 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პროზა 13 ივნისი, 2012 |
ამ დილით ყველაფერი თითქოს სხვანაირად დაიწყო, არა ისე, როგორც ყოველთვის. უცნაურ ფორიაქს შეეპყრო მთელი სხეული. გული გამალებით უცემდა. ანგარიშმიუცემლად დასწვდა ჭუჭყიან შარვალს, ვიწრო გოლიფეში ზანტად გაყო გაყინული ფეხები, მთელი ღამე რომ ვერაფრით გაითბო. გათოშილი ხელისგულები ერთმანეთს მოუსვა და წელში ოდნავ მოხრილი წავიდა ბუხრისკენ. გუშინღამ შეკეთებულ კუნძსაც დაზარებოდა ბოლომდე ჩანაცვრა, საბოლოოდ დანებებოდა სიცივეს. ჭუჭრუტანიდან მზე აღწევდა სინათლის ვიწრო ზოლებად. ფანჯარაზე ჩამოფარებული ბრეზენტის ძველი ნაჭერი გადასწია და დოინჯშემოყრილმა გადახედა ეზოს. დილის მზეზე აციმციმებულმა თოვლმა თვალები მოსჭრა. ყველაფერი მოსაბეზრებლად ერთფეროვანი მოეჩვენა. ნაჭერი ისევ ჩამოაფარა და ოთახში გაიარ-გამოიარა. უცებ ვერაფერი გაარჩია, თითქოს ერთბაშად ჩამობნელდაო. თვალები მოიფშვნიტა და ტახტისკენ ბარბაცით გაემართა. ხელებით ტახტის კიდეებს დაებჯინა და ღრმად, გულიდან ამოიოხრა. სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ სახლში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბუხარში ყოველთვის ცეცხლი გიზგიზებდა. სამი ცელქი ბიჭი ამ ტახტზე ყირაზე გადადიოდა და ერთმანეთს ეძიძგილავებოდა. უმცროსი ბუთხუზა ხშირად ვეღარ უძლებდა უფროს ძმებთან ჭიდაობას და ხან ტირილით, ხანაც ბუზღუნით ააძვრებოდა მამას კალთაზე. მოფერება და ალერსი არ ეხერხებოდა ლავრენტს, ერიდებოდა კიდევაც გრძნობის გამოხატვას, მაგრამ ამ პატარა, მრგვალი და აბუზღუნებული ბიჭუნას დანახვაზე თვალებში უცნაური სხივი აუკიაფდებოდა ხოლმე და ნაძალადევი ბრაზით გადასძახებდა უფროსებს: - მოერიეთ, არა, თქვენზე პატარასო?! ისინიც წამით გაყუჩდებოდნენ, რომ მკაცრი მამის სახეზე ამოეკითხათ, მართლა გაბრაზდა, თუ არა. მერე დამშვიდებულები ისევ განაგრძობდნენ ჭიდაობას. ასე შეეძლოთ მთელი დღის გატარება, მაგრამ ოჯახის საქმეებს შეჭიდებული ნან ხშირად უხმობდა ბიჭებს დასახმარებლად და ისინიც უსიტყვოდ ასრულებდნენ დედის დავალებას. ნან, როგორც წესი, ღუმელთან ტრიალებდა. მისი დაუშრეტელი ენერგია ამოუხსნელი გამოცანა იყო ყველასთვის. მის ირგვლივ ყველაფერი წკრიალებდა და ყოველთვის გემრიელი საჭმლის სუნი გამოდიოდა განიერი სამზადიდან. ნანს გარჯასთან ერთად გამჭრიახ გონებასაც უქებდნენ და ხშირად რჩევის საკითხავადაც მოდიოდნენ ხოლმე მასთან. კაცის საქმეებსაც არ ერიდებოდა ნან, შეშასაც დაჩეხავდა, თუ ქმარი არ იყო შინ, ყანასაც გათოხნიდა და სადმე ამომძვრალ ლურსმანსაც მოხერხებულად ჩააჭედებდა. და, თუმცა ამგვარი საქმიანობა იმ დროისათვის ქალისთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა, ნან რატომღაც არავის დაუძრახავს. არც იმას უთვლიდნენ საძრახად, რომ სულის მოსათქმელად ეზოში კუნძზე ჩამომჯდარი, თუთუნს ოსტატურად გაახვევდა გაზეთის ნაგლეჯში, კოჟრიან ხელებს გაოფლილ სახეზე დინჯად ჩამოისვამდა და კაცივით გააბოლებდა. ისე ნათლად წარმოიდგინა ეს სურათი ლავრენტმა, უნებურად კარებისკენ გაიხედა. თითქოს ეს-ესაა აივანზე ნანის ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემოვა და ბუხართან დაჩეხილ შეშას დაყრის, კუთხეში სწრაფად მიალაგებს და ცეცხლსაც შეუკეთებსო. მაგრამ გარედან მხოლოდ ქარის შორეული სტვენა შემოდიოდა და დროდადრო მონოტონურად რაკუნობდა კარის სახელურზე უსარგებლოდ დაკიდული ურდული. ფიქრებიდან გამოერკვა. - ეეჰ, დაღამებულაო, - ჩაილაპარაკა, თუმცა ჯერ მხოლოდ სადილობის დრო თუ იქნებოდა. სამზადში შეფრატუნდა, სამფეხთან დაგდებულ, სახელურმომძვრალ და სულ ერთიანად გაშავებულ ქვაბს ჩახედა. ღომის ნარჩენები ქვაბის კიდეებს მიხმობოდა და ისეთი უსიამო სანახავი იყო, მშიერ კაცსაც რომ გაუფუჭებდა მადას. - გადავალ ერთი თუთბერიებთან, ლუბას სადილი ექნება ნამდვილად გამზადებული... სხვა რა გზაა! - დაირწმუნა თავი ნათესავთან სადილად გადასვლის აუცილებლობაში და უკვე ჩქარი ნაბიჯით შემობრუნდა ოთახში. გულდასმით ჩამოიბერტყა შარვლის დაჭმუჭნილი ტოტები, ქამარი შემოირტყა წელზე, ნანის შეკერილი სქელი ხალათი შიგ ჩაიტანა, საკმაოდ განიერი შარვალი ქამრით შემოინაოჭა. მხრებში გაიმართა, კუთხეში დაკიდული შავი ნაბადი ოსტატურად შემოიცვა, ყაბალახი ოდნავ გვერდზე ჩამოიწია და აზიაცკების ჭრაჭუნით ოთახში გაიარ-გამოიარა. აივანი კოხტა ნაბიჯებით გადმოჭრა და სანამ კიბეზე ჩასვლას დაიწყებდა, ამაყად გადაისვა წვერ-ულვაშზე ხელი. აქაოდა, არ გეგონოთ, ლავრენტი ცოლის გაქცევამ დააბეჩავაო. ფეხი ღრმად ჩაეფლო თოვლში და ამ ჭრაჭუნზე ლავრენტს თითქოს ჩაესმა ნანის საყვედურიანი ხმა: - რა იყო, ყაზახო, თოვლსაც მე ხომ არ ჩამოგიხვეტავ კიბიდან?! ლავრენტმა მკაცრად გაიხედა გვერდზე, ისე, როგორც ყოველთვის აკეთებდა, როცა ცოლისგან რაიმე შენიშვნას გაიგონებდა. შეცბუნებული მიხვდა, რომ მხოლოდ ჩაესმა და მოაჯირს ჩაბღაუჭებულმა ნელა ჩამოიარა კიბე. ჭიშკართან დახორებული თოვლი ფენა-ფენად დაყინვოდა მიწას. ლავრენტმა ძალა დაატანა და აჭრიალებული ჭიშკრით გადახვეტა გვერდზე. მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას. ცდილობდა ღობესთან ახლოს ევლო, სადაც ჯერ ფეხდაუდგამი თოვლი ურმის ბორბლებისგან ატალახებულ ქუჩას ქათქათა ზოლად გასდევდა. დინჯი, გამოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა. არასოდეს აჩქარდებოდა. ვერც დაღლას შეატყობდი, ვერც რაიმეთი შეწუხებას. შეჩვეული იყო გარეშეებზე ზრუნვასა და ფიქრს. არც მეზობლებისა და ნათესავების ოჯახებში არაფერი გადაწყდებოდა ლავრენტის რჩევის გარეშე. ბრძენი კაცის სახელი ჰქონდა, ჭკუა მართლაც უჭრიდა, მაგრამ სულ სხვებზე ფიქრით გადაღლილი, არასოდეს დაფიქრებულა, საკუთარ ოჯახში რა ხდებოდა ან რატომ ხდებოდა. მთელი დღის შრომისაგან ქანცგაწყვეტილი ნან საღამოს ტახტზე წამოწოლილ ლავრენტს ხმადაბლა შეაპარებდა, ისე, თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო: - ყანაში გადავედი დღეს, გათოხნა სჭირდება უკვე. ჭყონიებმა მთელი კვირაა გათოხნეს. ჩვენსასაც უნდა მიხედვა, თორემ გაფუჭდება მერე... ლავრენტი ჩაფიქრებული მიაჩერდებოდა ერთ წერტილს, თითქოს არც გაუგონიაო. - იგრიკო გავიყოლე და ვთოხნეთ ცოტა ხანს, მაგრამ რას გავხდებოდით. დაიღალა ბავშვი და მეც სადილი ხომ უნდა გამეკეთებინა. შუადღეს წამოვედით აქეთ და არ ვიცი ახლა რა ეშველება მაგას! - განაგრძობდა ნან. არც ახლა გასცემდა ხმას ლავრენტი. წარბსაც არ შეარხევდა. ცოტა ხანში ზანტად წამოწევდა მუთაქიდან სოფელზე ზრუნვით დამძიმებულ თავს და ტახტზე წამოჯდებოდა. დილით კი, უთენია, ცოლ-შვილის გაღვიძებამდე წამოდგებოდა, თუთუნს გულმოდგინედ გაახვევდა „ყაზახის” * ნაგლეჯში, მხარზე გრძელტარიან თოხს გაიგდებდა და ყანისკენ ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით გაემართებოდა. მთელი თვე გავიდოდა ისე, ქალს ხმას არ გასცემდა. ყანაში რომ სადილს ჩაუტანდა ნან, უხმოდ დაჯდებოდა საჭმელად, არც კი შეხედავდა ცოლს. ქალიც, სადმე გვერდზე ჩამომჯდარი, თუთუნს გააბოლებდა და მერე ქმართან ერთად თოხნიდა თვითონაც. მერე ცალ-ცალკე მობრუნდებოდნენ შინ. ქმარზე ადრე დაბრუნებული ნან ბიჭებს მოიკითხავდა, ყველაზე ცელქ გუჩას ერთი-ორი სიტყვით დატუქსავდა, კალთაზე აბღატებულ შოთიკოს თავზე ხელს გადაუსვამდა და ნაჩქარევად შევარდებოდა სამზადში, რომ ვახშმის თადარიგი დაეჭირა. შეშა თუ იყო დასაჩეხი, ნან ისევ გამოძებნიდა მოხერხებულ დროს, ქმარს შეაპარებდა, - საზამთროდ შეშას მე რას დავჩეხავ, ორი დღის საკმარი დავჩეხე და ა, ხელისგულები როგორ გადამეფლითაო. ლავრენტიც მეორე დღეს ნაჯახს ალესავდა და იმდენს დააპობდა შეშას ზამთრისთვის, ორ-სამ ოჯახს რომ ეყოფოდა. ერთ დილით სისხამზე წამომდგარმა ნან ჩაცმისას თავისთვის წაიბუტბუტა, ქმრისკენ არც გაუხედავს: - ფერაძეებს გასჭირვებიათ, თურმე, ძალიან. გურამი მომიყვა, შენი ბიძაშვილი. მაგათი ცოდვით დავიწვიო, პური ენატრებათო ბავშვებს... პასუხს არც დალოდებია. საწოლის კარები უხმოდ გამოიხურა. ცოტა ხანში ჭიშკრის ჭრიალზე სამზადიდან გამოიხედა ნან და თვალი შეასწრო შარაზე მიმავალ, ორივე იღლიაში პურებამოჩრილ ლავრენტს. იმ დღიდან მთელი წელიწადი დაჰქონდა მას საჭმელი და ნანის გამომცხვარი პური ფერაძეებთან გალიდან ოჩამჩირეში. რკინიგზაზე მუშაობდა ლავრენტი. საღამოს, სამუშაოს შემდეგ დინჯად დაადგებოდა რკინიგზის რელსებს. ოჩამჩირედან დაბრუნებას შუაღამემდე უნდებოდა. ნან გაუხდელად წამოწვებოდა შოთიკოს საწოლზე და ქმრის დაბრუნებამდე წასთვლემდა. კარის ხმაზე წამოხტებოდა, საჩქაროდ გამოუტანდა ვახშამს, თვითონ ბუხართან ჩამოჯდებოდა სამფეხა სკამზე და ცეცხლს შეუკეთებდა. - როგორ არიან? - იკითხავდა ზოგჯერ ქალი. - არიან! - გადმოუგდებდა ლავრენტი, ღრმად ამოუსვამდა პურის ან მჭადის მოზრდილ ნაჭერს ლობიოს და დინჯად განაგრძობდა ღეჭვას. უცხო იფიქრებდა, ესენი უბრად არიანო. არადა, პირველივე დღიდან ასე აეწყო მათი თანაცხოვრება. ნან შეეგუა ამას და არც ცდილა რაიმე შეეცვალა. თუმცა, ქალებთან არაერთხელ უთქვამს, როცა ლავრენტის კაიკაცობაზე და ბრძენკაცობაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი: - მე კი გამიშრო სისხლი მაგ ბრძენმა და აბა, რა ვიცი!.. ლავრენტს რომ შეუქებდნენ ცოლს, გამრჯე და ჭკვიანი ქალი შეგხვდაო, გრძელ, დახვეულ ულვაშებზე ამაყად გადაისვამდა ხელს და - ჰო, არა უშავს!-ო - ჩაილაპარაკებდა.
*** - ლავრენტ, გამარჯობა შენი! - სულ ახლოს ჩაესმა და ფიქრებიდან გამოერკვა. - ოჰ, გაგიმარჯოს ღმერთმა! - მიესალმა მეზობელს ლავრენტი. - რამდენი მოუთოვია წუხელის, ჰა! - კარგი მოსავალი იქნებაო, იტყვიან. - თოვლი არ მოიყვანს მოსავალს, კაცმა უნდა მოიყვანოს თორემ! - თქვა ლავრენტმა და გზა განაგრძო. - ეგეც მართალი! - თოვლის ჭრაჭუნმა ჩაახშო მეზობლის ხმა. თუთბერიების მოსახვევში კამეჩები ზლაზნვით მოათრევდნენ დაჩეხილი შეშით პირთამდე სავსე ურემს. გვერდზე სიცივისგან წელში მოხრილი, გამხდარი კაცი მიუყვებოდა. შიგადაშიგ შესძახებდა - ჰე, ჰეე!-ო და თხილის წნელს გადაუჭერდა თავის მხარეს მიმავალ კამეჩს. ლავრენტს რომ მიუახლოვდა, ქუდი მოიხადა. - გამარჯობა, ლავრენტ ბატონო!-ო, - მოწიწებით მიესალმა, ლავრენტის პასუხს დაელოდა და ნაჩქარევად ჩამოიფხატა გაცვეთილი ბოხოხი მოტიტვლებულ თავზე. ურმის ჭრიალი ჯერ არ მიწყნარებულიყო, ლავრენტმა თუთბერიების ჭიშკარი რომ შეაღო. - ოჰ, რა კარგ დროს მოხვედი, რომ იცოდე, ლავრენტ! შენ გახსენებდით ახლა სწორედ. - გაბადრული სახით გამოეგება მასპინძელი, ხელი ჩამოართვა და ფაცხაში შემოიპატიჟა, როგორც ჩანდა, სასურველი სტუმარი. შუაცეცხლთან მდგარ ტაბლაზე ახალამოღებულ ღომს მადისაღმძვრელი ორთქლი ასდიოდა. მთელ ფაცხაში გემრიელი ლობიოს სუნი ტრიალებდა და ცეცხლივით წითელი მწნილი ამოჰქონდა დიასახლისს უშველებელი ქვაბიდან. ამაზე უკეთეს სადილს ვერც ინატრებდა გუშინ დილიდან უჭმელი კაცი, მაგრამ ლავრენტმა თავიდან შორს დაიჭირა. - არა, არა, ვისადილე ამწუთს და მერე წამოვედი თქვენთან, ვიფიქრე, კაპტოსთან ვისაუბრებ-მეთქი. - აჰ, რას ამბობ, ლავრენტ, შენი ჭირიმე! მოიწიე აქეთ, დაბრძანდი. როგორ შეიძლება ასე! ვილაპარაკოთ აგერ ტაბლასთან, ცოტა ჭაჭაც დავლიოთ და გავხურდეთ, თორემ ხომ ხედავ, რა ამინდია!.. ბევრი პატიჟის მერე ლავრენტმა ფაცხის კუთხეში დაკიდა ნაბადი და დაბალ სამფეხზე ჩამოჯდა. ლუბამ სულგუნის მოზრდილი ნაჭერი ლავრენტის ღომში ჩადო, დანარჩენი ფაცხის ბოლოში მდგარი პატარა ტაბლისკენ წაიღო და იქ ჩუმად მიყუჟულ ბავშვებს გაუნაწილა. სტუმარს კიდევ ერთხელ დასჭირდა მიპატიჟება, - ჭამე, სანამ გაცივებულაო. - არ მშია, მართლა! - ნაძალადევად იმართლა თავი ლავრენტმა, მაგრამ, როცა შენიშნა, ცხელ ღომში ჩადებულ სულგუნს ირგვლივ ცხიმის რა გემრიელი არშია გაეკეთებინა, მორიდებულად გადაყლაპა ნერწყვი და ხალათის კალთები აიკეცა.
*** თვეზე მეტი იყო, ლავრენტს ცხელი სადილი არ ეჭამა. მოკლედ, იმ დღიდან, როცა ნან პატარა შოთიკოს დაავლო ხელი და ძმასთან, სოფელში წავიდა. თავიდან ლავრენტი მალავდა ცოლის გაქცევას. ყველგან იმას ამბობდა, ძმა გაუხდა შეუძლოდო, მაგრამ მალე ნათესავებში ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა და ყველამ გაიგო ნანის გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი. მამასთან დარჩენილი იგრიკო და გუჩა დილით რომ გაიპარებოდნენ სახლიდან, გვიან ღამით ჩუმადვე შემოიპარებოდნენ ოდაში და ხშირად მშივრები მიწვებოდნენ თავ-თავიანთ ლოგინებზე. ხანდახან გუჩა გაყინულ ტერფებს იღლიაში შეუცურებდა იგრიკოს და მოკუნტული ჩაიძინებდა. იგრიკოს კი დიდხანს ეღვიძა, ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა და როდის-როდის მოერეოდა ძილი. ერთ დილით ლავრენტს ჭიშკრიდან ძახილი მოესმა. კოტე ვარდანია იყო, მეზობელი, საჩივლელად იყო მოსული: - შენი გუჩა, ბოშა მეზობლებთან ერთად, ჩემს ბეღელში შეპარულა და კვახები სულ ამოუკრეფიათო. ლავრენტს მეზობლისთვის არაფერი უთქვამს. ბიჭების საწოლში შევიდა გაფითრებული. მძინარე გუჩას მკლავში ხელი წამოავლო და ლოგინიდან წამოაგდო. - შე მამაძაღლოო! - დაუღრიალა და კეფაში მთელი ძალით ჩაარტყა ძლიერი ტორი. გუჩამ წაიბორძიკა, კედელს დაეტაკა და იქვე ჩასრიალებულმა ამოიხრიალა: - რა იყო, ბაბა?! - ძაღლისშვილი ხარ და ეგ იყო! - დაიღრიალა ისევ ლავრენტმა, გუჩას ქეჩოში წვდა, წამოაყენა და კარებისკენ უბიძგა. სახე უკვე წამოჭარხლებოდა, ხმის ამოუღებლად მიათრევდა ქეჩოთი შეშინებულ ბიჭს. ოდის გვერდზე ბოძთან მიიყვანა, სადაც საქონელს აბამდა ხოლმე. გუჩა თოკით მაგრად მიაბა ზედ და თხილის წნელით ისე მწარედ სცემდა, რომ აბღავლებულ, ძალაგამოცლილ ბიჭს მალე თავი უღონოდ ჩამოუვარდა. აქლოშინებულ ლავრენტს სიწითლემ გადაუარა. სახე ისევ გაუფითრდა, ოდაში შევარდა და ბუხრის წინ ჩქარ ბოლთის ცემას მოჰყვა. სუნთქვაშეკრული იგრიკო ოდის აივნიდან უყურებდა ყველაფერს. ერთიანად აიტანა ცახცახმა. ისე მისჩერებოდა მათ, ვერ მიმხვდარიყო, რა ექნა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ოდაში შესულმა მამამ მასაც შეუღრინა: - წაეთრიე აქედანო! - და კარები მაგრად მოიჯახუნა. იგრიკომ სწრაფად ჩამოირბინა კიბის საფეხურები. გულწასულ ძმას თოკები შეახსნა და არაბუნებრივი ხმით ჩასძახოდა: - გუჩა! გუჩა! გუჩააა! იმ დღეს ბიჭებმაც მიატოვეს ლავრენტი. ერთი კვირა გასულიყო მას მერე. ნათესავმა კაცმა ამბავი მოუტანა ლავრენტს, ნან საშინლად გაბრაზებულა ამ ამბის გაგონებაზეო. ასე რომ, მარტო შიმშილის გამო არ მოსულა თუთბერიებთან ლავრენტი. ცოლ-შვილის ამბავიც უნდოდა გაეგო. თუმცა თვითონ არავითარ შემთვევაში არ იკითხავდა არაფერს, მაგრამ იცოდა, თავისთავად ჩამოვარდებოდა ლაპარაკი. ან იმაში როგორ გამოტყდებოდა, როგორ მონატრებოდა თბილი კერა, ნანის გამზადებული საჭმელი და ტახტზე მოჭიდავე ბიჭების ხმები. თვეზე მეტხანს არ ენახა ბუთხუზა შოთიკო. მის გახსენებაზე ზედა ტუჩი აებუზებოდა ხოლმე და ულვაშის წვერი ოდნავ შესამჩნევად აუცახცახდებოდა ლავრენტს. ახლაც, მათ გახსენებაზე, ღომიან-ყველიანი ლუკმა ძალით ჩაყლაპა და ჩუმად, რომ არავის შეენიშნა, ამოიოხრა. კაპტომ ჭაჭით სავსე ჭიქას წამოავლო ხელი, ლავრენტისას მიუჭახუნა და - აბა, შენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს, ღმერთმა მშვიდობა მოგვცესო! - თქვა. ის იყო, ლავრენტსაც უნდა აეღო ჭიქა, რომ ჭიშკრიდან ნაცნობი ხმა გაიგონა და... გაშრა. კაპტოს უფროსმა ბიჭმა ჭიშკრისკენ გაიხედა და შეცბუნებულმა თქვა: - ნან მოდის! უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ლუბა! - ხელმეორედ გაისმა ძახილი. დიასახლისი საჩქაროდ წამოდგა და ხმისამოუღებლად გაემართა ჭიშკრისკენ. - მობრძანდი, ნან! - აქაა ჩემი ყაზახი?! - მისალმების ნაცვლად იკითხა ნან. - კი. - ძლივს ამოღერღა ლუბამ. ლოყები აწითლებოდა ნანს, აღელვებული ჩანდა და დაღლილი. - გამარჯობა თქვენი! - მიესალმა ნან ფაცხაში მყოფებს. - მობრძანდი, ნან! - მიეგება ღიმილით კაპტო. ნან არც კი შეხედა მასპინძელს, ზურგით მჯდომი ქმრისკენ გაიწია და გაცხარებულმა მიაყარა: - დადიხარ შენ ნათესავებთან, ჭამა-სმას არ იკლებ. ისე იქცევი, არაფერი მომხდარა ვითომ. მე ხომ გამიშრე სისხლი, ახლა ჩემს შვილებს მოუშხამე ცხოვრება. იმას შეგარჩენ გგონია, ბავშვი რომ კინაღამ მომიკალი?! - იქნებ ჯერ გეკითხა, რა დააშავა და მერე გეთქვა ჩემთვის საყვედური! - დინჯად წამოდგა ლავრენტი. ცოლისკენ არ გაუხედავს, ოდნავ შემოტრიალდა მხოლოდ. - ისეთი რა უნდა დაეშავებინა ჩემს შვილს, დღემდე გონს ვერ მომიყვანია, მოგიკლავს კინაღამ. - ჩემიცაა ეგ შვილი, მარტო შენი არ არის და წამოდი ახლა სახლში, იქ ვილაპარაკოთ ამაზე! - ლავრენტმა კუთხეში დაკიდული ნაბადი მხრებზე მოიგდო. - მადლობა ამ ოჯახს დიდი. წავალ ახლა მე და სხვა დროს შემოგივლით კიდევ... - როგორც გირჩევნია, ლავრენტ, შენ იცი აბა! - უხერხულად ჩაილაპარაკა კაპტომ და კარებში გამოაცილა სტუმარი. ნან ხმამაღალი წყევლით გამოეკიდა ქმარს. - სახლიც დაგეწვა და კარიც გამოგეკეტა შენ! რა მინდა შენს სახლში, ან სალაპარაკო რა მაქვს შენთან, შე უკაცობის კაცო! უკანასკნელ სიტყვებზე სწრაფად შემოტრიალდა ლავრენტი. მკვდრისფერი ედო სახეზე. მარჯვენა ხელით ხანჯლის ტარს ჩაბღაუჭებოდა. ნან შეცბა ქმრის მკაცრი სახის დანახვაზე. - გაჩუმდი, ქალო, თორემ... - თორემ რა, თორემ მომკლავ, ხომ?! გეყოფა შენ, რასაც მკლავდი ნელ-ნელა ამდენი წელი. ჩემ გარდა ვინ გაგიძლებდა შენ, ჰა?! მომკალი, თუ კაცი ხარ! კაცი გონიხარ ყველას და კაცის მეტი ყველაფერი ხარ შენ!.. წამი გაიყინა თითქოს. ვერავინ მიხვდა, რამ შეუბორკათ ხელ-ფეხი. განძრევაც ვერ მოასწრეს. ლუბას გულის შემძვრელ შეკივლებაზე კაპტომ უაზროდ გაიწოდა ხელები წინ, თითქოს ხელი უნდა შეეშალა იმისთვის, რაც მათ თვალწინ მოხდა. თოვლში ჩაკეცილიყო ნან, ტუჩის კუთხე უთრთოდა ოდნავ. გაფითრებულ სახეზე არაბუნებრივად უბრწყინავდა მწვანე თვალები. გაკვირვებაშერჩენილი, გაყინული მზერით მისჩერებოდა ქმარს. - რა ჩამადენინე ეს, შე უბედურ დღეს გაჩენილო! - ჩაიბუტბუტა ლავრენტმა. მთელი სხეულით თრთოდა. უღონოდ ჩამოშვებოდა მკლავები. ანგარიშმიუცემლად შეტრიალდა ჭიშკრისკენ. ბარბაცით მიათრევდა მარცხენა მხარზე ჩამოცურებულ ნაბადს. მომხდარით შეძრულებს არც შეუმჩნევიათ ფაცხის კედელს აკრული ლავრენტის უფროსი ბიჭი. - ააა..... ააახ! - ხმა ჩაეხლიჩა იგრიკოს. ყვირილის ნაცვლად ხავილი ამოუვიდა ყელიდან. მუხლები მოეკეცა. ფართოდ გახელილი თვალებით თითქოს სამუდამოდ უნდა ჩაებეჭდა გონებაში, როგორ მიჰყვებოდა უღონოდ მკლავებჩამოშვებულ მამას ხანჯლიდან თოვლზე წვეთ-წვეთად ჩამომავალი სისხლის კვალი.
* ყაზახი - გაზეთი, გამოდიოდა სამეგრელოში
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბოლო კომენტარები ახლა ვნახე, მაპატიეთ და დიდი მადლობა!
ბოლო კომენტარები ახლა ვნახე, მაპატიეთ და დიდი მადლობა!
10. ძალიან მომეწონა... ძალიან. ძალიან მომეწონა... ძალიან.
9. ძალიან, სევდიანი ამბავი, კარგად მოტანილი მკითხველამდე...++ ძალიან, სევდიანი ამბავი, კარგად მოტანილი მკითხველამდე...++
8. გმადლობთ ყურადღებიანი კომენტარებისთვის! :) გმადლობთ ყურადღებიანი კომენტარებისთვის! :)
7. ხელშესახებადაა აღწერილი. ასეა, მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდი:) ხელშესახებადაა აღწერილი. ასეა, მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდი:)
6. რა ვთქვა?... შენ კი კარგი ხარ თოლიგე...:-* მაგრამ ამბავი მეტად მძიმე იყო...გული ახლოს ვერ უშვებს ასეთ სასტიკ ადამიანებს... აღვშფოთდი მეტად...:) ...5 რა ვთქვა?... შენ კი კარგი ხარ თოლიგე...:-* მაგრამ ამბავი მეტად მძიმე იყო...გული ახლოს ვერ უშვებს ასეთ სასტიკ ადამიანებს... აღვშფოთდი მეტად...:) ...5
5. პროზაც მომწონს თურმე თოლიგესი:) კარგი იყო, ძალიან მართალი, ზედმეტობების გაერშე... პროზაც მომწონს თურმე თოლიგესი:) კარგი იყო, ძალიან მართალი, ზედმეტობების გაერშე...
4. ზოგჯერ უდანაშაულობაც დანაშაულია ალბად. ყოჩაღ. წარმატებები. ზოგჯერ უდანაშაულობაც დანაშაულია ალბად. ყოჩაღ. წარმატებები.
3. ძალიან, ძალიან მომეწონა. კარგი თხრობაა. ერთი ამოსუნთქვით ჩამეკითხა. ავტორო წარმატებები და სხვებიც ბევრი წაგვეკითხოს ერთმანეთზე უკეთესები შენს შემოქმედებაში +5 ძალიან, ძალიან მომეწონა. კარგი თხრობაა. ერთი ამოსუნთქვით ჩამეკითხა. ავტორო წარმატებები და სხვებიც ბევრი წაგვეკითხოს ერთმანეთზე უკეთესები შენს შემოქმედებაში +5
2. ძალიან კარგად დაწერილი პროზაა ეს. ყველანაირად მომეწონა რეალური სახეები და მოქმედება. და ძალიან ტრაგიკლი ისტორია. ძალიან კარგად დაწერილი პროზაა ეს. ყველანაირად მომეწონა რეალური სახეები და მოქმედება. და ძალიან ტრაგიკლი ისტორია.
1. მოთხრობაში აღწერილია ნამდვილი ამბავი. ყველა პერსონაჟს პირადად ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ნანის გარდა. მოთხრობაში აღწერილია ნამდვილი ამბავი. ყველა პერსონაჟს პირადად ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ნანის გარდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|