ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2012


"ზარას" კაბა

დაბადების დღე აქვს მარიკუნას. სანდრო სკოლაშია, მამიკო - სამსახურში, დედიკო...
- დედა ლიტალიაშია, პეპლებიან აბაკოტს ("აბადოკს") და ბნესტიკიან ელასკიტს (" ბრჭყვიალებიან ელასტიკს") ჩამომიტანს და ხვალ მეც წამიყვანს ლიტალიაში - ასე პასუხობს მარი შეკითხვაზე, სადაა დედიკო.
მე "დეია" ვარ, ანუ დეიდა.  მე და არ მყავს, მაია ჩემი დეიდაშვილია. 5 წლის ყოფილა, აუხირებია- მაია აღარ მინდა რომ მერქვას, ირმა დამარქვითო. სწორედ იმ დროს დავბადებულვარ. დაურწმუნებიათ - ირმა ამ ახალი გოგონას სახელია და თავისი სახელისთვის მოვიდაო. მერე, მომნათლა კიდეც. ერთად ვიზრდებოდით, ძალიან ძვირფასია ჩემთვის...
  თითქმის ერთი წელია იტალიაშია. ვერაფრით დავარწმუნე, რომ 3 წლის მარის და განსაკუთრებით, 15 წლის სანდროს უდედოდ დატოვება ახლა არ შეიძლებოდა. ჩემდა გასაკვირად, ოჯახიც შედარებით ადვილად შეეგუა დედის გარეშე ცხოვრებას და თვითონაც...
ზაფხულში, 2 კვირით მარიკუნა ჩემთან, სოფელში წავიყვანე. პირველივე დღეს, ეზოს საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ , დაადგინა: - შენ ზოოპარკში ცხოვრობ, დეია! მაგრამ, კარუსელები არაა...
დილით ადრე დგებოდა, დაიბანდა ხელ-პირს, გრძელ თმას დაივარცხნიდა და საუზმის მოლოდინში კომპიუტერს მიუსკუპდებოდა- ახლა ჩემი დროაო. "მისი დრო"  ჩემი შვილის ადგომამდე გრძელდებოდა, მერე კი,  მარი პროტესტის გარეშე ტოვებდა "პოსტს" და ყოველი შემთხვევისთვის, ახსენებდა ალექსის- მერე კიდევ იქნება ჩემი დრო!
დედაჩემთან ერთად ჩამოუვლიდა ქათმებს, ბოჩოლებს... ბოსტან-ბაღჩაშიც თან დაჰყვებოდა.
- სოფლელი გოგო გახდი შენ უკვე, მარი!
-არაააა!!! თილისი გოგო ვარ მე! მამამ მითხრა- მარი თილისი გოგოაო!
" თბილისელი გოგო" რატომღაც საერთოდ არ ინატრებდა თბილისს და ორიოდე დღეში გადაწყვიტა- აქ უნდა ვიცხოვრო სულო.
სოფლის მთავარი ხიბლი მარისთვის ჩვენი ხატაურა-ფისო იყო. რას არ ვაკეთებინებდი ფისოს ხათრით. ყველაზე მძიმე მომენტი, თავის დაბანაც კი, ფისოს "დახმარებით" უმტკივნეულო პროცესად ვაქციეთ. თანაც, თმას კი არ "ვიბანდით", "ვრეცხავდით", მარი კი , რომ იტყვიან, რეცხვის გიჟია. ჩასაფრებული იყო, რომ რაიმე "გაერეცხა".
- დედაა, დედიკოო, დედააა- კიბის საფეხურზე ზის და მონოტონურად გაჰყვირის.
- მარი, ვის ეძახი, ბებო?
- დედაჩემს!
-მერე, დედაშენი ხომ აქ არაა?
-არის! აი, ისაა ჩემი დედა!- ჩემზე ანიშნებს.
-ეგ დეიდაა, ბებო...
-არა, დედაა! ვინც თავის შვილთანაა სულ, ისაა დედა. ვინც სხვის შვილთანაა, ის სხვისი დედაა!
ერთ დილით გამოაცხადა- "მადოვადში" წამიყვანეო. რამდენიმე დღე ამ მოთხოვნით იწყებოდა ყოველი დილა. წავედით "მადოვადშიც".
"მაკდონალდსის" თანამშრომელი გოგონა ფერად-ფერად ბუშტებს ურიგებდა პატარებს.
-იასამნისფერი ბუშტი მინდა და ლექსს არ ვიტყვი, ისე მომეციო-განუცხადა.
ლამის ყველა სურვილი შევუსრულე "მაკდონალდსში", გამოსვლისას უკან მიიხედა და...
- ეს არ იყო კარგი "მადოვადი", პატარაა და სასრიალოები არაა!
თბილისში დაბრუნება არ უნდოდა. მთელი გზა მეკითხებოდა- სხვა ქუთაისში მივდივართ ხომ?
ძალიან გამიჭირდა მისი დატოვება. ვუთხარი, სამსახურში მივდივარ და საღამოს მოვალ ისევ-თქო.
საღამოს დავურეკე. დიდხანს ჩუმად იყო, მერე სევდიანად მითხრა- ჩემი ტანსაცმელები კარადაში რატომ დაალაგე, ჩანთაში მინდოდა, რომ ყოფილიყოო...
ახლა დაბადების დღე აქვს. ჩამოვედი და უსაზღვროდ გავახარე. ხაჭაპურს ვაკეთებ.
-მეც უნდა გავაკეთო!-ამბობს და ორივე ხელს ფქვილიან ჯამში ატყაპუნებს.
-თავის დაბადების დღეზე ხაჭაპურს არავინ აკეთებს მარი, სხვები უკეთებენ.- ვცდილობ, მოვიშორო "დამხმარე".
- მე სულ მე თვითონ ვაკეთებ ჩემ დღაბადღების დღეზე საჭაპურებს!- სრული სერიოზულობით ამბობს "საჭაპურების ოსტატი".
კარზე ზარია. "სტუმარი მოვიდაა"-გახარებული გარბის კარის გასაღებად. ინკასატორი იყო.
- მართალი სტუმრები სასახურების მერე მოვლენ.
ვჭორაობთ.
-იცი დეია, ნიკოლოზი ჩემთან აღარაა.
-სხვა ბაღში გადავიდა?
-არა, ჩემ ბაღშია, მაგრამ ახლა ელენესთანაა, ჭადების ზეიმზე იმასთან ერთად აცხობდა ჭადებს...
კარგა ხანია, ნიკოლოზი უყვარს მარის. ისე მეწყინა ახლა ეს ელენეს ამბავი, ისე რომ...
-არაუშავს დეია, მაინც აღარ მიყვარდა- "დამამშვიდა".
უნდა გამოვიპრანჭოთ ახლა. "ზარას" კაბა უნდა ჩავიცვაო, მეუბნება და ყავისფერი, ვარდისფერ ჭიამაიებიანი  და ატლასის ლენტებიანი ულამაზესი კაბა გამოაქვს. ვაცმევ და ვაი... ელვაშესაკრავი არ იკვრება- არ ეტევა კაბა.
-როგორ გასუქებულხარ გოგო! ეს იმის ბრალია, სულ "მაკდონალდსში" რომ დადიხარ!
- სულ არ დავდივაარ! მარტო ორშაბათს და სამშაბათს და ხუთშაბათს დავდივაარ!- ცრემლები ერევეა.
როგორც იქნა, შევკარით. "მიჭერსო", -რას ვიზამთ მარი, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ვუზიარებ "ქალურ სიბრძნეს".
სტუმრებიც მოვიდნენ, ტორტზე სანთლებიც ჩააქრო, დედიკოს სკაიპში ელაპარაკა, საჩუქრები დაათვალიერებინა...
ძლივს ახელს თვალებს, ისეთი დაღლილია.
-დიდი გოგო ვარ და ჯერ არ უნდა დავწვეო. მაინც ვაწვენ. ვარდისფერ სპილოებიან პიჟამოს ვაცმევ, ვარდისფერ გედებიან საბანს ვაფარებ, მის ოთახში ყველაფერი ვარდისფერია-კედლებიც, საწოლიც, ჭაღიც... ვარდისფერ სამყაროში დატოვა მაიამ შვილი...
მგონია, რომ ძინავს უკვე და ფრთხილად გამოვდივარ.
-დეია, ზარას კაბა დამესვარა-მესმის მარიკუნას ჩურჩული.
-არაუშავს მარი, ხვალ გავრეცხავ.
- ხვალ ლიტალიაში წამიყვანს დედიკო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები