ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2012


ბედუინი (ნაწილი XII აფთარი )

              ცეცხლის ტკაცუნი მინელდა.

მხოლოდ აქლემების რიტმული ღეჭვა ისმოდა.  დარწმუნებული ვიყავი რომ არავის ეძინა.

"მაინც დამეწივნენ, ნეტავ რა გზით იარეს, ეტყობა რომელიმემ მოკლე გადასასვლელები იცის. როგორც ჩანს, ჩემთვის უსაფრთხო და გრძელი გზა დახატა რუკაზე ბედუინმა. რა მოვიფიქრო რომ კვალში არ ჩამიდგნენ ან ოაზისში არ მიმასწრონ.... მალე ქვიშის უდაბნო დაიწყება, ცხენს გაუჭირდება გახურებულ ქვიშაზე სიარული და მაინც დამეწევიან ან უკეთეს შემთხვევაში გადამასწრებენ,  ისინი ხომ აქლემებით არიან."

          სიბნელე აზროვნებას მიხშობდა.  ბნელში ფიქრი მიჭირდა. ცხენის სითბო მხოლოდ ოდნავ მამშვიდებდა. ჩემი სანთებელა ავანთე და საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო.  მთელი გამოქვაბული კედელ-კედელ ხელისფათურით ჩამოვიარე, იმედით იქნებ რაიმე სანთლის მსგავსი მეპოვა.
        გამოქვაბულის შესასვლელთან, ლიბოს  პატარა შვერილზე, ძალიან ნაცნობი მოხაზულობის  ჩრდილი სანთებელას ოდნავ მბჟუტავმა სინათლემ გამოქვაბულის კედელზე მიახატა.  ეს არაბული ჭრაქი გამოდგა.  ძალიან  მსუბუქი პიტნის არომატი ასდიოდა.
        "ალ ადინის ლამპარი, გამოქვაბული, საჰარა, განძიღა მაკლია და ორმოცი ყაჩაღი!.. თუმცა ხუთი  ხომ მომდევს." - ირონია მომერია. - რა იქნება, სასწაული მოხდეს, ამ ლამპარს  ხელი გადავუსვა, იისფერი ბოლი ამოვიდეს,  ჯინის სახე მიიღოს  და მითხრას, ახლა შენ ხარ ჩემი ბატონი, ინატრე და აგისრულებო." -  ის იყო ლამპარს ხელი გადავუსვი, რომ სულ ახლოს ხრინწიანი ხმა მომესმა:

          -სალაჰ,  რას ფიქრობ ექიმის ნათქვამზე?
          -კარგს არაფერს, არ  მჯერა მისი.  ეგ მონებით არ ვაჭრობს, ჩვენ კარგა ხანია ამ საქმეში ვართ და როდის გინახავს ან გაგიგონია რომ პოლონელი ექიმი მონებით ვაჭრობდა?
          -მართალი ხარ, არ გამიგონია!
          -ბედუინის შესახებ მონაყოლი შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ სხვა ყველაფერში რაც თქვა, მისხალიც არ არის სიმართლის.
          -რაიმე იცი მის შესახებ?
          -პირადად მე მას არასოდეს შევხვედრივარ,  მაგრამ სამი წლის უკან  ჩემი ბიძაშვილმა, მურადმა, რომელიც ბიძაჩემის უმცროსი ცოლისგან ჰყავდა, უცნაური ამბავი მიამბო. მისმა მონაყოლმა მაშინ ისე შემზარა რომ დღემდე მახსოვს. 
          -რა გიამბო ასეთი?
          -მურადი  ჩვენს გვარში ერთადერთი ნასწავლი კაცი იყო. ის კაიროს ცენტრალური საავადმყოფოს მორგში  მუშაობდა. მასთან ახლო მეგობრული  ურთიერთობა ქონდა ერთ ეგვიპტოლოგს. ისინი მაშინ დამეგობრდნენ,  როცა ეგვიპტოლოგი ბაჰარიას შავ უდაბნოში ახლად აღმოჩენილ ასობით  მუმიას იკვლევდა.  ხომ გახსოვს  ის ამბავი, ოქროთი მოსილი უამრავი სარკოფაგი რომ იპოვებს ბაჰარიაში. ჰოდა მაშინ, საავადმყოფოდან იმ ეგვიპტოლოგმა ორი გამოცდილი სანიტარი და ერთი პათანატომი, ჩემი ბიძაშვილი მურადი წაიყვანა. იქ საკმაოდ დიდ ხანს  დაჰყვეს ერთად და იქედან დაიწყო მათი ახლო ურთიერთობა.  ბაჰარიას სამარხების ექსპედიციიდან  დაბრუნების შემდეგ, ერთმანეთს კარგახანს აღარ შეხვედრიან, მაგრამ ერთ საღამოს ეს ეგვიპტოლოგი გახარებული მიადგა საავადმყოფოში მურადს და უცნაური პაპირუსი უჩვენა. თურმე იმ პაპირუსზე, იეროგლიფებით დახატული უძველესი ლოცვა იყო, რომელიც ორი მაატის დარბაზში იკითხება, ახალგარდაცვლილის  სულის განსჯის წინ.

          - ორი მაატის დარბაზი  რაღაა?
          - როგორც მაშინ მურადმა მითხრა ეს  „ორი ჭეშმარიტების დარბაზია“ სადაც  რიტუალური სიტყვები უნდა ითქვას,  რათა გარდაცვლილის სახელი ოსირისმა ახსენოს და აღარსოდეს მიეცეს დავიწყებას. ამ დარბაზში თურმე სვეტები, კედლები და იატაკიც კი ლაპარაკობს და იმ ლოცვებს ითხოვს სულისაგან რომელიც იმ პაპირუსში წერია. მურადმა მითხრა, რომ ბაჰარიაში აღმოჩემილ მუმიებს შიგნეული არ ქონდათ, მაგრამ გული ხელხულებლად ქონდათ დატოვებული. დანარჩენი შიგნეულობა ოთხ კანოპეში იყო განაწილებული და თითოეულს სახურავზე  საკუთარი მფარველი ღმერთი ჰქონდა  გამოსახული. ჰოდა სწორედ გული იწონება თურმე იმ "ორი ჭეშმარიტების დარბაზში" და თუ გული სიმართლითაა  ნაცხოვრები, ის მსუბუქია და ოსირისთან მიდის. იმ  სამოცდაათ დღეში როცა მიცვალებულის მუმიად ქცევა ხდება, ადამიანი ნელნელა თავისუფლდება თავისი ექვსი გარსისაგან და მხოლოდ სული, ანუ მეშვიდე გარსი გადადის  სამარდაჟამო სამყოფელში. იმ პაპირუსზე დაწერილი სიტყვები მაშინ უნდა იქნას წარმოთქმული, როცა გვამს განბანენ, აცმევენ და თვალებს  სურმით უღებავენ. ამის შემდეგ ისეთი მიწისაგან, რომელზეც ფეხი არასოდეს დაუდგია ღორს ან სხვა ცხოველს, - თიხის ამფორა იზილება, რომელზეც უნდა დაიხატოს სულის გადასახლება იმ პაპირსუში მოყვანილი სიტყვების მიხედვით.  პაპირუსის ბოლოს,  რიტუალური შელოცვების შემდეგ ყოფილა სიტყვები, რომელთა მეშვეობით სული "ორი ჭეშმარიტების დარბაზის"  კარში გადის და ოსირისს ხვდება, მისი ნებართვით კი იმ ქვეყანაში სხეულის ექვსივე გარსს და თავის შიგნეულობას იბრუნებს, ლაპარაკს  და ჭამას იწყებს და ცხოვრებას აგრძელებს. მისი თქმით, თუ იმ პაპირუსში მოყვანილი წესები დაცული იქნებოდა,  სული მიიღებდა  იმ სახეს რომელიც მას მოესურვებოდა  და დადგებოდა  ოსირისის გვერდით, როგორც მისი პირადი მცველი და რა თქმა უნდა ცოცხალი - უკუნითი უკუნისამდე...
       
          -ჰოი ალლაჰ, ეს რა მესმის!!! 
          - ბევრი რამ მიამბო ამაზე მურადმა მაშინ, მაგრამ ის უცნაური სიტყვები ვერ დავიხსომე და აზრის მიმდევრობაც არ მახსოვს ზუსტად... მოკლედ იმ ეგვიპტოლოგის თხოვნითა და  ჩარევით მურადი ერთ კერძო საავადმყოფოში გადასულა სამუშაოდ, რომელიც ნილოსის დასავლეთით ერთ ექიმს აუშენებია.ხომ იცი, ნილოსის დასავლეთით, უდაბნოში არავინ სახლდება, ეს მკვდართა ველია და ხალხი თავს არიდებს იქაურობას.  ეს ამბები იმ ექიმსაც ცოდნია იმავე ეგვიპტოლოგისგან,  ამიტომაც დაინტესდნენ ჩემი ბიძაშვილით და დიდი ანაზღაურება შესთავაზეს. ესეც დათანხმებულია. ჰოდა ის პაპირუსი ერთად ამოუკითხავთ და  ამის შემდეგ დაწყებულა რაც დაწყებულა.

          - რა დაწყებულა?
          - ამ ამბის შემდეგ მორგში უცნაური რამ ხდებოდა, მიცვალებულთა გვამები ლაპარაკს იწყებდნენ და რაღაც უცნაურ სიტყვებს  ჩურჩულებდნენ. ის ეგვიპტოლოგი და ექიმი კი ღამღამობით მათთან იჯდნენ, უსმენდნენ და რაღაცას მაგნიტოფირზე იწერდნენ.  მურადმა კარგა ხანს ითმინა, ბოლოს  კი ვეღარ გაუძლო  და მათი მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ საავადმყოფოს პატრონი დაპირებია რომ გარდაცვლილებზე ცდები შეწყდებოდა და  დიდი ფულიც უჩუქებია. 

ამ ამბიდან რამოდენიმე თვეს მშვიდად ჩაუვლია,  მურადიც დაწყნარებულა და  მიცვალებულებიც. 
            მაგრამ ერთ  შუაღამეს, ერთ მიცვალებულს, რომელიც ორი კვირა მორგის საყინულეში ინახებოდა, ხმამაღალი ყვირილი დაუწყია.  საავადმყოფოს დაცვა მორგში შევარდნილა და დაუნახავთ რომ ჭკუაზე გადასული მურადი  მკვდართან ერთად გაჰყვიროდა ორმოცდაორი ეგვიპტური ღმერთის სახელს, თუმცა ალაჰის ბრწყინვალებამ დამაბრმაოს, თუ ის ისლამის თავდადებული მიმდევარი არ ყოფილიყო და  მანამდე წმინდა ყურანის გარდა სხვა რამე ჰქონოდა წაკითხული.
        მურადი კაიროსთან ახლოს, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მიცვალებულის გვამი სასწრაფოდ  დაწვეს და ფერფლი ნილოსის დასავლეთით, ღრმად ჩაფლეს. მურადმა მთელი წელი, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გაატარა და მხოლოდ სამი წლის წინ დაბრუნდა სახლში სრულიად შეცვლილი და მოტეხილი. ეს ამბავი  საიდუმლოდ მიამბო, ჩურჩულით მიყვებოდა, შეშინებული აქეთ-იქეთ იცქირებოდა და არც სახელები უხსენებია ვინმესი. ისე იყო დაშინებული რომ მას მერე სახლიდან საერთოდ აღარ გამოსულა, არავის იკარებდა, დღე და ღამე სალოცავ ოთახში იყო ჩაკეტილი და მუდმივად ყურანს კითხულობდა. გასულ შემოდგომას კი ალაჰმა მიიბარა მისი სული. 

      - მერე ?
      - ჰოდა მურადმა მითხრა, რომ ის ექიმი რომლის საავადმყოფოშიც ეგ ამბები მოხდა, -  პოლონელი იყო ! 
      - რაო ?! ჰოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო, დაგვიფარე ყველა უწმინდურისაგან ! ამას ახლა ამბობ სალეჰ! ნახევარი უდაბნო რომ გამოვიარეთ ?!  აქამდე სად იყავი?!
      - შენ ხომ ამ ღამემდე არ გიხსენებია რომ ის პოლონელი იყო... მე ეგ უბრალო ინსტურქტორი მეგონა, რომელიც ხალხის მარაგის შევსებაში მიეხმარა ჩვენს შეფს. პოლონელი რომ იყო მხოლოდ ამაღამ გავიგე ეგ შენგან, ხოლო  მისი ნაამბობიდან  კი ის შევიტყე რომ ექიმი ყოფილა, თანაც ქირურგი და ელ გიზაშიც უმუშავია საავადმყოფოში, თვითონ რომ ახსენა საკუთარი საავადმყოფო მაქვსო, მერე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო... 
      -  ვალლაჰ, ახლა დავფიქრდი რომ მართალი ხარ, მისი ექიმობის ამბავი ხომ მეც ამაღამ შევიტყე მისი ნათქვამიდან, პოლონელი რომ იყო, როცა გვიქირავა მაშინ მითხრა.  შენი ნაამბობიდან გამოდის, რომ მილოში, ის პოლონელი ექიმია ?!
ესე იგი, ხალხი მას  გასაყიდად კი არ უნდა, არამედ სულების გადასახლების შესასწავლად ჭირდება. ადამიანებს  ტვინს გახურებული შანთით ცხვირის ნესტოებიდან აცლის,  მათ თირკმელებს, ღვიძლს, კუჭს და ნაწლავებს ეგვიპტის ღმერთების გამოსახულებიან კანოპეებში დებს, სამოცდაათი დღე  მათ გვამებს მარილწყალში ინახავს, მერე რაღაც ლოცვებით მკვდრებს ალაპარაკებს და საიქიოს ამბებს ეკითხება ...
განა  ეს  დასაჯერებელია?  ან შესაძლებელი, ან ნამდვილი?

      - შენ რომ მურადი  გენახა, ან მისთვის მოგესმინა, შენც დაიჯერებდი. მე მაშინ ისიც გავიგე, რომ მას წელიწადში ორჯერ მიჰყავს თავის საავადმყოფოში ჯანმრთელი ადამიანები, იქ გალიებში კეტავს და კარგად აჭმევს.  მერე კი როცა დასჭირდება, უმოწყალოდ აგლეჯს  ძვლებს, თირკმლებს, თვალებს, გულს,  ღვიძლს, ზოგს კანოპეებში ათავსებს, ზოგს კი სხვებზე ყიდის, ან იქვე თავად აკეთებს გადანერგვას და თავისი ცდებისთვის ფულსაც ამით შოულობს. მის საქმეს ხომ უამრავი ფული ჭირდება. მასთან ძალიან საიდუმლოდ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ დაავადებული მილიონერები, მათი შვილები, ცოლები და შვილიშვილები. ხოლო მდიდარი ნარკომანები ადამიანის  ძვლის ცოცხალ  ტვინსაც კი  ყიდულობენ მისგან რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეგ ოპერაციები მის საავადმყოფოში საიდუმლოდ კეთდება. ისიც გავიგე, რომ თავისი ტყვე კაცების სასქესო ორგანოებს  ქალებს უნერგავს, ხოლო ქალისას  კი კაცებს. მერე ქალად გადაქცეულ კაცებს, კაცებად ქცეულ ქალებთან დაწოლას აიძულებს და  ბუნებრივად ან, ხელოვნურად აორსულებს და დაკვირვებებს ატარებს. მის საავადმყოფოში ერთდორულად ბრმა, უთირკმელო და ფეხმოჭრილ ადამიანსაც ნახავ,  წვერულვაშიან ორსულ კაცსაც და "მამაქალსაც".

      გეფიცები წმინდა მუჰამედის ხსენებას, რომ ჩვენ ანგელოზები ვართ მასთან შედარებით.  ჩვენ, მონებს კარგად ვაჭმევთ და მხოლოდ უფასოდ ვამუშავებთ, მაგის ხელში ჩავარდნილებს კი სიკვდილი აქვთ სანატრელი. სიკვდილს ვინ დაეძებს, იმის იქითაც კი მოსვენებას არ აძლევს მათ სულებს. „მასალა“ კი ბევრი სჭირდება მაგრამ შოულობს.

      როგორც მურადმა საბოლოოდ ამიხსნა, მას ყველაზე მეტად სულის უკვდავებაში დარწმუნება სდომებია და რაკი ცოცხალი და საღსალამათი ადამიანის  სხეულიდან  სულის გამოხმობის ხერხს მიაგნო,  ახლა მისი  ჩასახლება სურს სხვა ახალგარდაცვლილის ჯერ კიდევ თბილ ოღონდ უსულო სხეულში, თანაც ეს ყველაფერი,  ამ ქვეყნად უნდა რომ შეძლოს და არა საიქიოში,  როგორც  ამას ალლაჰი გვეუბნება, ან ისე, როგორც ეს ძველი ეგვიპტის „მკვდართა წიგნში“ წერია. 

    - არა არს ღმერთი უფრორე ალლაჰისა, ხოლო მუჰამედი მოციქული და წინასწარმეტყველია მისი!
ეს სიგიჟეა სალაჰ! ნამდვილი სიგიჟე...  ამას აფთარიც არ კადრულობს, ის სიკვდილს აცლის სულიერს და მერე გლეჯს მის გულ-გვამს. ეგ კაცი აფთარზე უარესია. მხოლოდ იბლისს  შეუძლია გულ-გვამში  ჩაუსახლდეს კაცს და ასეთი საქმეები აკეთებინოს.  ეგ ექიმი მგონი განკაცებული იბლისია, ალლაჰმა გვაშოროს  მისი სიავე და დაგვიფაროს მისგან თი’ მელოკ  ჟიბრაილმა, წმინდა იყოს ხსენება მისი!  ორსული კაცების ამბები საიდანღა იცი?
    - იმ სულით დაავდებულთა სამკურნალოს სადაც მურადი მოათავსეს, თურმე ერთი კაცი აფარებდა თავს,  რომელიც იქედან ყოფილა გამოპარული.  თავს იგიჟიანებდა და  სულით დაავადებულთა სამკურნალოში ემალებოდა მაგ ექიმს. ჰოდა გაუგია რომ იქედან ვიღაც კაცი მოიყვანეს,  მურადი უცვნია, როგორღაც მოუხერხებია და ეგ ამბებიც იმას მოუყოლია. 
ის კაცი, მურადის საავადმყოფოდან გამოსვლამდე ორი კვირი ადრე, -  უგზო-უკვლოდ გამქრალა.

    - მაინც ვერ გავიგე ამ გოგოს რატომ დაეძებს ასე გადარეული. ის ხომ ერთი სულელი ქალია, რომელმაც არაბულ ქვეყანაში მარტოკამ მოინდომა სეირნობა  და თანაც საჰარაში. როგორ ფიქრობ რაშია საქმე?

    - მე გამიგია რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც ეგ ქალია, ძველი ეგვიპტელებივით, ძალიან სწამთ რომ სიკვდილის შემდეგ სული უკვდავია და მისი  სიცოცხლე გრძელდება. მათი რწმენა ალბათ სხვაგვარია ვიდრე აქაური კოპტების. იქნებ მისი სული სჭირდება?
    - შეიძლება ასეცაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგნაირ ქრისტიანს სხვასაც იშოვიდა, ან კი მაგ გოგოს მსგავსი  გვამის გამოძებნა  მისთვის ძნელი არ იქნებოდა, მიუგდებდა იმ დიპლომატს ვიღაც მკვდარს და ამით დასრულდებოდა ეს ამბავი. ანდა ჩვენ, ისლამის მიმდევართაც ხომ გვწამს სიკვდილის მერე სიცოცხლის, ჰოდა არაბებს რატომ არ კიდებს ხელს? ან კიდევ,  ხომ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანი არაბებიც?
      - არაბები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ და დიდი ნათესაობა ჰყავთ. ამიტომ გახმაურებას არიდებს ალბათ თავს. თანაც იქნებ ბედუინის და იმ გოგოს კავშირის ეშინია? ან იქნებ ბედუინისთვის უნდა სამაგიეროს გადახდა?

      - არც ეგაა გამორიცხული, ახლა  უფრო ვრწმუნდები რომ ეგ გოგო მილოშს მხოლოდ ცოცხალი ჭირდება და არა მკვდარი.
იმ ღამეს ბედუინს რომ არ გადაჰყროდა, ქალს ალბათ  ნამდვილად უდაბნოში  მიატოვებდა.
საჰარაში ხომ მხოლოდ ალლაჰის წყალობით შეიძლება გადარჩეს ადამიანი.
        ალ კაბირს კი მართლა ეცოდინება მაგისი საქმეები. ალბათ მეტიც იცის, ვიდრე ჩვენ. თუმცა სულების გადასახლების ამბავი არა მგონია რომ იცოდეს. თუ მოიხელთა ისეთ დღეში ჩააგდებს, იქნებ თავად იგლეჯავდეს საკუთარ ღვიძლს და თირკმელებს.  შეიძლება ადრე, მილოში მართლაც მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა, გოგო ბედუინისგან თავის დასაცავად უფრო ჭირდება. ამისთვის კი მხოლოდ ცოცხალი შეიძლება გამოადგეს. ქალის მოძებნა მაშინ გადაწყვიტა, როცა დარწმუნდა რომ ბედუინიც ცოცხალი გადარჩა იმ ღამეს და არც ქალი ჩამოვარდა თავისით იმ  " შაითნის ფრთებიდან".

    - მე კი გამიგია, რომ  მაგ გოგოს ხალხი შეუპოვრობით და თავგამეტებით გამოირჩევა, მაგის სისხლის და ჯიშისა იყო გმირი მამალიკ* ლაზ-ოღლი, მისი ძეგლიც კი დგას კაიროს მთავარ მოედანზე. აკი გოგოც შეუპოვარია, ორ კვირაზე მეტია ამ უდაბნოში მშიერი და მწყურვალი მარტო დახეტიალობს და ჯერ კიდევ ცოცხალია. სხვა მის ადგილას თუ გადარჩებოდა, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა.  ბედუინს და მილოშს,  მაგ გოგოს მოძებნა უნდათ,  ასე რომ  მათი მიზანი ამ წუთას ჩვენსას ემთხვევა, მაგრამ როგორც კი ეგ მიზნები გაიყოფა, რამე უნდა მოვიფიქროთ. 

      მოსაუბრეები დადუმდნენ.
ცხენს კისერზე მივეკარი, ვიგრძენი რომ გული მომეწურა და მიილია.
ჩემი ყველაზე უარესი მოლოდინებიც კი რასაც აქამდე ამ ამბავზე ვფიქრობდი, ფუჭი გამოდგა. მოსმენილი დაუჯერებლად მეჩვენებოდა, ის უფრო სარწმუნოდ მიმაჩნდა რომ მილოში აფთარივით აგლეჯდა გულ-ღვიძლს ცოცხალ ადამიანებს. ჩინელი გოგონები გამახსენდა, წარმოვიდგინე როგორ გადაუნერგა მათი ორგანოები კორეელ ბაიკერებს  და როგორ ემზადებოდა კაცის ორსულობის ექპერიმენტის ჩასატარებლად...

        თავზარი დამეცა,  მთელი სხეული ამიტირდა,  მაგრამ მხოლოდ უხმო კვნესა შემეძლო, მთელი გულ-ღვიძლი ცეცხლმოდებულივით ამეწვა, მთელი სხეულით ვირწეოდი და უხმოდ მთელი გულით შიგნიდან ვტიროდი.

      უცერად განწირულმა ყვირილმა გაკვეთა ღამის სიჩუმე...
      -ააააჰ, შაითან, მიშველეთ, მომეხმარეთ... - გაუჩერებლად ყვიროდა ვიღაც.
მოულოდნელ ყვირილზე ცხენი დაფრთხა, ძლივს მოვასწარი და მისი თავი გულში ჩავიხუტე, ჩუმი ხვიხვინი როგორმე რომ ჩამეხშო. ცხენთან ერთად უკან დავიწიე და გამოქვებულის უკანა კედლის სიბნელეს შევერიეთ.

      - რა მოხდა აზიზ, რა დაგემართა-  ყვირილით გაეპასუხა სალეჰი, ფეხის ხმაზე მივხვდი რომ გარბოდა და  რაშიდიც მისდევდა. 
      - არ მიუახლოვდეთ,- მომესმა მილოშის ხმა. - ალბათ კობრამ უკბინა, სანამ გველი არ გაეცლება ახლოს არ მიეკაროთ.
      - ოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო! შეეწიე... აზიზ არ შეგეშინდეს, მოგეშველებით. - მესმოდა არაბების შეშფოთებული შეძახილები. 
ხმაური და ფაცაფუცი ატყდა. აზიზი გაუჩერებლად ყვიროდა.
ნახევარ საათში ყვირილი შეწყდა. ახლა მხოლოდ  განწირულის ხრიალი  მესმოდა.
          არაბები გაბმულად ლოცულობდნენ.  მივხვდი რომ აზიზი სულს ღაფავდა.
       
          ცხენმა ყურები დაცქვიტა და გამოქვაბულის შესასვლელს დააცქერდა. ჩემი ყურადღებაც მიიქცია  უცნაურმა ხმაურმა. ამოქვაბულის შემოსასვლელში ქვიშა ჩუმად აშრიალდა. სანთებელა ავანთე. მის  მბჟუტავ ალზე ძლივს შევნიშნე ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც გამოქვაბულში ნელი ტაატით შემოდიოდა. 
        განძრევაზე არც მიფიქრია.
        გველი სპირალებად დაიგრაგნა,  მშვიდად მოიკეცა, ბრტყელი თავი, თავის პრიალა შავ სხეულზე ჩამოდო და გამოქვაბულის შესასვლელში გაწვა.
     
      დილის ოთხი საათი სრულდებოდა.  სადაცაა ირიჟრაჟებდა და ღამის მონადირეები თავშესაფარს ეძებდნენ.
      ჩემი წასვლის დრო იყო, მაგრამ გამოქვაბულის შესასვლელში კობრა იწვა.  გარეთ კი მდევარი იდგა და მომაკვდავის უკანასკნელი ხრიალი მესმოდა.   
      ცხენი გველს ჩემსავით თვალმოუცილებად მისჩერებოდა. გამოქვაბულში გველის სუნი დატრიალდა. გულზიდება დამეწყო. ლამპარი ცხვირთან მივიტანე და პიტნის მსუბუქი არომატით ვცდლობდი გულზიდების შეჩერებას. 

      იმედი, ჩემი მოწურული და დაპატარავებული გულიდან გაძვრა და მის უკან მიიმალა.
მის ადგილას შიში გამეფდა, რომელიც ყოველწამს იზრდებოდა და  შავი კობრასავით იგრაგნებოდა, ცდილობდა ყელში ამომჯდომოდა და მოვეგუდე.

    თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე, ვლოცულობდი მთელი გონებით, შეგნებით, სულით და სხეულით.
ვევედრებოდი მფარველობას უფალს და  დედა ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის შევთხოვდი რომ მოფრენილიყო თავისი თეთრი რაშით და შუბით გაეგმირა ეს ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც ჩემს ერთადერთ გასასვლელზე ურჩხულივით გაწოლილიყო.             

                                                                                        ( იხილე როგორ გაგრძელდა)     
 
------------------------------
  * მამალიკ  - მამლუქი     
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები