ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2012


  ჩამოტვირთვა

== ჩემი პატარა ადამიანი ==

/წამოდი,გაჩვენო ფანჯარაში ბევრი-ბევრი ღამეები რომაა/
                                                                          ნუცა
შენ დაიბადე.
უამრავი გეხვიეთ თავზე
და სახვევებით დატყვევებულმა
გადმოგვხედე  წარბის აწევით.
მე კი ვიძახდი : ვულკანია–თქო,
მეტეორიტი.
გაგვაცოცხლებს და შეგვაზანზარებს,
კირით გაგვღებავს -
მეხ-ქუხილებით გაშავკედლებულ,
უმასპინძლო ციხე-დარბაზებს.
იცი?
შენა ხარ ის პირველი–
ვინაც  მოვიდა,
იმის  შემდეგ – რაც ძალზე ბევრი ჩვენიანი
ღმერთთან გავუშვით როგორც ძღვენი,
როგორც ელჩები,
ჩვენი ცოდვების საპატრონოდ,
ჩვენს დასაცავად.

რამდენჯერ მითქვამს,ინდიგოა–თქო.
დიდრონ,  ნაცრისფერ თვალებში
ვხედავ,  რომ  ძლიერ...ძლიერ გებრალები–
შენ, –
დიდ და ჭკვიან,
ბრძნადმომღიმარ, გულთაკარა ბავშვს –
მე,-
ცხოვრებაზე ფეხაწყობილი,
სინამდვილის და უმთავრესის დამვიწყებელი
ერთი „უფროსი“ ადამიანი,
რომელიც ასე,
არჩევანით  ყველა გზას გისპობს,
არჩევანით, რომლის ორივე ვარიანტი –
ისევ თვითონ რგებს:
„- ნუცა დაფიქრდი: შენ თვითონ მოხვალ
თუ მე მოვიდე, დაგტუქსო  და  წამოგიყვანო?“
„-ნუცა, იფიქრე,რა გირჩევნია:
თვითონ წახვალ თუ გეჩხუბო  და ისე გაგიშვა?“
შენ გაიღიმებ და... „-მე თვითონო.“
...კი არ ტყუვდები, თავს იტყუებ.
არ მაწბილებ ცხოვრებისაგან ამგვარ წესს ჩვეულს.
მე კი, მგონია, აქედანვე უნდა გაიგო :
ასე რომაა, ასე რომ ხდება.
მინდა, მზად შეხვდე ვარდისფერის გასხვაფერებას.

რაც შენ მოხვედი,
იმის მერე მეც აღარ  ვითვლი,
აღარ ვკითხულობ–
რამდენი წლის და ან როგორი იქნებოდა
ჩემი ამქვეყნად ვერმოვლენილი,
მუცელშივე გაწყალებული
ნაყოფი –  შვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები