ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2012


შორს მიმავალი ლექსი

წავიდეთ ერთად, მოვიაროთ ქუჩა და ქუჩა
ერთ ძველ უბანში ჩატეული მთელი სამყარო.
რადგან ჩვენს სულებს მოურჩენელ ტკივილად უჩანთ,
კედლებთან ცერცვის უთავბოლო ნაგავსაყრელი...

წავიდეთ იქით, სადაც ვიცით, არც ვინ დაგვხვდება,
სადაც სიჩუმე ისაუბრებს მკვდრების სახელით.
გვახსოვს, გულიდან იმ ოცნების გამოსახლებაც,
თან რომ მოგვქონდა ბავშვობიდან და არ ვამხელდით...

წავიდეთ ჩუმად, უხმაუროდ მათი ყურისთვის,
ფილტვებში ჟანგად რომ გვიქციეს მთელი ჟანგბადი. 
თეთრი შაშვობა ხომ ისედაც ალიყურია,
მათთვის, ვინც ”გუდა” გამოგუდა მძიმე ნაბადით...

წავიდეთ ისე, თითქოს, ვინმე მოგვისაკლისებს,
თუმც, სად სცალია, შეგვიმჩნიოს  სოდომ-გომორას...
ერთი ტოტიც კი აღარ შერჩა ჩვენი ნატვრის ხეს,
მოსაჩრდილებლად ორივეს რომ გამოგვდგომოდა.

დიდხანს ვიაროთ, დახეთქვამდე ლამის ქუსლების,
რომ ფიქრისათვის არ გვეცალოს დაოსებულებს.
თორემ, საკუთარ რწმენას თვალწინ ისე  ვულპებით,
ჩვენ - ჩვენი თავით, ის კი - ჩვენით გაოცებულა...

წავიდეთ, ამდენ ალბათობას რომ გავერიდოთ,
წავიღოთ სახლი, გულში რომ გვაქვს გამოკეტილი.
მესამე კაცად დავიყენოთ მხოლოდ ”ჩვენი დრო”,
თუკი, წარსულში არ ჩარჩა და გამოეტია...

წავიდეთ, სანამ დაიორთქლა ცრემლის სარკმლები,
ჩვენს სინანულს კი ავუშენოთ გზა-გზა ნიშები.
წავიდეთ, სანამ დაგვაწერდეს შუბლზე გარკვევით
ბედი იმ ხაზებს, ჯერ მკრთალად რომ შეინიშნება...

წავიდეთ, ჩვენი შიშებით და უშიშარობით,
”დიდი სოფელიც” ხომ ვიცით, რომ სადღაც, აქვეა.
და სანამ ჩვენზე ჭორ-მართალი მოითემშარებს,
არც შენ მკითხო და არც მე გეტყვი, ამ გზას რა ჰქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები