ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2012


სერობა

მილხინე, ღმერთო, ცოდვილსა ამას,
ტვირთმძიმეს, იგი ვეღარცკი დამაქვს.
ვშიშობ, ვაითუ წარვწყმიდო ვინმე!
ჩემთა და სხვათა ცოდვათა ვტირ მე.

ვადიდებ დიდსა ხუთშაბათს, ღმერთო!
თუმც არ ვარ ღირსი ფეხთა განბანის,
ვინძლო გაგყიდო ოცდაათ თეთრად,
გამოვდგე მხდალი, სულით ჯაბანი.

_ მესამედ ყივის მამალი, კეფა...
ძლივს უძლებს აღმა ხის ჯვარცმას კეფა,
და ჩოქვა-ჩოქვით ადის და ადის,
სანამ მიაღწევს ის თხემის ადგილს.

და გაგაკრავენ კრავსა ჯვარზედა,
ვაითუ ვიყო მათ თანა მეცა!
და უფალს, ჩემ წილ ჯვარს რომ აზიდავ,
შენი ვერმცნობი, ჩაგივლი გვერდსა;

სახლის კარს მშვიდად გამოვიხურავ,
ხელებს დავიბან სამხრის წინ მშვიდად,
ოცდაათ ვერცხლში ერთ-ერთი ხურდა _
გადმოგდებული იუდას ჯილდოდ.

ვადიდებ დიდსა ხუთშაბათს, ღმერთო,
თუმც არ ვარ ღირსი ფეხთა განბანის.

                                                                თბილისი
                                      12 აპრილი, დიდი ხუთშაბათი, 2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები