ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2012


* * *


ბოლო ცოდვასავით ჩაგიდინე,
თითქოს, ვეღარასდროს მოგასწრებდი...
ახლა აკაციებს აქვითინებს,
ქარი, მიტოვებულ მონასტერთან.

ღმერთი, დღეს ცასავით ნათელია
შენ თავს აღარაფრით დამანებებს,
მკვდარი თვალებივით ახელია
ეზოს სველი "იასამანები".

მზერის ჯიქურ, ხისტი მიძალებით,
ღამემ ტყეებისკენ გაიწია,
ახლა ჩემს სიცოცხლეს ეკრძალები,
გულში გაჩხერილი ლავიწივით.

ყველა ქარიშხალი ჩავლილია,
ყველა ნიაღვარიც გავიარე,
სულზე მამჩნევია, აპრილივით,
მარტის ნაჭრილობევ-ნაკბილარი

და ვგრძნობ, ესეც თავისთავადია,
ბევრი თავის-მტვრევაც არ სჭირდება,
მე რომ არაფერი მაბადია,
არც ეს მიმაჩნია გაჭირვებად.

ვივლი, სანამ მუხლი მემარჯვება!
ვიფრენ, სადაც ფრთები აწვდებიან!..
რადგან ამქვეყნიურ გამარჯვებას,
წლები იმქვეყნადაც აცვდებიან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები