ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2012


დედამ დამაკომპლექსა

როცა თიკოს ნათესავმა, ტანმორჩილმა დათომ მორიგი კომპლიმეტი მითხრა და სახლამდე გაცილება შემომთავაზა, თავაზიანიბის ნიღაბი მეგობრის ხათრითაც ვეღარ შევინარჩუნე. საკმაოდ უხეშად ვუპასუხე, რომ მისთვის არავის დაუვალებია ჩემი გარეგნობის შეფასება და რომ თავისი აზრი თავისთვისვე შეენახა. სახლს კი თვითონაც კარგად მივაგნებდი. ამ დროს უნებურად ხელი ჩამოვკარი ოქროს ზეწკვს, რომელსაც ანგარიშმიუცემლად ვაწვალებდი და იგი მედალიონთან ერთად წკრიალით დაეცა ასფალტზე. სანამ ძეწკვს ჩანთაში ვდებდი, შევნიშნე როგორ მიიდო დათომ თითი საფეთქელთან და დაატრიალა. თიკომ ხმამაღლა გადაიკისკისა.
-ამას წინა საუკუნეების მორალით აქვს თავი გამოტენილი. თვლის რომ კომპლიმენტი მარტო თავისი ოცნების, “წითელ ფერარიზე ამხედრებული უფლისწულისგან” უნდა მიიღოს. თუ ამასთან ურთიერთობა გინდა ძმაკაცურად მიუდექი.
-სწორედ გუშინ ვაპირებდი წითელი “ფერარის” გამოწერას, მაგრამ სულ რაღაც ორასიათასი დამაკლდა. მამაჩემსაც ელიავბაზე სან-ტექნიკის მეფეს ეძახიან.-უკვე გაუბედავად გაიხუმრა დათომ.
ამ დროს ყვითელი ავტობუსიც ჩამოდგა. ცოტა არ იყოს ცალყბად დავემშვიდობე მათ და სწრაფად ავედი.
ცარიელი სკამების მიუხედავად დაჯდომა ფიქრადაც არ მომსვლია. ვდგევარ და გულში გეგმებს ვაწყობ: ხვალ თიკოს რა შავ დღეს დავაყრი “წითელი ფერარის” გამო.
რადგან პირით კარებისკენ ვიდექი, ანგარიშმიუცემლად ყველა ამომსვლელს ვათვალიერებდი. სმენამ უნებურად დაიჭირა, როგორ ყვებოდა ვიღაც შვებანარევი სიამაყით, რომ ეს წუთია ზიარება მიიღო და ჩიტივით მსუბუქად გრძონდა თავს. მივიხედე და სანდომიანი სახის, სამოცდაათ წლამდე მამაკაცი დავინახე. თავისივე ასაკის ქალბატონს ესაუბრებოდა. არ ვიცი ასეთი შური რა ფერს ატარებს, მაგრამ გულწრფელად მშურს მათი, ვისაც ღვთიური სიმშვიდის სხივი უკრთით თვალებში. ვერა და ვერ შთავაგონე თავს, რომ მზად ვარ ეკლესიური ცხოვრებისთვის. მომენტალურად დამეუფლა მაჟორული განწყობა. ვიგძენი, როგორ გამითბო გული მთელი კაცობრიობის სიყვარულმა. საუბრით გართულიMმოხუცი კი ცნობილ თემას -“რას გვიშვება ეს მთავრობა” შეეხო, რომელიც ისეთი მოულოდნელი დასკვით დააგვირგვინა, გაოცებისგან პირი. დავაღე (პირდაპირი მნიშვნელობით). ამ ღვთისმოსავმა კაცმა ლანძღვის ზარხოშში შესულმა წამოიყვირა,
-არა ბატონო,  რევოლუციის და იარაღის მეტი ვერაფერი გვიშველის.
როგორც ეს უამრავჯერ მომხდარა, ახლაც საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე გვიანი რეაქციის გამო. გულში სულ ბოთე და დოყლაპია ვეძახე ჩემს თავს, რადგან მხოლოდ მაშინ მოვიფიქრე მოხუცისთვის ერთი ბანალური შეკითხვა დამესვა, როცა ის ავტობუსიდან ჩადიოდა: “ბატონო, იცით თუ არა, როგორ დამოკიდებულებაშია ის სისხლისღვრასთან, ვისი სახელითაც ახლახანს ეზიარეთ?” საინტერესო კი იყო რას მიპასუხებდა.
კიდევ დიდხავს გავაგრძელებდი გულში მოხუცის განკითხვას და ჩემს შეკითხვაზე სავარაუდო პასუხების განხილვას, ავტობუსში თვალშისაცემად მიმზიდველი გარეგნობის ბიჭი რომ არ ამოსულიყო. ზუსტად ისეთი ჩემი “ოცნების უფლისწულობას” რომ დაიმშვენებდა. მაღალი, მხარბეჭიანი, შავი, ტალღოვანი თმით, მაღალი შუბლით და მეტყველი, ყავისფერი თვალებით. მერე რა, თუ წითელი “ფერარი” არ ეყოლება, ოღონდ “ის” იყოს და თუნდაც წითელი “ჟიგულიც” ნუ ეყოლება. მანაც მაშინვე შემამჩნია, დინჯად წამოვიდა და გვერდით დამიდგა.
პერიფერიული მხედველობით ვამჩნევ, როგორ მონუსხულივით მიყურებს. მისკენ გახედვას ვერ ვბედავ, მაგრამ ვგრძნობ, რაოდენ მოხიბლულია ჩემით. სულ ახლოს მიდგას. ვიცი რომ პროფილი (არა მარტო მარჯვენა) მშვენიერი მაქვს, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. უხერხული რომ არ იყოს მხრებზე დაფენილ თმებს შევისწორებდი. ის კი აღტაცებისგან საუბრის დაწყებასაც ვერ ახერხებს. ჯერ, ალბათ მაკვირდება, ხვდება, რომ მის დაჟინებულ მზერას ვამჩნევ და მაინც შეხედვას ვერ ვბედავ. მერე, ალბათ ზარის გაშვებას მთხოვს... მერე გაცილებას რომ შემომთავაზებს უნდა დავთანხმდე თუ არა? აჯობებს თუ უკეთეს ხერხს მოიფიქრებს. თუნდაც მეტყვის, რომ მასაც იგივე გზა აქვს...ასეთი თვალების პატრონი ჩემსავით “ლუი არმსტრონგზე” იქნება გაგიჟებული, “30 სეცონდს ტო მარს”-ის ფანი იქნება და “გალაკტიონის” მხატვრული სახეების ღრუბლებსა და ფოთლებში დანახვაც შეეძლება. იმდენად ჩემნაირი იქნება, ჩემი ფიქრების უსიტყვოდ ამოცნობაც არ გაუჭირდება.
როგორი ნიშნისმოგებით ვეტყვი დედაჩემს: აი დედა თუ არ არსებობენ ოცნების უფლისწულები-მეთქი. დედაჩემი მთელი ცხოვრება საპირისპირო სქესისადმი დამოკიდებულებაში სკეპტიციზმს მინერგავდა: შენი ღირსება ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენოო; მათ უფლება არ მისცე, რომ კოლექციიც ნაწილად გამოგიყენონო: გახსოვდეს, საბაბი არავის მისცე, რომ ქარაფშუტულად გაგეარშიყოსო. საკუთარ თავს თავისუფალ მოაზროვნედ ვთვლი, მაგრამ ვგრძნობ დედას მაინც უდიდესი გავლენა აქვს ჩემზე. ან კი როგორ გინდა მისი კეთილგონივრული შეგონებები უგულებელყო. დედას საოჯახო საქმეების შემდეგ სულ კლასიკოსთა ნაწარმოებებში აქვს თავი ჩარგული, მაშინ, როცა ჩემი მეგობრების დედები მექსიკურ სერიალებზე კარგავენ ჭკუას. ალბათ ამიტომაც ვარ ჩემი კურსელი გოგოებისგან განსხვავებული, “წინა საუკუნის გადმონაშთი”. მათ უმრავლესობას არსებობა ვერ წარმოუდგენიათ “ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების” გარეშე და ზოგიერთს უბრალო ინტერესის გამოც გაუჩენიათ პარტნიორი. სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი “ბებრული” მოსაზრებები. მე ხომ სიმდაბლედ მივიჩნევ სექსს დიდი, სამუდამოდ დასახული სიყვარულის გარეშე. ამას წინათ ერთმა გოგომ ასე დასვა საკითხი: რატომ არ უნდა დავწვე ახალგაცნობილ ბიჭთან, თუ მისი გარეგნობით მოვიხიბლები? მე ვკითხე: თუკი ასეთი ათასი კაცი არსებობს ყველასთან დაწვები? ვერაფერი მიპასუხა. გულში კი ღმერთმა იცის რა იფიქრა. მე მაინც ვცდილობ მეგობრებს თავს მოვახვიო ჩემი “ბებრული” პრინციპი, რომ სწორედ ისაა სიჯანსაღე, ადამიანმა საკუთარ ინსტიქტებზე ბატონობა შეძლოს.
დედას რომ ეს დიალოგი ვუამბე წონასწორობიდან გამოვიდა. “როგორ, ადამიანი ქათამივით უნდა დაჩინჩლაობდეს საკუთარი ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და მეორე წუთს აღარც კი ახსოვდეს ეს კავშირი? ვაი ჩვენს პატრონს, თუ კი ეს ითვლება ჩვენში “ქალთა ემანსიპაციად”. ნუთუ ცივილიზაცია იმას ნიშნავს, რომ მარტო ბნელი მხარეები უნდა შევითვისოთ?!”. საკმაოდ დიდხანს იბობოქრა.
ახლა, უკვე ოცდასამი წლის ვარ და ბოლოს შეყვარებული რვა წლის ასაკში მყავდა. ახლაც მეღიმება როცა ვიხსენებ, როგორ მომართვეს ზურამ და დათომ ზიარად ნაყიდი “სნიკერსი” და ერთხმად, საზეიმოდ გამომოცხადეს-“ჩვენ გვიყვარხარ”. ‘მეც”-ვუპასუხე მოკლედ და “სნიკერსის” ჭამა დავიწყე. პირველს ზურას უმტყუნა ნებისყოფამ. “მომიტეხე რაა.”-ყელგამოწვდილმა შემეხვეწა. მერე დათომაც მიბაძა. მოკბეჩილი “საჩუქარი” უკანვე მივაჩეჩე ბიჭებს და ორთავეს გავებუტე.
Aამ ბოლო დროს დედამ ოდნავ შეცვალა რიტორიკა: “ცოტა კეკლუცობა არ გაწყენდა, მთლად მუდო კი არ უნდა იყო. იდეალური მამაკაცები არ არსებობენ, ბიჭისგან ცოტა ნაკლსაც უნდა შეეგუო, მთავარია გულწრფელად უყვარდე. საქმე ის არის, ასეთ ადამიანში რომ დაინახავ შენი “ოცნების უფლისწულს”. გახსოვდეს-გარეგნობა ხშირად მაცდურია.” ერთხელMმისი და მამას ურთიერთობაც კი მომიყვანა მაგალითად: “შენი პუტკუნა და მელოტი მამა იქამდე მეგონა სრულყოფილი “უფლისწული”, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სავარძელში მიკალათებულმა ჭექაქუხილის მსგავსი გრუხუნი არ გამოსცაო”...
მაგრამ ამდენ ხანს რატომ არაფერს მეუბნება ეს ჩემი “უფლისწული”? თუ არ მოვწონვარ, მონუსხულივით რატომ მომჩერებია? იქვებ ესიც ჩემსავით გაუბედავია. ორი გაჩარაბაღა დარჩა ჩემს სახლამდე. ასეთი დაკომპლექსებული რომ არ ვიყო, ჩემს ზღვისფერ, ღიმილით გაცისკროვნებულ თვალებს შევანათებდი და პირველი ნსაბიჯის გადადგმას გავუადვილევდი.
ამ ჭოჭმანში ვარ, რომ ავტობუსი გაჩერდა და უცებ საშინელება მოხდა: ეს ჩემი “უფლიაწული” ადგილს მოწყდა და თითქმის სირბილით ჩავიდა. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ერთმა შუახნის ქალმა შეშფოთებული ხმით მითხრა,
-დედა, შვილო, ნახე ჩანთაში ყველაფერი ადგილზეა? ის ბიჭი მთელი ათი წუთი აფათურებდა შიგ ხელებს. ვეცადე მენიშნებია, მარა ახლანდელი ახალგაზრდები ისე ხართ გაჩიჩინებულები, რომ ამქვეყნიურის აფერის ჭკუა არ გეკითხბათ.
ჩანთა შევამოწმე. აღარც საფულე იყო და აღარც ძეწკვი და მედალიონი. ვიგრძენი რიგრიგობით როგორ გადამიარა იქვე, ქუჩაში მდგარი შუქნიშნის სინქრონულად სირცხვილის, იმედგაცრუების და სიბრაზის ფერებმა. მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ერთ დღეში უკვე მეორედ შევცდი თვალებიდან სულის ამოკითხვაში.
კიდევ კარგი მალე მივედით ჩემს გაჩერებასთან.
აღარ მახსოვს სადმე წაკითხული შევითვისე თუ მე თვითონ მოვიგონე ეს ფორმულირება, მაგრამ იმ წუთში სწორედ ამ მეტაფორის ხორცშესხმული განსახიერება ვიყავი: “ვინც ოცნებებში ძალიან მაღლა დაფრინავს, მისი მიწაზე დანარცხება საშინლად მტკივნეული იქნება.”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები