ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2012


პირველად


მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ
იქუფრებიან თვალები ნისლით
თუ გავამსხვრიე განგების ღობე
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა
პირველად დედას ავიყვან მზესთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები