ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2012


ბედუინი (ნაწილი X ეფემერა )

                                                                        "სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
                                                                          წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
                                                                          ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
                                                                          ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან."
                                                                                                                   
                                                                                                                                    გ.ტაბიძე "ეფემერა"

      არაბულ რაშზე ბედუინივით გაწოლილი,  ისევ ჰამადის კლდეებს შორის მივქროდი.
საჰარული სიცხე ნელნელა ძალას იკრებდა.  მზე, არსად  არ აჩვენებს თავის ძლიერებას ისე, როგორც საჰარაში. ვისაც არ უნახავს საჰარა, შეუძლებელია იცოდეს მზის ნამდვილი ძალა.
            სანამ კლდეებიდან,  ქვებიდან, ქვიშიდან ადენილი ოხშივარი ჯერ თბილი და  გასაძლები იყო, მე და ცხენს როგორმე ამ ადგილიდან უნდა გაგვეღწია. „რომ არ ვჩაქრობდე, მშვენიერ თბილ აბაზანას მიიღებდა კაცი, თითქმის შხაპისმაგვარს, არც ჯადარს აწყენდა თბილი ორთქლი საბანაოდ“-  გავიფიქრე და უკან მოვიხედე. ჩემს უკან  ნისლი გროვდებოდა  და მიწაზე წვებოდა. როგორც კი აორთქლება დასრულდებოდა, ღრუბელი ცისკენ აიკრიფებოდა  და  შუადღისას  მზის ლეიბად გაიშლებოდა  ცარგვალზე. ულამაზესი  სანახაობა იქნებოდა, რომ არა - შუადღის სასტიკი სიცხე. 
      ცხენს შევუძახე და აღვირი საერთოდ მივუშვი. ჯადარს ესღა უნდოდა, ისეთი სისწრაფით გაქანდა რომ, თავბრუ რომ არ დამხვეოდა თვალები მაგრად დავხუჭე და ცხენის კისერს მივეკარი.
      ერთ საათში ღვარცოფიან ადგილს გვარიანად გავცდით. გაოფლილი ცხენი იორღაზე გადავიყვანე და სისწრაფეს ვუკლე. ჯადარის ფეხის ხმას რიტმულად ერწყმოდა ჩემი და ცხენის სუნთქვა. 
      ირგვლივ - ულევი, უსასრულო, უსაზღვრო სივრცე... სიჩუმე... სიცხე... ქვიშა... კლდეები... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ორადორი სულიერი შემოვრჩით დედამიწას, მე და ცხენი.
     
          მახსენდებოდა, საკუთარ სახლში, ფეხმორთხმული  რომ ვიჯექი და თვალმოუცილებლად შევცქეროდი ტელეეკრანს, სადაც საჰარაზე  შემეცნებითი გადაცემა გადიოდა.  როგორ მიკვირდა მაშინ აქლემების ქარავნების ნელი მოძრაობა, წინ მავალი მეგზური  კაცის  მოწყენილი და წარბშეკრული მზერა,  შეხვეული ცხვირ-პირი, მოკლე და მოზომილი ნაბიჯი, ბურნუსიდან მოკიაფე თვალები, ქვიშის მტვერი, ნიავივით რომ ლიცლიცებდა დიუნების დამრეც კალთაზე. ულურჯესი ცა, საღამოს წითელი მზე,  ადამიანების დაღლილი გამოხედვა, დილიდანვე დაღლილი თვალები...
      მაშინ,  მხოლოდ ინტერესით აღფრთოვანებული ვიყავი, რომელსაც ეგზოტიკა და  უცხო, პირველყოფილი გარემო უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას უღვივებდა. 
        რა „ადვილი“ იყო  სახლიდან  საჰარა. 

      ახლა სულ სხვა განწყობა მქონდა. საჰარა რომელიც მაშინ გარედან მიზიდავდა და მომწონდა,  ახლა - შიგნიდან მაფრთხობდა და მაშინებდა, ქვიშის მარცვლად ჩაკარგვას მემუქრებოდა უსასრულო წიაღში.
      ცხელი მზე საგრძნობი გახდა, უკვე დილის ცხრა საათი იყო. მხოლოდ ნახევარი, ან ერთი საათი კიდევ შეიძლებოდა მგზავრობა.  რაკი ნისლი უკან დაგვრჩა, იმედი მომეცა რომ აორთქლების მდუღარე ოხშივარს თავი დავაღწიეთ.  ნისლის წვრილი ნაფლეთები  აქა-იქა, ჯერ კიდევ წინ გვხვდებოდნენ  მაგრამ ეს სახიფათოდ არ მეჩვენებოდა. იმ წარღვნისა და გრიგალის დიამეტრი თურმე ოც კილომეტრს  არ  აღემატებოდა, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ ქვეყანა დაიქცა.       
     
      თავი ოდნავ სამშვიდობოს ვიგრძენი თუ არა, გადავწყვიტე ცხენი შემესვენებინა.
დიდ კლდეს შემოვუარეთ და ჩრდილოეთის მხრიდან ციცქნა ჩრდილს შევეფარეთ.  ცხენი  რამოდენიმეჯერ გავატარ-გამოვატარე ოფლის შესაშრობად.  სუნთქვა დაუმშვიდდა თუ არა, ჩემი წყლის მარაგიდან ორი პეშვი წყალი ვუწილადე. მე- წითელი კარკადეს ორი ყლუპი მერგო.
    ჩემი თავსაბურავი, ქვიშისფერი აბრეშუმის  ნიკაბი თავზე არაბულად მოვიხვიე, სახე მთლიანად დავიფარე და თავი კარგად შევიკარი რომ მზის დარტყმა და დამწვრობა ამერიდებინა.

      ბედუინის რუკა გავშალე და დავაცქერდი.
პირველი ნიშანი, რომელიც რუკაზე მარჯვენა კუთხეში ეხატა - მზე იყო. მარცხნიდან პირველი ნახატი  კი დიდი სოკო, რომლის ქვემოთაც  ტყუპი პალმა იყო დახატული. მზის პირველი ჩანახატი თავზე ადგა  არწივისთავიან  კლდეს, რომლის ძირსაც წრიული ხაზი მიუყვებოდა - დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ  და პატარა ისრით თავდებოდა.
      ჩემი აზრით აქ ბედუინის მორიგი სამალავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე არ ვიცოდი, არაბულად დახატული რუკა როგორ იკითხებოდა, მარცხნიდან მარჯვნივ  - თუ უკუღმა.
      თუ  კლდეზე ავცოცდებოდი, იქნებ სიმაღლიდან  როგორმე არწივისთავიანი კლდე ან სოკო დამენახა.  ასასვლელად ყველაზე იოლი ადგილი მოვძებნე, დახლოებით ათიოდე მეტრის სიმაღლეზე თუ ავიდოდი, პატარა ბექზე მოხვდებოდი  რომელიც კვარცხლბეკივით იყო გამოშვერილი.
      გარემოს დასათვალიერებლად უკეთეს  ვერაფერს ვინატრებდი.   
კაბის ბოლოს,  ერთი ხელისდადება აბრეშუმი მთელ სიგანეზე მოვხიე,  ხელისგულები და მუხლები მაგრად შევიხვიე, კლდეზე ცოცვისას  რომ არ გადამეტყავებინა და ჩემი ფეხსაცმელებით დაიმედებული ჩრდილოეთის მხრიდან კლდეზე აღმასვლას შევუდექი.
          ასასვლელი თითქოს რთული არ იყო, მაგრამ მზისა და ქარებისაგან გამოფიტული კლდე, რბილი ქვიშაქვასავით ფეხებქვეშ მეშლებოდა. რამოდენიმეჯერ მიწამდე დავცურდი და მუხლიც გვარიანად ვიტკინე შვერილებზე, მაგრამ  ისე ჯიუტად ვცდილობდი ხელახლა კლდეზე აცოცებას, თითქოს ის პატარა ბექობი ჩემი საბოლოო ხსნა იყო.  ხელით ვსინჯავდი ყველა შვერილს, შედარებით მყარს ქანებს ვეჭიდებოდი და კუსავით ნელა მივიწევდი ზემოთ.
        მეოთხე დაცურების შემდეგ  ასვლა უფრო უკეთ გამომივიდა. აბრეშუმის კაბა ძალიან მიშლიდა ხელს, ვნატრობდი ჩემს უხეშ შარვალს და  ქურთუკს, რომლებიც ბედუინის რომელიღაც სამალავში სამუდამოდ დარჩა. ოფლი ღვარად მდიოდა, თითო ნაბიჯი დიდი წვალების ფასად მიჯდებოდა, სანამ მზე თავის სასტიკ ძალას მოიკრებდა როგორმე მიზნისთვის უნდა მიმეღწია. 
          ... დიდი დრო დამჭირდა. ფეხები გვარიანად დამეკაწრა,  კაბის  კალთებიც დაიფხრიწა,  სამაგიეროდ ბექის ნაპირებს ხელებით ჩავეჭიდე და  ცოტა ხანში ზემოდან მოვექეცი.

          გარემოს თვალი მოვავლე, ამ ვეებერთელა სივრცეში ყველაფერი გიგანტური, უსაზღვრო და უსაშველოდ უსასრულო იყო.  ზეცა, მიწა, ქვიშა, კლდეები, სიჩუმე, სიცხე, ჰორიზონტები... 
          საჰარას ძალაუფლებამ, ჩემმა უმწეობა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა და შიშმა შემზარა.   

          შეშინებულმა ჩრდილოეთს თვალი ავარიდე და აღმოსავლეთისკენ შებრუნდი...
          ბექობიდან ისეთი საოცარი სანახაობა გადაიშალა რომ  დანახულმა - შიში დამავიწა...

          აღმოსავლეთით, გუშინდელი წვიმის ანაორთქლით გამოწვეული ოხშივარი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე იქ,  სადაც გავჩერდი. უამრავი ცისარტყელა  პირდაპირ მიწაზე, ჩემს თვალწინ  იხატებოდა.  მზის სხივები  აორთქლებული წყლის წვეთებში ათასნაირი ფერით იმსხვრეოდა  და ალმასებივით თვალისმომჭრელად ციალებდა. ამას ოქროსფერი ქვიშის ციალიც ემატებოდა და სრულიად ახალი ფერები იბადებოდნენ. პირველად ვხედავდი  უამრავი ფერით მოციმციმე მიწას, კლდეებს და ცისკენ მიმავალ უთვალავ  ნათებას, ჩემს თვალწინ  ფერები და სინათლეები ბრიალებდნენ. ვუცქერდი უამრავი ცისარტყელას დაბადებას,  მილიარდობით  ფერით რომ ინთებოდნენ და ერთმანთში ისე იხლართებოდნენ,  თითქოს ფერიას  თავისი მშვენიერი და მოციმციმე დალალები მიწაზე გადმოეშვა და უამრავ ნაწნავს ერთდროულად იწნავდა.

        თბილი ფერებით გაივსო აღმოსავლეთი. მზე ზემოთ იწევდა. ყველანაირი ფერი ერთიანად აკიაფდა და მზისგულზე მოხვედრილი უამრავი ბრილიანტივით აციმციმდა. ყველაზე მეტად მწვანე ფერმა მომტაცა თვალი.  ათასნაირი მწვანე- ერთდროულად ანათებდა, ძალიან მქრქალიდან ძალიან მუქ მწვანემდე  გადაჭიმული გამა ლივლივით იცვლიდა ფერებს. „უდაბნოს მწვანემ“ გამათბო და დამამშვიდა, სულში მალამოსავით ჩამეფინა და ჩრდილოეთიდან მოსულმა ნელმა ნიავმა თითქოს ყვავილების ძალიან სუსტი და ნაზი სურნელი მოიტანა.
      „ყვავილების სურნელის მირაჟი“  ისე მომეწონა, რომ თვალდახუჭულმა რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და  ფერადი ყვავილები გონებაში თავისით ჩამეხატნენ. 
      თვალი რომ გავახილე ცისარტყელები უკვე  ცისკენ აწეულიყვნენ და ნაირნაირი ფერებით დაწნული უთვალავი  კამარა მოეხაზათ ცაზე. ერთი, ყველაზე ცელქი ნათება უკვე დაღმავალ ხიდს აშენებდა და პირდაპირ ჩემსკენ მოიწევდა.
დანახული სილამაზით გამოწვეული აღტაცება ისეთი ძლიერი იყო, რომ  ჩემსკენ დაქანებულ ცისარტყელას ხელები შევუშვირე,  მისი მოტანილი ფერების შეგროვება მინდოდა.
წამში ცისარტყელა ხელებზე „ჩამომეღვარა“ და წყლის უმცირესი წვეთებით მოკიაფე, ციდან ჩამოშვებულ ფერად სარკეში, ჩემი გამდნარი და მოლიცლიცე ანარეკლი მთელი სიმაღლით გამოჩნდა.
          მე ცისარტყელაში ვიდექი. 
          მე  ცისარტყელა ვიყავი.
          მე თავად ვიყავი მირაჟი.
       
იმ წამებში დარწმუნებული ვიყავი რომ სწორედ ასეთი და მხოლოდ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხისაკენ მიმავალი გზა.

        საჰარამ ცისარტყელას სარკე უცნაური მოწიწებით მაჩუქა და ახლა მასში  ჩემივე ასმაგად გადიდებულ თვალებს ვხედავდი.  რამოდენიმე წუთში ჩემი ცისარტყელა ციალით გაქრა. „სარკე“ უამრავ წვეთებად „დაიმსხვრა“, მიწაზე გაიფანტა და ბექობს მოციალე ალმასებად დაეფინა.

      აღმოსავლეთის ცისარტყელებიც ჩამქრალიყვნენ, ოხშივარი  უკვე ღრუბლად შეკრულიყო და ციურ  გზას დადგომოდა. დასავლეთის ჰორიზონტს დავაკვირდი. ღრუბელი იქაც  კარგად აკრეფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ფარავდა კლდის წვერებს.  სამხრეთისაკენ ჩაკირულ კლდეებს ქლიავისფერი დასდებოდათ. ჩრდილოეთის მხარეს, არც ისე შორს, დაახლოებით ორიოდე კილომეტრზე, მომცრო კლდეებს შორის მოქცეულ  ქვიშრობიან დაბლობს მოვკარი თვალი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი გადაკრავდა. 
      „მირაჟია“ -უსიამოდ გავიფიქრე.  სიმწვანეს მონატრებულს ჯერ კიდევ არ გამქრობოდა თვალის ხსოვნიდან „საჰარას მწვანე“. 
      თვალები დავხუჭე და მოვისრისე, გავახილე, მაგრამ მირაჟი არ გაქრა.
      -„რა უნდა იყოს ასეთი მომწვანო" -გამიელვა ფიქრმა. - იქნებ პატარა ოაზისია და წყალი ვიპოვო...“ - ჩავიმუხლე და ახლა ისე დავაკვირდი ქვიშრობს, არა მირაჟი არ იყო... ნამდვილად რაღაც სხვა იყო,  განსხვავებული.
        კარგად დავაკვირდი იმ ადგილს. 
ქვიშრობის ნაწილს, რასაც თვალით ვხედავდი, ყველა მხრიდან  კლდე ერტყა. ყველაზე დაბალი კედელი ჩემსკენ იყო მოქცეული, ხოლო დანარჩენი სამი, იმ კლდის სიმაღლე იქნებოდა, რომლის შუაწელზეც ახლა მე ვიდექი. 
        გადავწყვიტე ეს ადგილი მენახა. მანძილი არც ისე შორი მეჩვენა.
წელში გავიმართე და ისევ დასავლეთს მივაჩერდი. ღურბელი უკვე ცას გამოკერებოდა.
ჩემაგნ არც თუ ახლოს, მთელი თავისი ბრწყინვალებით აღმართულიყო არწივის თავი - მოკაუჭებული ნისკარტით. ამ კლდის დაუნახაობა შეუძლებელი იყო, რადგან  ჰორიზონტზე უფრო მაღალი არაფერი ჩანდა. 
        რუკაზე ორიენტირები უკუღმა, მარჯვნიდან მარცხნივ, არაბულად  უნდა „წამეკითხა“. 
        ესე იგი ტყუპი პალმა იყო ჩემი საბოლოო მიზანი, რუკა ამით თავდებოდა... ეს პალმები ფარაფრას ოაზისს ნიშნავდა. დიდი სოკო ალბათ თეთრი უდაბნოს ორიენტირი უნდა ყოფილიყო ამ "სოკოსთან" სამხრეთისკენ უნდა მივბრუნებულიყავი. 

          - წინ! პალმებისაკენ! იქ ოაზისია, ულამაზესი ფარაფრა, ბედუინების სოფელი...
რუკა წაკითხული იყო...  რაკი მთავარი მიზანი მიღწეული მქონდა. დაუჯერებლად მეჩვენებოდა ჩემი გადარჩენის მოახლოვება, მაგრამ არწივის თავიანი კლდე ნამდვილად არ იყო მირაჟი.
          ეს ხსნა იყო.
            სიხარულის ყიჟინა ისე ამომასკდა მკერდიდან, რომ გაკვირვებაც ვერ მოვასწარი! 

საჰარამ პირველად იხილა  ქართული  ცეკვა. რამოდენიმე სრული ტრიალის მერე გამახსენდა რომ ფართობი არ მყოფნიდა და ცისკენ აწვდილი ხელებით ადგილზე გავიყინე.
          წარმოვიდგინე რა განცვფირებული იქნებოდა ვინმე მექარავნე, ლამის შუაგულ საჰარაში,  ჰამადის კლდის შუაწელზე უცნაურად  მოცეკვავე  არაბულად ჩაცმული ქალი რომ დაენახა. ალბათ შაითანად ჩათვლიდა და ცხრაჯერ შეევედრებოდა ალაჰს ჩემგან გადარჩენას... გულიანად გამეცინა ამ სურათზე,    გუნება გამომიკეთა. 
   
კლდიდან ჩამოცოცება დავიწყე. უკანა გზა უფრო გამიჭირდა. მიწამდე  ცოტა მანძილიღა მქონდა  დარჩენილი რომ ანაზდად ფეხქვეშ შვერილი ჩამეშალა, ხელებით თავი ვეღარ შევიმაგრე,  ფერდობს  მოვწყდი  და  კლდის ნაშალათან ერთად დავენარცხე მიწას, მაგრამ ამაზე არ მიდარდია.  ნაკაწრები მომემატა, ჩემი კაბაც უფრო დაიფლითა,  მუხლიც მეტკინა,  მაგრამ რა მოსატანი იყო ტკივილი, როცა ახალი ორიენტირი მქონდა. „ბედუინის რუკა“ ნამდვილი იყო და ამ რუკის ნდობა შეიძლებოდა. რუკა გულში ჩავიხუტე და ბექზე შეწყვეტილი ცეკვა მიწაზე დავამთავრე. შიგნიდან გავთბი, შიშმა უკან დაიხია და დაპატარავდა.  ცეკვამ მშობლიური ფესვებს მიმაბა და თავი ხელახლა მაპოვნინა. 

        მოულოდნელად გამახსენდა ბექიდან ჩრდილოეთისკენ დანახული უცნაური ადგილი, სასწრაფოდ შევხტი ლოდზე, ცხენზე გადავინაცვლე და ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი.
        სწრაფად მივაღწიე  მონიშნულ ადგილს. კლდის  ნაპირებს გავუყევი, შესასვლელი არსად იყო, მაგრამ ერთგან  საკმაოდ დაბალ ადგილს მივადექი და ცხენიდან შიგნით გადავიხედე.
      განცვიფრებისაგან თვალი გამიშტერდა, თავი რამოდენიმეჯერ უნდობლად გავიქნიე, არც თვალს ვუჯერებდი და არც ცხენის ხალისიან ფრუტუნს.     
      ჩემს წინ, კლდეებში მოქცეულ ქვიშრობიან ველს  ალაგ-ალაგ ჯგუფ-ჯგუფად მორცხვად შეპარვოდა ეფემერა. 
      ეფემერა....
      გაზაფხულის ეფემერა საჰარაში...
      ამ უმწეო მცენარეს, ფესვებთან რამოდენიმე ოდნავ მსხვილი ფოთოლი ქონდა, რომლიდანაც ორი წვრილი ღერო ამოზრდილიყო, ღეროზე რამოდენიმე უწვრილესი ფოთოლი და უფერული-მოთეთრო ფერის სამიოდე  პაწია ყვავილი ქანაობდა. ქვიშრობი  ალაგალაგ ამ მცენარით იყო მოფენილი როგორც ჩანს კლდეებში ჩაჭედილი ადგილი, ქარებისაგან და მზისაგან კარგად დაცული, ისეთ მიკროკლიმატში იყო მოქცეული, რომ ეს  პაწია მცენარე აქ „დასახლებულიყო“.   
      ბოლო ათი დღე დღე ისე არაფერი გამხარებია როგორც ამ ულამაზო ყვავილების დანახვა. კლდეზე სასწრაფოდ გადავძვერი, მუხლებზე დაჩოქილი ხელით ვეფერებოდი ეფემერებს,  პატარა უფერულ ყვავილებს ისე ვყონსავდი, თითქოს ჟასმინის თაიგული მეჭირა, წვნიკი ფოთლები ხელით მოვსრისე, მეამა ხელზე მწვანე სინედლე.

        ეფემერა, ბოლოს სკოლაში მქონდა ნანახი.  ჩემი ბოტანიკის მასწავლებელს, ბატონ ნიკოლოზს,  ბოტანიკის კაბინეტში ბევრი ეგზოტიკური მცენარე ყავდა გახარებული, გამორჩევით ამ ყველაზე უფერულ მცენარეს უვლიდა. ლამის სათბურს გავდა ბოტანიკის კაბინეტი, სკოლის მერხებიან სათბურს.
 
      ერთ მშვენიერ დღესაც კლასში ახალი მოსწავლე შემოიყვანა დამრიგებელმა და გაგვაცნო. ლექსო ერქვა. მაღალი და ძალიან ლამაზი სახის ბიჭი სწრაფად იქცა კლასის გოგოების ოცნების საგნად, ხოლო ცოტა ხანში მთელი სკოლის გოგოების ფავორიტად. მე ერთადერთი ვიყავი ვინც მისი ხიბლის ქვეშ არ მოექცა. რაღაც მეშვიდე გრძნობა მკარნახობდა რომ ეს ბიჭი, რომელიც ლამის უგვირგვინო მეფედ იყო აღიარებული, არც ისეთი "კარგი ვინმე" უნდა ყოფილიყო.  მას აღიზიანებდა ჩემი უყურადღებობა და მუდამ ჩემს დამცირებას ცდილობდა. ხან „წიგნის ჭიას“ მეძახდა, ხან    დაფის ცარციან ბალიშებს მესროდა და კაბას მისვრიდა, ხან  საშინაო დავალებას მპარავდა და ფანჯრიდან აგდებდა, ორიანი რომ მიმეღო და ავტირებულიყავი,  მაგრამ ჩემზე არაფერი მოქმედებდა. 

      იმ დილას კი ჩემი დაბადების დღე,  ოცდაორი სექტემბერი იყო.  დედამ განსაკუთრებით გამომაწყო ახალ სასკოლო ფორმაში, ულამაზესი, ხელნაკეთი  მაქმანის ქათქათა საყელო მომარგო, ახალ ჩანთაში თავისი ხელით ჩამილაგა წიგნები, თმები ლამაზად დამიწნა და სკოლაში „გაწიკწიკებული“ გამიშვა. იმავე დღეს ჩემი კლასელის, სკოლის ყველაზე ლამაზი გოგოს, ნელიკოს დაბადების დღეც იყო. ქერათმიანი და მწვანეთვალება ნელი აღიარებული ლამაზმანი იყო სკოლაში. შესვენებაზე ბევრი უფროსკლასელი ბიჭი იყრიდა თავს ჩვენი კლასის კართან - მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ჯერ დრო რჩებოდა. კლასელები გვეხვეოდნენ, დაბადების დღეს გვილოცავდნენ...  კარებში ლექსო გამოჩნდა.  ხელში მუქი სისხლისფერი ხავერდოვანი ვარდების დიდი თაიგული ეჭირა. მთელი კლასი გაირინდა. მიხვდნენ რაღაც უნდა მომხდარიყო. ლექსო მოწიწებით ეახლა ნელის, დაბადების დღე მიულოცა,  ვარდების თაიგული გადასცა და გამოაცხადა - ყველაზე ლამაზ გოგოს, ყველაზე ლამაზი ყვავილები მოუხდებაო. ლოყებშეფერილი ნელი ნაზად უხდიდა მადლობას თაყვანისმცემელს და სურნელოვან ვარდებს სიამაყით დასცქეროდა.   
 
        ლექსომ  ისე შემაქცია ზურგი,- თითქოს ცარიელი ადგილი ვიყავი.
სამართლიანობით ცნობილი მამუკა ფეხზე წამოხტა და ლექსოს შეუტია:
      - არ გიხდება ეგეთი საქციელი ბიჭო, იუბილარი სხვაც გვყავს, თუ ყვავილები არ გემეტება, სიტყვაში ფულს ხომ არ იხდი, ადექი და მიულოცე, რაღას უცდი ?!
    - ოჰ ბოდიში, ბოდიში,  ახლავე დავბრუნდები! - გამოაცხადა ლექსომ და კლასიდან გავარდა. ცოტა ხანში უკან მობრუნდა, ხელში სარეველა ბალახის სამი ღერო ეჭირა წვნიკი  თეთრი ყვავილებით, ირონიულად გამომიწოდა და მითხრა:
      - შენც გილოცავ დაბადების დღეს, მაგრამ შენ  ნელიკოსავით ლამაზი არ ხარ, ამიტომ მხოლოდ ეს დაიმსახურე.
        მთელი კლასი "გაქვავდა". ის იყო მამუკამ მუშტით გაიწია, რომ ზარიც დაირეკა. 
„ფიზიკა“ - ვარსკვლავების წარმოშობის პროცესს გვიხსნიდა და პლაზმაზე ხანგრძლივად ლაპარაკობდა. მაგრამ ყველა მომხდარზე ფიქრობდა და გაკვეთილს გული ვერავინ დაუდო.

        მეორე გაკვეთილად ბოტანიკა გვქონდა. კაბინეტში შევედით თუ არა, მერხებამდე არც მივსულვართ, ისე შევაჩერდით ბატონ ნიკოს. ბოტანიკის მასწავლებელი გამშრალი შესცქეროდა ქვიშიან ქოთანს, საიდანაც ახლახანს ამოეგლიჯათ ყვავილები. ფესვები და ფოთლებიც იქვე ეყარა... ჩვენს შესვლაზე არც შერხეულა,  ისე გვანიშნა დაჯექითო.  მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია, სადღაც ჩვენს მიღმა იცქირებოდა. ჩვენც ჩუმად ვისხედით, ხმას არ ვიღებდით. მარტო მამუკას უელავდა ბრაზისგან თვალები.

გაკვეთილის ბოლოს ნიკო მასწავლებელმა ხმადაბლა თქვა:
    - მცენარე, რომელიც ამ ქოთანში ხარობდა, ეტალონური, იდეალურია. ძალიან მოკლე დროში მთელ ცხოვრებას ასწრებს, იბადება, იზრდება, მრავლდება, ბერდება და კვდება.  ხანმოკლე სიცოცხლის გამო ეფემერა ქვია.  უკეთეს შემთხვევაში რამოდენიმე კვირა ცოცხლობს და თვითდამტვერვის უნარი აქვს. მეცნიერებაში იგივე როლი აკისრია, რაც თეთრ თაგვებს... მართალია შეუხედავი და ულამაზო - სარეველას გავს, მაგრამ ფასდაუდებელია ორი თვისების გამო, ბოტანიკაში ანალოგი არ ყავს და ერთადერთია რომელიც საჰარაში, ოაზისების გარეთ, შიშველ უდაბნოში ხარობს გაზაფხულობით და შემოდგომაზე. ბოტანიკოსები  „არაბის ტალიანას“ ვეძახით. იმედია, ღირსეული ადამიანის ხელში მოხვდა ეფემერა, კარგი იქნებოდა ცოდნოდა რა საოცარი ყვავილის მფლობელია...

        "მოძღვნილი" ეფემერა  ბოტანიკის  წიგნში ფრთხილად ჩავდე.  წიგნი დავხურე და გულზე მივიხუტე.
გაკვეთილების შემდეგ მამუკას ვთხოვე ბოტანიკურ ბაღში წამყოლოდა  ცოცხალი ეფემერების "საშოვნელად".  დედაჩემიც წამოგვყვა. მთელი დღე  გავატარეთ ულამაზეს ბაღში. ახალგაზრდა მეცნიერებს და სტუდენტებს სათბურებში დავყვებოდით, ისინი მცენარეებს დასტრიალებდნენ. ჩვენ მთელი ოთხი ქოთანი ეფემერები გვაჩუქეს...იმავე საღამოს მამუკა სკოლის დარაჯს „კაცურად“ ეხვეწებოდა  ბოტანიკის კაბინეტის გაღებას. ძია გიორგი ჯერ ბრაზობდა, მაგრამ მერე მოლბა და ბოტანიკის კაბინეტში შეგვიძღვა... 
        ......
      ახლა კი, საჰარას სიცხის,  ყინვის და ქარების მიუხედვად, ჩემი ბავშვობის ეფემერა ნაზად მოსდებოდა უდაბნოს გამომშრალ ყვითელ ქვიშას. ახლა სხვანაირად მივხვდი, რატომ ეფერებოდა  ასე  ნიკო მასწავლებლი  გაოცებული მზერით აფრიკულ ეფემერას და რატომ უცქერდა ისე,  როგორც მკვდრეთით აღმდგარს. 
    ამდენი წლის შემდეგ  მეც იგივე მზერა მქონდა, თვალები ცრემლით ამევსო... ვუცქერდი ამ პაწია მცენარეებს, თავის ბუნებრივ და უმკაცრეს გარემოში რომ ამოსულიყვნენ და ხვალ აღარ იქნებოდნენ. სამაგიეროდ მათი შვილები ამოვიდოდნენ და ისინიც ერთ დღეში მოკვდებოდნენ, ზეგ კი შვილიშვილები... უმწეო ეფემერა ამ უსასრულო უდაბნოში თავისი ხანმოკლე სიცოცხლისთვის - შეუპოვრად იბრძოდა...
     
        ბევრი კარგი ამბის მახარობელი იყო  ეფემერების მდელო.
მისი გამოჩენა რამდენიმე კარგ ამბავს ნიშნავდა. პირველ რიგში იმას, რომ ლიბიის საზღვართან ახლოს ვიყავი, ეფემერები სწორედ ლიბიის და „იქაური“ საჰარას ძირითადი ბინადრები იყვნენ. მეორე, - ჯადარს მშვენივრად შეეძლო ებალახა. მესამეც, - ეს ადგილი კარგი თავშესაფარი იყო  შუადღის სიცხისაგან. არც მდევრისთვის ვიქნებოდი ადვილად შესამჩნევი, ცხენიანი კაცის სიმაღლიდან აქაურობა არ ჩანდა, ხოლო თუ მდევარი ფარაფრას ოაზისისკენ წავიდოდა, ჩრდილოეთით არ გადმოუხვევდა.  ეს კი ნიშნავდა რომ  შემეძლო ცოტათი მაინც „ადმიანურად“, ზაფრის გარეშე გამომეძინა.

        ჯადარი ისე ხალისიანად ფრუტუნებდა მწვანე ბალახის დანახვაზე, რომ გამეღიმა. 
      კლდეზე უკან გადმოვცოცდი, ცხენიანად  ათიოდე მეტრით უკან დავიხიე და კედლისკენ გავქანდით, ჯადარი ისე  მსუბუქად გადაევლო კლდეს რომ კენჭიც არ შეურხევია. მაღალი კლდეების  ცხელ  ჩრდილს შევეფარეთ. მშრალი ხორცით წავიხემსე, კარკადეს ცივი  ჩაი დავაყოლე, ქვიშა და კლდეები მოვათვალიერე, მაგრამ გველის და მორიელის მსგავსი ახლო-მახლო ვერაფერი შევნიშნე, ღამის მონადირეებს დღისით ეძინათ... ბალახზე რამოდენიმე ფალანგამ კი გაირბინა, მაგრამ სასწრაფოდ შეეფარნენ კლდის ნაპრალებს.  სახიფათო თითქოს არაფერი იყო,  ცხენისთვის ლაგამი არ მომიხსნია ისე მივუშვი  საბალახოდ.  ეფემერებზე მივწექი, მკლავი თავქვეშ ამოვიდე და ცას შევაცქერდი...

          სადღაც თვალსაწიერზე ისევ  ტრიალებდნენ ირაოზე გრიფები. საჰარას  იდუმალი სიჩუმე -  ლურჯ, ხავერდოვან ზეცას - კაბასავით იხდენდა. თვალები დავხუჭე. მომელანდა რომ ეფემერამ ყლორტები მომხვია და ქვეშ მანდილივით დამიფინა...
        „ალ სახჰრა საჰარა“....  უდაბნოს ხიბლი მეწყება... გამიელვა გონებაში. სიზმარმა თავისი ფერადი ფრთები  გაშალა  და მთლიანად გადამაფარა...
   
          მეზმანა რომ ჩემსკენ ბედუინი მოდიოდა.
ქათქათა თეთრი სამოსი ეცვა. ჩვეულად, მოზომილი ნაბიჯით მოძრაობდა. რაც უფრო მიახლოვდებოდა, უფრო ნათლად ვხედავდი მის ხელში ეფემერების ვეებერთელა თაიგულს, რომელიც ჩემთვის მოჰქონდა.
     
          ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა - საჰარას ლურჯ და უსასრულო სივრცეს, ხმამაღლა ესროდა შუბისწვერივით ბასრ სიტყვებს: „...  ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია .... ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია.... “

      „ბედი- ქროლვის გარეშე ჩემთვის- არაფერია...“- გაიმეორა ბედუინმა და თვალებში ჩამაცქერდა...
მის თვალები ეფემერული მწვანეთი მიმზერდნენ...  შავი არაბული რაში ეფემერების მდელოზე იდგა  და პატრონს თვალმოუცილებლად შესცქეროდა... 

      „ბედი- ქროლვის გარეშე ჩემთვის- არაფერია...“ - უკან მიბრუნდებოდა ჰამადის კლდეებისათვის  შუბივით მძლავრად ნატყორცნი სიტყვების მრავალხმიანი ანარეკლი.     

      საჰარა დღეს კეთილად მექცევა... გავიფიქრე სიზმრის მიღმა და ღრმა ძილმა თავი წამართვა...
 

                                                                                ( იხილე როგორ გაგრძელდა) 
_  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები