ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 აპრილი, 2012


საკუთარი ჯიბე, უბე და თავი

(ჩემი ,,დილაუზმოს ჩანაწერებიდან")

    ამ ათიოდე წლის წინ, ერთხელ, სრულიად შემთხვევით რაღაც პოლიტიკური ხასიათის შეხვედრაზე მოვხვდი. რედაქტორი ვიყავი, მოუხელთებელ ავტორს ვეძებდი შენიშვნების შესათანხმებლად.
    დარბაზში იმ დროს შევედი, აწ გარდაცვლილი მიშა ქურდიანი რომ იდგა ტრიბუნასთან. ჩანდა, რაღაც კამათი მიმდინარეობდა და მიშამ ასეთი რამ თქვა : ,,მეგობრებო, ჩვენს პოლიტიკოსთა დღევანდელი მოქმედებები ძალიან მაგონებს ჯიბგირთა ჯგუფური მუშაობის მეთოდს. მიდიხარ შენთვის, ხალხმრავალ ადგილზე, უცებ ვიღაც ფეხს მწარედ გაბიჯებს, ამ დროს მისი პარტნიორი მეორე მხრიდან ჯიბეში ხელს გიყოფს და საფულეს გაცლისო".
    პირადად მე იმის შემსწრეც (და გულუბრყვილო მსხვერპლიც) ვყოფილვარ, ხალხში შერეული ჯიბგირთა ჯგუფის წევრები ყველას თვალწინ ვითომ ერთმანეთს რომ დაერევიან, უშვერი სიტყვებითაც ამკობენ, თითქოს დასარტყმელადაც იწევენ. მათ სიახლოვეს აღმოჩენილმა ადამიანებმა აღარ იციან, როგორ მოიქცნენ, იქიდან გაასწრონ, რომ უნებურად რამე არ მოხვდეთ, ,,სუსტს" გამოექომაგონ თუ სეირს უყურონ და ჯიბე-საფულეებიც მარჯვე ხელებისთვის თავისუფალია!
    ამას წინათ რაც დამემართა, იმაზე ხომ სიმწრით მეცინება.
    ვათვალიერებ დინამოს ბაზრობაზე რაღაცეებს. უცებ ჩემს ახლოს ვიღაცამ ჩაიარა და ჩაილაპარაკა: ,, ჯიბგირები დადიან". ირგვლივ ყველამ უნებურად ის ადგილები მოვისინჯეთ, სადაც ფული გვქონდა შენახული - ზოგმა ჯიბე, ზოგმა - ჩანთა და ა.შ.
  გგონიათ, მარტივად ,,სიგნალი მივეცით" და მათაც მეტი არაფერი უნდოდათ?
  არა!
    სცენა უკეთესად იყო მოფიქრებული.
    ვუყურებ, როგორ უხსნის ერთი ბიჭი ჩანთას ვიღაც გულუბრყვილო სახის გოგოს, აცლის საფულეს, მისი თანმხლები თვალს მისწორებს.
    რა ვქნა! ვანიშნო მსხვერპლს? - როგორ? ... ხმამაღლა ვთქვა რამე? - ვაითუ ხელში სამართებელი ან სხვა ბასრი საგანი უჭირავთ, დაგისვამენ და გაიქცევიან, ხალხს შეერევიან, მე შენ გეტყვი და , შენი გულისთვის თავს შეაკლავს ვინმე, რამდენი მსმენია ამაგვარი...
    მოკლედ, ამ გოგოს ფულიც ჩემს თვალწინ ამოაცალეს, პარფიუმერიის ჩანთაც კი გაუხსნეს, ის კი ზემოთ ჩამოკიდებულ ბლუზებსა და კაბებს თვალს არ აშორებდა. ვიფიქრე, შარში გახვევას გაცლა სჯობს-მეთქი; ადამიანი ისე როგორ უნდა გამოშტერდე, ამდენი ხანი ჩანთას გიქექავდნენ და ვერაფერს მიხვდე-მეთქი; ჰოდა,  ისევ ამ გოგოს ბრალია, რაც დაემართა-მეთქი და გავუყევი რიგებს....
  როდის-როდის აღმოვაჩინე, რომ ჩემი საფულე გამქრალიყო.
  და ღირსიც ვარ!

  დღეს მრავალი ,,სიმართლისმოყვარული" გამოგვიჩნდა საზოგადოებაში. ისინი , მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაუფარავად და გულწრფელად აღიარებენ  საკუთარ ..... ამჟამინდელ ოპონენტთა ცოდვებს, არც დამადასტურებელი ფაქტების დამოწმება უჭირთ შემთხვევათა დიდ ნაწილში. ოპონენტებიც ტოლს არ უდებენ და კიდევ უფრო გულწრფელად ,,აღიარებენ".... საკუთარ ოპონენტთა ცოდვებს და ა.შ.  ხალხის შესაქცევად ერთმანეთს ვითომ კიდეც ,,ელანძღვინებიან", კიდეც ,,ეცემინებიან", კიდეც ,,ეძარცვინებიან"...
  ამ სანახაობის ცქერაში გართულებს, შემკრთალ-შეშინებულებსა თუ გამოქომაგების მოწადინეებს გვავიწყდება საკუთარი ჯიბე, უბე და თავი... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები