ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2012


მყნობა

ძვირფასებო!
ეს ლექსი ახალი არ არის. ვიმედოვნებ, რამდენიმე თქვენგანს ახსოვს კიდეც. ახლიდან ვდებ,  რათა მოგილოცოთ: ქრისტე აღსდგა!

                                                                                                      ნინო დარბაისელი

მყნობა
- - - - - -

გაზაფხულობით,
როცა ისე გათბება მიწა,
რომ სადაცაა,
კენჭმაც კვირტი გამოიტანოს,
დამტოვეთ ასე,
ჭკუა აღარ მომეკითხება.

მარტო ვიყავით:
- გინდა, ნინუცი,
ეს თეთრი ბალი გადავამყნოთ?
ერთი ხე გვედგას
და თითო ტოტზე
თითონაირ ნაყოფს ისხამდეს:
წარმოიდგინე,
თეთრი,
შავი,
ჭროღა,
წითელი,
ადრეულაც და საგვიანოც!

უფროსი ძმისა ტყუილიც კი დაიჯერება.
ჯერ სანამყენე მოვაგროვეთ,
(მგონი, შიგ თუთაც შევურიეთ , -
- სიმრავლისათვის) .
ხერხე და ჩეხე მერე ტოტები.
მე კი ქვემოდან, რაც შემეძლო,
ხელს გაშველებდი:
ხან წყალი მთხოვე,
ხანაც ცული ჩამოგივარდა,
ხან წვრილ-წვრილ ტოტებს
ეზოს კუთხისკენ ვეზიდებოდი.
ძველი ხალათიც
ბრტყელ-ბრტყელ ზოლებად მე დავჭერი,
ქურაზე ჯამით გასადნობად დადგმულ ფიჭასაც
მეთვალყურედ მე დავადექი.

მოკლედ, დავამყნეთ!

რომ ჩამოძვერი,
პირზე ხვითქი გადაგდიოდა
და ის-ის იყო,
გამარჯვებულნი
ქვის კიბისთავზე დასასხდომად ვემზადებოდით,
მოგვადგნენ კიდეც
და რა თქმა უნდა,
შენ - გაასწარი,
მე - მცემეს
და
ბალიც გაგვიხმა.
და ბაბოჩვენის წყევლა-კრულვა ზეცას ქუფრავდა.
(იქნებ ომშიაც იმან გიწია?)

აი, აღდგომაც!
ხვალ ამოვალ და
გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ,
ჭიქას წაგიქცევ,
მაგრამ ჯერ მძინავს,
არა, მღვიძავს და თვალებს ვჭუტავ,
რომ არ გამექცეს ძილ-ღვიძილში
ეს ნეტარება:

მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს,
სხივებში ჩანხარ,
სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ,
მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი.
ყველა იღიმის,
ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...

მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი,
ათასფერადი!


                                                      2010



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები