| ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 22 მაისი, 2012 |
( გილოცავ, ძალიან შენ და საშინლად მე..)
საფრანგეთი, პარიზი, 1886 წელი.
ცისფერსისხლიანი ხარო, არადა, არასოდეს უნახავს როგორ ვტირი. ეგ კი არა, როცა პირველად დამინახა ისე დამიწყო ყურება, თითქოს მის წინ ბროლის ქანდაკება იყო აღმართული. მაშინ მივხვდი, იგი ისეთი კაცების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც შორიდან ტრფობა ურჩევნიათ სიახლოვისგან მიღებულ სიამოვნებას. მას მერე, რაც ბოჰემაში გაფლანგულ ცხოვრებას უკანასკნელი გროშებივით ვანიავებ, უგზო-უკვლოდ ხეტიალი დამჩემდა. წითელი ღვინოს ბახუსი შლეიფივით შემომიხურას მხრებზე. როცა პირველად დავინახე, მახსოვს, დიდხანს ვუყურებდი თვალებში. მეგონა, მასაც სხვებივით სიხარბე უნდა ჰქონოდა მზერაში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისი ტკივილის გამაბრუებელ სივრცეში ჩავიძირე. თავბრუსხვევა ვიგრძენი და რომ არ წავქცეულიყავი დახლს ჩამოვეყრდენი მთელი სხეულით. იგი არ განძრეულა, მხოლოდ გვერდით მდგომმა მამაკაცმა შემაშველა ხელი. თვალსაც ვერ ვაცილებდი, თითქოს მზერის არიდებით გონს დავკარგავდი. მან ხელში უხეიროდ დაჭერილი ქუდი მოირგო თავზე და უკანმოუხედავად გაუჩინარდა. წვიმისგან ატალახებული იყო იმ ღამის ქვაფენილი, მთელი პარიზი უთავბოლო ფორიაქს შთაენთქა. არ მახსოვს, როგორ მივაბიჯებდი, ანდაც საითკენ მქონდა გეზი აღებული. მხოლოდ მსუბუქ თავის ტკივილს შევეწუხებინე, სხვა მხრივ კი, ფიქრებით ჯერ კიდევ იმ თვალებს ვიყავი მიჯაჭვული, რომელიც ბარში დავტოვე. ჩვენი დროის პარიზი სავსეა ჯამბაზი ნაძირლებით, რომელთაც პირმოთნე ღიმილით სინდისით ჟონგლიორობა თუ გამოსდით. გარეუბანი კი მეძავებს მიაქვთ. ავხორცი ღრეობა გაუმართავთ საკუთარი სულის წასაბილწად. ვერაფრით ვეწერები რომელიმე კატეგორიაში. არც სინდისის გაყიდვა გამომდის და სხეულიც ისე მიეხორცა სულს, რომ ვერავის ვეხები. არადა, ცისფერი სისხლი გამიწითლდა, მგონია. ჰოდა, მის თვალებთან, ზუსტად იმ ღამით, ვიგრძენი რომ ვერცერთ რიგში ვერ ჩავეწერებოდი, რადგან დედამიწის ზურგზე სულ მცირე ერთ ადამიანს მაინც შეეძლო ჩემი გაღმერთება. და ამის მიუხედავად, მის წინ ბროლის ქანდაკება ვარ, რომელსაც ხელის ერთი შეხებაც კი დაამსხვრევს.
- mon amour.. გაყიდული სულის ამბავი გსმენია? - კათოლიციზმის განხილვა ლოგინში სრული უმსგავსობაა. - არა, როცა ეშმაკს მიყიდი სულს მერე მხოლოდ ტკბობას აქვს მნიშვნელობა. მისი ხელისგულები მიყვარს, დედამიწასავით ფართო და თბილი. - ჰოდა, გაყიდული სულის სასჯელი იცი რა არის? მუდმივი რეინკარნაცია. - ალბათ ეგ ისაა, ყოველ ცხოვრებაში რომ შენ მეყვარები. ჩემს პასუხზე ეცინება და წეღანდელი სერიოზული სახე სულ მთლად უნათდება. ყველაზე მეტად იმ დღის მეშინია, როცა გაახსენდება რომ სახლში ცოლი საღამოობით ცხელი კერძით ელოდება, მე კი მხოლოდ ხრწნადი ცხოვრება შემიძლია შევთავაზო საპასუხოდ. სანამ მშობლები გარდამეცვლებოდნენ, ყოველღამე დედა თმას მივარცხნიდა და დიდხანს მესაუბრებოდა თუ როგორ გავხდებოდი ტიტულოვანი ქალბატონი და უამრავი შინამოსამსახურე მეყოლებოდა. დედას არ სჯეროდა, რომ კარზე ხრწნადი დროება იდგა და ყველანი მხოლოდ გახრწნილების სრულ გნიასს ვედექით სამსახურში. ლამაზად გამზარდა დედამ. ახლაც ვგრძნობ ჩვენი ბაღის სურნელოვან გაზაფხულს. მაშინ უთავბოლოდ დავრბოდი ხოლმე მრავალფრად აფეთქებულ ყვავილებს შორის და უკან ვიტოვებდი ქვეყნიერების სირთულეებს. თუმცა კი, ვერაფრით გავიქეცი ჩემი თავისგან და ახლა, მრავალი წლის მერე, ბაღის ნაცვლად პარიზის ატალახებულ ქვაფენილზე დავდივარ და ცხოვრებას ვერმორგებული კაბასავით ვანათხოვრებ.
- ამერიკაში მინდა წასვლა. - რა დაგრჩენია იქ? უსიამოვნოდ გამკრა გულში მისმა სიტყვებმა. - ამბობენ, ჩვენები მათი თავისუფლების ქანდაკებას აგებენო. - სისულელეა. სხვამ როგორ უნდა გასწავლოს თავისუფლება. ალოგიკურ ჯაჭვს ვაკავშირებ, რადგან ფიქრებით ისევ მის სურვილთან ვტრიალებ. - შენ ხომ მასწავლე. ტუჩებით ჩემს ტუჩებს პოულობს და მოწყვეტით მაკვდება. სანამ მისი სხეულის მხურვალე თრთოლვას ვეურჩები, მგონია რომ ქვეყნიერება ბეწვის ხიდზეა შემოდებული, ცოტაც და ჩაწყდება. - ქუჩაში შენი ცოლი ვნახე.. ვჩურჩულებ და მის ტუჩებს ვშორდები. მინდა გაიგოს, რაც მაწუხებს. არ მაქცევს ყურადღებას, მხოლოდ მუხლისთავებზე მადებს ხელებს და მსუბუქად მიწევს ფეხებს. - შენს გამო სულს გავყიდი.. მისი ხშირი სუნთქვა ფარავს სიტყვებს, თუმცა მაინც მკვეთრად მესმის ნათქვამი. - უკვე.. მე შენი დაწყევლილი რეინკარნაცია ვარ. და თავადაც ბოლომდე ვუშვებ გაგიჟებამდე აცახცახებულ სურვილებს. იცით, მოვიტყუე, მე არ მინახავს მისი ცოლი ქუჩაში. საერთოდ არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება. უბრალოდ ხანდახან იმდენად მიყვარს, რომ ყველა ქალზე ვეჭვიანობ. მას საშინლად უხდება ჩემგან ნაჩუქარი თავისუფლება. ბროლის ქანდაკებასავით როცა მექცევა სულ ის წუთი მახსენდება, ვერაფრით რომ ვერ ამარიდა მზერა და წასვლით უფრო განამტკიცა კავშირი. - ამერიკაში აუცილებლად უნდა წავიდე. სიგარას იღებს და ხარბად ეწევა. - რისთვის მიდიხარ იქ? ხმა მიწყდება. ვნების ნარჩენები საბოლოოდ გაიწოვა სხეულში. - შენ რომ გიპოვნო.. ზოგჯერ უსაშველოდ ბევრი უნდა გაიარო, რომ საწყის წერტილს მიაგნო. ჩვენ ერთი სათავე გაგვაჩნია, მხოლოდ ხანდახან ისე ვიყოფით, როგორც მდინარე და იმის იმედად განვაგრძობთ დინებას, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შევუერთდებით ერთმანეთს. იცხოვრო ძიებაში და გიყვარდეს კარგვაში.
განსაკუთრებულის მოლოდინი იმდენად მშთანთქმელია, რომ ყველანაირ კონტურს არღვევს. იმ ღამით, ბინაში რომ შემოვიდა ისეთი სიბნელე იყო, მგონი მხოლოდ სურნელით შეძლო ჩემი მონახვა. კუთხეში ვიჯექი და წითელ ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი. მყრალი სუნი ასდის ქალაქს, ძვირფასო! იხრწნება პარიზი გარყვნილებისა და ნაძირლობისგან. - რა გჭირს? მსუბუქად შემანჯღრია და უფრო ახლოს ვიგრძენი მისი სხეულის სითბო. - სულაც არ მქონია ცისფერი სისხლი, როგორც დედა მეუბნებოდა.. - რაებს ამბობ? უფრო მეტად მანჯღრევს და ცდილობს წამომაყენოს. - თავი მტკივა.. მაჯებზე მკიდებს ხელებს და სისხლით ვგრძნობ მის სითბოს უკვე. - სულ გაგიჟდი?! ღრიალებს ბოლო ხმაზე და ცდილობს სისხლიანი მაჯები რამით შემიხვიოს. კუთხეში ღვინის ბოთლს ვხედავ გადღაბნილად. ეტყობა ფეხი კრა შემთხვევით, როცა ჩემს წამოყენებას ცდილობდა. კედელზე ბორდოსფერ შხეფებს ვაკვირდები. სისხლის წვეთებისფერია და ვგრძნობ რომ ბახუსია კანქვეშ. - ქუჩაში ვიღაც ქალმა გამაჩერა შუადღისას, როცა ჩვენი ბინისკენ მივდიოდი და იმდენ ხალხში სულ კახპა მეძახა. იცი, მაშინ ყველაზე მეტად ამტკივდა ჩემი ცისფერი სისხლი.. არა, არ იცის გრძნობების გამოხატვა, მხოლოდ აგრესიაში გადასული სიყვარული სჩვევია, როცა ისე ძლიერ მიხუტებს გულში, რომ სული მიგუბდება. ახლაც, მის დედამიწასავით ფართო ხელისგულებს ვგრძნობ სხეულზე და ვმშვიდდები. - ამერიკაში წადი და თავისუფლება იპოვე. ჩემივე ხმა იდღაბნება. ინტუიციით ვხვდები, რომ იგი რაღაცას მეუბნება, თუმცა ვერაფერი მესმის.. თითქოს მხოლოდ იმ ღამეს ვხედავ, როცა ჩემს წინ იდგა, ორიოდ მეტრის მოშორებით და ვერაფრით გადაეწყვიტა, როგორ მოსულიყო ჩემამდე. ვერ წარმომიდგენია დღე, როცა აღარ იქნება ჩემს გვერდით და ამიტომაც ჩემი არჩევანი იყო მისგან თავად წავსულიყავი. იქნებ, მართლაც არის სადღაც ჯოჯოხეთი და მორჩენილ ცხოვრების გროშებად კიდევ ერთ სიცოცხლეს ვიყიდი, რომ უგონობამდე შეგიყვარო ისევ.
ესპანეთი, სევილია, 1905 წელი
ჯერ დათვლაც კი არ ვიცოდი რიგიანად, დედამ ტაროს კარტები რომ შემასწავლა. სულ მთლად პატარა, ბანაკებს შორის დავბოდიალობდი და სათითაოდ ვიზეპირებდი თითოეულ მათგანს. მეფიქრებოდა დღეზე, როცა საკუთარ ცხოვრებას ამოვიკითხავდი მათში და სხვადასხვა ვარიაციის წარმოდგენაში ვაღამებდი ყოველ მზის ამოსვლას. ისე წამოვიზარდე, საკუთარ თავს ვერცერთხელ ვუმარჩიელე. დედა მეუბნებოდა, ცუდის ნიშანია საკუთარ ბედზე კირკიტიო. მეც ცრუმორწმუნესავით ყველა ქალაქში საკუთარ ბედისწერას ვეძებდი ბრმად. ვერ წამომედგინა დავრჩენილიყავი ერთ ადგილზე და ამიტომაც ყოველი წასვლა ახალ განცდას ბადებდა ჩემში. მომავლის თვალუწვდენელ სურვილს. სევილიაში რომ ჩავედით უკვე სრულწლოვანი ვიყავი და იმდენად თავნება, რომ საკუთარ ხასიათსვე ვეურჩებოდი. მახსოვს, მოედანზე გამოსულ ვაჭრებს შორის დავბორიალობდი, როცა ხელს ოქროსფრად მოსირმული თავშალი გამოვაყოლე. ჩემს გვერდით მდგარ მეგობარს თვალი ჩავუკარი და ყორნისფერ თმაზე მოვიხვიე. - ქურდობა დასჯადია. მამაკაცის ხმამ შემაკრთო. სწრაფად მოვტრიალდი და ჩემს წინ მდგარი ახალგაზრდა კაცი შევათვალიერე. - სხვების თვალთვალიც. დავაყოლე და გამომწვევად გავუღიმე. მეგობარს ხელით ვანიშნე, ყველაფერი რიგზეა-თქო. თავი დახარა და ფართოდ გაიღიმა. ფიჭისფერი თმა ჰქონდა, რომელიც მზეზე უცნაურად ბრწყინავდა. - არ მიმკითხავებ? გულწრფელად ამომხედა და ხელისგული გამომიშვირა. ვერ ვენდობი აქაურებს, მით უფრო, როცა მარტო ვარ შუა მოედანზე. ჩემი მეგობარის მხოლოდ პატარა სილუეტი-ღა მოჩანდა. - მენდობი? - ვის უნდა ენდო თუ არა ქურდებს. თავხედურად სწევს თავს მაღლა და უფრო ხმამაღლა იცინის. ჩემს თავზე ვბრაზდები და ჯიუტად ვუახლოვდები. - გულის ხაზი გაქვს წაშლილი. - ეგ რას ნიშნავს? - ვერასოდეს ვერავინ გეყვარება. მივახალე პირში და გულის სიღრმეში გამეღიმა საკუთარ ბავშვურობაზე. - და ისეთი რამ, რაც არ ვიცი? წარბებს სწევს მაღლა და ისე მიყურებს, რომ მგონია, ცოტაც და.. ცოტაც და მაკოცებს. უფრო მეტად მეშლება ნერვები და მის ფართო ხელისგულზე დაქსაქსულ ხაზებს ვაკვირდები გამალებით. - ეგ აქ არ გამოჩნდება. ვამბობ ბოლოს მტკიცედ და ჩემს მოპარულ თავშალს ყელზე ვიხვევ. - აბა, სად გამოჩნდება? იჭვნეული მზერა აქვს. მზეზე მსუბუქად მოჭუტული თვალები უელავს. - ბანაკებში მოდი დღეს ღამე, ტაროს გაგიშლი. დაბალ ხმაზე ვეუბნები, თითქოს გარშემო უამრავი ხალხი ირეოდეს. ოქროსფრად მოსირმულ თავშალს ვიხსნი და ხელში ვაჩეჩებ. - რად მინდა? გაოცებულია, მაგრამ ღიმილს არ იშორებს ტუჩებიდან. ზურგს ვაქცევ და მივდივარ. სულ რამდენიმე ნაბიჯში ვჩერდები. - როცა მაჩუქებ მოპარული აღარ იქნება. განიერი მხრები აქვს და ფიჭისფერი თმა. ერთ-ერთ ტაროს კარტს წააგავს. ალბათ, საკუთარ თავზე რომ მემკითხავა ერთხელ მაინც აუცილებლად ამოვიდოდა.
- იცი, მართლა არავინ მყვარებია. - არც წინა ცხოვრებაში? - როგორი ცრუმორწმუნე ხარ, ბოშა. ვერ ვიტან ასე რომ მეძახის. ასე მგონია, მისთვის რაღაც ზოგადს წარმოვადგენ. - წინა ცხოვრება ყველას გვქონდა. აი, შენ კი თუ ისევ ასეთი ტუტუცი დარჩები, შემდეგ ცხოვრებაში ჭიანჭველად მოევლინები ქვეყნიერებას. ეცინება, გულიანად ეცინება და თამამად მიხუტებს გულში. არ ვიცი ჩემნაირი თავნება ხასიათი როგორ მიაყუჩა. ზოგჯერ მართლა მგონია, რომ საიდანღაც ვიცნობ. - მამაჩემს დიდი დუქანი აქვს მოედნის პირას, თუ გინდა დაველაპარაკები და დაგიტოვებს. - და რას გავაკეთებ მაგ თქვენს დუქანში? უკვე ვხარხარებ და დასამშვიდებლად ხელისგულებს ვიფარებ ხელზე, რადგან ვხვდები რომ უკვე წყენა ეპარება თვალებში. - უმკითხავებ ხალხს და მე გეყვარები. არ უნდა რომ წავიდე და ამიტომ მეუბნება ასე. უკვე ორიოდ კვირაა, რაც ყოველღამე მოდის ბანაკებთან და დილამდე ათას სისულელეზე მელაპარაკება. ხანდახან ისე მჯერა მისი, რომ მგონია, ჩემი ბედისწერა მის გვერდით არის. ასეთ დროს გული მიჩქარდება, ვერ წარმომიდგენია დიდხანს გავჩერდე ერთ ადგილას. მით უფრო მაშინ, როცა მისი გულის ხაზი სულ მთლად მქრქალია.. - სისულელეა. ხელი აიქნია და თითები შემახო ტუჩებზე. - მკითხაობა სრულებით არ გამოგდის. ჩემს გაცრეცილ ღიმილს უყურებს და ფრთხილად მკოცნის. არც კი ვიცი, რატომ არ ვეურჩები. ალბათ ხანდახან იმდენი რამ იცი შენს ცხოვრებაში დაზუსტებით რომ თადარიგი გერევა. - არასოდეს მყვარებია, ჰო. მარტო წინა ცხოვრებაში ალბათ. ჯერ კიდევ ვერ შორდება ჩემს ტუჩებს. მის ნათქვამ სიტყვებს ვგრძნობ და გული მიყუჩდება. იქნებ იმიტომ არ მიმკითხავია საკუთარი თავისთვის არასოდეს, რომ მუდამ ვიცოდი მასთან შეხვედრის ალბათობა? - არ წახვიდე. დუმილში მახვევს და ისე მიხუტებს. ტაროს კარტებს ვუწყობ წინ და საკუთარ არჩევანზე ვმარჩიელობ. - პირველად შლი? რატომ გიკანკალებს ხელები? გამომცდელად მიყურებს და ჩემგან ელოდება პასუხს ყველა კითხვაზე. - საკუთარ თავზე გაშლა უბედურების მომტანია. მკვეთრი ტონი მაქვს. არ მინდა კიდევ რამე მკითხოს, რადგან მგონია რომ ცოტაც და ავტირდები. Caramba.. იგი ტაროს მეჩვიდმეტე კარტს ჰგავს, - ჩამომხრჩვალს.
სანამ წავიდოდი მის საფლავთან ვიყავი ასული. ჯერ კიდევ ნესტის სუნი ასდიოდა ახლადდაყრილ მიწას. ხის ჯვარი ჩაერჭოთ თავთან და მასზე ინიციალები ამოეტვიფრათ. ვერ გავარჩიე ასოები, მხოლოდ მივხვდი რომ მისი სახელი უნდა ყოფილიყო. - ცრურწმენა როგორ დავარქვა იმას, რომ ჩემგან წასული გადაეყარე სიკვდილს. როგორც ჩანს, იმთავითვე, ბოშის ხელიდან დასასრული გეწერა. იქნებ, სულაც ჩემი ბედისწერის ბრალია, რომ ხელსიგულზე მქრქალი გულის ხაზი გქონდა და ეს არა იმიტომ თურმე, რომ ვერავის შეიყვარებდი, უბრალოდ არ დაგცალდებოდა ამდენი. უბედურება მომიტანა საკუთარ ბედისწერასთან ჯახირმა.. და შენც შეგიწირე უნებურად. ცხოვრების თითოეული რგოლი წინას ცოდვების გამოსყიდვაა. ეტყობა დიდი ვალი მქონდა ღმერთების. იქნებ, სხვა ცხოვრებაში.. ფრთხილად დავიხარე და ჯვარზე ოქროსფრად მოსირმული თავშალი შემოვახვიე.
იტალია, ვერონა, 1950 წელი
მტრედების დაპურება ჩემი ყველაზე კეთილშობილური თვისებაა. დანარჩენ დროს კი ცხოვრების დესტრუქციას ვანდომებ. წლები შევალიე საკუთარი სახის გარდაქმნას და ახლა იმდენად სრულყოფილი სიყალბე ვარ, რომ გულიც კი ვეღარ მერევა საკუთარ თავზე. ჩემი საქმიანობის სფერო კი, როგორც იტყვიან, იმდენად ფართოა, რომ ყველაფერს მოიცავს. საშინლად ქალური ტიპაჟის მიღმა ინდიფერენტულ განცდებს ვატარებ და ყოველი ჩემს მიერ მოგვარებული საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებს. ეს ერთგვარი ფენომენია, როცა ბოროტების ჩადენით საკუთარ თავს სიკეთეს მოუტან ხოლმე და ამისგან იმხელა სიამოვნებას იღებ, რომ დოზას აღარც კი უკვირდები. ასე მომივიდა, როცა პირველად წავედი „საქმეზე“. მას მერე წლები გავიდა, დავიხვეწე და უფრო მეტად მოვთოკე სიმებივით დაჭიმული გრძნობები. აჰ, თუმცა აღსანიშნავია, რომ არავინ მყვარებია ცხოვრებაში, საკუთარ მზერას თუ არ ჩავთვლით. გრაციოზულობა სისხლში მაქვს და იმდენად კარგად ვმანიპულირებ საკუთარი ღირსებებით, რომ ვფიქრობ, საცოდაობაა ჩემი ქალად დაბადება და შესაძლებლობების დიაპაზონი საგრძნობლად შემიმცირდა ამის გამო. როცა დონმა მიპოვნა ჯერ კიდევ თექვსმეტიოდე წელს ვითვლიდი. იმდენად მოიხიბლა ჩემი უმანკო არსებით, რომ გადაწყვიტა აუცილებლად შევეფარებინე. (როგორც შემდგომ ახსნა, სუფთა ფურცელზე უფრო ადვილია კლაქსების დასმა). გამოუვიდა კიდეც და რაღაც ძალიან შუალედური შექმნა. ერთი ისაა, რომ ბოლო ხანებია, სხეული მებზარება. ეტყობა ზედმეტად ჭარბი ოდენობით სიბნელე შემოვიკრიბე გარშემო.
- მტრედების დაპურება მეტად სენტიმენტალური თავშესაქცევია. ჩემს გვერდით ჯდება და ყოველკვირეულ გაზეთს კითხულობს. პირდაპირ ვიყურები და ვცდილობ შეუხედავად განვსაზღვრო მისი ვიზუალი. - სკვერში გაზეთის კითხვა კი ბანალური. უნებურად მეღიმება და მტრედებს მორიგ საკენკს ვუყრი. გვერდულად აღვიქვამ როგორ ტრიალდება მთელი ტანით და უტიფრად მიყურებს. იხტიბარს არ ვიტეხ და წუთიერი დუმილის შემდეგ მეც ვიყურები მისკენ. - სენტიმენტები ხომ არ მოგეძალათ? ვუყურებ პირდაპირ თვალებში და საკენკიან ხელისგულს ვაწვდი. გაოცების ნაპერწკალი მოუჩანს გუგის ფსკერზე, თუმცა თავხედი ღიმილი უჩნდება ტუჩის კუთხესთან. - ალბათ, მარტოდენ თქვენმა სურნელმა მომაჯადოვა. და მეჩვენება, რომ სპეციალურად ატკბობს სიტყვებს. რამხელა კეთილშობილებაა იჯდე სკვერში და უცხო ადამიანის გარემოცვაში თავს წლების წინ დაკარგულ ბავშვად გრძნობდე. - გავიაროთ ცოტა, იქნებ რამე გიამბოთ საკუთარ თავზე. - რატომ გგონიათ, რომ ეს მე დამაინტერესებს? - არაფერი რომ არ მგონია ზუსტად მაგიტომ ვრისკავ. დგება თამამად და ზემოდან დამყურებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ხელს მიწვდის. ვერონაში ცხოვრება იმდენად ერთსახოვანია, რომ მუდამ მიკვირდა ტურისტების აღფრთოვანება ამ ქალაქისადმი. ამწვანებულ ადგილებს დაბალი სახლები ენაცვლებიან და გოთიკურ სტილში ნაშენ ეკლესიებს კათედრალების მძრწოლავი მდუმარება ეფინება. აღრეულია ყველაფერი ამ პატარა ქალაქში, თვით გრძნობებიც კი.
ორივეს საშინლად გვძულს ვერონა, რადგან ისე ვცხოვრობთ საკუთარ სამშობლოში, როგორც გადამფრენი ჩიტები. მას გუმლკერდთან იარაღი აქვს გადამალული და ყოველ ჯერზე, როცა ვეხუტები, ტარის შეხებას ვგრძნობ გულთან. სულ მგონია, რომ ჩვენს შორის სიკვდილი დგას. იგი იმდენად თხელ ფენად ჩატანებულა ჩემსა და მას შორის, რომ ზოგჯერ, მხოლოდ მისი შეგრძნებაა შესაძლებელი. ვიცით, თუკი კარს გავიხურავთ რომელიმე და აღარ დავბრუნდებით, ეს მიტოვება არ იქნება. უბრალოდ, სადღაც წამოწეულ სიკვდილს გავყვებით უსასრულობაში. - არ მჯერა შენი სიყვარულის. - როგორ დაგაჯერო? ვეკითხები ისე, რომ მზერას არ ვაშორებ ფანჯარას. - რომ ვიცოდე რისთვის შეიძლება გიყვარდე, შეგიძულებდი. - ასე ძალიან არ გიყვარს საკუთარი თავი? - ეს სიძულვილი ერთადერთია, რაც გვაერთიანებს. გამოვხედე. დიდ სავარძელში ზის და იარაღს წმენდს. ასე იმშვიდებს ხოლმე ნერვებს საქმეზე გასვლის წინ. - როდის უნდა მოვეშვათ ვიღაცის მარიონეტებად ყოფნას? მის პირდაპირ სავარძელში ვჯდები და სიგარას ვაბოლებ. სასჯელია დაიბადო ქალად და ბედნიერებაა, როცა უგონობამდე გიყვარდება საკუთარი არსებობის გასამართლებლად. - კი წავიდოდით, მაგრამ ვინღა დააპურებს მტრედებს? როცა ასეთი უშუალო ნოტები კრთება მის ხმაში, ვერაფრით ვაიგივებ ხოლმე მას მკვლელთან. არადა, რამდენჯერ მიშუამდგომლია ვიღაცის სიკვდილში. ალბათ წლების მერე სისხლი დაგვეტყობა, როცა ქუჩაში გავალთ, მანამდე კი, დაუსჯელობის წუთებს ვითვლით. - ქვეყნად სხვა მტრედებიც არიან. საკუთარ თავს უფრო ვიიმედებ ამით, ვიდრე მას. - მაგრამ არ არსებობს ქვეყნად ადგილი, სადაც ისინი გავხდებით ვინც არ ვართ. ვხვდები, რომ ამით საკუთარი სათქმელი ამოწურა. პატივმოყვარე ნაბიჯები აქვს და ისე მტკიცედ უჭირავს თავი, თითქოს არასოდეს უგრძვნია სასოწარკვეთა. არადა, რაც ჩემთან გადმოვიდა მას მერე ღამ-ღამობით კოშმარები აღვიძებს. ოფლში გაწურული იღვიძებს და სანამ არ ვიხუტებ, მანამდე ვერ ყუჩდება. როგორი კეთილშობილურია, მტრედების დაპურებას მიჰყო ხელი, როცა სხვების სიკვდილის შუაში მდგომი ხარ მხოლოდ.
- შენი მოკვლა დამავალეს. უფრო სწორად კი, რამდენიმე წუთში აქ კაცი მოვა და ჩაგცხრილავს. სპაგეტს ვუღებ თეფშზე და მზერას ვარიდებ. - კარგია, რომ მე ამირჩიეს და არა შენ. - რატომ? პასუხი მაოცებს და მის თვალებს ვეძებ გამალებით. - მტრედები ცოდონი არიან. მართლა დიდი გული აქვს. ამიტომ აწუხებს კოშმარები და სისულელეა, როცა ჰგონიათ, რომ ადამიანის მოკვლა უსულგულობის ნიშანია. რა აზრი აქვს რომელ ცოცხალ არსებას მოუღებ ბოლოს. მორალი რიგ შემთხვევებში გაქსუებული ტიპია, რომელსაც სამართლიანობის ნატამალიც კი არ გააჩნია. - კიდევ არ გჯერა ჩემი სიყვარულის? მახსენდება ადრე დასმული შეკითხვა და სპაგეტს ჩემს თეფშზეც ვიღებ. - ყველაფერი შეფარდებითია, ძვირფასო. მიღიმის გულთბილად და ცხელ კერძს აგემოვნებს. ჩანგალს მაგიდაზე ვდებ და მასთან მივდივარ. ბავშვივით ვეხუტები და მის გულმკერდთან იარაღის ტარს ვგრძნობ ისევ. ასეთი ცხადი არასოდეს ყოფილა სიკვდილი. პატარა ვიყავი, როცა დონმა შემიკედლა. მთელი ბავშვობა მინდოდა, რაღაც განსაკუთრებულისთვის მიმეძღვნა თავი და ბოლოს სრულ ვაკუუმში აღმოვჩნდი. ახლა კი, როცა მისი თვალებით ვიყურები და სუნთქვასავით ვითვლი დარჩენილ დროს, მგონია რომ სიფხიზლე მატულობს ჩემში და გარშემო შემოკრებილ სიბნელეს ფანტავს. - შენთან ყოფნას არ დამანებებენ.. ამიტომაც შენში დავრჩები მხოლოდ.. ვეჩურჩულები და გულმკერდიდან იარაღს ვაცლი. ყინულივით ცივი ტარი მიჭირავს და საკუთარი გულის მიმართულებით ვიმიზნებ. ერთიც გვეყოფა ორივეს..
ინგლისი, ნორფოლკი, 1980 წელი
საკანში საშინელი შმორის სუნია, თუმცა ვცდილობ სახეზე არ შემეტყოს უსიამოვნება. ისედაც აღრენილ პატიმრებს უფრო მეტ დისკომფორტს შევუქმნი ასე. კრიმინალისტური ფსიქოლოგიის „კოდექსებს“ პირნათლად მივყვები, ალბათ ამიტომაც ვითვლები საუკეთესო კადრად, თუმცა ალტერნატიულ კომბინაციებზეც არ ვამბობ უარს. გუშინ საკმაოდ საინტერესო საქმე შემოიტანეს. ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულია ცხრა ქალბატონის მკვლელობაში, თუმცა ფაქტების ნაკლებობის გამო ვერაფრით უმტკიცებენ ბრალდებას. ასთენიური, იქნება ოცდაათ წლამდე, მუქი ქარვისფერი თმით. პროფესია ნეიროქირურგი. მის პირისპირ ვჯდები და ნახატებით სავსე ქაღალდებს ვიღებ. - არამგონია ნახევრად ფსევდოლირიკულმა ნახატებმა ჩემზე შთაბეჭდილება შეგიქმნან. დაბალი ხმა აქვს, რომელსაც ერთნაირად დაჰკრავს სუსხი და სითბო. - შემოქმედება ის ადგილია, სადაც ყველანი შიშვლები ვართ. კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს. საკუთარი თავით კმაყოფილების მანია საკმაოდ საკრალურ როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოზურ გადახრებში. - მშვენიერია. ნამდვილად არ ჰგავხართ იმ იდიოტებს, რომელთაც საოცრად დამღალეს ეგზისტენციალიზმსა და ჩემი (მათი თქმით) დეპრესიულ-მანიაკალურ ფსიქოზზე საუბრით. - იდიოტ ადამიანზე სასიამოვნო მხოლოდ ბავშვია. - აი, აი. მეც მანდ ვიყავი, მაგრამ აზრი შემიცვალეს. საერთოდ, იდეოლოგია იმდენად ბრუნვადი უნდა იყოს, რომ ვერაფრით შეჩერდეს გაცვეთის შემთხვევაშიც კი. მის ნახატებს ვიღებ და წინ ვუფენ. - თქვენი იდეოლოგია ორსახოვანი ადამიანებია? - შეცდით, ეგ ჩემი ცხოვრებაა. - თქვენისთანა ადამიანები თეორიას იმდენად ებღაუჭებიან, რომ საკუთარი არსებობის დასამტკიცებლადაც კი ფაქტებს ეძებენ. - მშვენიერია, მშვენიერი. საუბარს წყვეტს და ჰეზელის მინას უყურებს. - ნეტავ არ ეზარებათ ამდენი სისულელის მოსმენა? - იქნებ, პირიქით. ჭკუას არ უჩივით. ვუღიმი გულახდილად. - მაგიტომაც ვამბობ. სულელი ადამიანისთვის ჭკვიანის მოსმენა იგივეა, რაც უკბილოსთვის უმი ხორცის ჭამა. კიდევ უფრო მეტად ვამტკიცებ საკუთარ თეორიას. ჭკვიანი ადამიანის კვალდაკვალ განვითარებულ ბოროტებისა და განდიდების ალბათობას. საკრალური თანხვედრაა, როცა ადამიანი გენიალურია და კომპლექსებით იტანჯება. აქ მყიფე ფსიქიკას ერთიანად აწვება გონების სიმძიმე. შედეგიც სახეზეა, - ადამიანს უვითარდება შეგრძნება, რომ განსაკუთრებულია და ყველაფრის ჩადენის უფლება აქვს. გამკიცხველის ადგილს პიროვნების სუპერ-ეგო იკავებს, რომელიც სრულად დათრგუნულია ეგოს გამო. ასეთ ანარქიაში კი ინსტინქტების თარეში უბრალო აუცილებლობაა. - რატომ გაწყვიტეთ ძაფი ბავშვობასა და შემდგომ ცხოვრებას შორის? - ძაფი თავისთავად წყდება, აქ არაფერია აბსტრაქტული. - იქნებ ეს ის წერტილია, რომელიც გამოტოვეთ თქვენს ყველა ნახატში? ჩუმდება. ჯერ ნახატებს უცქერს, მერე ისევ მე მაკვირდება. - თითოეულ მათგანში ბავშვისა და მოზრდილი ადამიანის ნაკვთების სახესხვაობათა ჭიდილია. ერთ-ერთ მათგანს ხელში ვიღებ და კოხინორით შესრულებულ ტუჩის კიდეს ვავლებ თითს. - აქ არის გასაღები. ღიმილში. ამიტომაც აქვს თქვენს ყველა მსხვერპლს ტუჩები გაპობილი. - სისულელეა. - იმდენად სისულელეა, რომ რეალობას უტოლდება. ყველა ნახატს ვკრებ და ოთახიდან გავდივარ.
გრანდიოზული იდეების მქონე ადამიანებს იმდენად უმნიშვნელო დეტალი გამორჩებათ ხოლმე თვალთახედვის არიდან, რომ სწორედ მათი შეცდომით არის შესაძლებელი მათივე გენიალურობის დადგენა. ხელოვნება პიროვნების სრულ ბლოკირებას იწვევს, რადგან ასეთ დროს მხოლოდ ინსტინქტებს რჩებათ ადგილი. იმდენად გამოზომილად უსვამ ფანქარს ფურცელს, რომ ვერაფრით ატან თითოეულ წრფეს ფიქრს.
- სამხილები იპოვნეს. - მარტო ამის სათქმელად არ მოხვიდოდი. თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და საკუთარ პორტრეტს ვიღებ ჯიბიდან. - ზედამხედველმა მომცა. როდის დამხატე? - ფაქტები განსაზღვრავენ დროის აუცილებლობას. ვცდილობ ნერწყვი გადავყლაპო და უფრო მტკიცედ დავიჭირო თავი. - აქსონებსა და დენდრიტებს შორის ისე ჩაიკარგე, რომ სკოლაში გატარებული მცირე დროც დაგავიწყდა. ვუღიმი და შორეულ წარსულს ვფურცლავ გონებაში. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ერთსახიან ადამიანებს ხატავდა იგი თეთრ თაგვებს აგროვებდა საკუთარი ბიოქიმიური ცდებისთვის. შეიძლება ითქვას, უცნაურობისთვის შეიძულეს და ყოველ მის დანახვაზე იმდენად გულიანად ხარხარებდნენ, რომ მისი გამოჩენა საზოგადოებაში უმალვე შესამჩნევი ხდებოდა. - მართლა გიყვარდი? ისევ იგივე კითხვას ვუსვამ და მის ნახატს უაზროდ დავყურებ. მაშინდელი სუნი ასდის თითქოს თითოეულ კონტურს. - წარსულის ფორმა სუსტმა ადამიანებმა მოიგონეს. ჩამესმის მისი ხმა და მაგიდიდან დგება. - ვიზიტი დამთავრებულია!
ალბათ იმდენად გვიან აღმოვაჩინე მისი ჩემდამი დამოკიდებულება, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების დროც კი აღარ იყო. თავიდანვე დამყვებოდა ახლობლობის განცდა და თურმე საკუთარ ბავშვობაში დაკარგულ არსებას ვუცქერდი ამდენხანს. რამდენიმე დღის წინ შემატყობინეს რომ საკანში გარდაიცვალა. მე ხომ მისი ერთადერთი ნახატი ვიყავი, რომელიც ღიმილით იწყება.
უ დ რ ო ო ბ ა
სიბნელეაყრილ დროის ნატერფალებს მივუყვები უსასრულობის გაცრეცილ მტვერში. ათას ცხოვრებას შორის დაკარგულსა და უამრავჯერ ნაპოვნს, ვცდილობ გაზიარო საკუთარი სუნთქვით. და უდროობის აბსურდული პარაკლისების ფონზე იმდენად აბსტრაქტულ რეალობაში ვინთქმებით, რომ წამიც და ყველაფერი გაცამტვერდება ჩვენს მიღმა. შენსა და მეს შორის ქაოტურად მიმობნეულ განცდათა ნატეხებს ვაგროვებთ და ვსრულყოფილდებით ერთმანეთის სხეულებში. და არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ვიცხოვრებთ ამქვეყნად, მაინც ვერასოდეს შევძლებთ ავაცილოთ მზერა - მზერას, სხეული - სხეულს.. რეინკარნაციის ჩაკეტილ წრეში მოხვედრილებს ყოველ ჯერზე გვეძლევა საშუალება, რომ ერთმანეთში ვიარსებოთ, ჩვენ კი.. გარდაუვალ რუტინას მივყვებით მხრებმოწურულები და ქარის წისქვილებს ვანდობთ ბედს. ქიმერაა ყოფა, მაშინ როდესაც ყოველი ცხოვრების ახალი კადრი შენი ამოსუნთქვით იწყება. და ამ უდროობის ნისლში მუდამ ვდებთ პირობას, რომ მომდევნო ცხოვრებაში აღარ დავკარგავთ ერთმანეთს და თვალების დახუჭვამდე ვატარებთ ამ სურვილს. ხოლო მაშინ, როცა ფილტვებში ჟანგბადი ჩადის და სამყაროს ვევლინებით, ყველა მოგონება ქრება, რომელიც მანამდე არსებობდა და ისევე ვიკარგებით, როგორც მანამდე არსებული ყველა რეალობა.
მომკიდე ხელი, კიდევ ერთხელ უნდა დავიბადოთ, რათა კიდევ ერთხელ შევიყვაროთ ერთმანეთი.. მომკიდე ხელი..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. +++++++++++ კარგად წერ! +++++++++++ კარგად წერ!
12. ქეთ =)
როდის გაიგებენ, რომ საოცრად წერ
ქეთ =)
როდის გაიგებენ, რომ საოცრად წერ
11. შემოვედი და მეწყინა არაფერი არ დამხვდა ახალი, შემოვედი და მეწყინა არაფერი არ დამხვდა ახალი,
9. ტაკ, ვიწყებ:
ცხოვრებას ვერმორგებული კაბასავით ვანათხოვრებ.<<ჯერ ეს რად ღირს
ჩვენ ერთი სათავე გაგვაჩნია, მხოლოდ ხანდახან ისე ვიყოფით, როგორც მდინარე და იმის იმედად განვაგრძობთ დინებას, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შევუერთდებით ერთმანეთს. <<
,,ჰო, ეს მდინარეც უსათუოდ დავა წყარომდე" __ დიმა ბახუტაშვილი
საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ინგლისი. თავს დავდებ, რომ მე(ც) ვარ ყველაში, თითოეულში ცალ-ცალკე და ,,უდროობაში" ერთად. აი, იტალიის გამოჩენა პიკი იყო (პირადად) =) ჰო, აქვე ვიტყვი, საშინლად მომეწონა ვერონას პირველი კადრები.
ალაგ-ალაგ გაუმართავი ადგილები კი იყო, მაგრამ იდეასა და შესრულებას ვერაფერი დააკლო.
მაინარდ, ეჭვი მაქვს, მეორე აბზაცს არ გაცდენიხართ =) ნაწერი კი ასე არ ფასდება ტაკ, ვიწყებ:
ცხოვრებას ვერმორგებული კაბასავით ვანათხოვრებ.<<ჯერ ეს რად ღირს
ჩვენ ერთი სათავე გაგვაჩნია, მხოლოდ ხანდახან ისე ვიყოფით, როგორც მდინარე და იმის იმედად განვაგრძობთ დინებას, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შევუერთდებით ერთმანეთს. <<
,,ჰო, ეს მდინარეც უსათუოდ დავა წყარომდე" __ დიმა ბახუტაშვილი
საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ინგლისი. თავს დავდებ, რომ მე(ც) ვარ ყველაში, თითოეულში ცალ-ცალკე და ,,უდროობაში" ერთად. აი, იტალიის გამოჩენა პიკი იყო (პირადად) =) ჰო, აქვე ვიტყვი, საშინლად მომეწონა ვერონას პირველი კადრები.
ალაგ-ალაგ გაუმართავი ადგილები კი იყო, მაგრამ იდეასა და შესრულებას ვერაფერი დააკლო.
მაინარდ, ეჭვი მაქვს, მეორე აბზაცს არ გაცდენიხართ =) ნაწერი კი ასე არ ფასდება
8. აი ასეა ზუსტი. მაპატიეთ თუ კომენტარებით გადავტვირთე გვერდი. აი ასეა ზუსტი. მაპატიეთ თუ კომენტარებით გადავტვირთე გვერდი.
7. არც ჩემი სათქმელია მთლად გასაგები.
პირველი გამოყოფილი ნაწილი წავიკითხე სადაც ვიპოვე კორექტურა, თუმცა ეს არაფერი, შემდეგ ვიპოვე იდეურად გაუმართავი ფრაზა წვიმისგან ატალახებული იყო იმ ღამის ქვაფენილი - ქვაფენილი ვერაფრით იქნება ღამის საკუთრება, რამეთუ ვერანაირი იდეური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირს ვერ პოულობენ ქვაფენილი და ღამე. ასე უნდა გეთქვათ ალბათ: (იმ ღამით) წვიმისგან ატალახებულიყო ქვაფენილი იმ ღამით, მაგრამ აზრი მხატვრულობას შეწირეთ და არაფერი გამოვიდა. არ მომწონს თხრობის სტილი. ძალიან სტანდარტულია ყველაფერი. არც ჩემი სათქმელია მთლად გასაგები.
პირველი გამოყოფილი ნაწილი წავიკითხე სადაც ვიპოვე კორექტურა, თუმცა ეს არაფერი, შემდეგ ვიპოვე იდეურად გაუმართავი ფრაზა წვიმისგან ატალახებული იყო იმ ღამის ქვაფენილი - ქვაფენილი ვერაფრით იქნება ღამის საკუთრება, რამეთუ ვერანაირი იდეური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირს ვერ პოულობენ ქვაფენილი და ღამე. ასე უნდა გეთქვათ ალბათ: (იმ ღამით) წვიმისგან ატალახებულიყო ქვაფენილი იმ ღამით, მაგრამ აზრი მხატვრულობას შეწირეთ და არაფერი გამოვიდა. არ მომწონს თხრობის სტილი. ძალიან სტანდარტულია ყველაფერი.
6. პირველი გამოყოფილი ნაწილი წავიკითხე სადაც ვიპოვე კორექტურა, თუმცა ეს არაფერი, შემდეგ ვიპოვე იდეურად გაუმართავი ფრაზა წვიმისგან ატალახებული იყო იმ ღამის ქვაფენილი - ქვაფენილი ვერაფრით იქნება ღამის საკუთრება, რამეთუ ვერანაირი იდეური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირს ვერ პოულობს ღამესთან. ასე უნდა გეთქვათ ალბათ: (იმ ღამით) წვიმისგან ატალახებულიყო ქვაფენილი იმ ღამით, მაგრამ აზრი მხატვრულობას შეწირეთ და არაფერი გამოვიდა. არ მომწონს თხრობის სტილი. ძალიან სტანდარტულია ყველაფერი. პირველი გამოყოფილი ნაწილი წავიკითხე სადაც ვიპოვე კორექტურა, თუმცა ეს არაფერი, შემდეგ ვიპოვე იდეურად გაუმართავი ფრაზა წვიმისგან ატალახებული იყო იმ ღამის ქვაფენილი - ქვაფენილი ვერაფრით იქნება ღამის საკუთრება, რამეთუ ვერანაირი იდეური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირს ვერ პოულობს ღამესთან. ასე უნდა გეთქვათ ალბათ: (იმ ღამით) წვიმისგან ატალახებულიყო ქვაფენილი იმ ღამით, მაგრამ აზრი მხატვრულობას შეწირეთ და არაფერი გამოვიდა. არ მომწონს თხრობის სტილი. ძალიან სტანდარტულია ყველაფერი.
5. დავბრუნდები =) დავბრუნდები =)
4. ძალიან მომეწონა.მე შენი ყველაფერი მომწონს.. '' უ დ რ ო ო ბ ამ''ძალიან კარგად შეკრა . ქეტს ფატალურობა შეურბილა ქეთიმ:) ძალიან მომეწონა.მე შენი ყველაფერი მომწონს.. `` უ დ რ ო ო ბ ამ``ძალიან კარგად შეკრა . ქეტს ფატალურობა შეურბილა ქეთიმ:)
3. რადგან მეორე შემთხვევაში წინადადება მეგობრისთვის მოყოლილ ამბავს ჰგავს და პირველ შემთხვევაში იგი აღქმულია, როგორც ერთობლიობა (გამოყოფილი "ზედმეტი სიტყვების" გარეშე) და მიზანმიმართულია მკითხველისადმი.
რადგან მეორე შემთხვევაში წინადადება მეგობრისთვის მოყოლილ ამბავს ჰგავს და პირველ შემთხვევაში იგი აღქმულია, როგორც ერთობლიობა (გამოყოფილი "ზედმეტი სიტყვების" გარეშე) და მიზანმიმართულია მკითხველისადმი.
2. საინტერესოა საინტერესოა
1. ეს ვითომ ლიტერატურაა- "როცა პირველად დამინახა ისე დამიწყო ყურება, თითქოს მის წინ ბროლის ქანდაკება იყო აღმართული." რომ დაგეწერა "ისე მიყურებდა როგორც ბროლის ქანდაკებასო" ან რაღაც მსგავსი, ვითომ რა იქნებოდა? რათ საჭიროა ამდენი ზედმეტი სიტყვა? ეს ვითომ ლიტერატურაა- "როცა პირველად დამინახა ისე დამიწყო ყურება, თითქოს მის წინ ბროლის ქანდაკება იყო აღმართული." რომ დაგეწერა "ისე მიყურებდა როგორც ბროლის ქანდაკებასო" ან რაღაც მსგავსი, ვითომ რა იქნებოდა? რათ საჭიროა ამდენი ზედმეტი სიტყვა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|