ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2012


ბედუინი (ნაწილი XI მდევარი)

        როდესაც თვალი გავახილე, მზე უკვე  დასავლეთისკენ გადახრილიყო. სიცხე თავის ხარკს ბოლომდე იმკიდა. თავზე ცხენი მადგა  და  ფრუტუნით თითქოს მახსენებდა „ არ დაგავიწყდეს შუაგულ საჰარაში რომ ხარო“. 
წითელი კარკადეს ერთი ყლუპი ჩემთვის გავიმეტე, ცხენს კი ისევ ორი პეშვი წყალი ერგო. 
          წყლის მარაგი მელეოდა.  გარემოს თვალი მოავლე.  იდეალური სიჩუმე იდგა.
რამოდენიმე ბღუჯა ეფემერა უნაგირის ჩანთაში ჩავტენე.  ჯადარმა მსუბუქი ნახტომით მოიტოვა უკან ეფემერების მდელო და სამხრეთისკენ შევბრუნდით.
            ორიენტირად არჩეულ „ჩემს კლდეს“,  რომლის ბექიდანაც  ეფემერების მდელო  დავინახე, -  სწრაფად მივუახლოვდით.  გზის გაგრძელებას შეუჩერებლად ვაპირებდი,  მაგრამ  კლდის იმ ნაშალში ჩემთან ერთად რომ დაენარცხა მიწას, აქა-იქა  ჩემი კაბის ნაგლეჯები შევნიშნე. ასეთი აშკარა კვალის დატოვება მდევრისათვის სისულელეზე მეტი იყო, გადავწყვიტე  არ დამეტოვებინა არცერთი ნაკუწი და სასწრაფოდ ჩამოვქვეითდი.

          კლდიდან  ჩამოწოლილ  ქვაღორღში ბრწყინვას მოვკარი თვალი.  მზის გადახრილ სხივებს,  „რაღაც“,-  ნათებასავით  ირეკლავდა. ეს  „რაღაც“,  კლდიდან მოწყვეტილი ქვა აღმოჩნდა. დავწვდი და ხელში შევატრიალე.  ერთი მხრიდან ჩვეულებრივი კლდის ნატეხი იყო, მაგრამ მეორე მხრიდან, ბროლივით მინერალი  ზედ შაქარყინულივით ასხმულიყო და  თვალისმომჭრელად ციმციმებდა, მინერალი  რამოდენიმე  მომცრო, დაწახნაგებული, გამჭვირვალე და ერთმანეთზე ამოზრდილი  „სვეტისგან“  შედგებოდა  და ბავშვის სათმაშოს გავდა. 
          – „კვარცი!  ეს კვარცია,  აი თურმე რატომ მეტკინა ასე მუხლი და  რისგან მაქვს ეს ნაკაწრები...“ - გავიფიქრე და გამჭირვალე მინერალში მზეს გავხედე.  კვარცის კრისტალში გატარებული  მზის  სხივები,  სინათლის  ფერად ლაქებად დაეფინა  ჩამოშლილ ქვებს.  მინერალს აქეთ იქით ვატრიალებდი და მიწაზე გაშლილ ფერად მანათობელ ლაქებს ვუცქერდი. 

„სადაც კვარცია, იქვე სადმე ოქროც უნდა იყოს“, - გამახსენდა კაზრეთის ექსკურსიაზე გიდის ნათქვამი ფრაზა. ასეთი კენჭები კაზრეთში,  ოქროს საბადოზე მქონდა ნანახი. მაშინ  ყველას გვაჩუქეს კვარცის პაწია მინერალი,  რომელიც მცირეოდენობით  ოქროს შეცავდა.  ფეხით გავშალე კდლის ნაშალი, ყურადღებით ვათვალიერებდი, ორი ცალი ყვითელი კენჭი შევნიშნე,  ხელში ავიღე და კარგად დავაკვირდი, მათ  კვარცის მინარევები ქონდათ, მაგრამ ყვითელი გაცილებით მეტი იყო - ვიდრე კვარცი.

          - „ოქრო!  ეს ოქროა!“ - წამომცდა გაკვირვებულს. ხელში ოქრო მეჭირა. წონა ხელით მოვსინჯე.  ორივე კენჭი ერთად, დაახლოებით ოცდაათ გრამამდე უნდა ყოფილიყო.  თუ კვარცის მინარევი მოსცილდებოდა, ოც გრამამდე მაინც დარჩებოდა,  - ეს კი დაახლოებით ათას ამერიკულ დოლარს, ანუ კაიროში დაბრუნებას  ნიშნავდა თუ დასახლებულ ადგილამდე მივაღწევდი... მაგრამ აქ, შიშველ უდაბნოში ოქრო  რიყის ქვადაც არ ფასობდა.  ჩემი თავი „დავიჭირე“ იმაში, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად, ოქროს პაწია ზოდებს  მომავალი სამკაულივით კი არ ვუცქერდი, არამედ როგორც  გასაყიდ ნივთს. თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ნაშალს, ისევ მოვჩიჩქნე ქვების გროვა იმ იმედით  იქნებ კიდევ მეპოვა ოქრო, მაგრამ აღარფერი იყო. 
            - „საჰარა, გონი ისე აღარ გძულვარ როგორც პირველ დღეებში. დღეს კეთილი ხარ. ჯერ მირაჟის სარკე მაჩუქე, მერე ბედუინის რუკამ გაამართლა,  ეფემერების მდელო ხომ ახდენილი ოცნებასავით მეწვია,  ახლა ოქრო გამომიჩინე, ვინ იცის კიდევ რას მაჩვენებ სანამ შენს წიაღში ვარ და ჩემს უმწეო ნაფეხურებს გიტოვებ  ქვიშის მკერდზე.”

            ჩემი ფიქრის პასუხად, საიდანღაც ყრუდ მოგუგუნე ექო მოსწვდა ჩემს სმენას.  ოქროს კენჭები ფეხსაცმლის ყელში ჩავიტენე,  მოგროვილი კაბის  ნაგლეჯები კვარცის მინერალთან ერთად უნაგირის ჩანთაში ჩავჩურთე, ცხენზე შევხტი, აღვირი მოვიმარჯვე და სმენად ვიქეცი.
          ექო მიახლოვდებოდა. ცხენიანად კლდეს მოვეფარე და „სავალ გზას“ თვალმოუცილებლად მივაჩერდი.
თხუთმეტიოდე წუთში ხმაური გაძლიერდა და ქარიც „დავინახე“. ერთ დიდ ბურთად შეკრული ქარი,  სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩემსკენ მოქროდა. მის უკან გრძელი შლეიფივით ფრიალებდა ცაში ატყორცნილი ქვიშის ნისლი.

      - რა უნდა იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს,  რა საოცარი სისწრაფით მოძრაობს... - ამისი გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ქარი ორასიოდე ნაბიჯზე მომიახლოვდა, ჩემს კლდეს ელვის სისწრაფით უქცია გვერდი და პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. სანამ რკალს მოხაზავდა, ქარში გახვეულ,  ჰაეროვან, გრაციოზულ მოძრავ სხეულებს ვკიდე თვალი.

            ანტილოპები... 
            ეს იყო წარმოუდგენელი სისწრაფის თავაწყვეტილი რბოლა, რომელიც არ ცნობდა არანაირ დაბრკოლებას  და სამანს. ანტილოპების მფრინავი რემა თავის ბუნებრივ სტიქიაში, - უმშვენიერესი სანახაობა იყო. ქვიშისფერი ანტილოპები მხოლოდ წამით ეხებოდნენ მიწას და მორიგი ნახტომით ჰაერში მიფრინავდნენ. მათი „გადაფრენით“ გამოწვეული ექო ჰამადის კლდეებში სულ სხვანაირად ხმიანობდა.  რბოლის ქარით  გამოწვეული  ხმაური - გაცილებით ჭარბობდა მათი ფეხის ხმას.  განცვიფრებული, მხოლოდ ანტილოპების მოღერილ კისრებს,  წვეტიანი  რქებით დამშვენებულ თავებს, მიწაზე დაშვებისას მშვილდივით მორკალულ ზურგებს ვხედავდი, რომლებიც გაფრენისას ლარივით სწორდებოდნენ და  უდაბნოს შედედებულ სიჩუმეს გაშლილი მკერდით სხივილით მიაპობდნენ.

ქვიშისფერი ანტილოპები კარგად ეგუებოდნენ საჰარას მკაცრ ჰავას და მშვიდად ცხოვრობდნენ უდაბნოში, ლეოპარდებისა და ლომებისაგან დაცული, რომლებიც აქ ცხვირის შემოყოფას ვერ ბედავდნენ.  მახვილი თვალი და სმენა, სისწრაფე და წვეტიანი რქები მათ კარგად იცავდა, ფერით იდეალურად ერწყმოდნენ უდაბნოს ფერებს, წყურვილის მოთმენაში ბადალი არ ჰყავდათ,  ისეთი სისწრაფით კეცავდნენ უდაბნოს სივრცეებს, რომ წყლის მოსაძებნად დიდი დრო არ ჭირდებოდათ.  გამეგონა რომ ანტილოპას  ერთი სახეობა, ჯეირანი, - საქართველოშიც ბინადრობს მაგრამ მე ის მხოლოდ ფოტოებზე მენახა და ახლა, პირველად ვხედავდი უდაბნოში მისი ჯიშის  ულამაზეს ქმნილებებს. 
      ანტილოპების რემამ ფიქრზე სწრაფად ჩამიქროლა და დასავლეთისკენ ჩაიკარგა. ქვიშაზე მხოლოდ მათი წვეტიანი ფლოქვების კვალი დარჩა...
      ძლივს გამოვერკვიე სტიქიასავით მძვინვარე ქროლვის შემხედვარე.

ანტილოპები რაღაცას გამოექცნენ, რაღაცამ აიძულა ადგილი შეეცვალათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ასეთი?  წიგნებში წაკითხული მქონდა, რომ ანტილოპების ქერშილობა ნოემბერ-დეკემბერში იწყებოდა, ახალ სიცოცხლეს ანტილოპა ხუთი თვე ატარებდა. ესე იგი ახლა ნუკრების გაჩენის ჟამი იყო მოწეული  და ასეთ დროს ისინი ადვილად არ დატოვებდნენ მიჩვეულ ადგილებს. 

ის რამაც ანტილოპები დააფრთხო, წესით კვალზეც უნდა მოყოლოდა მათ.  ცხენიანად უკან დავიწიე და კლდე კარგად ვისაფრე. ვიცოდი ცხენი უფრო სწრაფად დაიჭერდა ხმაურს და ამიტომ მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე. ლოდინი დიდი ხანს არ დამჭირვებია.  ჯადარმა ყურები დაცქვიტა და კისერი დაძაბა. გუგუნი მომესმა, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას და მიახლოვდებოდა. კლდეებმა ექო აიტაცეს. უდაბნოს გაშლილ ადგილს ვაკვირდებოდი. რამოდენიმე წუთში ახლო ჰორიზონტიდან მოულოდნელად, სასწაულებრივად ამოზრდილი ვერტმფრენის მოტრიალე ფრთები დავინახე, ხოლო წამში მთელი ვერტმფრენიც გამოჩნდა.  მიწიდან ალბათ ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე იქნებოდა. ის სამხრეთ აღმოსავლეთიდან მოფრინავდა.
 
ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ ვერტმფრენი მე მეძებდა.

სიხარულმა სული შემიხუთა, ის იყო გაშლილ ადგილას ცხენიანად ვაპირებდი გამოსვლას, რომ  ვერტმფრენი მოულოდნელად შებრუნდა და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. ჯადარს აღვირის ბოლო მათრახივით გადავუქნიე და  ვერტმფრენს წარმოუდგენელი სისწრაფით დავედევნეთ. ნიკაბი თავიდან მოვიგლიჯე და მარცხენა ხელით ავაფრიალე...  გაუჩერებლად ვყვიროდი, ხელს ვიქნევდი, ჩემი აბრეშუმის თავსაფარი დროშასავით გაიშალა ჰაერში, ბრმასაც კი უნდა დავენახე ალბათ, მაგრამ ვერტმფრენი რამოდენიმე წუთში აღმოსავლეთისკენ აღმართულ კლდეებში მირაჟივით ჩაიკარგა. 

გაქანებული ცხენიდან გადმოვარდნილი მიწაზე  პირქვე დავემხე...  გულამოსკვნილი ვტიროდი, გადარჩენის შანსი ასე ახლოს მქონდა და მე ხელიდან გავუშვი. მუშტად შეკრულ ხელებს სიმწრისაგან  ქვიშას  ვუშენდი  და ვყვიროდი:
    - საჰარა, რა გინდა ჩემგან ?!  რატომ, რატომ არ მიშვებ!.. ქვიშის მარცვალიც  არ ვარ შენთვის, რა შეემატება ჩემი ძვლებით შენს ქვიშას და კლდეებს...
       
     
ძრავის გუგუნი მიიკარგა და  საჰარაში ისევ დუმილი ჩამოწვა. 
ის ახლა უფრო აუტანელი გახდა, ამ უდაბნოსავით თვალუწვდენელი და უსაზღვრო, ამაზრზენი და საშიში. 

      ყვირილით და ტირილით დავიღალე. ძალა გამომეცალა და მიწაზე  თვალდახუჭული გავწექი. გონებაში ათასჯერ „დავატრიალე“ ყველა დეტალი,  რაც ანტილოპების გაუჩინარების შემდეგ დავინახე. როგორ ამოფრინდა მოულოდნელად ჰორზონტიდან ვერტმფრენი, მზეზე მოლაპლაპე მინებსაც კი ვხედავდი, ციგასავით ფეხებს, ორი სილუეტიც კი გავარჩიე ფანჯრების უკან.... ახლა კი ეს ყველაფერი მირაჟივით გამქრალიყო... 
    - „იქნებ კიდევ მობრუნდეს, იქნებ სჯობია აქ დავიცადო....“ -  ისევ სასოწარკვეთა მომერია ... ისევ ქვიშააკრული სველი სახე, ქვიშით სავსე თმები, დაფლეთილი და ჭუჭყიანი კაბა, ისევ ერთი ჭიქა  წყალი.  დაკაწრული ფეხები... ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ორი დღის წინ, სამი დღის წინ, ხუთი დღის წინ... 
   
მოულოდნელად გონებაში რაღაცამ გამიელვა და ისე სწრაფად წამოვჯექი, რომ დამფრთხალმა ცხენმა უკან დაიხია. 

    - „ღმერთო!  მე ხომ ვერტმფრენზე არ შემიმჩნევია არც პოლიციის ემბლემა, არც რაიმე სახელმწიფო ან სამხედრო ნიშანი. ეს ხომ ნაქირავები კერძო ვერტმფრენია და იქნებ ჩემი მოკვლის მსურველის მიერ დაქირავებულიც.“  - კიდევ ერთხელ  გონების თვალით დავაკვირდი ნანახს.  ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო, ეს ვერტმფრენი არ ეკუთვნოდა სახელმწიფოს.  აი რატომ დამეძებდნენ დასავლეთით, მხოლოდ მტერი შეიძლებოდა ყოფილიყო დარწმუნებული რომ დასავლეთისკენ ვიარე...
          ახლა პირიქით, ვერტმფრენის დაბრუნების შემეშინდა. 

ჩემი საქციელით გაოგნებული ჯადარი ირიბად მიცქერდა.  ცხენს მოვეფერე და კისერზე მივეკარი...

„მაპატიე ჯადარ, მაპატიე მეგობარო, წავიდეთ ჯადარ, წავიდეთ აქედან“. - არაბულად ვუჩურჩულე ცხენს.
სახე ჩემი თავსაბურავით შევიმშრალე, ნიკაბით მხოლოდ ცხვირ-პირი ავიკარი და ცხენზე შევჯექი. ჯადარი დარიგებულივით, თავისით შებრუნდა დასავლეთისკენ, ანტილოპების ნაკვალევს გვერდი უქცია  და უდაბნოს თბილი ქარივით ჩუმად დაიძრა.   
         
    ახლა, ჩემი მიზანი არწივისთავიანი კლდე იყო, რომლისთვისაც  როგორმე შუაღამემდე უნდა მიმეღწია.
   
    - „ფარაფრაში ცოტა ხნით გავჩერდები, წყალს და სურსათს მოვიმარაგებ, იქნებ როგორმე ლიბიის საზღვრამდე მივაღწიო და მესაზღვრეებს ავუხსნა, რომ გზა ამებნა და საელჩოს დამაკავშირონ. სხვა გამოსავალი მაინც არ ჩანს. მთავარია მდევარი არ ჩამიდგეს კვალში.“  - სწორი გამოსავალი ჩემი აზრით,  მხოლოდ ეს იყო. 

თუ ჩანაფიქრი გამომივიდოდა,  მაშინ ჩემი მიზანი, ეგვიპტე-ლიბიის საზღვარი, რეალურად მისაღწევად მეჩვენა.  სასაზღვრო პოლიცია ბედუინსაც მომაცილებდა თავიდან, მდევარსაც და  უფრო ადვილად შევძლებდი საელჩოსთან დაკავშირებას.  მდევარი  ნაკლებად იფიქრებდა რომ საზღვარზე ვეძებნე.  თუ „ჩემებიც“ მეძებდნენ, მაშინ შეიძლება შინ მოხვედრის მოკლე გზას ავცდენოდი, მაგრამ მდევრის იმდენად მეშინოდა, რომ „გრძელი გზა“ მერჩია. 

    ... ჩემი საათის მიხედვით ღამის თერთმეტი სრულდებოდა, როცა პირველ ორიენტირს მივაღწიე.
ყოველ ერთ საათში თხუთმეტიოდე წუთით ვისვენებდი, მაგრამ დაღლილობისაგან მაინც მთელი სხეული მტეხდა. რუკაზე ნაჩვენებ ისარს გავყევი და სამალავის ძებნა დავიწყე. რამოდენიმეჯერ ავუარე და ჩავუარე იმ ადგილს, რომელსაც ისრის წვერი უჩვენებდა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. დარჩენილი წყალი ცხენს დავალევინე, მე წითელი, მომჟავო სითხის ბოლო წვეთები მერგო.
    ახლა აღარც წყალი მქონდა და აღარც კარკადე.  სამალავი სადღაც აქვე, სულ ახლოს უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ჩემი გამოუცდელი თვალით, სიბნელეში ვერ ვამჩნევდი მონიშნულ ადგილს. ბედუინის ჩანახატის მიხედვით  დღისით უნდა მოვხვედრილიყავი აქ, მაგრამ ჩემი თავგადასავლის შემდეგ დროში ავირიე და  მხოლოდ ღამით მოვაღწიე აქაურობას. ხელისცეცებით დავიწყე კლდის ნაპრალების მოსინჯვა, მაგრამ ამაოდ.  მთვარის შუქს უნდა დავლოდებოდი და ისე გამეგრძელებინა ძებნა, ღამის სიცივისთვის სამალავში უნდა შემესწრო. ცხენს ეფემერები დავუყარე, ჭკვიანმა ცხოველმა მადლიერად ამოიფრუტუნა და მცირე ვახშამს ფრთხილად შეექცა.

      მე თვალმოუცილებლად გავცქეროდი საჰარას.

  ...  ულევი, ულევი უდაბნო...
რა დაუსრულებელია ეს მკვდარი ადგილი, ნამდვილი სასაფლაოა. დედამიწის საფლავი...
 
ნეტავ ის როგორ არის, ალ კაბირი, რას აკეთებს, რა მოხდა ჩემი გაქცევის შემდეგ, ნეტავ ცოცხალი თუა, იქნებ აღარცაა, იქნებ მოკლეს...“

მთვარის ნათებამ იმატა, ცხენის ჩრდილმა ნელნელა კონტურები შემოიხაზა და დაგრძელდა. თვალს ვადევნებდი ჩრდილის დაბადებას, კუდი, ფეხები, სხეული, კისერი, ფაფარი, თავი... თავი სადღაა?  წამოვხტი და ჩრდილს მივყევი.... თავის ჩრდილი რომელიღაც ნაპრალში შემძვრალიყო, მეც მივყევი და სულ ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ცარიელ სივრცეს მივადექი. ეს გამოქვაბული იყო, წამოწეული შვერილი ხელით მოვსინჯე,  ხელში გასანთლული ასანთი მომყვა... მე სამალავის შესასვლელთან ვიდექი... 

გამოქვაბული სანთლის მოციმციმე სინათლემ მოიცვა,  ათიოდე კვადრატული მეტრი იქნებოდა,  მასში ცხენიანი კაცი მთელი სიმაღლით მთლიანად გაიმართებოდა. წინა გამოცდილებით შეშინებულმა სანთლის მწირ სინათლეზე „ჭერი“ და ბნელი კუნჭულები კარგად მოვათვალიერე.
    - „მადლობა უფალს, არაფერია, მორიელები და ობობები სანადიროდ იქნებიან წასული,“ - გავიფიქრე და სანთელი კლდეზე მივამაგრე.  გამოქვაბულის უკანა კედელთან აქლემის ტყავები იყო გაშლილი. დავბერტყე, მორიელების მეშინოდა, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა.  კლდის შვერილზე ორი უნაკერო გუდა ეკიდა, ერთში გამომშრალი პური, ცოტა ყველი და ხორცის მშრალი ნაჭრები ელაგა, მეორეში რაღაც ვარსკვლავის მაგვარი ფორმის გასუფთავებული ფესვები თუ კენჭები ეყარა.  ორი უნაკერო გუდა კი მიწაზე იდო.  ერთში ნამდვილად წყალი იყო, ხოლო მეორეში ტანისამოსი, კიდევ ერთი ნაჭრის ტომარა შევნიშნე კედელთან მაგრამ მისი შემოწმება მომავლისთვის გადავდე და ცხენთან მოვბრუნდი. ჯადარს პირწმინდად აესუფთავებინა ეფემერები და  ცხვირი პირდაპირ ხელებში ჩამიყო მოლოდინით,  რაიმე ხომ არ მქონდა კიდევ  მისთვის. ლაგამში ხელი ჩავავლე და გამოქვაბულისკენ გავიყოლიე. ცოტა ხანში მშრალ და თბილ გამოქვაბულში აქლემის ტყავზე ვიწექი, ჩურჩულით ვამბობდი იმ სამიოდე ლოცვას რომელიც მახსოვდა. ჩაძინებას ამაოდ ვცდილობდი. დაღლილობისაგან კუნთები მეწვოდა და არ მაძინებდა. 

        სანთელი მიილია და სიბნელე გამეფდა.   

ამ ძილ-ღვიძილში ალბათ ორი საათი მაინც იქნებოდა გასული, რომ გამოქვაბულის სიჩუმეში ხმაური შემოიჭრა,  ნელ-ნელა ძლიერდებოდა. ცხენების ფეხის ხმას ადამიანების ხმაც მოყვა. მათი საუბარი ისე კარგად მოჰქონდა ექოს ჩემამდე, თითქოს ჩემს ყურთან ლაპარაკობდნენ. ძალიან შევშინდი. მაგრამ ისე გაუფრთხილებლად აღარ მოვქცეულვარ როგორც ვერტმფრენის დანახვისას. სმენად ვიქეცი.  ხმებზე მივხვდი რომ ხუთნი იყვნენ.  გამოქვაბულის უკანა კედელთან, იქ სადაც მე ვიდექი მათი ლაპარაკი  კარგად ისმოდა.
    - აქ გავათიოთ ღამე, დააჩოქეთ აქლემები - დაილაპარაკა ერთმა და გავიგონე როგორ ჩამოქვეითდა.
    - ნაჰამა,  - უპასუხა მეორემ.
    - მუსტაფა, შენ ცეცხლი დაანთე, ქვანახშირი აქლემზეა აკიდებული, ჩაიც აადუღე, ცოტა წავიხემსოთ და დავიძინოთ.
    - რამდენი ხანია უგზოუკვლოდ დავდივართ ამ უდაბნოში და კვალსაც ვერსად მივაგენით. ცხენის კვალს მაინც რატომ ვერ ვპოულობთ. გოგო გამოუცდელია, მაგრამ შაითანი იფარავს, თუ მისი ღმერთი, ასეთი რა მოუხელთებელი შეიქნა... თავსაც მივანებებდი აქამდე ამ საქმეს მაგრამ შენი დანაპირები ფული  მოსვენებას არ მაძლევს. 
    - ჰო ასეთ ფულს ალბათ ვერსადროს იშოვი. - მომესმა კარგად ნაცნობი ხმა.

      ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.  ცეცხლის ტკაცუნმა იმატა.

    - სალეჰ, ნახშირი დაუმატე ცეცხლს, ამაღამ შენ იდარაჯებ. აქლემებს მიხედე, ქერი აჭამე და ცოტა წყალიც მიეცი. დილისთვის საუზმისთვის თადარიგი დაიჭირე.  ცოტა დავლიოთ, კარგი ვისკი მაქვს და ცოტათი გახურება არ გვაწყენს. მუსტაფა, აზიზ, სალეჰ, რაშიდ მოდით, ცეცხლს შემოუჯექით, ვისკი ჩამოასხით, მე ვახშამს მოვამზადებ. - ალაპარაკდა ნაცნობი ხმა. 
    - რას უფროსობ, ხომ არაფერი გეშლება ? - შეუტია ჟანგანი ანჯამასავით მოჟღრიალე ხმამ.
    - არ ვუფროსობ, უბრალოდ გეპატიჟებით, ყველა დაღლილები ვართ და გვშია, - შეიცვალა ნაცნობი ხმის ტონი. 
    - ვახშამს სალეჰი მოამზადებს, შენ აქ დაჯექი, ბევრი რამე გაქვს სათქმელი ჩვენთვის, რაღაცას გვიმალავ. -გაეპასუხა მოჟღრიალე ხმა.
    - გისმენ რაშიდ,  რა გაქვს გასარკვევი, რა ეჭვი გაწუხებს ? - მოღლილი ტონი მიეცა ნაცნობ ხმას.
    - აგვიხსენი იმ ქალს ასე ჩაციებით რატომ დაეძებ. პირველი ხანს გვეგონა შენი ცოლი ან საცოლე იყო,  კაცურად გაგიგეთ და მცირე გასამრჯელოს დავჯერდით. მაგრამ მერე შეგნიშნეთ რომ შენ  შეშინებულს უფრო გავხარ. ალ კაბირთან უსიამოვნებასაც ცუდი ამბები მოყვება.  ბედუინები აგვიმხედრდებიან, ჩვენ კი სარფიან საქმეს დავკარგავთ. შენ რა გენაღვლება, შენს პოლონეთში წახვალ, ჩვენ კი აქ გვაქვს სახლიც და სამშობლოც. უნდა ხვდებოდე, რომ თუ ქალმა ფარაფირაჰის ოაზისში მიგვასწრო, - ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. ხუთი ათასი ბედუინის ოჯახი ცხოვრობს ფარაფირაჰში, ჩვენი განზრახვა თუ გამჟღავნდა, ვერც წყალს ვიშოვით და ვერც საკვებს მოვიმარაგებთ, ისე ამოვიხოცებით ამ უდაბნოში რომ ტყვიის გასროლაც არავის დასჭირდება. 

    - როგორ ალ კაბირი ცოცხალია ? ... ბედუინი არ მოკალით ? - შიშისაგან ჩაიხრინწა ნაცნობი ხმა. 
    - ჩვენ ამაზე არ მოვრიგებულვართ. ჩვენ მხოლოდ ქალის მოძებნაზე მოგირიგდით. ალ კაბირს იარაღი წავართვით და მისი სასმელი წყალი  ჩვენ წამოვიღეთ. თუ უწყლოდ მოკვდება, ეგ არ იქნება ჩვენი ბრალი და პასუხსაც ვერავინ მოგვთხოვს. მეორეცაა,  ქრისტიანის დავალებით მუსლიმს აქ, უდაბნოში, - არავინ მოკლავს.  მაგრამ რომც მოგვეკლა, უკვე სხვა რამ  იქნებოდა საშიში. ბაჰარიას და ფარაფირაჰის ოაზისის ბედუინები ყველაფერს აუცილებელს, ალ-კაბირის, ხანდახან კი სულაც მისი ფულის მეშვეობით იმარაგებენ. პატივს სცემენ, რადგან სანაცვლოდ არაფერს ელის.  ვალს თუ დაუბრუნებენ - მადლობას იხდის, თუ არა და არც ითხოვს რამეს, მცირეოდე საგზლის და წყლის გარდა, რომ მერე უდაბნოში იხეტიალოს. ზამთარს და ზაფხულს ტიდიკელტიში ატარებს, შემოდგომასა და გაზაფხულს უდაბნოში.  ბევრი არც იცნობს, მაგრამ მისი სახელი ყველას სმენია. შენ გესმის რას ნიშნავს ხუთი ათასი შეიარაღებული ბედუინი?!  თუ ჩვენს სიკვდილს არა, მთელი ჩვენი ბიზნესის ჩაშლას ხომ ნამდვილად ნიშნავს. ყველა საქარავნე გზა დაიკეტება, მარტო ფარაფირაჰი და ბაჰარია კი არა ყველა ოაზისი და მთელი ტიდიკელტი ფეხზე დადგება. ამას სინაის ნახევარკუნძულზე მოსახლე ბედუინებიც შეუერთდებიან. მონებს ბირ-ტავილში*  უდაბნოს გავლით ვეღარ გადავიყვანთ, აღარც წითელ ზღვაზე გადაგვიშვებენ სინაის ბედუინები. თვითმფრინავებს სახელმწიფო ჩვენ არ მოგვაქირავებს, ამდენ ვერტმფრენს კი სად ვიშოვით, რომც ვიშოვოთ და სიძვირეს არ შევუშინდეთ, ჩვენი ბიზნესი გახმაურდება, ეს უფროსობას ჭკუაში არ დაუჯდება. ასეა თუ ისე, ცუდი დღე მოგველის და ყველაფერი ეს რატომ ღირს იმ ერთი ქალად - იქნებ აგვიხსნა? ან რა დარწმუნებული ხარ იმაში რომ ის მუნჯი მართლა ის ქალია რომელსაც შენ ეძებ.

    - ის არის, დარწმუნებული ვარ. ნამდვილად ნილნაა. უნდა მოგეკლათ ბედუინი და ქვიშაში ჩაგეფლათ, რომ გადარჩეს და გაგვთქვას?
    - თუ თავი გაინთავისუფლა, ფეხით დიდხანს ვერ მოაღწევს ოაზისამდე.  თან წყალიც აღარ აქვს. შენ კი, არც იმდენს გვიხდი, რომ ათასობით ბედუინის გადაკიდებად ღირდეს შენი ფული. თუ გადარჩა, ნამდვილად არ გაგვთქვამს, უბრალოდ სამაგიეროს გადაგვიხდის.
    - რატომ უნდა მიიტანონ ეჭვი ჩვენზე? უდაბნოში ცოტა ხალხი კვდება? ან რატომ ხარ დარწმუნებული რომ არ გაგვთქვამს?
    - ყველამ იცის, ალ კაბირი მონებით ვაჭრობაში არ ერევა,  მაგრამ ამას წინათ  ხუთი, სულ დარჩეული რუსი გოგო მოტაცა ემირ ასადის ათკაციან ჯგუფს, სუდანში გადაიყვანა და იქ უკვალოდ გააქრო. ერთი ცენტიც ვერ იხეირა იმ საქმიდან ემირ ასადმა. შუამავლები მიუგზავნა ალ კაბირს და შეუთვალა, არ მაცოცხლებენ  ფული რომ არ მივიტანო, ან ქალები დამიბრუნე ან შეგაკვდებიო. ბედიუნმა იმავე შუამავლების ხელით ფული გამოუგზავნა და დააბარა, შენი სიკვდილი არაფერში მჭირდება, ბედუინების სახელით რომ ეწევი ამ ბინძურ საქმეს, იმიტომ წაგართვი  ქალები, ან შენი სახელით აკეთე შენი საკეთებელი ან არადა  სულ შეეშვიო.
    - მერე  რა მოხდა ?
    - ის, რაც უნდა მომხდარიყო. მისატანი მიიტანა ასადმა, მაგრამ საქმეს შეეშვა. ალ კაბირმაც ნამუსი შეუნახა და ეს ამბავიც არსად გაუმხელია. მოგვიანებით გავიგეთ ის ქალები კეიპტაუნამდე ჩასულან და იქედან გაჰყოლიან გემს.

    - საიდან აქვს მაგ კაცს  ფული, რას საქმეს ეწევა  ან გამომშრალ უდაბნოში რა დარჩენია?
    - გაერთიანებულ საემიროებში ბრწყინვალე განათლება აქვს მიღებული. ის კარგი გეოლოგია. საჰარა ჩვენთვის მხოლოდ ქვა და ქვიშაა, მისთვის კი ჰამადის კლდეები ტოპაზი, საფირონი, ოქრო,  ლალი და ფირუზია. წელიწადში ორჯერ, კაიროში ჩააქვს ნაპოვნი ოქრო და ქვები, იქ კარგ ფასს უხდიან. ფული ყველაფრისთვის ყოფნის, ოაზისებში ბედუინებს ეხმარება. ექიმები ჩამოჰყავს, წამლები ჩამოაქვს, მარილი, მარცვლეული, წიგნები ბავშვებისათვის... ხან ვერტმფრენს ატანს, ხანაც აქლემების ქარავანს. მაგრამ მისი ყველაზე დიდი ღირსება ისაა, - არავისი გასაჭირი არ ავიწყდება და არც მარტოობის ეშინია. ასეთი კაცის მოკვლა ადვილად არავის შერჩება და არც მკვლელის ვინაობა დარჩება გაუგებარი.

        ქალი კი, თუ მართლა ისაა ვისაც ვეძებთ,  ახლა თუ არ ჩავიგდეთ ხელში სანამ მარტოა, მერე ბედუინი ჯინაზე აღარ დაგვითმობს. იმ გოგოს ერთადერთი კოზირი ალ კაბირის არაბული ცხენია. თუ ის ოაზისში ბედუინის ცხენით მივა, ყველაფერს დაუჯერებენ და ქალს აღარავინ გამოგვიჩენს. ალ კაბირის საძებნელადაც დაუყოვნებლივ წამოვა უდაბნოში ბედუინების ჯგუფი.
დიდი, დიდი შეცდომა დაუშვა  მუსტაფამ, ასე არ უნდა მოქცეულიყო იმ ღამეს, კაბა არ უნდა შემოეხია ქალისთვის, ვერც კი მოვასწარი ხელის შეშლა ეს ისე სწრაფად მოხდა. ალ კაბირი ძალიან გაბრაზდა, თუმცა თავი შეიკავა და ნირი არ უცვლია. ასე რომ ვითარება გართულდა და შენი დაპირებული ფული აღარ გვაკმაყოფილებს. თანხა უნდა გაასამმაგო და  არაფერი არ უნდა დაგვიმალო.

    - მე რას მაბრალებ რაშიდ, ხომ გვეუბნებოდა ბედუინი სამასი დოლარი მომეცი და ქალი წაიყვანეო, რად არ დათანხდი? ახლა ამ საქმეს მორჩენილები ვიქნებოდით.
    - მუსტაფა, შენ ბედუინი სულელი გგონია?  რომც დავთანხმებოდით და ფულიც მიგვეცა, მაინც გააქცევდა იმ ქალს.  ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მაგრამ შენ თუ შარიათის  დარღვევაში დაგდო ბრალი ალ კაბირმა,  თავი სადღა უნდა გამოყო?

    - უნდა მოგეკლათ. ახლა ყველაფერი მარტივად იქნებოდა. - გაიმეორა ნაცნობმა ხმამ.
    - მილოშ, რატომ გინდა ასე მისი სიკვდილი ჩვენი ხელით? ბევრ რამეს მალავ!  შენც იქვე არ იყავი ახლო, როცა ქალი ცხენით გაიქცა, რატომ არ ესროლე გოგოს, ხომ დაინახე ცხვირწინ რომ ჩაგიარა. არც მერე მოგვეკარე რომ ბედუინს არ დაენახე. დრო დადგა, -  ყველაფერი გაამხილო და ისიც უნდა თქვა ჩვენთვის მოსაცემი ფული სად გაქვს და როდის მოგვცემ. შენ საფრთხეს გვიქმნი და უნდა ვიცოდეთ რამდენად დიდია ეს საფრთხე. - დაასრულა ჟღრიალა ხმამ.
  - კი არ ჩამიარა, ჩამიფრინა. თანაც ისე მოულოდნელად გამოსხლტა რომ დავიბენი,  არ ველოდი. რომც მესროლა  ალბათ ასცდებოდა,  ამიტომ დავედევნე, მაგრამ არაბულ ცხენს, თანაც ჯადარს, ვინ დაეწევა? კარგა ხანს ვდიე, მალე ჩამომიტოვა უკან, მერე ამინდიც აირია ჩვენს ჯინაზე. - უპასუხა ნირწამხდარმა ხმამ.
  - სიტყვას ბანზე ნუ აგდებ მილოშ. დროა ალაპარაკდე. - უპასუხა ჟღრიალა ხმამ.

          პასუხმა დააყოვნა.  სიჩუმე ჩამოვარდა.
        მივხვდი რომ ვითარება გვარიანად დაიძაბა.
ცხენს მივეკარი დასამშვიდებლად და ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო. 
დავაფასე აქლემის ტყავის ამოსაცმელები, ბედუინმა რომ ფეხებზე ამოაცვა ჯადარს. ჩვენ კვალს არ ვტოვებდით. ანტილოპების კვალსაც გვერდი თავისით უქცია ცხენმა ისე, რომ მე არც კი გამხსენებია.
        სიჩუმე  ტბასავით დაგუბდა და შეიკრა. ხმას არავინ იღებდა.

    - ბედუინთან ძველი მტრობა მაქვს, - როგორც იქნა დაიწყო მილოშმა, - სანამ ელ გიზაში მუშაობას დავიწყებდი, რამოდენიმეჯერ უდაბნოში გავყევი წითელი ჯვრის მისიას  პროფილაქტიკურ მკურნალობისა და  გამოკვლევების ჩასატარებლად ოაზისების მოსახლეობაში. ერთ ასეთ მისიაზე ტიდიკელტიში ჩავედით. საშინელი ქალაქია, გულს ვერაფერს გადააყოლებ. არც გასართობია რამე და არც სასეირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივისცემით მექცეოდა, მე როგორც ევროპელს და კათოლიკეს მაინც ყველა თავს მარიდებდა და ურთიერთობაც არავისთან მქონდა. კინაღამ გავლოთდი იმდენი სპირტი დავლიე მაშინ. წყალსაც ძლივს ვშოულობდი რომ სპირტი გამეზავებინა. წყლის მოყიდვაც არ უნდოდათ ჩემთვის იქაურებს, მხოლოდ მუსლიმანებზე  და ბედუინებზე ყიდდნენ წყალს. ზამთარი იყო, თითქოს ისე არ ცხელოდა როგორც ახლა, მაგრამ მაინც ცეცხლი ეკიდა ყველაფერს. ერთ დღესაც მისიაში ვიყავი მორიგედ, როცა ჩემთან ჩადრში გახვეული მაღალი ქალი მოვიდა, მას შედარებით ახალგაზრდა ქალი მოჰყვა უკან, ისიც თავფეხიანად ჩადრში გახვეული. დედა-შვილი უნდა ყოფილიყვნენ. მსახური ახლდათ, ტუარეგი მამაკაცი, რომელსაც იქაურ პირობაზე ძალიან სუფთად ეცვა და ღირსეული გამომეტყველებაც ქონდა. იქ ქალები, მამაკაცის გარეშე ქუჩაში მარტო არ დადიან, ეს თქვენც მოგეხსენებათ. მსახური წინ წამოდგა და მითხრა: 
    - ექიმო, ეს ახალგაზრდა ქალი შეუძლოდაა, იქნებ რაიმე გვირჩიოთ. ოჯახის მამაკაცები აქ არ არიან და ნებართვა ჩემმა დიასახლისმა მათგან ვერ მიიღო, მაგრამ მათი დაცდა აღარ უნდა, რადგან ისინი შეიძლება ორ კვირაშიც არ დაბრუნდენ შინ.
    - რა აწუხებს ?
    - საღამოობით სახსრები უსივდება და ტეხავს, ღამ-ღამობით მაღალი სიცხე აქვს, ჩემმა დიასახლისმა თქვა რომ კანის ფერიც შეეცვალა. საჭმელს ვეღარ ჭამს და ყოველდღე უფრო და უფრო ცუდადაა. მაგრამ თქვენ ის ხელშეუხებლად უნდა გასინჯოთ და სამოსიც არ უნდა გახადოთ.
  - მესმის, - ვუპასუხე მე და ქალებს ვანიშნე დამსხდარიყვნენ. 
  - არ შევეხები, -  ვუთხარი მსახურს, - მაგრამ ხელები უნდა მაჩვენოს. უფროსმა ქალმა ახალგაზრდას თავი დაუქნია და გოგონამაც ჩადრიდან ხელები მტევნებამდე გამოაჩინა. არასოდეს მინახავს ასეთი ნატიფი ხელები. კანი ბუნებრივად თეთრი ქონდა, მაგრამ ახლა  სპილოს ძველი ძვალივით ოდნავ ქონდა ოდნავ გაყვითლებული.
    - თვალებიც უნდა ვნახო. - ვუთხარი ტუარეგს. ქალი  შეცბა. არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, ცოტა ხანს იფიქრა და ბოლოს თავისი ხელით აუწია პირბადე ქალიშვილს, ოღონდ ჩადრი ისე შეუსწორა რომ მხოლოდ თვალები უჩანდა.
ახლაც დაფიცებით ვიტყვი რომ არც მანამდე და არც შემდეგ, ასეთი სილამაზის თვალები არ მინახავს. ეს იყო მწვანე,  დიდი, წყლიანი და ცოცხალი თვალები. მეგონა თვით გაზაფხული მიცქერდა, აყვავებული ხეებით, ველებით, ყვავილებით, გაზაფხულის სურნელიც კი ვიგრძენი.  მათ დანახვაზე მივხვდი  ამ ხნის მანძილზე სიმწვანე ჩემთვის თურმე როგორი სანატრელი გამხდარიყო.  თავბრუ დამესხა, ძლივს შევძელი დამეთვალიერებინა თვალის სკლერა. 

დიაგნოზი ნათელი იყო. გოგონა სიყვითლით იყო ავად.  წამლები გამოვუწერე, შესაბამისი საკვების სია  მივეცი მსახურს და  ვუთხარი, მხოლოდ ხილის წვენები ან რაიმე კომპოტისმაგვარი უნდა დაელია ავადმყოფს და აუცილებლად შაქრიანი.  არანაკლებ ორმოცი დღე უნდა წოლილიყო და მისთვის წყლის დალევა  არ  შეიძლებოდა.  წყლის აკრძალვაზე, ნაკადულივით წკრიალა ხმა გავიგონე, გოგონა იცინოდა. დედამისი სწრაფად მიუბრუნდა. სიცილი შეწყდა.

დედამ ჩადრიანი თავი მოწიწებით დახარა მადლობის ნიშნად და კარვიდან ჩუმად გავიდა. სტუმრები გაქრნენ. თვენახევრის შემდეგ ისევ ვნახე ქალები მსახურთან ერთად, სადღაც ფეხით მიდიოდნენ.დედამ მსახურს ანიშნა და მანაც მომახსენა, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელდაო. გოგონას შევხედე, მან მადლობის ნიშნად თავი დახარა და დედამისის ზურგსუკან დაიმალა... 

    იქედან ჩემს  წამოსვლამდე ორი კვირით ადრე,  ჩემს კარავში ტუარეგი მსახური მოვიდა და მათთან ოჯახში მიმიპატიჟა. გავყევი. მსახურმა მშვენიერ,თაღებიან სახლში შემიყვანა. რომლის ტერასაზე პალმები და მრავალგვარი მცენარე მწვანედ ღაღანებდა, სიცხის მიუხედავად სახლში ძალიან გრილოდა. მსახურმა ხალიჩებით მოგებულ სასტუმრო დარბაზში შემიყვანა. მალე შესანიშნავი აღნაგობის ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, თავდახრით მომესალმა, თავსაბურავი მოიხადა და ხალიჩაზე გაშლილ ბალიშებზე დასაჯდომად მიმპატიჟა.
      ეს ალ კაბირი იყო. 
მან ჩილიმი ჩამოდგა, გააღვივა და თაღებქვეშ ფორთოხლის არომატი დატრიალდა. მსახურმა ნაირნაირი კერძები ვერცხლის სინებით მოგვართვა. მსუბუქად ვივახშმეთ, თბილად ვისაუბრეთ, კარკადეს ჩაი დავლიეთ და მასპინძელმა ტერასაზე მიმიპატიჟა.  გაკვირვებული ვუცქერდი მწვანე მცენარეებს. ტერასაზე მთელი ბაღი იყო გაშენებული, რომელიც გინდ დაიჯერეთ და გინდ არამ მაგრამ პირდაპირ ჰაერში ეკიდა. 

    - ეს ჰიდროპონიკაა, - მითხრა მასპინძელმა, -  მცენარეთა ფესვები მხლოდ წყლით იკვებებიან, წყალი წრეზე ტრიალებს, აქედან ავზში ჩაედინება, სადაც სუფთავდება და შემდეგ ისევ მცენარეებს უბრუნდება. სულ ხუთასი ლიტრი წყალი ბრუნავს საცავში, სამაგიეროდ ნახე რა სიმწვანეა, ვერც კი იგრძნობ რომ საჰარაში ხარ. -  გაიღიმა ალ-კაბირმა. იმ წუთას ის საოცრად ჰგავდა თავის დას. 
    - სემირამიდას დაკიდული ბაღები მოგიწყვია.
    - კი ზუსტად ასეა. პრინციპი იგივეა, თანაც ეს გაცილებით ადვილია ვიდრე მიწიან ქოთანში მცენარის მოვლა. 
    - ჰო, შენი დაც არაფრით ჩამოუვარდება სემირამიდას, - ვუთხარი მე. ალ კაბირს ჩრდილმა გაუარა სახეზე, მაგრამ მშვიდად მითხრა:
    - მე მადლობის მოსახდელად მოგიპატიჟე. მე და მამაჩემი წასული ვიყავით ქალაქიდან და ვერ მივხედეთ ოჯახს. დედაჩემმა ყველაფერი მიამბო. მადლობას გიხდი ავადმყოფის მორჩენისთვის და მინდა ჩემი ხელით დამზადებული მცირედი საჩუქარი გიძღვნა. - მან  ყვითელი რგოლი გამომიწოდა.
    - ეს ოქროს ბეჭედია, ბრილიანტის ორი თვლით. ასეთებს  ევროპელები ქორწინების ნიშნად ატარებთ,  მაგრამ ამას მცირე საიდუმლო აქვს. თუ ბეჭდზე ბრილიანტებს  თითით დააწვები,  ის ორ,  ზუსტად ერთნაირ ბეჭდად იყოფა და მეორე ნახევარი შეგიძლია შენს რჩეულს გაუკეთო ხელზე
    - საოცარია. ეს ძვირფასი საჩუქარია ალ კაბირ, უხერხულად ვარ, მაგრამ ისეთი გენიალური მოფიქრებაა რომ უარს ვერაფრით ვიტყვი. - აღმომხდა გაკვირვებულს.
       
ასე დავცილდით ერთმანეთს, მეგონა რომ მეგობარი შევიძინე, მაგრამ შაითანს როდი ძინავს.  გულში ჩამივარდა ალ კაბირის და. მსახური მოვისყიდე და რამოდენიმეჯერ ფარულად შევხვდი, მაგრამ მსახური გვერდიდან არ მოშორებია. ჩემსა და ქალს შორის თქვენი ადათი და ჩადრი, მისი მსახურივით ფეხმოუცვლელად იდგა.  გადავწყვიტე ბედუინისთვის მისი ხელი მეთხოვა მაგრამ ვიცოდი არ დამთანხმდებოდა. არც საკადრისი ყალიმის ფული მქონდა, არც მაჰმადიანი ვიყავი და არც ტიდიკელტიში შემეძლო ცხოვრება. ამიტომ მარტივი გზა ავირჩიე, ქალის მოტაცება გადავწყვიტე და მათ სახლს დილაადრიან მანქანით მივადექი. გოგონას სახლიდან გატყუება მინდოდა და სწორედ მაშინ,  როცა მსახურს ძლივს შევუთანხმდი ქალის გარეთ გამოყვანაზე, ვიღაცის ძლიერი ხელი კისერში მწვდა და მიწაზე დამაკრა. ოთხი ბედუინი მადგა თავს, მეხუთეს კისრით ვეჭირე. ალ კაბირი მეხივით იდგა, თავზე დამცქეროდა. თვალს ვერ ვუსწორებდი მის ფეხსაცმელსაც კი. ქორწინების ნებართვა ვთხოვე. პასუხიც არ მაღირსა. თანმხლებებს რაღაც ანიშნა, მიტრიალდა და წავიდა. ბედუინებმა ცალ ფეხზე თოკი ჩამაბეს და ქალაქის მთავარ ქუჩაზე მთელი დღე ზემოთ-ქვემოთ მათრიეს. როცა სისხლიან მასად ვიქეცი, როგორც იქნა გაჩერდნენ და ერთმა მათგანმა მკითხა, ასე რატომ მოვექეცი ალ კაბირის ოჯახს, მე იგივე  ვუთხარი რაც თქვენ. მან კი მიპასუხა:
    - ალ კაბირმა შემოგითვალა, რომ ყველაზე მთავარი ადათი კაცობაა და წუხს რომ შენში შეცდა, მიუხედავად იმისა რომ მუსლიმ ქალწულს სხვა რჯულისაზე არ ათხოვებენ, რომ გაგემხილა მისთვის, იმამებს გამოსთხოვდა ნებართვას და შენ ჩვენი რჯულის მიღება მოგიწევდა ამ ქორწინებისთვის. მაგრამ შენ საყვარელი ქალისთვისაც კი, სირთულეების დაძლევა არ გსურს,  ამიტომ  გიბრძანებს, მიუხედავად შენი გრძნობებისა, თავი შეიკავო მისი ოჯახისგან და შენს ქვეყანაში დაბრუნდე,  რადგან იგი ვალდებულია უმცროსი და ღირსეულად გაათხოვოს. თუ  საჰარას ქვეყნებში  მას კიდევ შეეჩეხები, მაშინ ყველაფერს თქვენს შორის შემთხვევა, იღბალი და ბედისწერა გადაწყვეტს.   

ამის შემდეგ მან კისერზე დადებული დანა ამაცალა, ყველამ სათითაოდ ამომცხო წიხლი და დამაფურთხა. ბედუინები ისევე მოულდნელად გაქრნენ როგორც გამოჩნდნენ. კარგა ხანს ვეგდე ქვიშაზე, როგორც იქნა საღამოსპირზე ფორთხვა შევძელი და ჩემს კარვამდე მივაღწიე. მისიის ექიმები დამეხვივნენ, ათასგვარ კითხვას მისვამდნენ, მე ვპასუხობდი რომ ცხენით სეირნობისას გადმოვვარდი, ფეხი უზანგში გამეხლართა და ცხენმა მათრია.

იმ დღის მერე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა.  პოლონეთში არ  დავბრუნებულვარ, მაგრამ ალჟირიდან წამოვედი,  წითელ ჯვარში მუშაობას თავი დავანებე და კაიროში ქირურგად დავიწყე მუშაობა. ოცდახუთმილიონიან ქალაქში ადვილად ჩავიკარგე. წლები გავიდა. გარკვეულ წრეებში ნდობა მოვიპოვე, რადგან სრულიად საიდუმლოდ, მათი ხალხისათვის მძიმე ოპერაციების გასაკეთებლად. ოპერაციებს ვაკეთებდი და საიდუმლოსაც ვინახავდი. მალე დარწმუნდნენ ჩემს სანდოობაში, საქმეებსაც მავალებდნენ და უნაკლოდ ვასრულებდი, მერე მეც ჩავერთე საქმეში და წელიწადში ორჯერ თხუთმეტ-ოც ჯანმრთელ და ღონიერ ადამიანს სარფიანად ვყიდი.  „ფულს სუნი არ აქვს“ და მინდა იმდენი მქონდეს, რომ ჩემზე ჭორაობაც  აღარ უღირდეს ვინმეს.  დიდი ფული ღირსების აღსადგენად მჭირდება. ახლა ჩემი საკუთარი საავადმყოფო მაქვს და კარგი შემოსავალიც, მაგრამ ის, - რაც ტიდიკელტიში გადამხდა, -  წამითაც არ დამვიწყებია.
       
რაც შეეხება ქალს, რომელსაც დავეძებთ, სტუმრად ჩამოვიდა,  ჩემთვის მოულოდნელად, ჯგუფთან ერთად დილით გამოცხადდა საფარი-ტურზე და ფულიც იქვე გადამიხადა. მე წინასწარ მყავდა შერჩეული, ღონიერი, ჟინიანი, საფრთხის და მონური შრომის ამტანი და გამძლები ბაიკერები, ხალხიც  დათქმულ ადგილზე უდაბნოში მანქანებით მელოდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ორი ადამიანი მიშლიდა ხელს, მოამადი და ეს ქალი.

სანამ ჯგუფს კაიროდან გამოვიყვანდი, ინფორმაციის მოგროვება ვცადე, ქალზე სწრაფად გავიგე რომ უცხოელი დიპლომატის,  და იყო, მაგრამ აი მოამადზე კი ვერაფერი დავადგინე. ვეჭვობდი, რომ მოამადი პოლიციის ჩანერგილი უნდა ყოფილიყო, ხოლო ქალი - უბრალო ცნობისმოყვარე. გადავწყვიტე თავიდან უჩუმრად მომეცილებინა ორივე. იმავე ღამეს, როგორც კი ცხენის ამბავი მომიყვა ნილნამ, მივხვდი რომ ბედუინმა ჩემზე ყველაფერი იცოდა, ის, რომ ეგვიპტე არ დამიტოვებია, ისიც, რასაც ვსაქმიანობდი ღიად თუ ფარულად... ცხადია, ჩემი დასჯა გადაწყვიტა და პოლიციას მეკავშირეობა აღუთქვა. ნილნას ნათქვამმა  მოამადი ბედუინის ცხენით წავიდაო,- საბოლოდ დამარწმუნა მის ჯაშუშობაში. 
     
      როგორც კი ყველამ მიიძინა, შემოვლა დავიწყე და ორიოდე ბარხანის მიღმა ჩასაფრებულ ბედუინს სრულიად შემთხვევით წავადექი თავს. ბრძოლა ხანმოკლე და მძაფრი იყო. მე, ქვიშას მიუჩვეველს ფეხზე დგომაც მიჭირდა, ფეხი მიცურდებოდა. მან სწრაფად და ჩუმად მომიხელთა, იარაღი წამართვა და გადააგდო,  პისტოლეტი დიუნას კალთაზე დაცურდა, ბედუინმა მკლავი კისერზე შემომიჭირა, მხრით სახეზე დამაწვა და სუნთქვა შემიკრა, ისე შემოემხვია როგორც კობრა და ნელ-ნელა მგუდავდა.  მე გავიბრძოლე და ქვიშაზე დავგორდით. როგორღაც ჩემი პისტოლეტი ხელში მომყვა თავში ჩავარტყი, ის გაბრუვდა ხელები მოადუნა და  ქვიშაზე ჩაცურდა, წამით  ჩემსკენ ზურგით მოექცა. მე გავისროლე, მაყუჩმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, ჩქამიც არ გამიგია,  ისე შეიღება მისი მხარი სისხლით, მოცელილივით ჩაგორდა  ქვიშის მთის კალთაზე. მინდოდა დარწმუნებულიყავი რომ მართლა მოვკალი,  მაგრამ თენდებოდა, ბანაკში უნდა დავბრუნებულიყავი და  ქვიშის იმხელა ბარხანის  ჩავლა და უკან ამობრუნება,  ძალიან დამაგვიანებდა.   
           
    დილით ნილლნამ ქვიშაზე ჩემი ფეხის ნაკვალევი შენიშნა და დაეჭვდა რომ რაღაც ხდებოდა. გამიჭირდა, მაგრამ ეჭვები გავუფანტე და როგორც იქნა დელტაპლანით ფრენაზე დავითანხმე, მეგონა კისერს თავადვე მოიტეხდა და მის გვამს  "დიდი გლოვით" ჩავიტანდი კაიროში, მაგრამ უარესი მოხდა, მან მონების წასაყვანად ჩასაფრებული არაბების ჯგუფი და სატვირთო მანქანები ციდან დაინახა  და მანიშნა კიდევაც საფრთხე გველისო. რაღა დამრჩენოდა,  ვესროლე რომ იქნებ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ავაცილე და მისი დელტაპლანი ჰამადისკენ წაიღო ქარმა.  მაშინვე ბანაკში დავბრუნდი, ბაიკერები აჩოჩქოლებული დამხვდნენ, გამოვაცხადე რომ ტურსტის დაკარგვის გამო სასწრაფოდ კაიროში უნდა დაბურნებულიყვნენ და საფარი-ტური შეწყვეტილი იყო. მათ მაშინვე დამიჯერეს და მანქანებში თავისითაც კი ჩასხდნენ,  ეგონათ მართლა კაიროში ვაბრუნებდი.  მე ადგილზე დარჩენა ნილნას მოძებნის მიზეზით გავამართლე და დავემშვიდობე. ისინი მონებად წაასხეს, მაგრამ ჩემზე მაინც ვერ მიიტანენ პირდაპირ ეჭვს. ან ვიღა იყო ამბის მთქმელი.

როგორც კი მანქანები გავისტუმრე, სასწრაფოდ მოვიარე ჯიპით ის ადგილები, სადაც ბედუინი დავტოვე, მაგრამ გვამი ვერსად ვიპოვე, ეტყობა ცხენმა პატრონს მიაკითხა და იმ ადგილს მოაცილა. დანარჩენი თქვენც იცით.  მოამადს ხომ თქვენვე გაუსწორდით,  კიდევ კარგი რომ მიხვდით და ტყვიით არ მოკალით. მადლობა ღმერთს, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, კისრის მალები აქვს დამსხვრეული. პატარა წერილი გავატანე ერთ არაბს  ჩემი სახელით, სადაც დავწერე, რომ მოამადი გაქანებული მოტოციკლით ამობრუნდა და კისერი მოიტეხა, რომ მის ოჯახს არ ვიცნობ და  ჩემს ჩასვლამდე გვამის შესახებ არავის უთხრათ და  მორგიდან არავის გაატანოთ სანამ არ დავადგენ ვინაა ჭირისუფალი-თქო, ასე რომ პოლიცია მის გვამს ჯერჯერობით ვერ მიაგნებს.  ის ახლა ჩემი სავადმყოფოს მორგშია და სანამ მე არ ჩავალ, ხელს არავინ ახლებს. ეჭვიც რომ გაუჩნდეს პოლიციას, მტკიცებულება მაინც არაფერი აქვთ და ვერაფერს იზამენ.
     
რაკი  საქმეში გვამი გაერია,  თქვენმა უფროსმა დაპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მომცა. ვერტმფრენის გამოშვებასაც დამპირდა დასავლეთისკენ ქალის მოსაძებნად და იმ ვერტმფრენის ქირის და პილოტების ფულიც მე დამაკლო. რაც დამრჩა, ამ აქლემებში, საგზალში და საჭირო ნივთებში დაიხარჯა. თითო აქლემში ოთხი ათასი ამერიკული დოლარი მივეცი იმ მექარავნეს,  მარილი რომ მიჰქონდა აქლემებით. ძალიან გამიმართლა, ბაჰარიადან წამოსული ქარავანი რომ შემეჩეხა გზაში, არც იმ ჯიპს დავეძებ იქ რომ დავტოვე. თქვენი მადლობელიც ვარ რომ დახმარებაზე დამთანხმდით და ხალხს არ გაჰყევით... თუ ეს საქმე მშვიდობიანად მომთავრდება, დანაკლისსაც მომცემენ.  ახლავე კი მხოლოდ ის ხუთი ათასი შემიძლია მოგცეთ, რაც დამრჩა, აჰა, აიღეთ და  გაინაწილეთ... თანახმა ვარ გასამმაგებაზეც, მეტი რა მეთქმის.  თქვენს იქით არც გზა მაქვს და არც გამოსავალი, დანარჩენ ფულს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როცა კაიროში დავბრუნდები.
     
      კარგა ხანს მეგონა ბედუინი თავიდან მოვიცილე და  ერთადერთი, ეს ქალიღა მიშლიდა ხელს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ  ბედუინი და ნილნა, ამ მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმულ უდაბნოში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ და ეს ცხენი ასეთი ჭკვიანი გამოდგებოდა.    ღმერთის არსებობა დავიჯერო თუ ბედისწერას მივაწერო ეს ყველაფერი, -  უკვე აღარ ვიცი...
არც კი დავფიქრებულვარ რომ ცხოველს ამდენი პრობლემის შექმნა შეეძლო.
ახლა სამი მტერი მყავს, ალ კაბირი, ცხენი და ნილნა.  აი რატომ უნდა მოგეკლათ ბედუინი, ქალი როგორ გამოგექცათ, მით უმეტეს გათოკილი ყოფილა. თუ ნილნამ ფარაფრამდე ჩააღწია, ისეთი  საერთაშორისო სკანდალი ატყდება, რომ ხუთიათასი შეიარაღებული ბედუინი ზღაპრად იქნება მონაგონი. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კაცი მოკალით და თანაც ალბათ პოლიციელიც, მე კი, ჯერ არავინ მომიკლავს, მაგრამ ეს საქმე თუ მშვიდობიანად არ დასრულდა,  ცოცხალს არ დამტოვებენ და თქვენც მხოლოდ ამ ათას-ათასი დოლარის ამარა დარჩებით...
          ... ახლა ყველაფერი იცით. " 

        საუბარი შეწყდა. უდაბნოში სიჩუმე ჩამოვარდა.
        დაზაფრული ვუსმენდი გაავებულ სიჩუმეს. რამზადა ექიმის ხმა ჯერ კიდევ  ჩამესმოდა. არაბები დუმდნენ.
        პატრონის სახელის ხსენებაზე, ცხენმა რამოდენიმეჯერ ყურები დაცქვიტა, მაგრამ ქანდაკებასავით უძრავად იდგა და  ისიც, ჩემსავით სიჩუმეს აყურადებდა.
        მთვარე ალბათ ახლა ცეცხლზე უკეთ ანათებდა გარემოს, მაგრამ ჩემს გამოქვაბულამდე, რომელსაც ხუთიოდე მეტრის სიგრძის ნაპრალი ფარავდა, მისი სინათლე ვერ აღწევდა. მიუხედავად იმისა რომ აქ ნამდვილად ვერავინ მიპოვიდა თუ მე თავად არ გავთქვამდი თავს, - შიშმა შემზარა.
      „ის ვერტმფრენიც ამათი ყოფილა.“ - ესღა გავიფიქრე და უღონოდ დავეშვი მუხლებზე.
      მოსმენილით გაოგნებულს, ფიქრის თავიც არ მქონდა. კლდეს ზურგით მივეყრდენი და ჩუმად ავტირდი. მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ ბედუინი ცოცხალი იყო და ჩემს გამო არ მოკლეს.
      სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია, მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა.
                                               
                                                                    ( იხილე როგორ გაგრძელდა)     


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  * ბირ–ტავილი, 2060 კვ.კმ ფართობის ტერიტორია, მდებარე ეგვიპტესა და სუდანს შორის, ფაქტიურად არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფოს. ეს უცნაური გარემოება წარმოიშვა ამ ორი სახელმწიფოს საზღვრების რამოდენიმეჯერ გადატანა–გადმოტანის შედეგად. არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს პრეტენზიას ამ ტერიტორიაზე, შედეგად ბირ–ტავილს იხსენიებენ როგორც «terra nullius».
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები