
გამოიყოლონ
მხურვალებისგან დამსკდარი  ლალი,
ალმასები,
ძოწ-მარგალიტი,
გამოიყოლონ ყველა ვნება!

2.
არ დამკლებია ჭაბუკობიდან სატრფო-მეტრფენი,
მაგრამ შენ გარდა ვინმე ქალი განა მყოლია?
სად არ ვიომე,
სიკვდილს სად  არ გავეთამაშე, 
გამარჯვებულთა გვერდით ვმდგარვარ
სისხლშეუმშრალი,
დაჭრილიც ვეგდე 
იქ,  სადაც  ვეღარ გაირჩევა
მტერ-მოყვარე და  ცოცხალ-მკვდარი
და რას ვეწიე? 
რა მივიღე ერთგულებისთვის?
დღეს ვინმე მიცნობს?
ახსოვს ვინმე ჩემი სახელი? .

,, -ეზო დაგავე, მოხუცო,  და
  წყალიც მოზიდე,
დაჩეხე შეშა,
შეუკეთე!
მიმსვლელ-მომსვლელებს გაერიდე
და შენს სოროში  შეიყუჟე!"
და  როგორია,
შეიკავო სასულეზე მოწოლილი ხველება და
მკერდის ხრიალი.
სასთუმლად - ერთი მოკიდება  სელის  ტომარა,
გვერდს იბრუნებ და
ჩრჩილის პეპლების გამოჭმულიდან
ცვივა დახრული  მარცვლეული,
ბეჭქვეშ გედება.

ცხადს ვერ ვერევი,
ჩემი ხილვების სამეფოს კი მარტო განვაგებ.
... სად არ ეხეტე,
კარზე რამდენჯერ მომადექი, შემიფარეო,
როგორ დაგიხვდი,   
საბრძანისი როგორ მოგირთე
და  სარეცელიც 
ერთად რამდენჯერ გავიზიარეთ!
ერთი რამ გთხოვე -
- უკვდავება,
არა იმიტომ,  რომ
სოფელი არ მეთმობოდა.
მინდოდა, უტყვად მემსახურა სამარადისოდ,
ესეც გებევრა, არტემიდა?
რისი შესმენა!
პასუხის ღირსიც არ  გამხადე,
მარიდე თვალი.
იქნებ სიტყვები დამიწუნე
შენ, კეთილხმოვან ლოცვებსა და ჰიმნებს ნაჩვევმა.
მეომარი ვარ, 
მეომრისთვის კი
დროულად თქმული სიმართლეა
ლამაზი სიტყვა.

იცი,  რა არის სინამდვილე?
რაა  ცხოვრება?   
როგორ იშვება წმინდა კვამლი,
ამოღწეული  შენს სიფრიფანა ნესტოებამდე?
დამწვარი ძვლების სუნი გიგრძნია?
იცი, როგორ ყარს  სამსხვერპლოზე 
ცეცხლმოდებული  შენი უხვი შესაწირავი?
და როცა კვამლი ამოაღწევს,  დაიმახსოვრე,
მე უთვისტომომ,
უარაფრომ
შენთვის გავიღე
ქვეყნად ყველაზე დიდი მსხვერპლი -
შენი სხეული -
- ქვადქცეული.

.3.
თავს უშველეო,
ვინ დამყვირის შეძრწუნებული?
ცეცხლის ფრთაც  მირტყამს,
მერეკება გასასვლელისკენ,
მაგრამ ჯერ კატა!
ვიხდი ფლასებს,
მივდევ ტიტველი,
ფლასით ცეცხლს ვგუდავ
და კატით ხელში გამოვრბივარ,
რა გადაარჩენს,
წყარომდე თუ  ვერ მივუსწარი...

გაჩუმდა კატა!
გადაეხსნება ალბათ
კნუტებით სავსე მუცელი,
მაგრამ ხამს,
გმირებს  დაცემულებს და მათ მონაგარს
კვლავ ღირსეულად პატრონობდეს მხედართმთავარი.
და  ვინ ვის ომში იღუპება,
ვინ ვისთვის 
ანდა რისთვის იბრძვის
და სად მარცხდება,
რად მარცხდება,
სინამდვილეში
არასოდეს არავინ იცის.

მერე დავდგები ბექობზე და ცქერით დავტკბები,
რა დიდებულად ინაცრება და ცამტვერდება
ცეცხლით ყოველი,
რაც შექმნილა  იმავე ცეცხლით.

4.
ის დროა, როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩასთვლემს.
თურმე როგორი სიჩუმეა ყველა ხმაურში!
სასაცილოა,
როცა  ღმერთიც კი  განსაცდელშია,
გაბანგულივით რა აძინებთ ადამიანებს.
ან ქურუმებს რა ემართებათ!

დილაადრიან,
როცა ეოსი გამურულ ზეცას 
ალერსიანად შეეხება  ძოწის თითებით,
მოქალაქენი შემიპყრობენ.
რაა წამება ან სიკვდილი,
არ მედარდება.
ვეტყვი ამაყად, რომ გადასწვდეს საუკუნეებს:
დიახ, ეს მე ვარ,
ჰეროსტრატე - გმირი მებრძოლი!
დიახ, მე დავწვი!

და დილის ნამი ამიბრწყინდება მეფურ გვირგვინად
და შეირხევა ჩემი ნისლის შესამოსელი.
კიდევ ცოტაც და,
მოკვდავთა ხელით უკვდავებას შევეგებები.

ო, არტემიდა,
შემოიხსნიან თვალ-მარგალიტს დიდებულები,
ბოლო  ლუკმასაც გაიღებენ მოქალაქენი,
მხედართმთავარნი  შენ წინაშე დაყრიან ალაფს,
და აგიგებენ ახალ ტაძარს 
უფრო მშვენიერს,
ბევრიც კრძალონ და ბევრიც მალონ,
რას გახდებიან!
შენ ჩემთან ერთად გახსენებენ მარად და მარად,
ჩვენი გზები კი აქ იყრება.
ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავს ვეუღლები.
მშვიდობით დარჩი!

ბრალი იმისი, ვინც ამაღამ დაიბადება
და  დასაპყრობად მთელ დედამიწას  იპატარავებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები