ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 მაისი, 2012


,,ახალი სიმართლე"- ალუზია, რემინისცენცია თუ... გალაკტიონი და ბესიკ ხარანაული?

    (ჩემი კრიტიკული ოპუსებიდან)


მშობლიური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილია ბესიკ ხარანაულის ლექსი ,,სად არიან შვილები".


სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია..

    რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  ქართული ენის მასწავლებელთა  ერთი ნაწილისთვის    ამ ორიოდე წლის წინ საჭირო გახდა კრიტიკოსთა დახმარება ამ ლექსის  ღირსებებში დასარწმუნებლად.  ჟურნალმა ,,ჩვენი მწერლობა '' თხოვნით მიმართა  ჩვენს საუკეთესო კრიტიკოსებსა და პედაგოგს ,  დაეწერათ საკუთარი შეხედულებანი  ლექსზე და  2010 წლის აპრილის  ნომერში ერთდროულად გამოქვეყნდა სამი წერილი:

თეიმურაზ დოიაშვილის ,საქართველო ქარია",  ლევან ბრეგაძის ,, შეშფოთებიდან სასოწარკვეთამდე" და გია მურღულიას ,,ანტისულიკო".

        რატომღაც არცერთ კრიტიკოსს, რომელთა  მაღალ პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, არ აღუნიშნავს  მათთვის ცნობილი ფაქტი ბესიკ ხარანაულის ლექსის  პირდაპირზე პირდაპირი  კავშირისა - გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა  თორმეტტომეულის აკად გამოცემის მეექვსე ტომში  ( გვ. 224) შესულ ლექსთან  ,,ახალი სიმართლე":

სად არიან ის გმირები,
მომფენელნი დიდი ნათლის
ის გმირები სად არიან?
გამაგონე ხმა სიმართლის...
სად არის ის, ვინც ამაყად
მოიტანდა ამ სინათლეს?
ის გმირები სად არიან,
გამაგონე ხმა სიმართლის.
                         
                              [1954 წ. დეკემბერი]


  რა უნდა იყოს  ლიტერატურის კრიტიკოსებისათვის  ლიტერატურაზე  უფრო დიდი ღირებულება?
    ამ ამბავმა დამარწმუნა, რომ თურმე ამგვარ  შემთხვევებში მათთვის არსებობს კიდევ ერთი  - მთავარი და წარუვალი ღირებულება - ადამიანი.
    ვფიქრობ, სწორედ ამის გამო ორმა  საუკეთესო კრიტიკოსმა და თანაც    წამყვანმა გალაკტიონოლოგმა  -  ამ ფაქტის გაუხმაურებლობით კეთილშობილების მაგალითი მოგვცეს უმცროს კოლეგებს:  მათ დიდსულოვნად დაინდეს ადამიანი, მით უმეტეს - პოეტი-ადამიანი.
    მე  კი, სამწუხაროდ, ასეთი  ცუდი მოწაფე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები