ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2012


წვიმდა...

წვიმას ჰქონდა ფერი ფიქრის,
წვიმდა აქაც და ლიხს იქით.
წარბი უტოკავდა ზეცას
და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.

წვიმას ჰქონდა ფერი ფიქრის,
მიდიოდა წვიმა იქით,
სადაც ცა ერწყმოდა მიწას,
სადაც ჰორიზონტი იწვა.

წვიმას ჰქონდა უცხო განცდა,
რომ ცის კიდეს უკვე გასცდა.
იყო წვიმა არც რა ფერის,
წვიმდა...მეტი არაფერი...
     
            ვუძღვნი ჩემს ძმას

ჩვეულებრივი სახლია, წვიმაჩამდგარი ჭერით,
ქარები შუბლებს ახლიან ფანჯრებს, მოკეტილს ცხვირწინ.
ფარდას კაქტუსის ეკლებზე კალთა აქვს განაჭერი,
ფარფატისაგან დაღლილი რაფაზე როცა იწვა...
ფეხმონგრეული დივანი გადასწოლია თეძოს,
ჭერს დახეთქილი კანი ყოველდღიურად სცვივა.
კედლის გულიდან ლურსმანი დროს ადრე გამოეძრო,
და იმ სურათის გარეშე, შიშველ ადგილზე სცივა...
საათი მარტოსულობას ყოველწამიერ ითვლის,
სახლში დადიან ხილვები წამს და წუთს შორის მყოფნი.
რასაც სახლი გრძნობს იმ ჟამად, თითქმის არ გამოითქმის,
წვიმა არის თუ ჭერიდან მოჟონავს სიმწრის ოფლი...
ჩვეულებრივი სახლი, მტრედებიანი აივნით,
ზოგჯერ ყვავებსაც აპურებს გულმუხლმტკივანი დედა.
ისე, შემთხვევით, თუკი, ამ სახლის გვერდით ჩაივლი,
გორელიეფთან  შეზრდილ ვარდს მოჭრას ნუ გაუბედავ...

                                        15.05.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები