ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


(France Bleu 107,1) – 107.1

1.
ჯერ კიდევ ასდის ჟანეს თმებზე
თვეების წინათ შემწვარი, ომლეტის სუნი.
და შიმშილისგან როცა კუჭი,
წვიმაში გაგდებულ ძაღლივით უყეფს,
თმებს იშლის ჟანე,
დაჭორფლილ ცხვირთან ბღუჯით მიაქვს
და დიდხანს ყნოსავს,
ყნოსავს თითქმის ჩაძინებამდე.


2.
ღამით ოთახში,
ჭიებივით დაყრილ ნაპრალებს
ავსებს სიცივე.


3.
გათენებისას
ყნოსვით თუ გრძნობს დილის სინედლეს.
დგება და დანით ანაკუწებს დამჭკნარ ბოსტნეულს.
ხშირად ხდება, რომ სიჩქარეში თითებს აყოლებს,
ტკივილისაგან ეჭმუხნება პატარა სახე,
მარილის ნაცვლად,
ჭრილობიდან წამსკდარი სისხლით
და ჰალოგენურ ცრემლით აზავებს
ფიალაში დაჭრილ ბოსტნეულს.
ხელის ცეცებით
მიაქვს მოხუცი კაცის საწოლთან,
თავთან უჯდება, ეუბნება:
„ბაბუ ჭამეო“.


4.
ხშირად ფეთქდება გონებაში,
დანაღმული ბავშვობის კადრი.
Pont Marie-ის ხიდის, გაწელილი ფრაგმენტებით ევსება სახე.
სქელი ტვიდის „მწვანე“ ბერეტი
და კრებდეშინის „წითელი“ კაბა.
დაკარგული ქრომატული ყველა შეგრძნება
და სინათლეზე (პირდაპირი) ბოლო რეფლექსი.
ჭიქაში ახლად დასხმულ ჩაის მსგავსად,
მოხუცის (გაშვებული) თბილი ხელი და
ხერხემალგაშეშებულ მდინარის სუნთქვით,
ამოსული კანქვეშ სიცივე.



5.
ყოველდღე უჭრის ჟანე მოხუცს
ფიალაში თავის წილ თითებს,
თუმცა მოხუცი დიდი ხანია პირს არ აკარებს.
ჟანეს სწყინს, მუშტად შეკრულ ხელებს ურტყამს მთელი ძალით
მკერდში და მის ზევიდან ისე ფართხალებს,
როგორც ფხებისგან დაცლილი თევზი -
ბალნიან ბადის სასაკლაოზე.
მერე დაღლილი ეფერება, გულში იხუტებს,
გაშეშებულ ხელებს უკოცნის.
ივსებს ნესტოებს ამძაღებულ თევზის სუნით და
თმებგაშლილი, შიმშილისგან მასზე იძინებს.


6.
ღამით კი როცა,
მთვარე უვსებს მოხუცს ლაყუჩებს,
ჩანს რომ მოხუცი თევზია და ზურგზე დაცურავს.



7.
სუნთქვით დაცლილი ვიწრო ოთახი,
რადიოს ხმებით.
(სლოგანით"Vu d'ici"),
გამაყრუებელ ხმაზე აცხადებს:

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ
ბავშვი ბრმა იყო,
ხოლო მოხუცი - ერთი თვის მკვდარი“.


21 Rue des Halles, 75001 Paris, France






(ავტ.)
ფანჯრიდან კი
მოჩანს ღრუბლებზე მოფარფატე მთვარე,
სავსე და ყვითელი, როგორც
Coldplay-ის yellow .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები