ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2012


მარტოობა

მარტოობავ მე და შენ წამო, გადავიკარგოთ,
შენ ნუ ეტყვი დედაშენს, მეც შვილებს არ გავუმხელ.
მერე ერთად დავსხდეთ და გავუყუჩდეთ იმ კარგ დროს,
ჩვენი წარმოსახვით რომ ემსგავსება სამოთხეს...
შენც დაკარგე ნუგეში, მეც იმედი ჩამაკვდა,
ერთმანეთი გვჭირდება, რადგან სხვას არ ვჭირდებით.
დღეა მაგნიტური და მძიმე ფიქრით ავად ვარ,
ხსოვნაც ბუდას პოზაში ცხვირწინ მიზის, ჭილოფზე...
სიმარტოვე კარგია, როცა ამის მთქმელი გყავს,
თუმცა, უთქმელადაც ვგრძნობ მარტოობის "სიამეს".
მეორე მე-მ ხმამაღლა შემომძახა - ჰერი-ჰაა!
აგერ ვარო, ბატონო და რაც გტკივა, მიამბე...
                      08.05.12

***
სენტიმენტალურ ტრიოლეტებს
სხვენს უკითხავდა წვიმა.
ქარმა ფურცლები მიმოფანტა,
შენზე ვწერდი და მწყინდა,
მონატრება რომ არ ტიროდა,
-შემომიშვიო შენში...
ჩემი ფიქრების მკრთალ ტილოზეც
წვიმაა, ანუ შენ გშლის...
ნაცარის სუნი უდიოდა
აქა-იქ მხრჩოლავ ვნებებს.
მარტი, მით უფრო, ბუნიობა
მძიმედ გადამაქვს დღემდე...
            08.05.12




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები