ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


***

თავი მოვიტყუე მონ-შეღ,
ალბათ, სირაქლემას ვგავარ.
უკუ აღარ ისვრის ქოშებს,
ჩემზე გულმოსული კაბა...
ქოთნის ყვავილები ჭორებს
შემხმარ ფურცლებივით ყრიან.
მე არ მოვინდომე, თორემ...
არც რა იქნებოდა გვიან.
ისევ საზეპირო როლი,
დრამის გადაქცევა ფარსად.
ისევ თვინიერი ცოლი,
ქმარიც არ წასული არსად...
შენ თუ გაგენდობი, მონ-შეღ,
ფიქრით ათას ერთი ღამის.
ზავის ბაირაღებს შორს ფენს,
ჩემგან გაქცეული წამი...
ისევ თავს ვიტყუებ, მონ-შეღ,
გარეთ ფასადი ჩანს მყარი.
იქნებ, ჯერ არ მინდა მორჩეს,
როლი დრამატული ქალის...
თითქოს სიმშვიდეა სრული,
მიზეზს ვერ პოულობს ღელვა.
განცდებს ისე კარგად ვუვლი,
ლამის გამიკვირდეს - მე ვარ?..
მინდა ქარიშხალი მონ-შეღ,
მინდა ქარბორია მერქვას.
-დღეს მაქვს სანაქებო ”ბორში”,
ხომ არ გვესადილა ერთად?..
          07.06.12



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები