ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2012


ბედუინი (ნაწილი IX არაქნიდი )

                                                                                                                                 
              გრიგალი როდის ჩადგა, არ გამიგია.  რიჟრაჟის სიცივემ გამომაფხიზლა. მე ისევ მოკუნტული ვიყავი, თავი ისევ ჯადარის ბეჭზე მედო.  გაუნძრევლად მძინებია.  გაკვირვებული შევცქეროდი ნახევრადღია  წამწამებიდან ამ უცნაურად ჭკვიან და ლამაზ ცხოველს, რომელიც მთელი ღამე გამოქვაბულის პიტალოზე  იწვა,  მე რომ კარგად გავმთბარიყავი მის მკერდზე მიკრული და მის ფაფარში გახვეული. ის რომ არა, ახლა, ამ გამოქვაბულში ყინულის ლოდად ქცეული ჩემი სხეული იდებოდა. 

                ფაფარი კისერთან ჩავიკეცე.  ვფიქრობდი იმაზე, რომ ნამდვილად მწყალობდა იღბალი. მაშინ ეს ცხენი რომ არ გამოჩენილიყო და დაჭრილ პატრონთან გადასარჩენად არ მივეყვანე, ახლა, აფთრებს ჩემი ძვლების  გემოც  დავიწყებული  ექნებოდათ.  რა თქმა უნდა ცხენები მიყვარდა ისევე, როგორც ყველა ადამიანს უყვარს,  მაგრამ ჯადარი ჩემთვის ცხენზე მეტი აღმოჩნდა. წუხელ ამ გამოქვაბულში რომ არ შემოვეყვანე, ვინ იცის  რა მელოდა. 

              „ - ნეტავ მოჯადოებული ადამიანი ხომ არ არის, მარტო ლაპარაკი არ შეუძლია“. -  მის გულს მივაყურადე.
ბედაურის გული ისე მძლავრად ფეთქავდა, რომ ჩემი საერთოდ არ მესმოდა. ოდნავ შევსწორდი და ისევ მთელი სხეულით მივეკარი მის ხავერდოვან და თბილ გულმკერდს.  ცხენმა  იგრძნო ჩემი გამოფხიზლება და ფრთხილად ამოიფრუტუნა.  მევედრებოდა, გამიშვი, ფეხზე დავდგეო.  ჩემი „საბანი“  ნამდვილად არ მემეტებოდა, მისი წყალობით  თბილად ვიყავი და კბილს კბილზე არ ვაცემინებდი. მესიკვდილებოდა ადგომა, მაგრამ ჯადარის  „ლაპარაკზე“ გამეღიმა.  ხელფეხი შევარხიე და ჯერ ისევ მის ფაფარში გახვეული ფრთხილად წამოვჯექი.  ჯადარმა დრო იხელთა და ფეხზე ფრთქვინვით ადგა, ფაფარი და სხეული შეიფერთხა და კისერზე ფრთხილად შემეხო დრუნჩით. მებოდიშებოდა სიცივისაგან ისევ რომ ავკანკალდი. 

          „დილის ვარჯიში“ სწორედაც დროული იყო. ადგილზე დავრბოდი, ვხტუნავდი, ფეხის წვერებამდე ვიხრებოდი და ვითვლიდი, ერთი, ორი, სამი, ოთხი... მერე  აზიდვაზე გადავედი, ხუთამდე ძლივს ავქაჩე გაყინული სხეული.  ხელებს ვისრესდი,  ფეხის კუნთებს ვიზელდი... ამ წუთას ისე მენატრებოდა საჰარას თაკარა მზე, როგორც თბილისური თებერვლით გაბეზრებულს -  გაზაფხული.
   
ჯერ დილის ექვსი საათი იქნებოდა, მაგრამ სულ სამიოდე საათში ისე დააჭერდა  სამოცგრადუსიანი  სიცხე,  თავი გახურებულ  ტაფაზე გეგონებოდა, აი  მაშინ  ეს სიცივე გამიხდებოდა სანატრელი...  ისევ ქვიშის „აბაზანით“ დავკავდი. ხელ-ფეხი უნდა გამეთბო. ცოტა ხანში მართლაც დამთბა, კანი გამიწითლდა სისხლიც ამოძრავდა და გაბედულად დავდექი ფეხზე.
     
        ცხენის მხარეს უცნაური ნათება  აელვარდა და  მივბრუნდი.  გამოქვაბული პირით აღმოსავლეთს უყურებდა.  საჰარაში მზის ამოსვლის ჟამი იწყებოდა.  მზვერავ სხივებს უდაბნო ირეკლავდა,  ციალმა გამოქვაბულში  შემოაღწია და  ცხენი უჩვეულოდ გაანათა.  მთლად ოქროსფრად აელვარდა, შავ ფაფარშიც ოქრო ქონდა ჩაწნული, ჩანჩქერივით ძუამ ისე მოიხდინა  ოქროსფერი... გაშლილი და დაკუნთული მკერდი ოქროს შუქჩრდილში ლივლივებდა.  ღამესავით შავ, ხავერდოვან ბეწვზე ნელი ნათება გადასდიოდა. შავი ბედაური მთლიანად ოქროცურვილი შარავანდედნით შეიმოსა ისე ლიცლიცებდა თითქოს სადაცაა ჰაერში მირაჟივით უნდა გამდნარიყო.  მთელი მზისქვეშეთის ოქრო  მის  ფეხქვეშ ეფინა,  ამომავალი მზის სხივზე იდგა. თითქოს ცისკენ მიმავალ ოქროს ბილიკს უნდოდა გაჰყოლოდა.  ზეცას სურდა უკან წაეყვანა  ეს ულამაზესი სულიერი, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვარდილი შავი ბრილიანტივით - შემთხვევით მოხვედრილიყო დედამიწაზე. 
          ეს პანორამა ისეთი ნამდვილი იყო, უცბად შემეშინდა მართლა არ წასულიყო და კისერზე მკლავები მოვხვიე იმის ნიშნად რომ არსად ვუშვებდი.  მანაც მშვიდად ჩაიფრუტუნა და მხარზე თავი დამადო. თუმცა  ყურები უცნაურად ქონდა აცქვეტილი, თითქოს რაღაცას უსმენდა.

იქაურობას თვალი მოვავლე. ჯერ უნაგირზე დაკიდებული ჩანთები მომხვდა თვალში.  ცხენის კისერს თავი მივანებე და ჩანთები დავათვალიერე. ერტში  ჩემი მტკიცელანჩიანი ფეხსაცმელები იდო. მათი დანახვა ისე გამეხარდა, თითქოს ჩემი სახლში დასაბრუნებელი ფრთები ქონდათ გამოსხმული. 

იცოდა დედაჩემმა ჩემი ხასიათი. თუ ფეხზე არ მციოდა, გაგანია ზამთარში ზაფხულის კაბითაც არ შევუშინდებოდი გარეთ სიარულს, რამდენჯერ მიგუნდავია თხელი ზედასაცმელის ამარა.  მთლიანად თოვლში ამოგანგლულს სულაც არ მციოდა, იმიტომ რომ ფეხზე თბილად მეცვა... დედის ნაჩუქარი ფეხსაცმელები საჰარაში  ათჯერ მეტად დავაფასე. მისი წყალობით ღამე ფეხი არ მეყინებოდა, დღე კი სამოცგრადუსიან სიცხეშიც არ მეწვებოდა ფეხისგული.

            „- თუ გადავრჩი, ამ ფეხსაცმელის დამსახურება იქნება ლომის წილი.“-  ისე მეგობრულად მოვაცილე ქვიშის მტვერი, როგორც სახლიდან გასვლისას საყვარელ ადამიანს გადაუსვამენ ხოლმე  მხარზე ხელს.

            ფეხსაცმელი გადმოვაბრუნე და ძირები დავათვალიერე.  უდაბნოს სიცხეს ოდნავ გაელღო, მაგრამ ბევრი ვერაფერი დაეშავებინა.  ფეხსაცმლის ყელში ხელი ჩავყავი თუ არა, რაღაც მშობლიური გრძნობა დამეუფლა. ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა. ფეხსაცმელი დავფერთხე.  შიგნიდან რაღაც რაკუნით გადმოვარდა. ძირს დავიხედე.  ქვიშისფერი მორიელი აპრეხილი კუდით გამოქვაბულის  ბნელი კუთხისკენ გაემართა.

          „ - ეს  ჩემს ფეხსაცმელში იყო?!“ - თავზარი დამეცა. ფეხსაცმელები შეშინებულმა  ხელიდან გავაგდე, უკან გადავხტი და  უდაბნოს ავ მოციქულს თვალი გავაყოლე...

            ბავშვობიდან ძალიან მეშინოდა მწერების, ობობების და მცურავების. ჩვეულებრივი ბუზი და პეპელა თავზარს მცემდა, სამაგიეროდ გარეული ნადირის და მტაცებლების შიში თითქმის არ მქონდა. ბებია  სულ წუხდა  იმაზე, პატარაობისას ობობათი რომ მაშინებდა:  "-დაიძინე თორემ აი ობობა და ამას გაგატანო..."
მას შემდეგ ეს შიში ჩემთან ერთად იზრდებოდა. ერთხელ ვუსაყვედურე კიდეც, "ადამიანურად" შეგეშინებინე მგლით და "გუდიანი კაცით,"  ობობა რამ აგარჩევინა-თქო... "ეჰ რა ვიცოდი, დიდობაში სიცილადაც არ გეყოფოდა,  რას ვიფიქრებდი რომ შიში აქამდე გამოგყვებოდაო..." -დარდობდა მოხუცი. ამ ლაპარაკს დედამ მოკრა ყური და ცოტა ხანში სახლში არაქნიდების შესახებ რამოდენიმე საინტერესო წიგნი გაჩნდა. ერთ მათგანს თეთრი ყდა ქონდა და ზედ ვეებერთელა შავი ობობა ეხატა.  შიშისაგან  წიგნი ხელიდან გავაგდე.
„ - ეგ მხოლოდ ნახატია შვილო. წაიკითხე ეგ წიგნი,  რისიც გეშინია,  იმაზე ჯობია ყველაფერი იცოდე.  უფრო ადვილად მოერევი მტერსაც და შიშსაც."  - გაეცინა დედას და წიგნი მომაწოდა.

            მას შემდეგ ბევრს ვკითხულობდი არაქნიდებზე, ფეხსახსრიანებსა და თავმკერდიანებზე, მაშინ გავიგე რატომ ერქვათ "არაქნიდები", თურმე  მეცნიერებაც არსებობდა მათზე - "არაქნოლოგია."  როცა აღმოვაჩენდი რომ რომელიმე შხამიანი სახეობა საქართველოში არ ბინდარობდა, ჩუმ-ჩუმად მიხაროდა რომ არასოდეს შევეჩეხებოდი.  ერთხელ ჩემმა ნათლიამ  მკითხა, "ვინ უნდა გამოხვიდე როცა დიდი გახდებიო."  სულ  მახსოვდა  მისი გაკვირვებული მზერა, როცა ვუპასუხე,  არაქნოლოგი არასდროს გამოვალ-მეთქი.  მამამ სიცილით მითხრა: „ -  კარგია ის მაინც თუ იცი ზუსტად,  რა არ გინდაო...“ მაგრამ მაშინ მხოლოდ თოთხმეტი  წლის ვიყავი...

              ახლა, ამდენი წლის შემდეგ,  ჩემი თვალებით  ვუცქერდი ჩემი ბავშვობის  წიგნიდან გადმოსულ  ქვიშისფერ მორიელს. საჰარას შხამიანი ბინადარი ექვს სანტიმეტრამდე სიგრძის იქნებოდა.  მისი ნაკბენი სასიკვდილო იყო და ტვინის,  ნერვების პარალიზებას  და ფილტვების შეშუპას იწვევდა. გადარჩენის შანსი მხოლოდ ზრდასრულ, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს  ჰქონდა, ისიც ექიმის დროული  დახმარების შემთხვევაში.  ეს მორიელი  ნამდვილ ჩემპიონად ითვლებოდა არაქნოლოგიაში  სრულიად არაჩვეულებრივი უნარის გამო:  ზედიზედ  ოცდახუთი საათს  უძლებდა ორმოცდახუთგრადუსიან სიცხეს, თვეობით  შიმშილი შეეძლო, ხოლო წყალი საერთოდ არ ჭირდებოდა.  ერთადერთი რისიც ეშინოდა ეს იყო მზის სინათლე, რომელსაც ჩრდილიან ადგილებში ან ქვიშაში ამოთხრილ სოროში ემალებოდა.

            რაკი ფეხსაცმელში მორიელი ვიპოვე, ცხენზე დაკიდულ ჩანთებს  შეშინებული ხელახლა ვეცი. წყლის საკვების ჩანთა სუფთა იყო. ახლა მეორე ჩანთა გადმოვბერტყე... შიგნიდან ჩემი  აქლემის ტყავის ქალამნები, სანთებელა, დანა, მამისეული საათი და სიგარეტის კოლოფი გადმოვარდა.  შვებით ამოვისუნთქე  და საათი  მაჯაზე შევიბი.  ფეხსაცმლის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ „მორიელიანი“ ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა ვერ გავბედე, ამიტომ  ჯერ ქალამანი ჩავიცვი და მერე ამოვიცვი ფეხსაცმელი.  დანა ფეხსაცმელში დავაბინავე  და სიგარეტის კოლოფს დავწვდი. გამახსენდა რომ ეს დღეები სიგარეტი არ მომიწევია და გამეცინა. როცა „კარგად ვიყავი“ მაშინ არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც ვეწეოდი და დედაჩემის  ჩხუბზე მეცინებოდა. ახლა, ყოველწამს სიკვდილი რომ მემუქრებოდა, სიგარეტი აღარც მახსოვდა.  მომაკვდავი  ადამიანი რომ დაიწყებს ხოლმე ჯანმრთელობაზე ზრუნვას  - ალბათ მეც ეგ დამემართა. 

        მეორე ფეხსაცმლის ჩაცმაც დავაპირე, მაგრამ  მიწაზე მიგდებული ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა თვალში. ასკინკილით  მივედი,  ქაღალდი ავიღე  და გავშალე. ჩემი ყალბი რუქა იყო. უნაგირის ჩანთაში დავაპირე მისთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ თითის წვერები გამიშავდა, ხელები მურიანი მქონდა და  ქაღალდი სასწრაფოდ გადმოვაბრუნე. 

          რუქის უკანა მხარეს,  ნახშირით  იყო  მიხატული ტყუპი პალმა, ორკუზიანი აქლემი, არწივისთავიანი კლდე  და დიდი სოკო.  მათ შორის პატარა, კლაკნილი ხაზი  იყო გავლებული  და მიმართულებას უჩვენებდა.  ეს დასავლეთისაკენ მიმავალი გზა იყო,  ფარაფრას ოაზისამდე მიმავალი გზა.  რუქაზე ორიენტირები იყო  მონიშნული. ალაგ- ალაგ ნახევარმთვარე იყო მიხატული, ალაგ- ალაგ მზე.  ერთ ადგილას ექვსწვერიანი ჯვარი იყო დასმული... კარგა ხანს ვაკვირდებოდი  ვერ მივხვდი რა ნიშანი უნდა ყოფილიყო. ტყუპი პალმის მახლობლად, არაბულად ეწერა ერთი სიტყვა:  „მაჰა“. 

            ბედუინი... 
            მხოლოდ მას შეეძლო ამ რუკის დახატვა... 
ცხენს შევხედე, დამიქნია  თავი „ჰო“-ს ნიშნად.  ეს ცხენი აშკარად აზროვნებდა, გადაწყვეტილებებს იღებდა და ხორცსაც ასხამდა...და  გონებაში შეკითხვა გაჩნდა: რატომ დამყვა ცხენი ასე ადვილად,  როცა ოთხ შეიარაღებულ მამაკაცს თავზე ხელაღებული ყაჩაღივით გამოვექეცი.  ბედუინს ერთი ნიშანიც რომ მიეცა, ადგილიდანაც არ დაიძვრებოდა. რა მოხდა, ჯადარმა უღალატა პატრონს  თუ ბედუინის დავალება შეასრულა ?!  რატომ დაუშვა ჩემი გაქცევა?  იქნებ არ ელოდა რომ გავიქცეოდი? ... არა... ელოდა, ცხადია ელოდა. არამც თუ მხოლოდ ელოდა, არამედ დაგეგმა კიდეც და სიტყვითაც მანიშნა. 
     
მაგრამ ამას მხოლოდ დღეს ვხვდებოდი... 

          ხომ თქვა რამდენიმეჯერ გამექცა და ამიტომ გავთოკეო. რატომ არ დაანება არაბებს ჩემი სახის ნახვა ? იფიქრა რომ იმ წამსვე მოკლავდნენ, კლდიდან ჩემს გადმოდგებას მერე  რაღა უნდოდა?  ჩემს დამსხვრეულ სხეულს კაიროში ჩაიტანდნენ და ჩემი გატაცებაც ბედუინს დაბრალდებოდა.  ეს  იდეალური გეგმა იქნებოდა მდევრისათვის. ეჭვი მეპარებოდა რომ ალ კაბირს ვინმე დაასწრებდა სროლას, მაგრამ ისინი  სამნი იყვნენ და ვინმეს სიკვდილი გარდაუვალი იყო. მუსტაფაც ბედუინის თავგამოდებამ დააეჭვა. ესე იგი,  სწორედ ჩემი გაქცევა იყო წუხელ ერთადერთი გამოსავალი  სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.  ცხენს  დაუძახა დანა რომ  ამოეღო უნაგირის ჩანთიდან, მაგრამ დანები არაბებსაც ხომ ქონდათ და იქვე იაწვდიდნენ... სინამდვილეში სხვა მიზანი ჰქონდა, ცხენი ახლოს მომიყვანა,  ზედ რომ  სწრაფად შევმხტარიყავი და გავქცეულიყავი.

რა რთული იყო ყველაფერი...  არაფერი მესმოდა ამ კაცის. ნამდვილი აისბერგი იყო ჩემთვის ბედუინი ალ კაბირი... „საჰარას აისბერგი.“ არა,  არ მესმოდა რას ფარავდნენ მისი ზურმუხტისფერი თვალები.  ხან ნაზი ლივლივით მოგფენდნენ სიამეს, ხან სხივიანი გაელვებით მოგჭრიდნენ თვალს, ხანაც მწვანე შუშებად ქცეული გაყინული მზერით მოგჩერებოდნენ.  სახე და თავი მუდმივად შებურული ქონდა . მხოლოდ თვალები უჩანდა.  ჟესტებით მელაპარაკებოდა. ვცდილობდი მისი მზერის წაკითხვა მესწავლა, მისი დაბურული აზრები გამომეცნო, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ამოუცნობად მეჩვენებოდა.  ეს გაურკვევლობა მაფრთხობდა და მაშინებდა.

        ესე იგი,  ჩემით კი არ გამოვიქეცი როგორც აქამდე მეგონა, არამედ მან დაგეგმა ჩემი გაქცევა და მოამზდა კიდეც. მეტიც,  გეგმა ჩემს ინსტიქტზე ააწყო.  ცხენის შეჩერება  არც კი უცდია.  ჯადარის მეშვეობით ადვილად მიპოვნიდა. ცხენი ხომ ყოველთვის გამოეხმაურებოდა მის ნიშანს.  მართალია ჯადარს ვუყვარდი, მაგრამ პატრონი მხოლოდ ის იყო. სანამ ალ კაბირს დაინახავდა - ცხენი  მე მემორჩილებოდა, ოღონდ როგორც კი ბედუინი გამოჩნდებოდა - მხოლოდ ის იყო მისი მბრძანებელი.

ნდობა... რაოდენ აუწონავი სულიერი სიმშვიდის მომტანი ყოფილა თურმე ეს გრძნობა. სიყვარულზე გაცილებით  დიდი სულიერი ძალის მატარებელი, ღონის მომცემი, იმედის დედა. 

          დავცქეროდი რუქას და ნდობის ნაპერწკალმა გაღვივება დაიწყო... მაგრამ გამახსენდა მისი ლაპარაკი არაბებთან და შეტრიალებული შეკითხვა : „ელჩი"? ... და ვიგრძენი როგორ ამეწვა გულისკოვზი. 

ამ წუთში მჯეროდა, რომ ჩემი გაქცევა  დროული ჩემთვის უფრო იყო. რაც  ჩემი ვინაობა გამჟღავნდა, იმ წამიდან  ბედუინისთვისაც შესანიშნავ სატყუარად ვიქეცი. ახლა ორ  ცეცხლს  შუა ვიყავი.  ეჭვი გამიჩნდა, რომ  ბედუინიც შეეცდებოდა როგორმე ხელში  ჩავეგდე.  მონად ალბათ არ გამყიდდა, უფრო ტურსიტულ პოლიციას შეევაჭრებოდა.  ტურისტული პოლიცია ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ჩემი პოვნით და ცხადია სავარაუდოზე მეტ ფულს შესთავაზებდა. ტურისტულ ჯგუფთან  წასული „საპფირის“  ოჯახის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგვა ეგვიპტეს სულაც არ უქმნიდა სახარბიელო მდგომარეობას.   

          მაგრამ თუ მდევარი უფრო მეტ ფულს შესთავაზებდა ბედუინს?  განა მისთვის სულ ერთი  არ იყო ვინ გადაიხდიდა დიდ ფულს?  რაში ედარდებოდა საჰარას უსამანო უდაბნოში მომთაბარე არაბს - ან დიპლომატია,  ან ქვეყნის ბედიღბალი?  საერთოდ რა მოეკითხებოდა ბედუინს, ქვიშის მთების  და ჰამადის კლდეების ბინადარს, სადაც კანონი  და სამართალი ქვიშის ამარა იყო დარჩენილი ?!

სანამ მე მხოლოდ  „ნი’ილნა“ ვიყავი მისთვის, რომელმაც დაჭრილს და  წყურვილით გაწამებულს მოუარა, მანამდე ის ჩემთვის სახიფათო არ იყო.    ახლა,  რაკი ჩემი ვინაობა გაიგო, ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ მისგან მელოდა.  მხოლოდ მას შეეძლო უდაბნოში უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება.  ჩემი ყველა მაძებარ-მდევრიდან, მხოლოდ ის იყო ყველაზე მომზადებული უდაბნოში ხანგრძლივად ყოფნისათვის.  თუ ვინმე ან რამე მწყობრიდან  ფიზიკურად არ გამოიყვანდა, მას არც არასდროს მოშივდებოდა, არც არასდროს მოწყურდებოდა და არც არასოდეს დაიღლებოდა. გვერდით შეუდარებელი  არაბული ბედაური ჰყავდა,  მომთაბარე კაცისთვის ყველაზე სასურველი და ერთგული მეგობარი.

          ესე იგი,  ეს ჩანთა,  უფრო ადრე, არაბებთან შეხვედრამდე, - ყოველი შემთხვევისთვის  ჰქონდა მომზადებული.  ნდობის ნაპერწკალი ისევ ჩაქრა. ფიქრისაგან თავი ამტკივდა. ვხვდებოდი რომ  არც ისე საიმედო, მაგრამ მაინც საყრდენი,  უკვე გამომეცალა. ისიც აღარ ვიცოდი, ამ რუქის საიმედოობა მერწმუნა თუ არა.  თანაც, რა მანძილი უნდა გამევლო, არ ვიცოდი, ან ჩემი წყლიანი ბოთლები რამდენ ხანს მეყოფოდა. ასე იყო თუ ისე, ამ ადგილს მაინც ჩქარა უნდა გავცლოდი. 

            დავფიქრდი იმაზეც, რომ არცერთი ჩემი მცდელობა და ჩანაფიქრი, წარმატებით არ განხორციელებულა. 
კარგა ხანია შენიშნული მქონდა, რომ რაც საჰარაში ჩემი უცნაური თავგადასავალი დაიწყო, ყველაზე მეტად დილაობით მიჭირდა. ყოველ დილას,  ხელახლა ვრწმუნდებოდი,  ერთ  დროს  საოცნებო  საჰარა, ჩემთვის ახლა ერთ დიდი, უკედლებო, უცხაურო და უზედამხედველო ციხე იყო და მისგან  თავისდაღწევას ამაოდ ვცდილობდი.  შევატყე, სასოწარკვეთილება მეძალებოდა და  ყურადღების გადატანას შევეცადე.  ხელში სიგარეტის კოლოფი მეჭირა, სახლიდან გამოყოლილი კოლოფი...

          „- სულ სამიოდე ღერიღა უნდა იყოს შიგნით, ბარემ მოვწევ, ცოტას მაინც გამათბობს“. - მეორე ფეხსაცმელი ფრთხილად დავფერთხე და პირველივით ქალამანზე ჩავიცვი, ხელი  სანთებელას წავატანე,  გამოქვაბულიდან გამოვედი და იქვე ქვაზე ჩამოვჯექი.

          გარემო ისე შეცვლილიყო - საერთოდ ვერ ვიცანი. ჩემს წინ სრულიად ახალი პეიზაჟი ახელდა თვალს.  მხოლოდ ქვიშით და წვრილად დამსხვრეული ლოდების ნატეხებით და ჭირხლით იყო მოფენილი ყველაფერი თვით ჰორიზონტამდე. როგორც კი მზე დააჭერდა, ერთ საათიც არ დასჭირდებოდა გუშინდელი წარღვნის კვალის წაშლას.  აქაურობა ისევ პირგამშრალ უდაბნოდ იქცეოდა. ახლაც კი, ამ ადრიან დილას,  მხოლოდ ნაღვარევებით თუ მიხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი მოხდა.  ღრმა კალაპოტებით იყო დაღარული მთელი არემარე. ძველი პეიზაჟი საერთოდ აღარ არსებობდა.  ყოველგვარი კვალი წაშლილიყო, მხოლოდ კლდეების  ადგილმდებარეობით თუ მიხვდებოდა ადგილის მცოდნე კაცი -  სადაც  იმყოფებოდა.

          მაინც სად უნდა წასულიყო ამდენი წყალი, ნუთუ ასე უკვალოდ ჩაინთქა ქვესკნელში ყველაფერი. ასე შეიწოვა ქვიშამ, რამხელა უფსკურული იყო მაინც ეს უდაბნო, რა სიღრმე ქონდა ასეთი...

          ჩემი კომპასის, აღმოსავლეთისკენ განათებული ადგილის და ბედუინის რუქის მიხედვით, - დასავლეთის ორიენტირი თვალით მოვნიშნე და გარემოს თვალიერება გავაგრძელე.       
შორს, დასავლეთით უკვე ქვიშის დიუნები მძლავრობდნენ, ჰამადი ნელნელა ადგილს უთმობდა ქვიშას. დიუნების წვერები მოჭირხლული ვერცხლით ბოლოვდებოდნენ, ღამის ყინულიან ქარს თავისი კვალი ყველაფრისთვის დაემჩნია. 

          სიგარეტის კოლოფს თითი ქვემოდან მივუკაკუნე. ერთმა ღერმა სიგარეტმა ჩვეულად ამოყო თავი, კოლოფი პირთან  მივიტანე და  ის იყო ფილტრს ტუჩებით უნდა დავწვდომოდი, რომ  რამდენიმე  შავი ბისერი  ჩემს თვალწინ ნაპერწკალივით აკიაფდა.  ოთხი  წყვილი შავი წერტილი ავად მომაჩერდა... 

        მძივების პატრონს მოყვითალო-მოყავისფრო ფერი გადაკრავდა, კუდი სხეულის სიგრძეზე მთლიანად ქონდა გადმოკეცილი და  შხამიანი ისარი ჩემი ტუჩიდან ზუსტად სიგარეტის ფილტრის სიგრძით იყო დაცილებული. 

        ყვითელი მორიელი საბრძოლველად მზად იყო... 
თავადაც ვერ შევნიშნე როგორ გავშეშდი, სუნთქვაც კი შევაჩერე. სულ მცირე შერხევაც და ჩემს სხეულში მორიელი  შხამს გადმოღვრიდა. კოლოფის გადაგდება აღარაფერს მიშველიდა,  სწრაფი არაქნიდი ჩხვლეტას დამასწრებდა. ეს  „პალესტინური ყვითელი“ იყო, ცნობილი როგორც „მოარული სიკვდილი“, მისი შხამი ძალზე სწრფად კლავდა და მისი მსხვერპლი ათასობით ადამიანს ითვლიდა.   

        თუ მშვიდობით გადარჩენა მინდოდა, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ გაუნძრევლად ჯდომა და მზის ამოსვლის ლოდინი იყო. როგორც კი მზის სხივი მორიელს თვალებში მოხვდებოდა, მაშინვე დათმობდა საბრძოლო პოზიციას და  დამალვას შეეცდებოდა.  აი მაშინ უნდა მეხელთა დრო და თავიდან მომეცილებინა. წიგნიდან მახსოვდა, რომ მორიელის საბრძოლო მდგომარეობა საათობით გრძელდებოდა. მეორე ხელში მომარჯვებული სანთებელა მეჭირა, იქნებ ცეცხლის სინათლესაც დაეფრთხო ეს უცნაური არსება, მაგრამ ხელის შერხევა და სანთებელას დატკაცუნება ნამდვილი სიგიჟე იყო. მორიელის  სხეულზე განლაგებული ძნელად შესამჩნევი ბეწვები „ყურების“ მოვალეობას ასრულებდნენ და ჰაერის მცირე შერხევაზეც რეაგირებდნენ.  ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მციოდა და როგორმე მთელი სხეულის და ნერვების დაძაბვით  სხეულის ცახცახი როგორმე  უნდა შემეკავებინა.

        „- ალბათ  ტანსაცმელში შეძვრა როცა სამოსი გამომიცვალა ბედუინმა და  სიგარეტის კოლოფში მყუდრო ბინა იპოვა.  წელიწადის ამ დროს ისედაც ურომაგდება აგრესიულობა, მე კი კოლოფზე დავაკაკუნე, გავანჯღრიე და ... “ - ვფიქრობდი და მეშინოდა რომ მორიელი, საკმაოდ ვერაგი და ჭკვიანი,  ჩემს ფიქრსაც კი  დაიჭერდა და მივხდებოდა რომ სწორედ მე მოვუშალე მყუდრო ბინა.

        ვიჯექი ცივ ქვაზე და ახალ განსაცდელს მონუსხული შევჩერებოდი. 

        ჩემი ერთი წყვილი თვალი მოუცილებლად შესცქეროდა  მორიელის ოთხ  წყვილ თვალს სულ რაღაც ორიოდე სანტიმეტრის მანძილიდანდან. სიცივისაგან რომ არ მეძაგძაგა, კბილები ერთმანეთს ისე მაგრად დავაჭირე,  ყბები მეტკინა.

საზარელი შესახედი იყო საჰარის ბინადარი. მთელი ოთხასი მილიონი  წელი, რაც  დედამიწაზე არსებობდა, ყველა სულიერს თავზარს სცემდა. ამ უცნაურ არსებას  მარწუხებიანად ათი ფეხი ქონდა. ქვიშისფერი სახსრიანი ფეხები ჯავშნით ქონდა შემოსილი. ყველა წახნაგზე მუქი ყავისფერი წინკლები სიმეტრიულად ქონდა განლაგებული. ზურგის ჯავშანი  მუქი ქვიშისფერი ჰქონდა. მარწუხები ავად მოემარჯვებინა. შხამიანი კუდიც სახსრებად ქონდა დაყოფილი და წახნაგებზე, ისევე როგორც ფეხებზე,  მუქი ქვიშისფერი წინწკლები დაჰყვებოდა. კუდი შხამიანი,  მუქი ყავისფერი ისრით თავდებოდა, რომელიც ახლა ავად მოღერებული მიცქერდა.  ორი თვალი „თავზე“ ქონდა, სამ-სამი მარჯვნივ და მარცხნივ  პირს  ზემოთ ჩამწკრივებული. პატარა და ჩაკეცილი პირითნ  კიდევ ორი მარწუხი მოუჩანდა.
       
თავდასხმისთვის მომზადებული მორიელი  ქანდაკებასავით იყო გაშეშებული და პოზიციის დათმობას არც აპირებდა.  იმ წუთში ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ეს არაქნიდები  შეწყვილების წინ თავის  რჩეულებთან ერთად ისე ცეკვავდნენ  „კანკანს“,  იფიქრებდი, რომ  „მულენ რუჟის“  მოცეკვავეებმა სწორედ მათგან ისწავლეს ყველა მოძრაობა. მამრი მორიელი სიყვარულს ეწირებოდა. უფრო სწორად მდედრი,  შეწყვილების შემდეგ, -  მამრს კლავდა.  ამიტომ სიცოცხლის გადასარჩენად, მამრი  თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ... მაგრამ,  როგორ არ გავდა ახლა გასაქცევად მომზადებულს  ჩემი მტერი...

        გულით ვევედრებოდი უფალს, რაც შეიძლება მალე ამოეყვანა მზე...  ჩემს პირდაპირ გამოქვაბულში ცხენი იდგა, მაგრამ მას არ შეეძლო ჩემი გაქვავებული  მზერის წაკითხვა. თითქმის შეუმჩნევლად და ზედაპირულად ვსუნთქავდი.  მთლიანად გავლურჯდი. სიცივე ნელ-ნელა გულამდე მოიწევდა, მაგრამ მთელი ნებისყოფით ვცდილობდი მორიელი მომეტყუებინა და უძრავი ქვა ვგონებოდი.  მხოლოდ მორიელს მივშტერებოდი თვალებში. ცარიელ თვალებად ვიქეცი, მისი არცერთი მოძრაობა არ უნდა გამომპარვოდა. სიგარეტის კოლოფიანი ხელი  იდაყვით მუხლზე მედო, მეორე ხელი სანთებელიანად ჰაერში მეკიდა. უკვე მეორე საათი იყო დაწყებული  რაც გაუნძრევლად ვიჯექი.   

      როგორც იქნა დილის მზეც  ამოიწვერა. კლდეებიდან  და ბექებიდან ნელმა ოხშივარმა ცისკენ დაიწყო  დენა.
      მორიელი შეირხა. ქვიშისფერი სიკვდილი  ამოძვრა და კოლოფს ზემოდან მოექცა.
      ახლა უკვე მართლა გავქვავდი. 
      მზე სწრაფად იწევდა მაღლა. მორიელს  შხამიანი კუდი ისევ გადმოკეცილი ჰქონდა და ისევ გარინდული იჯდა. შიშისაგან პირი ნერწყვით გამევსო, მაგრამ გადაყლაპვაზე არ მიფიქრია. მხოლოდ თვალის კუთხით დავინახე, ჯადარმა ერთი ორჯერ გაკვირვებულმა რომ გამომხედა, მაგრამ მშვიდად დგომა გააგრძელა. 

        თვალები ამიჭრელდა, ერთი მორიელის ნაცვლად უკვე ათს თუ ოცს ვხედავდი, რვა თვალი ოთხმოც თვალად იქცა, რომლის ზემოდანაც  ოცამდე  შხამიანი კუდი ქანაობდა. ხერხემალი დამეღალა, კისრის მალები  დამეძაბა,  ცოტაც და თავი დაბლა ჩამომივარდებოდა და თვითონვე დავეხლებოდი პირით მორიელის შხამიან ნესტარს. თვალების დახუჭვის მეშინოდა. გულში მხოლოდ იმას ვნატრობდი, ნიავი არ ამოვარდნილიყო.

        მზემ ძალა მოიკრიბა. მის მძივივებივით თვალებში რვა მზე ერთად ამოდიოდა. მორიელი შეიშმუშნა და კოლოფიდან ჩაძვრომა დააპირა. თავისი საზიზღარი, ჯავშნიანი და ხიწვიანი ფეხებით ჩემს თითს მოეჭიდა და ხელის მტევანს ჩამოყვა. მარწუხებმა კანი ჩამომკაწრეს...
 
        ზიზღმა და შიშმა ზრიალით გამიარეს ხერხემალში. მორიელი ჩემს მაჯას ზემოდან მოექცა,  კაბის სახელო გადმოიარა და მკლავს გამოყვა, იდაყვთან შეისვენა და კუდი გაშალა.  თუ მორიელი ჩემს მუხლზე ჩაინაცვლებდა, ხსნა სულ ახლოს იყო, მაგრამ გარინდული შედგა და მარწუხები ჰაერში აიქნია. ახლა მხოლოდ თვალის კუთხით ვხედავდი მის მოძრაობას. შევცდი." მოარული სიკვდილი" მკლავს ზემოთ ამოყვა და ჩემს მხარზე მოექცა.  ვეღარ ვხედავდი, მხოლოდ ვგრძნობდი სადაც იყო გაჩერებული.  რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი არტერიის ფეთქვას ადევნებდა  რვავე თვალს.  მზე გვარიანად ამოიწვერა.  აღარ მციოდა,  მაგრამ მორიელის ფეხები ბეჭზე ვიგრძენი, აბრეშუმის ქსოვილის წეწვის ხმამ ყური მომჭრა.  ის ჩემი ზურგის გავლით მიწისკენ მიიწევდა. 
        თვალები დავხუჭე. ქუთუთოები თითქმის ქვად მქცეოდა. მალე მორიელის მარწუხები წელზე ვიგრძენი და ჩემს ყურს,  ქვაზე ჯავშნის დაცემის ყრუ ხმა მისწვდა. ღრმად სუნთქვა უკვე შემეძლო, მაგრამ  ვერ გავბედე, სანამ ჩემი დაუპატიჟებელი სტუმარი მიწაზე არ დავინახე.  გამოქვაბულისკენ მიიჩქაროდა.  მზისგან დამალვას ცდილობდა.   
     
        "მოარული სიკვდილი" ნელ-ნელა მშორდებოდა.
        გადავრჩი!.. ახლა მართლა გადავრჩი!!!
ძლივს ავდექი ფეხზე. სახსრები ჟანგიანივით აღჭრიალდნენ.  ხელისგულებით მუხლებს დავეყრდენი, კისერი ავამოძრავე და როგორც იქნა სხეული ხელახლა ვიგრძენი.  გამოქვაბულისკენ  ნელნელა მივდიოდი,  გული და სული მიწუხდა.  მორიელისგან დაკაწრულ მარცხენა ხელს ვისრესდი.  ვიცოდი ნაკაწრი საშიში არ იყო, მაგრამ მაინც  ავტირდი.  პატარა ბავშვივით, - გულამოსკვნილი ვტიროდი, ქვიშიანი და მურიანი ხელებით სახეს და თვალებს ამაოდ ვიწმენდდი, გუშინდელი წარღვნასავით მდიოდა ცრემლი. 
     
ეს იყო ჩემი პირველი „ხმით ნატირალი“.  ვტიროდი  ბავშვობიდან შემორჩენილი ზაფრის, ახლახანს გადატანილი "მორიელიანი განსაცდელის", მდევრის, ჩემი უმწეობის,  საჰარას განუსაზღვრელი ძალაუფლების  და კიდევ... ბედუინის მიმართ გაჩენილი  შიშის გამო.
      ცხენს  მივეხუტე,  მის ფაფარში ჩავრგე ცხვირპირი.  დასამშვიდებლად დრო მჭირდებოდა, მაგრამ    უკვე დილის რვა საათი სრულდებოდა.  მორიელმა სამი საათი წამართვა...
 
თუ აქედან წავიდოდი და დილის ათ საათამდე სხვა  თავშესაფარს ვერ ვიპოვიდი, უდაბნოს ცხელი მზე პირდაპირ ქვიშაზე შემწვავდა ცხენიანად.  კლდოვანი უდაბნო თავდებოდა, კლდეების ცხელი ჩრდილი რასაც აქამდე თავს ვაფარებდით,  დასავლეთით აღარ იქნებოდა და მხოლოდ ქვიშის ამარა დარჩენილს ძალიან გამიჭირდებოდა. 

      „- ძალიან დავაგვიანე, ეს მდევრისთვის  ხელსაყრელია. ალბათ დარჩენა მომიწევს, იქნებ კიდევ მოვიმარაგო წყალი და საღამოსპირზე გავუდგე გზას“.-  გავიფიქრე და ისე ღრმად ამოვისუნთქე, ფილტვების ხმაური ყურში გავიგონე.

          მზე ამოვიდა თუ არა, გარემოს ისეთი ოხშივარი ავარდა,  თითქოს მილიონობით გეიზერმა ერთდორულად ამოხეთქა მიწიდან.  სველი ქვიშა და კლდეებმა შრობა დაიწყეს. ხოლო დიუნების მოყინული წვერებმა კი დნობა. საჰარა ნელ-ნელა ორთქლიან აბანოს ემსგავსებოდა. როგორც კი მიწისპირზე  ჰაერი გათბობას დაიწყებდა,  მირაჟების  ტალღა მოედებოდა მთელ თვალსაწიერს.

      წასვლა დაგვიანებული იყო. ორთქლის აბანო კი კიდევ უარესი იყო მშრალ სიცხეზე. გადავწყვიტე გამოქვაბულის სიბნელეში გადამეტანა "დიდი აორთქლება" და  საღამოს დავძრულიყავი. თუ მორიელებთან ფრთხილად ვიქნებოდი, საღამომდე გაძლება იქნებ არ გამჭირვებოდა. 

      ფიქრი ცხენის ფრუტუნმა შემაწყვეტინა. ჯადარმა თავი გამეტებით დაიქნია და მარჯვენა ტორი მიწას რამოდენიმეჯერ გაუსვა. მოვეფერე, მაგრამ  უფრო ხმამაღლა დაიფრუტუნა, თითქმის დაიჭიხვინა, ახლა ორივე წინა ფეხი დაუშინა მიწას. გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ სინათლიდან ახლახანს შემოსულმა და ნამტირალევმა, დასივებული თვალებით  სიბნელეში საშიში ვერაფერი შევნიშნე.    მაგრამ თავსზემოთ უცნაური  შარიშური მომესმა და ავიხედე თუ არა წამსვე მივხვდი რა აწუხებდა ცხენს.

ისეთი სანახაობას ვკიდე თვალი, მორიელი და მდევარი ვიღას ახსოვდა!..  გამოქვებულის მთელი „ჭერი“ ობობებით, ფალანგებით, წვრილი და მსხვილი, გრძელი და სრულიად უცნაური მრავალფეხებით და უამრავი მწერით იყო სავსე.  ჭერი "გაცოცხლებულიყო,"  ფუთფუთებდა  და მოძრაობდა. გამოქვაბულის ბნელი კუთხისკენ გამექცა თვალი, რამდენიმე გველური მოხაზულობის თავი დავინახე, ყვითელი თვალებით მომშტერებოდნენ. ახლა ზურგისკენ მივბრუნდი და შევნიშნე,  მეორე მხარეს, ბნელ კუნჭულში მორიელების უამრავი მოკაუჭებული კუდი ირეოდა ერთმანეთში.  "იმ წიგნებში" აღწერილი ყველა ობობა, მორიელი და მცურავი აქ შეგროვილიყო.  თურმე ეს გამოქვაბული  მხოლოდ ჩემი თავშესაფარი კი არ იყო  წარღვნაში,  ახლომახლო თუ კი რაიმე ქვეწარმავალი, მწერი, მცურავი  ან მცოცავი არსებობდა, ყველას აქ შეეფარებინა თავი. ჭერი, კედლები და ბნელი კუნჭულები ერთმანეთში გაეყოთ... გამოქვაბული იღვიძებდა...  უამრავი ობობა ნელნელა აბლაბუდის ძაფებზე ეკიდებოდა და სრიალით აპირებდა ჩამოსვლას.

რა თქმა უნდა, საჰარას ბინადრებმა გაცილებით ადრე იგრძნეს სტიქიის მოახლოვება და აქ გამოერიდნენ ღვარცოფს.  მე და ჯადარი დაუპატიჟებელი სტუმრებივით ვიყავით შემოჭრილი მათ სამფლობელოში. ეს გამოქვაბული,  ალბათ ყველაზე სანატრელი ადგილი იქნებოდა ნებისმიერი არაქნოლოგისთვის, მაგრამ მე, როცა წარმოვიდგინე როგორ მეძინა ღამით ობობებს, გველებსა და მორიელებს შორის,  თავზარი დამეცა. 
     
        "- აქედან უნდა წავიდეთ ჯადარ!  მწამს, რომ ჩემმა ღმერთმა დაგიფარა და არაფერმა დაგაზიანა." -  ცხენს ფეხებზე დავხედე, ისევ აქლემის ტყავის ამოსაცმელები ეცვა.

        აღარ მიფიქრია უდაბნოს ოხშივარზე, სიცხეზე და გახურებულ ქვიშაზე, წყლის და საკვების მცირე მარაგზე, გაურკვეველ მომავალზე, მდევარზე, მონობაზე, უდაბნოს ერთფეროვან დაუსრულებელ პეიზაჟზე, შიმშილსა და წყურვილზე...აქ დარჩენას  ყველაფერი ჯობდა!..

        ცხენს ზურგზე მოვექეცი და გამოქვაბულიდან  ჩრდილზე ჩუმად გამოვსხლტით. 
გამაოგნა ცხენის საქციელმა, მან ხომ ზუსტად  "იცოდა",  რომ გამოქვაბული სავსე იყო სხვა "სულიერებით" და მთელი ოთხი საათი მორიელებსა და ობობებს  შორის იწვა იმიტომ,  რომ მე, ასე მინდოდა...     

        ვერაფრით გავიგე, გაგვიმართლა რომ არაფერმა დაგვკბინა, თუ ბუნების დიადი კანონით  "დიდი შერიგება" იყო გამოცხადებული იმ  წარღვნის გამო,  რაც წუხელ-ღამ საჰარაში მოვარდა.  ასე იყო თუ ისე, - გადარჩენილები ვიყავით გველებისა და მორიელებისგან დაგესვლას, ობობებისგან დაშხამვას, ათასგვარი მწერისგან  დაკბენას და კიდევ რა ვიცი რას... მაგრამ ახლა, ნამდვილად დრო იყო მათი ნამდვილი პატრონებისთვის დაგვეთმო სახლკარი. სანამ დიდი ოხშივარი არ განელდებოდა, არცერთი არაქნიდი და მცურავი ამ გამოქვაბულს არ დატოვებდა. ესე იგი, ის ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა... 

        ცხენი დასავლეთისკენ შევაბრუნე და მივუშვი.
უდაბნოს ოხშივარისგანაც უნდა  დაგვეძვრინა თავი, არაქნიდებით სავსე  გამოქვაბულს და ნაღვარცოფალ ადგილებსაც  მშვიდობიანად უნდა გავცლოდით.
     
        სადღაც ზეცაში თვალსაწიერის სიმაღლეზე თვალი ვკიდე ირაოზე მოტრიალე გრიფებს.
        ცხენი ნიავივით გაიშალა  და ჩვეულად უჩუმრად გაქანდა მზის მოპირისპირე მხარეს.
        მზე ცაზე დაეკიდა და საჰარაში "დიდი აორთქლება"  დაიწყო.                                                                             

                                                     
                                                                              ( იხილე როგორ გაგრძელდა)     

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები