ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2012


2010წლის 9 აპრილი...

დილიდან ავწრიალდი... ადგილს ვერ ვპოულობდი......
ბოლოს ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, არადა  არ ვაპირებდი დღეს გასვლას, სახლში ვფიქრობდი დარჩენას.
ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი და მეტროში ჩავედი.
სუნთქვა მიჭირს.... ჰაერი არ მყოფნის ...ჰო, ჰაერი...
მძიმე. გაშეშებული ჰაერი. გაჯერებული ყველა იმ საშინელებით, რაც იმ დღეს მოხდა...
ყველაფერი, ყველაფერი ჰაერში იდგა...
არ ჩანდა...იგრძნობოდა  მხოლოდ..
21 წელი გასულა ...

როცა გავიგე, რაც მოხდა..., დილით, რუსთაველზე გავიქეცი.
პროსპექტი ცარიელი იყო,  მთავრობის სასახლის წინ კი სველი,ახლად გარეცხილი ფილაქანი...
მხოლოდ ფეხსაცმელები ეყარა აქ -იქ...არა, აქა-იქ კი არა, ბევრი, საკმაოდ ბევრი ფეხსაცმელი ეყარა...
გარშემო მდგომმა ჰაერმა გამაოცა...
თითქოს რაც მოხდა, -ყველაფერი,  მიწიდან  ახვეტილიყო და ჰაერში იდგა...
სივრცე სავსე იყო საშინელებებით...და სივრცე ყველგან იყო....
ერთადგილას ვიდექი გაქვავებული და მხოლოდ ფეხსაცმელებს ვაშტერდებოდი.
ვხედავდი კიდეც, ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ...
ჩვენ კი დაგვიტოვეს, უფრო სწორად ცხვირწინ  დაგვიყარეს ,  დედადიმაწაზე დგომის "ბოლო პოზა,"
მათი დედამიწაზე არსებობის ფაქტი ! ფეხსაცმელები...

გამახსენდა მაშინდელი ტკივილი. გაუსაძლისი...ესესაა რომ დაიხჩვები, თუ ჟანგბადს არ მოგაწვდიან! 
არცერთ ტკივილს არ გავდა!  არც ომის ტკივილს, საშინელი აგვისტოს ომის ტკივილს.- უფრო სხვა იყო... ძალიან სხვა...ალბათ ასეთ ტკივილზე  თუ ამბობდა თამაზ ჭილაძე:
"როდესაც სული დაიწყებს კივილს, ენძელასავით ჩუმი და მორცხვიო."
ღმერთო, რა საშინელი დღე იყო!  21 წელი გასულა.

დღესაც,...ის ჰაერი შევიყნოსე თითქოს.  ისევ ისე მაფორიაქებს, სუნთქვას მიკეტავს...
თავისუფლებაზე ამოვედი.
9 აპრილს დაღუპულთა სურათები, ყვავილებიდან მიმზერდნენ.
მეც მივიტანე ჩემი ტკივილი, თაიგულად შეკრული და დავდე სხვა ტკივილების გვერდით.
მეუხერხულა ასე დემონსტრაციულად, ყველას დასანახად რომ მტკიოდა.
ათასჯერ მერჩივნა სახლში ვყოფილიყავი და ჩემთვის ჩუმად მეტირა.
ხომ გითხარით ასეც მინდოდა და სულ არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ...
შავებში ჩაცმული, ხნიერი ქალი, იქვე, მემორიალთან, სანთლებს ანთებდა. უთუოდ ახლობელი იყო რომელიღაც დაღუპულის, შავები რომ ეცვა იმიტომ კი არა, უბრალოდ, ჩემსავით უხერხულად არა, ძალიან ბუნებრივად იდგა.
იქ იყო მისი ადგილი! უთუოდ რომელიმეს დედა იყო! (ასეთ დროს უტყუარი ინტუიცია მაქვს, მენდეთ!)
ხალხი აჩოჩქოლდა...გაიწ-გამოიწია...
უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს.
მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას...
საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?...
ჭირისუფალმა შავებში, უკან გადაინაცვლა და ახლა იქ დააპირა სანთლების ანთება.
ვინ აცალა, რომელიღაც ტელევიზიის მუშაკი (სავარაუდოდ რუსთავის),
კამერამომარჯვებული, უკან-უკან მიუახლოვდა, (ვეღარ მოვასწარი,)  ასანთებად ჩამწკრივებული სანთლები მიუნგრია და ქალიც კინაღამ გადააგდო.
გაბრაზებას აზრიც არ ჰქონდა...გამეღიმა. ის ჰაერში გაჩერებულ ტკივილს დაინახავდა?... აქვე გვერდით  ედგა და...- ის ვერ შეამჩნია. ოღონდ თავის საქმე გაეკეთებინა, რაც შეიძლება ლამაზად გამოეჩინა გვირგვინი ტელევიზიით, მთავრობის წარმომადგენელმა რომ მოართვა, 9 აპრილს დაღუპულებს...
უნებლიეთ კახი კავსაძე გამახსენდა, სასაცილოდ რომ ყვება ხოლმე..-.გვეშველება რამეო?
სანამ ასე სულგამოცლილები ვივლით, მეც მგონია რომ არაფერიც არ გვეშველება!

მთაწმინდაზე ავუხვიე.
მამადავითზე ქვაფენილი გაელამაზებინათ, ტროტუარები შეეღებათ,
უფრო ფართო მომეჩვენა პანთეონისკენ  მიმავალი გზაც.
მომეწონა, რაღაც მომეხსნა თითქოს... ჰაერს ოდნავ სილბილეც კი შევატყვე,
სულ ტყუილად! როგორც კი პანთეონში შევედი, მაშინვე მივხვდი, ეს ქვაფენილიც და გულმოდგინეგ გალამაზებული შემოსასვლელიც როგორღაც ცალკე დარჩა.- თავისთვის.- არაფერი საერთო არ ჰქონდა პანთეონის მობინადრეებთან...
არა, გიჟი არ ვარ!...ჰო პანთეონის ბინადარნი, და არა საფლავის ქვები,
შეწუხებულები დამხვდნენ.
წუხდნენ...  ჩვენი დიდი მწერლები და პოეტები. ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ...
საფლავის ქვები, მართლა უსულოებივით ელაგნენ...
არა და მახსოვს . ადრე ჩიტებიც გალობდნენ აქ და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სიცოცხლე დუღდა.
ახლა კი...გეფიცებით...მართლა ძალიან წუხდნენ ჩვენი მწერლები...
წუხდნენ...  ჩვენზე  წუხდნენ...სწორედ ჩვენზე.
როდემდე უნდა გვევლო ასე ბრმა ჭუკებივით და დასანახი ვერა და ვერ დაგვენახა?...

ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო...
(კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის,  და სიბრმავის) 
მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა...
ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან...
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი  მას ყველაზე მეტად  ეტკინა.
შიგ გულში დაჭრა ქვეყნის ტკივილმა, თუმცა ბევრი საყვედურობდა მაშინ: არ აფიქსირებს თავის პოზიციასო, ალბათ მიტინგებზე რომ არ დარბოდა, იმას თუ გულისხმობდნენ.
წარამარა გავხედავ  ქვაზე დადებულ წითელ მიხაკებს.
-უხარია... მოსწონს...ჰაერიც გაიშალა ნელ-ნელა...
სუნთქვაც გაიოლდა უკვე... ესმის ჩემი...ველაპარაკები გულით...
გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ.
ხან უსიტყვოდაც გამოსდით...არა, არ ვთავხედობ, ვიცი, სად მე და სად ოთარ ჭილაძე?...
ჩვენ შორის რა კავშირი შეიძლება იყოს?
სწორედაც რომ შეიძლება და სულიერი კავშირი ქვია ამას!
მასე, მაშიმ მოციქულებიც მეთევზეები იყვნენ, წერაკითხვისუცოდინარნი და უფალთან ქონდათ კავშირი...ასე, რომ თავხედობას სულაც არა აქვს ადგილი, ზოგჯერ სიყვარული გაკადნიერებს ადამიანს! მეც ასე დამემართა!
დაღმართზე დავეშვი. თითქოს მოვფრინავდი...

ეშველება, სწორედაც რომ  ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს.
გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე .
კიდევ ბევრი...ბევრი...
მართლა  მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა!
ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას,  ვერა!
სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად!
ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ!
ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?...
რა კარგია, რომ დღეს  აქ წამოვედი და  სახლში არ დავრჩი, რა კარგია?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები