ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2012


-სადაც მე არ მინდოდა-

ამაღამ უძილობას არ დავიზარებ და ფრთხილად შევაღებ სივრცის კარს, იქით, აბსურდის ანარეკლში... გუშინდელი მოლოდინი  დღევანდელში ისევ მიიწურება. ისევ დაგლანდავ ჩვენს ,,ნახატ ბაღში,, , სადაც თავმომწონედ ყვავის ქრიზანთემა და მასში შენი ნაწილიც არის  - კეკლუცი და გრაციოზული. აქ წამები დანომრილია იმ წიგნის გვერდებივით მე რომ გიკითხავდი. გახსოვს რამდენ დროს ვუნდებოდი ერთი გვერდის წაკითხვას? ხან პეპელას დაინახავდი და აღფრთოვანდებოდი, ხან ჭიამაიას დაისვამდი ხელის გულზე, ის კი გაფრენას არ ჩქარობდა, ხან თეთრ ღრუბლებს ახედავდი საღამოს ცაზე, შენ რომ თავს გევლებოდნენ. ისეთი მშვენიერი იყავი ღაწვებზე ალუბლის ფოთლებიც კი გეალერსებოდა. მაშინ ოცნება იყავი ჩემი! უცებ ნიავი აბრეშუმის კაბას აგიფრიალებდა და მე მიწას მივაშტერდებოდი. ხელმისაწვდომი იდუმალება იჯექი იმ წამიდან ჩემს წინ და ეს მაშინებდა, რადგან არაფრით განსხვავდებოდი ალუბლის ყვავილებისგან, ქრიზანთემისაგან, პეპლისაგან, იმ თეთრი ღრუბლებისაგან. შენ თავად იყავი ბუნება. თავად იყავი ჰაერი, მიწა. შენ იმ წამს იყავი ჩვენი ,,ნახატი ბაღი,, ! ნიავი აბრეშუმის კაბას აგიფრიალებდა და ვერაგი წარმოსახვა - ფიქრის ჩვილი - მომაქანებდა  უკან, სადაც მე არ მინდოდა... აქ, საწუთროში... და მაშინ გშორდებოდი შენ და ბაღს! მაშინ ვხვდებოდი ადამიანი, სუსტი, ვნებიანი, წამოტკივებული სანერწყვე ჯირკვლებით..................................................................
    ამაღამ უძილობას არ დავიზარებ და, ჯანდაბას, გავხდები ისევ ადამიანი და მერე ზურგს შეგაქცევ... შენ კი ჩაგეძინება... ჰმ, საწუთრო!  საწუთრო  ნახატი ბაღია - ავტორმა თავად რომ დახია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები