ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2012


რა უბრალოა...

ბოლო ბაქანი მე აქ უნდა ჩამოვისვენო,
ბოლო სიშლეგე, ბოლო ჟინი და ბოლო ზარი,
წამო, სხალთაში ნისლწაკრული მთები გიჩვენო,
წამო, მახათას მთაზე სხივებ-ალერსში, მარი.
ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა,
ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი,
ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა,
თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი.
რა უბრალოა, რა სუფთაა, თოთო ეს ლექსი,
ცხელ ზეცის კიბით  ჩამორბიან ლერწამ-ბწკარები,
შენს თრთვილმკერდიდან წუხელ ცვრების სინაზე შევსვი,
ხილვაა ეს თუ ცისკრის ქულა ხელუკარები...
***

იქნებ კონტრალტო და ნერვის დახლა,
იქნებ უალტოს ჰადესს  სულზე ცივს,
სოლბგერა მოწყდა ჩაეშვა დაბლა
და სარკმლის მიღმა აწვიმს კლავესინს.

მემრუშთა სახლი, თუ ეკლესიაა,
გზა ცით აწევის, თუ გზა საშიში,
ვუსმენ ტომ იორკს და დეპრესია,
მითენთავს სხეულს, როგორც ჰაშიში...
***
მარტო  ვარ, მარტვილ ამ სიმარტოვეს,
ცბიერ დარაჯად უცდის მაცილი,
წუხელ საკანში ეპყრათ მამონებს,
ქალაქი ცოდვის საცრით აცრილი.
მე ისევ ნაცნობ ჩრდილების  ტყვე ვარ,
ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს,
და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ,
თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები